x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სინგაპური ტურისტული თვალსაზრისით
სინგაპური - ეს არის ქალაქ-სახელმწიფო, სადაც ტრადიციები და თანამედროვეობა, დასავლეთი და აღმოსავლეთი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ქვეყნის სახელწოდება მიღებულია მალაური სინგაპურადან, რაც ნიშნავს „ლომის ქალაქს“.


სანამ სინგაპურის ტურისტულ მნიშვნელობაზე ვისაუბრებდეთ, შემოგთავაზებთ მის ზოგად დახასიათებას.


ფართობი : 697 კვ კმ


დედაქალაქი : სინგაპური



მოსახლეობა : 4, 740, 737 მლნ


ოფიციალური ენა : ინგლისური, ჩინური, მალაური,
ტამილური


სახელმწიფო რელიგია : მრავალრელიგიური


სახელმწიფო წყობა : საპარლამენტო რესპუბლიკა

ვალუტა : სინგაპურული დოლარი (SGD)

ეროვნული დღესასწაული : 9 აგვისტო

ეროვნული სიმბოლო : ლომი



ისტორია

სინგაპურის ტერიტორიაზე, ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან არსებობდა სხვადასხვა დასახლებები. თუმცა თანამედროვე სინგაპური დაარსდა 1819 წელს, როგორც დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კოლონია. იგი შეუერთდა მალაიზიის ფედერაციას 1963 წელს, მაგრამ ორი წლის შემდეგ გამოეყო და დამოუკიდებლობა მოიპოვა. რის შემდეგაც იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ძლიერი საერთაშორისო სავაჭრო კავშირებით.


imageგეოგრაფია

სინგაპური მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ეკვატორიდან

ჩრდილოეთით 137 კილომეტრის დაშორებით. მისი ფართობია 697 კმ2 . მათ შორის ხმელეთის ფართობია - 687 კმ2, ხოლო წყლის - 10 კმ2. ფართობის სიდიდის მიხედვით იგი 192-ე ადგილზეა. სინგაპურის სანაპირო ხაზი არის 193 კმ. მას არ ჰყავს სახმელეთო მეზობელი. ქვეყნის ტერიტორია მოიცავს მთავარ კუნძულ სინგაპურს და 58 პატარა კუნძლს. მათ შორის ყველაზე დიდია: უბინი, ტეკონგ-ბესარი, ბრანი, სენტოსა, სემაკაუ და სუდონგი. სინგაპურის რელიეფი ძირითადად დაბლობისგან შედგება. ქვეყნის უკიდურესი

დაბალი წერტილი არის სინგაპურის სრუტე - ზღვის დონიდან 0 მ, ხოლო უკიდურესი მაღალი წერტილი არის ბუკიტ ტიმახი - ზღვის დონიდან 166 მ. სინგაპურის მიწის ფართობის 23% შედგება
ტყისა და ნაკრძალებისაგან. ხელოვნური გამწვანების შედეგად კი ქვეყნის 50% დაფარულია მწვანე საფარით, რის გამოც სინგაპური ცნობილია, როგორც „ბაღის ქალაქი“. მნიშვნელოვანი
მდინარეებია კალანგი და სინგაპური.


კლიმატი
სინგაპურში, განურჩევლად სეზონისა, გავრცელებულია ტროპიკული კლიმატი - ცხელი, ნოტიო, წვიმიანი, მუსონური სეზონებით. არსებობს ორი განსხვავებული მუსონური სეზონი - ჩრდილოეთის (დეკემბრიდან მარტამდე) და დასავლეთის (ივნისიდან სექტემბრამდე). ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მერყეობს 230C-დან 320C-მდე. შედარებითი ტენიანობა საშუალოდ, დილით

დაახლოებით, არის 79% და დღის მეორე ნახევარში - 73%. ყველაზე ცხელი თვეები არის აპრილი და მაისი.


