x
კოლონიური პოლიტიკის ევოლუცია აფრიკის რეგიონში
image






ავტორი: თინათინ ვახანია გამოქვეყნების თარიღი: 01.02.2013









იქედან გამომდინარე, რომ კოლონიალიზმის 600 წლიანმა ეპოქამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიო ისტორიაში და დღესაც კვლავ გვევლინება ნეოკოლონიალიზმის სახით, გადავწყვიტე განვიხილო ის მთავარი საკითხები, რომლებმაც გამოიწვია აფრიკაში კოლონიური მმართველობის დაწყება, განვითარება, კვდომა და შემდეგ ახალი ფორმით გამოჩენა.


კოლონიალიზმის ეპოქა აფრიკაში

1870- 1900 წლებში აფრიკა განიცდიდა ევროპელი იმპერიალისტების აგრესიას, დიპლომატიურ ზეწოლას, სამხედრო ინტერვენციას, რაც საბოლოოდ დასრულდა დაპყობითა და კოლონიზაციით. მიუხედავად
იმისა, რომ აფრიკელი ხალხი სხვადასხვა სახით უწევდა წინააღმდეგობას უცხოურ დომინაციას, XX საუკუნის დასაწყისში აფრიკის უმეტესი ნაწილი (გარდა ეთიოპიისა და ლიბერიისა)
იქნა კოლონიზირებული ევროპელების მიერ.

ევროპელი იმპერიალისტების მისწრაფება განაპირობა სამმა ძირითადმა ფაქტორმა: ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა. კაპიტალისტური ინდუსტრიალიზაციის განვითარება
მოითხოვდა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ჰქონოდათ გარანტირებული ბაზარი საიდანაც მიიღებდნენ ნედლეულს. აქედან გამომდინარე, უპირველესი მოტივაცია ევროპელი იმპერიალისტებისა იყო ეკონომიკური ფაქტორი. სწორედ ამიტომ, დაიწყო ევროპულ სახელმწიფოებს შორის ბრძოლა აფრიკისათვის. აქვე გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორიც. ბრიტანეთი, საფრნგეთი, გერმანია, ბელგია, იტალია, პორტუგალია და ესპანეთი უწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას, რათა გაეტარებინათ ძალისმიერი პოლიტიკა აფრიკაში. ერთ-ერთი გზა ეროვნული უპირატესობის დემონსტრირებისათვის კი იყო ტერიტორიების დაპყრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მესამე, სოციალური ფაქტორი იყო ასევე განმსაზღვრელი. ინდუსტრიალიზაციის შედეგად
ევროპაში წარმოიშვა მთავარი სოციალური პრობლემები: უმუშევრობა, სიღარიბე, უსახლკარობა და დაიწყო სოციალური გადაადგილება სოფლებიდან და გარეუბნებიდან. ეს სოციალური პრობლემები
წარმოიშვა იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ კაპიტალისტური ინდუსტრიები ვერ ახერხებდნენ მოსახლეობის დასაქმებას, რაც გახდა მთავარი მამოტივირებელი ძალა, რათა დაეპყროთ კოლონიები, სადაც მოახდენდნენ „ჭარბი მოსახლეობის“ გადასახლებას. აქედან გამომდინარე, დაიწყეს ახალმოსახლე-კოლონიების დაარსება ალჟირში, ტუნისში, სამხრეთ აფრიკაში, ნამიბიაში, ანგოლაში, მოზამბიკსა და ცენტრალურ აფრიკაში (ზიმბაბვე და ზამბია).

ევროპულ სახემწიფოებს შორის კომერციულმა კონკურენციამ და პირველობის სურვილმა, გამოიწვია ექსკლუზიური მოთხოვნების დეკლალირება ვაჭრობის სფეროში კონკრეტულ ტერიტორიაზე,
დამტებითი გადასახადების დაწესება სხვა ევროპელი მოვაჭრეებისათვის და ბოლოს, მოთხოვნა სანაოსნო არხებსა და კომერციულ მარშრუტებზე ექსკლუზიური კონტროლის უფლების შესახებ. ბრძოლა აფრიკისათვის იმდენად გამწვავდა, რომ შეიქმნა საშიშროება შიდა იმპერიალისტური კონფლიქტისა და ომებისაც კი. ამ შედეგის პრევენციისათვის გერმანიის კანცლერმა ბისმარკმა
XIX საუკუნის ბოლოს მოიწვია დიპლომატიური სამიტი, რომელიც
ცნობილია ბერლინის კონფერენციის სახელით. რა თქმა უნდა, აფრიკის წარმომადგენლის გარეშე წარიმართა ამ კონფერენციის მსვლელობა. ამ კონფერენციაზე მიიღეს ხელშეკრულება ბერლინის
აქტით ცნობილი, რომელიც ადგენდა იმ პირობებსა და მოთხოვნებს, რომლებიც უნდა შეესრულებინათ ევროპულ სახელმწიფოებს აფრიკის კოლონიური ქვეყნების მართვის პროცესში. რამდენიმე ძირითადი
მუხლი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შედიოდა:


