x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ფეხმძიმე ქალის კვების ზოგადი წესები
imageროგორც წესი, ქალი საკუთარ თავზე ზრუნვას მაშინვე იწყებს, როგორც კი გაიგებს, რომ ბავშვს ელოდება. ხოლო როცა ამ მოვლენას წინასწარ გეგმავს, ბავშვს ჩასახვის, ზრდისა და მთელი 9 თვის მანძილზე განვითარების ჯანსაღი გარემოს გარანტიას უქმნის. ორსულობამდე დაბალანსებული დიეტის დაცვა განვითარებად ნაყოფს ფეხმძიმობის პირველ დღეებსა და თვეებში ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღების საშუალებას აძლევს. მეცნიერებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ დაბალანსებული კვების უზარმაზარი როლი დაემტკიცებინა. ამ ცოდნის გამოყენება სასურველი კი არა, აუცილებელიცაა.

ნუ დაიწყებთ, თქვენი აზრით, თუნდაც ყველაზე უწყინარ დიეტას წონის დასაკლებად.


ეს არც მაშინ გააკეთოთ, როცა დაფეხმძიმება გსურთ და არც ორსულობის დროს. ამ საკითხზე კონსულტაციისთვის აუცილებლად მიდით თქვენს ექიმთან. შეიძლება დიეტა ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების დროებითი დეფიციტის მიზეზი გახდეს, რაც ძალიან მავნეა თქვენს მდგომარეობაში.

გასუქების შიშით ქალბატონები ხანდახან ცდილობენ, ნაკლები ჭამონ და იმის გათვალისწინება, როგორ აისახება ეს ბავშვზე, ავიწყდებათ. არადა ასეთი კვების შედეგად, ბავშვი სუსტი იბადება, ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი დაბალია, ზოგი ორგანო და სისტემა მოუმწიფებელი რჩება.


მეცნიერების მონაცემებით, ფეხმძიმეების არასრულფასოვანი კვება მკვდრადშობადობის და მუცლის მოშლის უმთავრესი მიზეზია.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ჭარბი წონისკენ მოგიწოდებთ. სულაც არა! დედისთვის და ბავშვისთვის ჭარბ წონასაც არასახარბიელო შედეგი აქვს.

ფრთხილად იყავით ვიტამინებთან და ბალახეულთან

არ მიიღოთ ვიტამინები და ბალახები დიდი რაოდენობით და თავისუფალი კომბინაციებით ექიმის რჩევის გარეშე. ზოგი ვიტამინი, თუ შეუზღუდავად გამოიყენებთ, ბავშვის თანდაყოლილ მანკებს განაპირობებს. ასე ხდება, მაგალითად, А ვიტამინის დროს.

ამ შემთხვევაში საერთო წესი ასეთია: ყველა საკვები დანამატის მიღება მინიმუმ სამი თვის მანძილზე შეწყვიტეთ. ისევდაისევ დაბალანსებულ კვებაზე იზრუნეთ და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით მიიღეთ მულტივიტამინები და ვიტამინები, რომლებიც სწორედ ფეხმძიმეებისთვისაა განკუთვნილი.

სასარგებლო ჩვევები ჭამისას

ზოგი ქალი გზადაგზა ჭამს ხოლმე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს იმას, თუ რას მიირთმევს. ხშირად ეს მავნე ჩვევა ჩვევად ფეხმძიმობის შემდეგაც რჩება. “სწრაფ კვებაზე” უარის თქმა აუცილებლად მოგიწევთ, თანაც ამის გაკეთება ორსულობამდე ჯობს. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება მერე უფრო გაგიჭირდებათ.

განსაკუთრებული პირობები

კვების დაგეგმვისას თქვენი ცხოვრების წესის სპეციფიკაც უნდა გაითვალისწინოთ. გარკვეული მედიკამენტების მიღება, ვეგეტარიანული კვება, სპორტი, საგანგებო დიეტები რომელიმე დაავადების გამო.

ნებისმიერ დიეტაზე კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ. ბევრი დიეტა უკიდურესობამდე მიდის. თქვენ იქნებ კი შეგიძლიათ ამ შეზღუდვების გადატანა, ამგრამ ბავშვისთვის ეს საზიანო და სახიფათო იქნება. ამიტომ სრულიად მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რამის გათავისებაა საჭირო: სჯობს, ექიმთან ერთად წინასწარ იმსჯელოთ სწორად კვებაზე, ვიდრე ფეხმძიმობის მე-8 თვეში აღმოაჩინო, რომ დიეტის გამო საჭირო ნივთიერებები არ გყოფნის.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0