მოსახლეობა
2011 წლის მონაცემებით, სინგაპურის მოსახლეობა შეადგენს 4, 740, 737 მლნ-ს. ამ მაჩვენებლების მიხედვით იგი მსოფლიოში 118-ე ადგილზეა. ქვეყანა გამორჩეულია ეთნიკური მრავალფეროვნებით. 2009 წლის, მთავრობის აღწერის მიხედვით,
ეთნიკური ჯგუფების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირია:

74.2% - ჩინური, 13.4% - მალაური, 9.2% - ინდური, ხოლო

დანარჩენ 3.2%-ს შეადგენენ მცირე ეთნიკური ჯგუფები. მათ შორის
გამოიკვეთება; არაბები, ებრაელები, სომხები, იაპონელები. მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით სინგაპური ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.


რელიგია
სინგაპურში ძირითადად გავრცელებულია ბუდიზმი, ისლამი,
ქრისტიანობა, ინდუიზმი და კონფუციონიზმი. ბოლოდროინდელი აღწერით, ბუდიზმის მიმდევართა რაოდენობა, მთელი მოსახლეობის რაოდენობის 42.5%-ს შეადგენს, ისლამის 14.9%-ს, ქრისტიანობის
14.6% (აქედან კათოლიციზმის მიმდევარია 4.8%), ტაოიზმის 8.5%-ს, ინდუიზმის 4%-ს, სხვა რელიგიის წარმომადგენლები შეადგენენ 0.7%-ს, ხოლო ათეისტთა რაოდენობა არის 14.8%.
2000-დან 2010 წლამდე, ქრისტიანთა, ტაოიზმის მიმდევართა და ათეისტთა რაოდენობა გაიზარდა თითოეულში 3%-ით, ხოლო ბუდისტთა რაოდენობა შემცირდა. ხოლო დანარჩენი რელიგიის მიმდევართა რაოდენობა ინარჩუნებს სტაბილურობას.


ენა
სინგაპურში ოთხი ოფიციალური ენა არსებობს: ინგლისური, ჩინური (მანდარინი), მალაური, ტამილური. ამის გარდა გავრცელებულია სხვა დიალექტები. ამ ენებზე მოსაუბრეთა პროცენტული შემადგენლობა შემდეგნაირია: 35% - მანდარინი (ჩინური დიალექტი); 23% - ინგლისური; 14.1% - მალაური;
11.4% - ჰოკიენური; 5.7% - კანტონური; 4.9% - ტეოჩიური; 3.2% - ტამილური; 1.8% - სხვა ჩინური დიალექტები; 0.9% - სხვა დიალექტები. მოსახლეობის 80%-მა იცის ინგლისური ენა.


სახელმწიფო წყობა
სინგაპური არის საპარლამენტო რესპუბლიკა. ქვეყანაში მოქმედებს 1963 წლის კონსტიტუცია. ქვეყნის მთავარი პირი არის პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის ვადით ირჩევა, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს ერთპალატიანი პარლამენტი (81 წევრისგან შედგება), რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით. ქვეყნის მნიშვნელოვანი პირია ასევე პრემიერ-მინისტრი.


ტრანსპორტი
სინგაპური არის ფართობით შეზღუდული სახელმწიფო, ამიტომ საჭიროა შეიზღუდოს კერძო მანქანების რაოდენობა გზებზე. ამის გამო, მანქანის ფასები მნიშვნელოვნად მაღალია და მოსახლეობის მხოლოდ 1/10 - ს ჰყავს საკუთარი მანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი სახეებია: ველოსიპედი, ავტობუსი, ტაქსი და მატარებელი. მათგან ყველაზე პოპულარულია ტაქსი, რომელიც ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნისგან განსხვავებით, იაფი

ტარიფებით გამოირჩევა. ქვეყანაში არის თითქმის ათეული ტაქსის კომპანია.
სინგაპური არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო ცენტრი აზიაში, საზღვაო და საჰაერო გზების პოზიციაზე. ის არის საავიაციო კერა სამხრეთ აზიაში.
ქვეყანაში არის 8 აეროპორტი. საერთაშორისო აეროპორტი ჩანგი, მასპინძლობს 80 ავიაკომპანიის ქსელს, რომლებიც დამაკავშირებელნი არიან 68 ქვეყნის 200 ქალაქთან.