1) თავისუფალი ვაჭრობა კონგოს აუზში;

2) თავისუფალი ნავიგაცია კონგოსა და ნიგერიის მდინარეებში;

3) თავისუფალი ვაჭრობა ყველა ეროვნების წარმომადგენლისათვის;

4) მონებით ვაჭრობის აკრძალვა ხმელეთისა და ზღვის საშუალებით.
5) ტერიტორიული ანექსიის შეტყობინება სხვა ძალებისათვის.

ევროპელი იმპერიალისტების ზეწოლამ XIX საუკუნის ბოლოს
გამოიწვია სამხედრო წინააღმდეგობა აფრიკული მთავრობების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის კონფერენციის შემდეგ ევროპული ქვეყნები დებდნენ პროტექციული სახის ხელშეკრულებებს
აფრიკის ლიდერებთან, ორივე მხრიდან ხდებოდა ამ ხელშეკრულების სხვადასხვანაირი ინტერპრეტირება, რაც იწვევდა კონფლიქტს აღნიშნულ მხარეებს შორის. ევროპელები მიიჩნევდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით აფრიკელები მათ გადასცემდნენ სუვერენიტეტს, ხოლო აფრიკელებისთვის ეს იყო მხოლოდ დიპლომატიური,
მეგობრული შეთანხმება. მას შემდეგ, რაც აფრიკელი ლიდერები და მოსახლეობა მიხვდნენ, რომ ევროპელებს სურდათ პოლიტიკური ავტორიტეტის გამოცდა მათ ტერიტორიაზე, მათ სამხედრო
წინააღმდეგობა გამოუცხადეს, რათა აღმოეფხვრათ მათი დომინანტობა.

ძირითადად ეს კონფლიქტი ეხებოდა ვაჭრობასთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ევროპელებმა თავიდანვე მიიღეს საქონლის მარაგი, რომლებითაც აფრიკელ შუამავლებთან ერთად ვაჭრობდნენ. ესენია: პალმის ზეთი, ბამბა, პალმის რეზინი და თხილი. მაგრამ რაც უფრო მწვავდებოდა ბრძოლა, ევროპელებმა აფრიკელი შუამავლების
გვერდის ავლით გადაწყვიტეს ვაჭრობა. ეს კი გულისხმობდა აფრიკის პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვას. მიუხედავად, წინააღმდეგობისა ევროპელები სხვადასხვა ხერხით
ცდილობდნენ „თავისუფალი ბაზრის“ პრინციპების დამყარებას.

აფრიკაში სამხედრო დაპირისპირება ხდებოდა ორი ფორმით: პარტიზანული ომებისა და პირდაპირი სამხედრო ჩარევების სახით. პარტიზანულ ომებს მიმართავდა ძირითადად პატარა
მასშტაბის მოსახლეობა, რადგან არ ჰყავდათ პროფესიონალური არმია, ხოლო პირდაპირი სამხედრო შეტაკებები ორგანიზებული იყო ცენტრალიზებული სახელმწიფო სისტემის მიერ. ამ სახის წინააღმდეგობრივი ქმედებები მიმდინარეობდა ეთიოპიაში ზულუსა და მანდინკას ლიდერობით.

მიუხედავად აფრიკელი ხალხის სიმამაცისა, მათ ეს წინააღმდეგობრივი ბრძოლები წააგეს. ეს გამოწვეული იყო პოლიტიკური და ტექნოლოგიური ფაქტორით. აფრიკის ბევრი სახელმწიფო ორგანიზაციულად სუსტი და პოლიტიკურად არასტაბილური იყო. მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ეფექტური წინააღმდეგობა გაეწიათ ევროპელი დამპყრობლებისათვის. რაც შეეხება ტექნოლოგიურ ფაქტორს, უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ მწირი სამხედრო დანადგრები ჰქონდათ აფრიკელებს ევროპელებთან შედარებით.

