x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ისლამური სახელმწიფოების აღზევება- საფრთხე მესამე მსოფლიო ომისა?!
ახლო აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოები21-ე საუკუნის დიდ გამოწვევას საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოადგენს ისლამური სახელმწიფოების როლის ზრდა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ისლამური სახელმწიფოების უმრავლესობა მსოფლიოში დაწინაურებული და ევროპის მხრიდან პრიორიტეტებით მოსარგებლე ქვეყნები არიან, რომლებსაც ყველანაირი რესურსი გააჩნიათ იმისათვის, რომ გახდნენ მსოფლიო ჰეგემონები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ისლამური სახელმწიფოებისგან არის ტერორიზმი, რომელიც მსოფლიოს განვითარებულ სამყაროს განადგურებით ემუქრება. იგი არის შეუკავებელი საფრთხე ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულად განვითარებული ისეთი ქვეყნებისათვის, როგორებიცაა დასავლეთ ევროპის უმეტესობა და ამერიკის შეერთებული შტატები. შეკავების პოლიტიკა, რომელიც მე-20 საუკუნეში, ცივი ომის პერიოდში გამოიყენეს ბირთვული ომის თავიდან აცილების მიზნით, 21-ე საუკუნეში ყველაზე სუსტ სამხედრო სტრატეგიად ვლინდება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენადაც ტერორიზმი გახლავთ საფრთხე, რომლის წინასწარმეტყველებაც თითქმის შეუძლებელია. იგი მოითხოვს სწორ ანალიზს ინფორმაციისა, რომელიც ასეთი ურიცხვია დღევანდელ საინფორმაციო სამყაროში. განუწყვეტლივ საუბრობენ იმაზე, რომ 11 სექტემბრის მოვლენები გამოიწვია ინფორმაციის სიუხვემ და მისმა არასწორმა ანალიზმა. ტერორიზმის წინააღმდეგ ასევე უძლურია თამაშთა თეორია, რომელიც ასევე ცივი ომის პერიოდში ბიპოლარულ სამყაროს ქვეყნებს, საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირი თავდასხმისაგან იცავდა.

მსოფლიოში ისლამური სამყაროს ქვეყნების დაწინაურება სხვადასხვა მიზეზით მოხდა. ერთ-ერთი უპირველესი გახლავთ გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი მდებარეობა. მოგეხსენებათ დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისათვის საუკუნეების მანძილზე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სპარსეთის ყურის არსებობას, რომელიც მათ აკავშირებდათ აღმოსავლეთის ბუნებრივი რესურსებით მდიდარ კოლონიებთან. საუკუნეების განმავლობაში დასავლეთის ქვეყნები ცდილლობდნენ გაეკონტროლებინათ სპარსეთის ყურე, რასაც მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით მოჰყვა კონფლიქტების სიმრავლე. დღესდღეობით კი სწორედ ამ ისლამური ქვეყნების, რომლებიც სპარსეთის ყურის ირგვლივ არიან განთავსებულნი, კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო და სავაჭრო გემების მიმოსვლა ამ ყურეს მეშვეობით. ეს კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულს ხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებზე.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისლამური ქვეყნების დომინირების ზრდისა მსოფლიო პოლიტიკაში გახლავთ ის, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თავმოყრილია ყველა ის ენერგეტიკული რესურსი, რომლის სიმდიდრითაც ევროპა ვერ დაიკვეხნის. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ამ ქვეყნების სურვილი განსაზღვრავს ნავთობის ფასს და ცხოვრების დონეს ევროპაში. როგორც ცნობილია ნავთობის მსოფლიო მარაგის 66, 4%-ი სწორედ ამ რეგიონშია თავმოყრილი. რაოდენობრივი თვალსაზრისით, სპარსეთის ყურეში "შავი ოქროს" მარაგი 100 მილიარდ ტონას შეადგენს. მნიშვნელოვანი მარაგის მფლობელია საუდის არაბეთი. მისი ნავთობის მარაგი ევროპის ქვეყნების 12, 78%-ს აკმაყოფილებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების 15%-ს. გაზის მარაგით გამოირჩევა ყატარი, რომელიც ტერიტორიულად მცირეა, მაგრამ დიდ სიმდიდრეს ფლობს.