კულტურა
სინგაპური ითვლება „აღმოსავლეთისა და დასავლეთის კარიბჭედ“. ის არის კოსმოპოლიტური ქვეყანა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ჰარმონიულად და საყოველთაოდ ჩანს სხვადასხვა რასის

ურთიერთშერწყმა. წარსულ დროში ემიგრანტებმა შექმნეს საფუძველი მალაური, ჩინური, ინდური და ევროპული გავლენის შერწყმისა. თანამედროვე ქალაქის ფასადის უკან, ჯერ კიდევ სახეზეა ეთნიკური
რასების გავლენა. ქვეყანაში არის რიგი ეთნიკური რაიონები, მაგალითად, როგორიცაა „პატარა ინდოეთი“ და „ჩაინათაუნი“. ასევე არის სხვადასხვა რელიგიური ნაგებობები (მეჩეთები, ქრისტიანული ეკლესიები, ბუდიზმის, ინდუიზმის, ტაოიზმის ტაძრები). თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს სინგაპურელად მიიჩნევს, განურჩევლად რასისა და კულტურისა. სინგაპურში ასევე იგრძნობა ბრიტანეთის კოლონიური გავლენაც, რაც ქალაქის ირგვლივ ნეოკლასიკური შენობების არსებობით გამოიხატება. კულტურული მრავალფეროვნების შედეგად, ქვეყანაში არის ლიტერატურის,

ხელოვნების, მუსიკისა და თეატრის მრავალფეროვნება. 2003 წელს აშენდა ახალი თეატრი „ესპლანადა“, რომელიც ადგილების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ქალაქს ამშვენებს მრავალრიცხოვანი ქანდაკებები. ყოველწლიურად ტარდება ფესტივალები. 2009 წელს, სინგაპურმა უმასპინძლა საერთაშორისო საბალეტო კონკურსს, ასევე კლასიკური ბალეტის კონკურსს. მრავალფეროვნებით გამოირჩევა აგრეთვე სამზარეულოც. გამოირჩევა ჩინური, ინდური, მალაური, ინდონეზიური, ტაილანდური სამზარეულო. პოპულარულია

დასავლური სამზარეულოც, კერძოდ - იტალიური, ესპანური,

ფრანგული.


ტურიზმი
სინგაპური ეს არის დინამიური ქალაქ-სახელმწიფო მკაფიო

ფერებითა და გასაოცარი კონტრასტებით. ხვადასხვა სტილის კულტურათა შეწრყმა, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზი. თანამედროვე ცათამბჯენები ჰარმონიულად ესადაგება ძველებურ ეთნიკურ რაიონებს, ბუდისტური ტაძრები და მეჩეთები

მშვიდობიანად მეზობლობენ ქრსიტიანულ ეკლესიებთან. სინგაპური გამოირჩევა მდიდრული ბუნებით, მრავალრიცხოვანი ზღვის სანაპიროებით, ხშირი ტყეებითა და ულამაზესი მთებით.

სინგაპური სტუმრებს სთავაზობს ყველა შესაძლო სახის დასვენებას:
ნამდვილ სამოთხეს ზღვის სანაპიროზე, საინტერესო ექსკურსიებს ეთნიკურ რაიონებში და მომხიბვლელ შოპინგს სავაჭრო ცენტრებსა და ადგილობრივ ბაზარზე.
შოპინგი სინგაპურში - აქ შესაძლებელია საკმაოდ დაბალ ფასში შეძენა მაღალხარისხიანი ელექტროსაქონლის, ტექსტილის,

პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და ეგზოტიკური ყვავილების, რომელთა გამო სინგაპურმა მიიღო დასახელება „ოქროსფერი ორქიდეების სამოთხე“.