კოლონიური მმართველობის სახეები აფრიკაში

ეკონომიკური კომპანიების შექმნა - კოლონიალიზმის ადრეულ ხანაში ევროპელები აარსებდნენ კერძო კომპანიებს აფრიკაში, რომლებსაც გადაეცემოდათ დიდი ტერიტორიები. ამ კომპანიებს მართავდნენ ბიზნესმენები, რომლებიც ეწეოდნენ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას იმ ტერიტორიზე, რომელსაც მართავდნენ. ამ კომპანიებს შეეძლოთ შემოეღოთ საკუთარი სისტემა გადასახედაბთან და შრომის მოთხოვნებთან დაკავშირებით. კომპანიასა და ევროპულ სახელმწიფოს შორის გარიგება საკმაოდ მომგებიანი იყო, რადგან ყველანაირი ხარჯების დაფარვა კომპანიას უხდებოდა, ამავდროულად, აფრიკაში იძენდნენ ახალ კოლონიებს დანახარჯების გარეშე. 1924 წლისთვის კომპანიების მმართველობა დასრულდა, რომელიც ჩაანაცვლა სხვადასხვა ევროპული მმართველობის ფორმამ. მაგალითად მოვიყვან რამდენიმე კომპანიას:

1) The British East Africa Company- დაარსდა 1888 წელს კოლონიურ კენიაში ბრიტანეთის მიერ, რომელიც მართავდა კენიას
1890 წლამდე.

2) The British South Africa Company- დაარსდა 1887 წელს და მართვდა სამ ტერიტორიას (მალავი, ზამბია და ზიმბაბვე) 1923 წლამდე.

პირდაპირი მმართველობა- ამ მოდელს აფრიკის მართვისათვის
იყენებდნენ ფრანგები, ბელგიელები, გერმანელები და პორტუგალიელები. მათ ჰქონდათ ცენტრალიზებული ადმინისტრაციები ურბანულ ადგილებში, რომლებიც ატარებდნენ
ასიმილაციის პოლიტიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ კოლონიალისტებს ჰქონდათ მისწრაფება აფრიკული საზოგდოება ექციათ „ცივილიზებულად“, რათა უფრო დამსგავსებოდნენ ევროპას.
ამის მისაღწევად ფრანგები ახდენდნენ კულტურისა და განათლების სოციალიზაციას. მაგალითად, პოტენციური მოქალაქეები ვალდებულნი იყვნენ გამართული ფრანგულით ესაუბრათ, რათა ფრანგული მოქალაქეობა მიეღოთ. ხოლო მოქალაქეობის მიღების შემდეგ მათზე ვრცელდებოდა საფრანგეთში გავრცელებული კანონები და უფლებები. ამ სახის სტრატეგია არ ითვალისწინებდა თანამშრომლობას ადგილობრივ აფრიკელ მმართველებსა და
მთავრობებთან. ამ სახის მმართველობაში ადგილობრივი ავტორიტეტები დაქვემდებარებულის პოზიციას ითავსებდნენ. ამ სისტემას ფრანგები იყენებდნენ - ალჟირში, ტუნისში, მაროკოში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სენეგალში, ფრანგულ გვინეაში, გაბონში. დასავლეთ აფრიკასა და ცენტრალურ აფრიკაში შექმნეს ფედერაციები. ეს კოლონიები კი პირდაპირ იმართებოდა პარიზიდან.

არაპირდაპირი მმართველობა- ამ სახის მმართველობას იყენებდა
ბრიტანეთი - ნიგერიაში, კენიაში, უგანდაში, ტანგანიკასა და აღმოსავლეთ აფრიკაში. ამ სახის მმართველობის სისტემა მოიცავდა ადგილობრივი აფრიკელი ლიდერების ჩართულობას კოლონიის მართვში, თუმცა ისინი ინარჩუნებდნენ დაქვემდებარებულის როლში
ყოფნას. ამ სახის მმათველობითი სისტემა დაკავშირებულია, ლორდ ლუგარდთან, რომელიც ბრიტანული კოლონიის ადმინისტრატორი იყო. მან მმართველობის ეს სისტემა პირველად ნიგერიაში
შეიტანა, ცოტა მოგვიანებით კი აღმოსავლეთ აფრიკაში. ამ სისტემას ჰქონდა სამი მთავარი ინსტიტუტი: „ეროვნული ხელისუფლება“, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი მმართველისგან, კოლონიის
ჩინოვნიკისგან და ადმინისტრაციული პერსონალისგან; „ეროვნული ხაზინა“, რომელიც აგროვებდა შემოსავალს, რათა გადაეხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის პერსონალისათვის და მათი მომსახურებისათვის; „ეროვნული სასამართლო“, რომელიც ადგენდა ეროვნულ სამართალსა და ჩვეულებებს. და ბოლოს, არაპირდაპირი მმართველობა გამოირჩეოდა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გამწვავებით, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთი ეთნოსის უპირატესობის მინიჭებით.

