x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მგალობელთა ხმის შესახებ (რჩევები რეგენტს)

imageუშუალოდ გალობის წინ საკვების მიღება ხშირად პრობლემების წყა­­რო­ა. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა ვერიდოთ მზესუმ­ზირას, ნაყინს, საღეჭ რე­ზინას, ცხარე საკვებს, გაზიან წყალს. ჩა­მო­თვლი­ლებს სხვა­და­სხვა და­მა­ბრ­კო­ლე­­ბელი შე­დეგები მოსდევს გა­ლო­ბისათვის. განსა­კუთ­­­­რე­ბით უნდა აღინიშნოს ალკოჰო­ლიანი სასმელები. სა­ზო­გადოდ, ალ­კო­ჰო­ლი იო­გე­ბზე (ბგერის წარმომქმნელ კუნთებზე) უარყოფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, თუმცა მცირე რა­ოდე­ნობით იგი მომღერალზე გა­მა­მხნე­ვებელ, მატონიზირებელ გავლენას ახდენს. ზოგიერთ მომღერალს, ინდი­ვიდუ­ალუ­რად, დადებით ეფექტს აძლევს მოთბო შავი ღვინო, ლუდი. მაგრამ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოდ, ხმაზე ზე­მოქ­მედე­­­ბის გარდა, ალკოჰოლ­ური სასმელი ანელებს რე­აქციას და ასუს­ტებს თვით­­კონტ­როლს.
მღერის წინ, სასურველია, მგალობელმა გაიმღეროს. რეკო­მენდირე­ბულია გამების მღერა - აღმავალი ბგერების ხანგრძლივი გამღერება - ახალი სუნთქვის აღებამდე. ამ შემ­თხვე­ვაში მეტი მნიშვნელობა აქვს ინტო­ნა­ციის სისუფ­თავეს, ვიდრე მღერის დინამიკას. გამების მღერა (ჩუმადაც) შე­სა­ძლე­ბე­ლია ისეთი გარემოების დროსაც, როდესაც სხე­ული მოძ­რაობს: სი­ა­რუ­ლი­სას, ტრანსპორტში ყოფნისას. ამ დროს ძი­­რი­თად­ი ყუ­რად­­ღე­ბა უნდა მი­ვაქ­­ცი­ოთ ბგერის ერთ სი­მაღლეზე შე­ნარ­­ჩუ­ნე­ბას. გა­მე­­ბის გარდა, კარგია, თუ მოვ­სინ­ჯავთ მოძრავი ბგე­რე­ბის­გან შედ­გე­ნილ ფრაზებს, აგრეთვე - მაღალ და დაბალ ბგერებს. თუ გამღერების სა­შუ­ალ­ება არ არის, შე­საძლე­ბელია ძალ­­დაუ­ტანე­ბელი კითხვა ან ლაპარაკი. ხმა იმ კონ­დიცი­ამდე მაინც უნდა მივიყვანოთ, რომ გალობის და­წყე­ბისას ჩახ­­ველება არ მოგვიწიოს.
უნდა დავუკვირდეთ ჩვენი ხმის მზადყოფნას. თუ ვატყობთ, რომ ხმა ნაკლებადაა მზად მღერისთვის, ნაკლები ინტენ­სივობის, ძალ­დაუტა­ნე­ბელი სუნთქვა უნდა მივა­წოდოთ ყელს.
ხმისათვის სუნთქვის მიწოდებისას უნდა ვეცადოთ, უპირატესად ჩვენი ფილ­ტვების ქვედა, მუცლის­მიერი - დიაფრაგმის ნაწილი გამო­ვი­ყე­ნოთ. ეს უკანას­კნელი ბევრად უფრო ტევადი და მძლავრი “სა­ბერ­­ვე­ლია”, ვიდრე ფილტვების, მკერდის არეალში მდებარე ნაწილი. მაგრამ ფილ­ტ­ვების უკი­დუ­რესად გავსება ჩასუნთქული ჰაერით არ ღირს, რადგან ამ დროს ზედ­მეტი ენერ­გია იხარჯება ჰაერის ამ მასის შე­ნარ­­ჩუ­ნე­­ბა­ზე. ზედმე­ტი ჰაერის ან მკერდის­მიერი არა­­სასურ­­­ვე­ლი ჩასუნ­­თქვის მანიშ­ნე­ბე­ლია მხრე­ბის წამო­წევა.
მგალობლის დგომა სიმღერისას, მხოლოდ კრძალულების გამო­ხატუ­ლება არ არის. ადამიანი უკედ მღერის, როდესაც დგას. ხმაზე ცუდად მოქ­მედებს მღე­­რისას თავის - ნიკაპის ზევით აწევა. სასურველია, მღერისას პირი გაღებული იყოს ისეთივე დონეზე, როგორც ლა­პა­რა­კის დროს - ბუნებრივად.
ბგერათ­წარმოქმნა უნდა იყოს უდანაკარგო - მაგალითად, უნდა ვე­რი­­დოთ, მივეჩვიოთ, ახალი ბგერის ჰ-თი აღებას. გარდა ჰაერის კარგვისა, ეს მეთოდი ბგერასაც აგვიანებს და ინტონაციის სი­სუ­ფთა­ვე­ზეც მოქ­მე­დებს. ვეცადოთ, ხმამ ახალი საფეხურის ბგერის აღებისას რყევა არ გა­ნი­ცა­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით - თანხმოვნით დაწ­ყებული მარცვლისას.