ექსკურსიების მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ,
როგორც თავად ქალაქს, ასევე ახლომდებარე კუნძლებს. მცირე

ინდოეთის კვარტლის ულამაზესი ტაძრები და კოლორიტული დუქნები, ადგილობრივი რეწვის ოსტატთა სახელოსნოები და კონფუციურ-ბუდისტური ტაძარი „ტიან ხოკ კენგ ჩაითაუნი“ სინგაპურის კულტურისა და მისი მრავალრიცხოვანი

ღირშესანიშნაობების შეცნობის საშუალებას იძლევა. გარემოს საერთო მიმოხილვისთვის საუკეთესოა მდინარეზე ნავით გასეირნება, მოწყალების ღვთაების ტაძრისა და ნაციონალური მუზეუმის

მონახულება.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია „ბუკიტ ტიმახის“ ეროვნული ნაკრძალი, რომლის ტერიტორიაზე

განლაგებულია სინგაპურის უმაღლესი წერტილი.
სინგაპურში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი; მსოფლოში პირველი ღამის პარკი - “Night Safari“; ფრინველების პარკი; მსოფლიოში ყველაზე დიდი ოკეანარიუმი - „Underwater
World”; უნიკალური კვარტალი - “SunTec City” „სიმდიდრის შადრევნებით“. სინგაპურის ზოოპარკი, რომელშიც წარმოდგენილია ცხოველების უიშვიათესი სახეობები, ძალიან საინტერესოა ფლორისა და ფაუნის მოყვარულთათვის. გაიხსნა 1973 წელს და უჭირავს 28 ჰა მიწის ფართობი. აქ წარმოდგენილია 315 სახეობის ცხოველი, რომლის 16% არის გადაშენების პირას არსებული სახეობები. ზოოპარკი

ყოველწლიურად იზიდავს, დაახლოებით, 1.6 მლნ ტურისტს. „Night Safari“ არის მსოფლიოში პირველი ღამის ზოოპარკი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია სინგაპურში. მისი მშენებლობის ღირებულება არის 63 მლნ დოლარი. იგი ოფიციალურად გაიხსნა 1994 წელს და უკავია 40 ჰა მიწის ფართობი,

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ატრაქციამ 2007 წელს მიიღო 11 მლნ მნახველი. პარკი არის მთლიანად ღია ცის ქვეშ და მხოლოდ ღამით არის ღია. ოკეანარიუმი “Underwater World”-ი გაიხსნა 1991 წელს კუნძულ სენტოსაზე. აქ არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 250 სახეობის, 2 500-ზე მეტი ზღვის ცხოველი,

ულამაზესი მარჯნის რიფები. ოკეანარიუმში არის ასევე

დელფინარიუმი, სადაც წარმოდგენილია ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რამდენიმე სახის დელფინი, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც „ვარდისფერი დელფინები“.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს წარმოადგენს კუნძული სენტოსა, რომელიც სინგაპურს უერთდება ორიგინალური ხიდითა და ფუნიკულიორით და ტურისტებს იზიდავს საწყალოსნო პარკითა და აზიაში ყველაზე დიდი ტროპიკული ოკეანარიუმით „წყალქვეშა სამეფო“. ძალზე საინტერესოა ცვილის ფიგურების მუზეუმი და „ჰაუ პარ ვილლა ტაიგერ ბალმის“ ბაღები, სადაც წარმოდგენილია ელექტრონულად მართვადი ძველი ჩინური

ლეგენდების გმირთა ფიგურები. კუნძულზე აშენებულია „Tiger Sky Tower”, რომელიც ყველა ტურისტს საშუალებას აძლევს დაინახოს მთელი სენტოსა. მისი სიმაღლეა 110 მ (ზღვის დონიდან 131მ) და დაახლოებით 36 სართულისგან შედგება. კუნძულზე მდებარე „გარდენ პლაზაში“ ტარდება მუსიკალური შადრევნების ცნობილი მუსიკალური შოუ.

წყლისა და მზის მოყვარულთათვის, სინგაპურში დასვენება
ნამდვილი სამოთხეა. თბილი ზღვა, სუფთა სანაპიროები თეთრი ქვიშით, მრავალრიცხოვანი ატრაქციონები და წყლის სპორტის ყველა სახეობა ხელს უწყობს, რომ დასვენება იყოს არამხოლოდ