ახალმოსახლეთა მმართველობა- ამ სახის მმართველობა იყო ზიმბაბვეში, ზამბიაში, ანდოლაში, მოზამბიკისა და ნამიბიაში. ჰოლანდიელი, ბრიტანელი, გერმანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორები ახდენდნენ ამ ქვეყნების მართვას. ხდებოდა ევროპელი მოსახლეობის გადასახლება კოლონიებში, რომლებიც გამოირჩეოდნენ დომინანტური მდგომარეობით ადგლობრივ მოსახლეობასთან შედარებით. დასახლებულ ევროპელთა უსაფრთხოება და აღმავლობა დამოკიდებული იყო აფრიკელების ეკონომიკურ ექსპლუატაციასა და პოლიტიკურ ზეწოლაზე, ხოლო ახალმოსახლეთა მმართველობა ხასიათდებოდა მკაცრი პოლიტიკით ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.

აფრიკის პოსტ-კოლონიური ერა

აფრიკული პოლიტიკა პოსტ-კოლონიურ ეპოქაში გააუარესა, ავტორიტარიზმმა, კორუფციამ, სამხედრო ინტერვენციამ, მმართველთა მარცხმა და გაზრდილმა სოციო-ეკონომიკურმა
მდგომარეობამ, რომელიც სიღარიბის ფონზე მიმდინარეობდა. 1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში დასრულებული კოლონიური მმართველობის შემდეგ, აფრიკელი საზოგადოება ელოდა სწრაფ და შესამჩნევ ცვლილებებს. სამწუხაროდ, ეს ენთუზიაზმი აღმოჩნდა დროებითი. ახალი პოლიტიკური ლიდერები ხვდებოდნენ, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე იდგნენ მრავალმნიშვნელოვანი სოციო-ეკონომიკური განვითარებითა და სახელმწიფოს კონსოლიდაციის მოგვარებით. ამ გამოწვევების ურთიერთქმედებამ, პიროვნულმა ამბიციებმა და პოლიტიკურმა არეულობამ გამოიწვია აფრიკის პოლიტიკის სწრაფი გაუარესება.

თავისუფლებას ბევრი აფრიკული ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა. თითქმის არც ერთ აფრიკელ ლიდერს არ უფიქრია „პოსტ“-თავისუფლების პერიოდზე, არც ერთს შეუდგენია გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებდა თავისუფლების მოპოვების შემდეგ. ამასთანავე, არც ევროპის კოლონიზატორ ქვეყნებს მოუმზადებიათ აფრიკა კოლონიური მმართველობის დასასრულისათვის. გამონაკლისი იყო ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებმაც შექმნეს ინსტიტუტები აფრიკის ქვეყნებში, რომელთა მეშვეობითაც მათ თავისუფლების
ეპოქაშიც კი შეეძლოთ მმართველობის გაგრძელება. მიუხედავად ამისა, ევროპულმა ქვეყნებმა არ ისურვეს თავისუფლების წარმატებით გადაცემა. მაგალითად, განაში ფრანგებმა წასვლის წინ დაანგრიეს მთლიანი ბიუროკრატია. ამასთანავე, ყველა დოკუმენტაცია გაანადგურეს.