მესამე მიზეზი, რაც ახლო აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების დომინირებას ზრდის საერთაშორისო ურთიერთობებში გახლავთ ეკონომიკური გაერთიანება ნავთობის ირგვლივ ოპეკის სახელით, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საუდის არაბეთი, ყატარი, ირანი, ერაყი, გასი და სხვა ნავთობ მომპოვებელი ქვეყნები. უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს სურვილი იმისა, რომ შექმნან გაზის ოპეკი, სადაც მთავარი წევრი ქვეყნები იქნებიან: რუსეთი, ვენესუელა, ლიბია, ირანი, ალჟირი და ყატარი. სწორად ამასთან დაკავშირებით მოხდა ყატარის დედაქალაქ დოჰაში 2007 წელს ამ ქვეყანათა წარმომადგენლების შეხვედრა.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების უმრავლესობა ირანისა და ვენესუელას თაოსნობით ანტიდასავლურ ქვეყნებთან აქტიური კავშირით და კეთილმეზობლური ურთიერთობით გამოირჩევიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ რეგიონში დაძაბულობის დიდი კერა არსებობს არაბეთ-ისრაელის მუდმივად დაურეგულირებელი კონფლიქტის სახით, რომელიც 60 წელზე მეტ ხანს გრძელდება. ასევე უნდა აღინიშნოს ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ. ეს ორი ქვეყანა იბრძვის ერაყში საკუთარი ინტერესების გატარებასა და მასზე დიდი ზეგავლენის მოპოვებისათვის. ირანი საკმაოდ დიდი მტერია დასავლური სამყაროსათვის, რადგან მას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, ასევე გამოირჩევა სტრატეგიული ურთიერთობით რუსეთთან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია გაზისა ცენტრალური აზიიდან. ირანი ასევე აკავშირებს ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას, რომლებიდანაც უმეტესად ხდება ტრანზიტი ენერგო რესურსებისა და ერთგვარად დიდი კოზირია დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული.

ეს რეგიონი იმდენად ძლიერია, რომ ძალიან დიდი საფრთხე მოდის მათგან, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმისგან. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მეცნიერები ამ რეგიონის როლს მნიშვნელოვნად არ განიხილავდნენ მსოფლიო ჰეგემონობის სფეროში შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში მათი როლი გაზრდილია. აღსანიშნავია მათი დაწინაურება სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში. ირანი ინტენსიურად ეწევა ურანის გამდიდრებას. როგორც თვითონ აღნიშნავს მიზეზი სამედიცინო სფეროში წინსვლაა, მაგრამ რა თქმა უნდა ამის დადასტურება არავის შეუძლია. კიდევ ერთი პირობა ამ ქვეყნების დაწინაურებისა გახლდათ 2008 წელს დაწყებული მზარდი რეცესია ევროპული ქვეყნებისა, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ახლანდელ წარმატებულ ქვეყნებს. ბოლო დროს აზიიდან მოდიოდა განცხადებები, რომ მათ შეეძლოთ ისე დაწინაურება, რომ შეძლებდნენ გამოეყვანათ ევროპა რეცესიიდან. დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი შეკითხვა რჩება პასუხგაუცემელი, შეძლებს თუ არა ევროპა დომინირების შენარჩუნებას მსოფლიოში და იმ შემთხვევაში თუ ეს შეუძლებელი იქნება რა შესაძლო სცენარი შეიძლება განვითარდეს?

0
682
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქრისტინე ქაფიანიძე
ქრისტინე ქაფიანიძე
682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0