კომფორტული, არამედ აქტიური და მხიარული. სინგაპურის მთავარ კურორტად ითვლება სწორედ კუნძული სენტოსა. აქ უბრალოდ დამსვენებელს არ აქვს დრო მოწყენისათვის: წყლის ველოსიპედები, გოლფი, ფრენბურთი, ადგილობრივი დღესასწაულები, კულტურული ღონისძიებები, საცეკვაო ფესტივალები, სიმულაციური კინოთეატრები არ იძლევა ამის საშუალებას.
აღსანიშნავია სინგაპურის ბოტანიკური ბაღი, რომელიც 52 ჰა-ზე მდებარეობს. ბაღი მოიცავს ეროვნული ორქიდეების კოლექციას. დაახლოებით 3 000 სახის ორქიდეა იზრდება.
ტურისტებისთვის საინტერესოა ისტორიული მდინარე „Boat Quay”, რომლის სანაპიროებზე განლაგებულია რესტორნები, ბარები და სხვა გასართობი დაწესებულებები.

სინგაპურში, მთელი წლის განმავლობაში, ტარდება სხვადასხვა
ღონისძიებები, რომლებიც იზიდავს ტურისტებს. ზოგიერთი წამყვანი მოვლენაა: ჩინგაის აღლუმი, სინგაპურის ხელოვნების

ფესტივალი, ორქიდეების ბაღში გამართული ფესტივალები. სინგაპურის მრავალფეროვანი სამზარეულოს აღსანიშნავად,

ყოველწლიურად (ივლისში) ტარდება კვების ფესტივალი. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენებია - სინგაპურის მზის ფესტივალი, საშობაო ფესტივალი. 2008 წელს, სინგაპურში გაიმართა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატი. 2010 წელს უმასპინძლა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, რომლის დროსაც, დაახლოებით, 180 000 სტუმარი ჩამოვიდა (სინგაპურის ეროვნული სტატისტიკის

დეპარტამენტის მონაცემებით).

სტუმრების მისაღებად, ქვეყანაში აშენებულია 120 სასტუმრო. მათ შორის საუკეთესოები განთავსებულია ქალაქ სინგაპურში: Four

Seasons, Mandarin Oriental Singapore და Fairmont Singapore. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სასტუმრო-კომპლექსი „Marina-Bay”, რომელიც ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კომპლექსში შედის მასიური საცურაო აუზი ღია ცის ქვეშ, რომლის სიგრძე არის 150 მ (55-ე სართულზე მდებარეობს). სასტუმრო-კომპლექსის სახურავი შესრულებულია გემის ფორმით. ეს პროექტი დაჯდა 80 მლნ დოლარი. გარდა 150 მეტრიანი საცურაო აუზისა, აქ არის სპა-სალონები, ბარები, რესტორნები, ბოტანიკური ბაღი და უზარმაზარი გადმოსახედი მოედანი, რომელიც იტევს 900-მდე ადამიანს. სასტუმროში ცხოვრების ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ „სქაიპარკის“ სტუმრობა შეუძია ნებისმიერ მსურველს (20$

ღირებულება). დამსვენებლებს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს
სთავაზობს ასევე კუნძული სენტოსა: Shangri-Ia Rasa Sentosa; The Sentosa Resort & SPA. ყველა სასტუმრო გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით.

ამგვარად, სინგაპურში დასვენება ეს არის განსაკუთრებული
განცხრომა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას აძლევს აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებს. ულამაზესი

პეიზაჟები, ეფექტური არქიტექტურა, რბილი კლიმატი და უამრავი
გასართობი იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სინგაპურში ვიზიტის მიზანს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ყოველ აქ ჩამოსულ სტუმარს შეუძლია მიიღოს გაცილებით მეტი, ვიდრე ამას თავდაპირველად გეგმავდა.
ტურიზმი სინგაპურში ინდუსტრიის მთავარი სფეროა და უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. ტურისტების მოსაზიდად, 2005 წელს, ქვეყანამ ლეგალიზებული გახადა სამორინეები. სახელმწიფოს მხრივ დიდია ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანა გახდეს სამედიცინო ტურიზმის ცენტრი. სინგაპურში, ყოველწლიურად, დაახლოებით

200 000 უცხოელი ჩადის სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად.
სახელმწიფოს მიზანია 2012 წლიდან, ყოველწლიურად მოემსახუროს ერთ მლნ უცხოელ პაციენტს და სავარაუდოდ, აქედან მიღებული შემოსავალი, ყოველწლიურად 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
სინგაპური არის ასევე განათლების კერა. ბევრი უცხოელი სტუდენტი ჩადის ამ მიზნით. 2006 წელს, სინგაპურმა უმასპინძლა 80 000 საერთაშორისო სტუდენტს. 2009 წელს, სინგაპურის

უნივერსიტეტებში, სტუდენტთა 20%-ს შეადგენდნენ საერთაშორისო სტუდენტები. განათლების მისაღებად ძირითადად ჩამოდიან ასეანის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.