ავტორიტარული მმართველობისა და ხელოვნურად შექმნილმა ეროვნულმა სახელმწიფომ კიდევ უფრო კომპლექსური გახადა ზემოთხსენებული გამოწვევების დაძლევა. რეალურად,
ადმინისტრაციულ სისტემას არ ჰქონდა დემოკრატიული საფუძველი. გაბატონემული ავტორიტარული მმართველობა კი ეყრდნობოდა ძლიერ პოლიტიკასა და სამხედრო ძალებს. კოლონიალიზმმაც შეუწყო ხელი ავტორიტარიზმის, როგორც პოლიტიკური მმართველობის
ჩამოყალიბებას, რომლის გასატარებლადაც ნებისმიერი გზის გამოყენება არის მიღებული. ევროპულმა ძალებმა შექმნეს კოლონიები, სადაც არეული იყო მრავალი განსხვავებული ენა, რელიგია და ეთნიკური ჯგუფი. ასევე, მათ ხელი შეუწყვეს ისეთი საზოგადების
ჩამოყალიბებას, სადაც ძალიან ღრმად იყო გამჯდარი ეთნიკური დაპირისპირება, რაც კიდევ უფრო ართულებდა ახალი მთავრობების მდგომარეობას მოეხდინათ სახელმწიფოს გაერთიანება.

კოლონიზატორების მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური სარგებელი მიეღოთ ექსპლუატაციის გზით, გამოიწვია აფრიკის ქვეყნების ეკონომიკის ნგრევა, რასაც სოციო-ეკონომიკური პრობლემები მოჰყვა გამოხატული გაუსაძლისი სიღარიბით. კოლონიურმა გამოცდილებამ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფრიკაში პოლიტიკური აქტივიზმის ჩამოყალიბებაში. ისეთ გარემოში,
სადაც მძვინვარებს სიღარიბე, გაყოფილია საზოგადოება და ეკონომიკა განადგურებულია, ლიდერები მმართველობაში მოსვლით ხედავდნენ გზას სიღარიბისგან თავის დასაღწევად. ერთპარტიული მმართველობა გახდა ნორმალური მოვლენა აფრიკული პოლიტიკისათვის. ავტორიტარიზმმა ჩაანაცვლა დემოკრატიული მმართველობა, სადაც მოხდა მთელი ძალის ცენტრალიზება აღმასრულებელ ორგანოზე. ოპოზიციური პარტიები კი არ დაიშვებოდნენ. მმართველი ელიტა
მიმართავდა პატრონაჟს ანუ მფარველი-კლიენტის პოლიტიკას, რათა გაება კავშირი ოპოზიციასთან და გაემყარებინა პოზიციები მთავრობაში. მფარველი-კლიენტის ურთიერთდამოკიდებულებაში მთვარი იყო სამსახურების გადანაწილების პოლიტიკა. ამან კი
შედეგად მოგვცა ის, რომ 1960-1970-იან წლებში მთავრობა ფლობდა ბიზნესების უმეტესობას.

1970-იანი წლების ბოლოს მთავრობის დანახარჯები
გამოიყენებოდა მხოლოდ მთავრობაში მომუშავე თანამშრომლების ხელფასების გაცემაში. რაც მოსახლეობას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. ფინანსურად გაუსაძლისი სიტუაცია მოითხოვდა რაიმე გზის პოვნას, რითიც შეძლებდნენ ფულის წარმოშობას ქვეყნის შიგნით. სწორედ ამიტომ, დონორი შემოსავლისა და საშინაო ინდუსტრიის არარსებობის პირობებში, აფრიკულმა მთავრობებმა სოფლის მეურნეობის ხარჯზე გაიხანგრძლივეს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა.


1980-იანი წლების დასაწყისში აფრიკის სახელმწიფოებს უკვე აღარ შეეძლოთ ფინანსური ვალდებულებების შესრულება. აფრიკის
სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების ექსპორტის ფასების დაცემამ, ნავთობის გაზრდილმა ფასმა, გაზრდილმა გადასახადებმა აფრიკულ ინდუსტრიულ იმპორტზე, მოსახლეობის გაზრდილმა რაოდენობამ და არასწორად გადანაწილებულმა სახელმწიფო
თანხებმა აფრიკა მიიყვანა კრიზისამდე. მთავრობები დასუსტდნენ, ხოლო ძირითადი საჯარაო სერვისები აღარ მუშაობდნენ. გაიზარდა კორუფცია და არაფორმალური გზით მიღებული თანხების რაოდენობა. სწორედ ამ მიზეზების გამო აფრიკის მთავრობებმა დაიწყეს საერთაშორისო სესხების აღება, რასაც შედეგად დროებითი სიტუაციის გაუმჯობესება მოჰყვა. მაგრამ ეს არ იყო გამოსავალი, რადგან 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო ვალებმა კოლოსალური თანხა შეადგინეს, რომელთა
გადახდაც აფრიკის მთავრობებს არ შეეძლოთ. აქედან გამომდინარე, აფრიკის ქვეყნები იძულებულნი გახდნენ მიეღოთ მკაცრი პროგრამები მსოფლიო ბანკისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. აფრიკის ქვეყნები ვალდებულნი იყვნენ გაეტარებინათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიწოდებული სტრუქტურული მარეგულირებელი პროგრამები (SAP).