იმერულ-გურული საგალობლების შესრულებისას ხშირად იტაცებთ ბგერის გურული სიმღერისათვის და­­მა­­ხა­­სი­ათე­­ბე­ლი ჩა­მოქ­ნე­ვით “აღება”, რაც ამ სკოლის გალობის შე­უჩვე­­ვე­ლთა გა­­ღი­­­ზი­ანებას იწვევს და ასეთ მანერას დაცინვით “კრიმანჭულს” უწო­დე­ბენ(ცხა­დია, კრი­მან­ჭული სულ სხვა რამ არის). მაგრამ “ტრიოს” შემადგენლობით მღერისას ასეთი “ჩამოქნევით” ბგერის აღების სრულმა უარყოფამ შესაძლოა, საკუთრივ გურული გალობა გაა­უფე­­რუ­­ლოს კიდეც. ბგერის სხვა­და­სხვა წინ­­მსწრე­ბი ბგე­რე­ბითა და მცირე ხან­­გრძ­ლი­­­ობის “ხვე­ულ­ებ­ით” შემკობა ბერძნულ - ბიზან­ტი­ური გა­ლო­ბე­ბის­თვი­საც საკმაოდ და­მა­ხა­სი­ათე­ბე­ლია. ბუნებრივია, რომ დრო­თა განმავ­ლობაში მღერის პრო­ფე­სი­ულმა მანერამ ორიგინალური სა­შემს­რუ­ლებ­ლო მანერა შეიმუშაოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ბგე­რის აღების ეს მეთოდი სწორედ სა­გა­ლობ­ლი­დან დამკვიდრდა გუ­რულ ხალხურ სიმღერაში (ამის ერთ-ერთ დას­ტუ­რად შეიძლება, გა­მოდ­გეს ის ფაქტიც, რომ გურიის ეთნიკურად იდენ­ტურ აჭარაში, სადაც გალობის ტრადიცია დაიკარგა, ბგერის ასეთი “ჩა­მოქ­ნე­ვით” აღება თითქმის არ გვხვდება). ცხადია, თითო ხმის რამდენიმე მგა­ლობ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბი­სას ბგერის ამგვარ ჩამოქნევას უნდა ვე­რი­დოთ.
მღერისას უნდა ვეცადოთ, ­ ჰაერის ნაკადი მთლიანად ხარისხიან ბგერით ნაკადად ვაქციოთ. ვისწავლოთ მოვძებნოთ ჩვენი სახმო აპარა­ტის ისეთი პოზიცია, რომლის მეშვეობითაც ჰაერის ეკონომიური მი­წო­დე­ბით მივიღებთ მჟღერ ხმას, მაგრამ, ამავე დროს, სადასა და ბუნებრივს - ეს თვისებები ქრისტიანული ესთეტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა. ვერიდოთ ზედმეტად ღია, წინ­წა­მო­წე­ულ და მოხუ­რულ, ხორ­ხის­კენ შეწეულ ბგერას. გან­სა­კუთ­რე­ბით - ამ უკანასკნელს, რადგან ამ შემ­თხვე­ვაში ტრადიციული ევროპული აკადემიური მღერის მანერის ეფექტს ვიღებთ, რაც გალობას ერთგვარი ხელოვნურობის ბეჭედს ასვამს. ასეთ შთაბეჭდილებას ხშირად აძლიერებს ვიბრატოს ტექნიკაც - “ხმის კან­კალიც” - რომელიც უმეტესად ხელოვნურად - მაღალ ხმაზე მღერისას უყალიბდებათ.
ხმის დინამიური და აგოგიური ეფექტები - სიძლიერის ცვლა, შენელება-აჩქარება, ზემონახსენებ ვიბრატოსთან ერტად გალობაში ისეთ­სავე ეფექტს ქმნის, როგორსაც - მართლმადიდებლური ხატისადმი რე­ა­ლის­­ტური სივრ­ცობ­რი­ობის, ქანდაკების თვისებების მინიჭება, რაც მიუღებელია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახმო აპარატის ზედმეტი თვით­კონტროლიც მავნებელია. ბგერით იოგებს ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. საზოგადოდ, ვიგალობოთ ძალდაუტანებლად.
გალობისას ყურადღება უნდა მივცაქციოთ ხმოვანი ბგერების წარ­მოთ­ქმას. ერთ სიმაღლეზე ტექსტის წარმოთქმისას უნდა ვეცადოთ, ხმის სიმაღლე არ შეიცვალოს. განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ხმოვანი “ა”-ს შემცველი მარცვლების ამაღლებულ ნოტებზე აქცენტირებას, რაც მუ­სი­კა­ლუ­რი ქსოვილიდან უხეშად “გამოვარდნილ” ბგერას წარმოშობს.
ქართულ გალობაში ხშირია ცალკეულ ბგერაზე თანხმოვნის გამ­ღე­რე­ბა. მაგრამ ასეთი გამღერება არასდროს არ გვხვდება ფრაზის დას­რუ­ლე­ბი­სას. შეასბამისად, ფრაზა გამღერებული თანხმოვნით არ უნდა და­ვა­მთა­ვროთ. ამასთან, ბოლო თანხმოვანი ხაზგასმით არ უნდა წარ­მოვ­თქვათ.
თამაზ გაბისონია
ჟურნალი ქართული გალობა, N4, დეკემბერი 2006 წ.

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:ქართული გალობა
ქართული გალობა
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0