სინგაპურში მოზიდულ ტურისტთა რეკორდული მაჩვენებელი,
ქვეყნის სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11, 638, 663 ტურისტი (2010 წლის მონაცემები). 2009 წელთან შედარებით (როდესაც იყო გლობალური ფინანსური კრიზისი), ეს მაჩვენებელი
20.2%-ით გაიზარდა. ტურიზმის სფეროში ტრანსპორტის დატვირთვა შემდეგნაირია: 76% - საჰაერო ტრანსპორტი; 10.2%
- საზღვაო; 13.2% - საავტომობილო. ტურისტები ძირითადად ჩამოდიან შემდეგი ქვეყნებიდან: ინდონეზია, ჩინეთი, მალაიზია, ავსტრალია და ინდოეთი. ასევე ფილიპინებიდან, იაპონიიდან,
დიდი ბრიტანეთიდან, ტაილანდიდან, აშშ-დან.
ტურიზმის ხაზით მიღებულმა შემოსავალმა 2010 წელს მიაღწია 18.8 მილიარდ სინგაპურულ დოლარს. 2009 წელთან შედარებით, 49%-ით აქვს მატება.


დასკვნა
სინგაპური არის პატარა ქვეყანა მოსახლეობის მცირე რაოდენობით. ჩემი აზრთ, ის შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითად, თუ როგორ შეძლო პატარა ტერიტორიის და არც თუ ისე დიდი ბუნებრივი რესურსის არსებობის მიუხედავად, გამხდარიყო ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული დესტინაცია. სინგაპურში ბუნებრივ რესურსებთან ერთად მნიშვნელოვანია ანთროპოგენული რესურსები. ტურიზმის თვალსაზრისით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში განვითარებულია ტურიზმის
არაერთი სახეობა. მათგან გამოირჩევა: დასვენების ტურიზმი, შოფტურიზმი, რელიგიური ტურიზმი, ეთნიკური, გასტრონომიული, მნიშვნელოვანია სასწავლო ტურიზმი, სამკურნალო ტურიზმი, ვითარდება აზარტული თამაშების ტურიზმი. სინგაპურში ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყო ეთნიკურმა და რელიგიურმა მრავალფეროვნებამ და ჩემი აზრით, ეგზოტიკურ გარემოსთან ერთად, სწორედ ეს გახდა მიზეზი ქვეყნის ტურიზმის მაღალ დონეზე განვითარებისა. სინგაპური ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ტურიზმის განვითარებაში, რასაც მოწმობს ბოლო 10 წლის

განმავლობაში ტურისტთა რაოდენობის საგრძნობი მატება.




გალერეა

ბუდისტური ტაძარი

image

სინგაპურში ყველაზე დიდი

ბუდისტური ტაძარი

imageკათოლიკური ტაძარი

image


ნაციონალური მუზეუმი

imageimage


ხელოვნების სკოლა თეატრი "ესპლანადა"
imageimage


ქანდაკებები

imageimageimageimage

ფესტივალები

imageimageimageimageimageimage


ეროვნული ნაკრძალი "ბუკიტ ტიმახი"

imageimageimageimage

ბოტანიკური ბაღი

imageimage


ორქიდეების ბაღი

imageimage


სინგაპურის ზოოპარკი

imageimageimageimageimageimage



„Night Safari“

imageimageimageimage


“Underwater World”

imageimage



მდინარე „Boat Quay”
imageimage


კუნძული სენტოსა

imageimageimageimage


სასტუმრო - კომპლექსი “Marina-Bay”
imageimageimageimage


სხვადასხვა

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimage























0
2114
3-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ჟვანია
ლიკა ჟვანია
2114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0