ნეო-კოლონიალიზმი აფრიკაში

მას შემდეგ, რაც კოლონიებში თანდათან განვითარდა ნაციონალიზმი, კოლონისტებმა შეცვალეს თავიანთი სტრატეგია. ის უფრო ფარული და ცივილური გახადეს. ახალი სტრატეგია შემდგომში მდგომარეობდა: ყოფილ კოლონიებს აძლევდნენ დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ატრიბუტიკას და საერთაშორისო აღიარებას. ამის შემდეგ, თითქოსდა სახელმწიფოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით იწყებოდა სხვადასხვა დახმარების პროექტი, რომლებიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფდნენ ექს-მონოპოლის მხრიდან საკუთარი მარგინალური მიზნების მიღწევას, რაც შეუძლებელი იქნებოდა „შიშველი“ კოლონიალიზმის ტრადიციული ფორმის არსებობის დროს. რაც მთავრი და ყველაზე მნიშვნელოვანია კოლონოზატორისთვის, ახალი სტრატეგია „ხელშეუხებელია“, რადგან ის საერთაშორისო სამართლის სრული დაცვითა და ხშირად გაეროს მანდატითაც კი ხორციელდება. მთლიანობაში, ამ გათანამედროვებული მცდელობების მიზანია უკვდავყონ კოლონიალიზმი თავისუფლების ნიღაბქვეშ; რაც დღეისათვის ცნობილია, როგორც ნეო- კოლონიალიზმი.

თანამედროვე ნეო-კოლონიალიზმის უკან გოლისტები მთავარ დამნაშავედ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ,
მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ თავად დე გოლი იღებდა მონაწილეობას ისეთ „ექსპერიმენტებში“, როგორებიცაა საჰარის უდაბნოს მისია, მისი ჯარების ქმედებები გაბონსა და კამბოჯაში.

ნეოკოლონიალიზმის უკან ხშირად ვოლ სტრიტის (Wall Street) „საცეცები“ მოიზარება. ამ საცეცების მოცულობასა და სიძლიერეს უზრუნველყოფს ფენომენი, ცნობილი, როგორც „უხილავი მთავრობა“, რომელიც ვოლ სტრიტის, პენტაგონისა და სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურების კავშირის შესახებ მიუთითებს.

„უხილავი მთავრობა არის ინდივიდებისა და სააგენტოების გაერთიანება, რომელიც „ხილული მთავრობის“ ნაწილსაც მოიცავს. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მხარდაჭერით და არც CIA წარმოადგენს მის ბირთვს, არამედ ის შეადგენს 9 სხვადასხვა სააგენტოს კომბინაციას. ესენია: ეროვნული უშიშროების საბჭო, თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, საჯარისო დაზვერვა, საზღვაო დაზვერვა და კვლევა, ატომური ენერგიის კომისია და გამოძიების ეროვნული ბიურო. ამას გარდა, სხვადასხვა წამყვან ბიზნესსა და კერძო ინსტიტუტს.

„უხილავი მთავრობა“ შედარებით ახალ ფენომენად მიიჩნევა.
მისი წარმოქმნა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ერთი მხრივ აშშ-ს, როგორც მსოფლიოს ახალი დომინანტი ძალისა და მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირისა და ცივი ომის არსებობით იყო განპირობებული.

„უხილავი მთავრობა“ მიიჩნევა მთავარ „დამნაშავედ“ აფრიკის
ბევრ გახმაურებულ საქმეში და არა მარტო. ამის მაგალითია, ალჟირის 1961 წლის მოვლენები, ასევე გვატემალას და კონგოს არეულობები.

გარდა ძალადობრივი მეთოდებისა და სადაზვერვო სამსახურების გამოყენებისა, 1960-იანი წლებიდან აქტიურ ფაზაში შევიდა ეკონომიკური კოლონიალიზმი. წამყვან როლს ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკი ასრულებდა, თუმცა მას შემდგომში უკვე მსოფლიო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და საერთაშორისო განვითარების ასოციაცია ‘წამოეშველნენ“. ყველა მათგანს ზურგს უმაგრებდა დასავლური კაპიტალი და დაფინანსების
ძირითად წყაროს აშშ-ს ფედერალური რეზერვი წარმოადგენდა.

მაგალითისთვის, 1955-1962 წლებში მსოფლიო ბანკმა 6 აფრიკულ ქვეყანაზე გასცა სესხი საერთო ოდენობით 27$ მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარვე განსაზღვრული იყო ამ ქვეყნების უუნარობა დაებრუნებინათ საგარეო ვალი, 1962 წელს მათ დააკისრეს ჯარიმა და საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 1%-საც კი არ შეადგენდა, მაგრამ რიგ შემთხვევებში 5- 8%-მდე გაზარდეს, რაც საბოლოო ჯამში აიძულებდა ამ ქვეყნებს მიემართათ დასავლეთისთვის, რათა ეთხოვნათ მისთვის დახმარება ნებისმიერი პირობის სანაცვლოდ, რასაც საბოლოო ჯამში უფრო დიდი ბორკილებისკენ მიჰყავდა აფრიკის ქვეყნები.


დასკვნა

სხვადასხვა აკადემიური წყაროდან მოძიებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ კოლონიალიზმის ეპოქა ეს იყო ევროპული სახელმწიფოების მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ბრძოლა აფრიკისთვის“ მიმდინარეობდა ძლიერი კონკურენციის ფონზე, სადაც კოლონიზატორი ქვეყნები ცდილობდნენ ერთმანეთისათვის პირველობა არ დაეთმოთ და გაძლიერებული კონტროლის მექანიზმებითა და ექსპლუატაციის გააქტიურებით, ისინი პირველობას ინარჩუნებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კოლონიზატორები, განსხვავებული მმართველობის სისტემით გამოირჩეოდნენ, მათი მიზანი მაინც საერთო იყო. ეს იყო პირველ რიგში ეკონომიკური და შემდეგ პოლიტიკური და სოციალური სარგებლის მიღება.

რაც შეეხება პოსტკოლონიურ ეპოქას, აქ სრული იმედგაცრუება განიცადეს აფრიკის მოსახლეობამ, რადგან მათ დაემსხვრათ ის ოცნებები, რომლებიც განთავისუფლების შემდეგ ბედნიერ ცხოვრებას სთავაზობდათ. ამ პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თავისუფლების მოპოვების შემდეგ აფრიკის ქვეყნები დამოკიდებულნი გახდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო
ფონდი, კრედიტებზე, რათა თავი დაეღწიათ კრიზისიდან, მაგრამ ამან საპასუხოდ გაამწვავა მდგომარეობა და გზა გაუხსნა ნეოკოლონიალიზმს. ანუ დასავლეთის მხრიდან ფარულად აფრიკული
ქვეყნების დამოკიდებულების ხელშეწყობა, რომლის იმპლიმენტაციაც საერთშორისო საფინანსო ბანკების მეშვეობით ხდება.

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალურად დასრულებული კოლონიალიზმი დღეს გვევლინება სხვა ფორმით, რომლითაც კიდევ უფრო მწვავდება
აფრიკის მდგომარეობა და იზრდება მათი დამოკიდებულება დასავლეთზე.



გამოყენებული
წყაროები:


[1]Ehiedu E.G Iweriebor “The Colonization of
Africa”, AFRICANA AGE. http://exhibitions.nypl.org/africanaage/essay-colonization-of-africa.html (ნანახია: 13.01.2012)


[2]“Studying Africa through the Social Studies“, Student’s Edition http://exploringafrica.matrix.msu.edu/students/curriculum/m7b/activity2.php (ნანახია: 14.01.2012)


[3]„Overwiew of Politics in the Post-Colonial Era “, The Saylor Foundation http://www.saylor.org/site/wp-content/uploads/2012/02/POLSC325-Subunit-2.1-Overview-of-Politics-in-the-Post-Colonial-Era-FINAL.pdf (ნანახია: 14.01.2012)


[4]Kwame Nkrumah, “The Mechanism of Neo-colonializm”, Marxism in Africa, http://www.marxists.org/subject/africa/nkrumah/neo-colonialism/ch01.htm( ნანახია: 15.01.2012)





0
401
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ვახანია
თინათინ ვახანია
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0