x
ერეკლე II-ს ოჯახი
ერეკლე II ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში) — 1744—1762 წლებში კახეთის, 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე.

მეფე ერეკლემ სამჯერ იქორწინა. პირველად ის 1738 წელს თავადიშვილ ქეთევან ორბერლიანზე (გ. 1750) დაქორწინდა, თუმცა 1744 წელს გაეყარა. მომდევნო წელს, ერეკლემ თავადიშვილ ანა აბაშიძეზე (1730-1749) იქორწინა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მეფემ დარეჯან დადიანზე (დარია; 20 ივლისი, 1738 - 8 ნოემბერი, 1807) იქორწინა. მეფე ერეკლეს ცამეტი ვაჟი და ათი ქალიშვილი ყავდა.

ერეკლე ბატონიშვილს ნადირ-შაჰის კარზე ყოფნისას მშობლებმა საცოლედ შეურჩიეს ვახტანგ ვახუშტის ძე ორბელიანის ასული ქეთევანი.
1707 წელს ავღანეთში დაღუპულ გიორგი XI-ის თანამებრძოლ ვახუშტი ვახტანგის ძე ორბელიანს დარჩა სამი შვილი: ელიზბარი, ვახტანგი და ბანგუა (გივი ამილახვარის ცოლი). ობლები ბიძამ, ერასტი ორბელიანმა, გაზარდა. სწორედ ამ ვახტანგ ორბელიანის ასული იყო ერეკლეს საცოლე ქეთევანი.
1737 წლის თებერვლიდან 1739 წლის დეკემბრამდე ერეკლე ბატონიშვილი ნადირ შაჰის კარზე იმყოფებოდა და მასთან ერთად მონაწილეობდა ავღანეთის ლაშქრობაში. სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს მისმა მშობლებმა ერეკლესათვის საცოლე შეერჩიათ.
შემონახულია თამარ დედოფლის წერილი მარიამ ერასტის ასულ ორბელიანთან, რომელსაც თამარი მის ძმებთან და გივი ამილახვარსა და ბანგუასთან შუამდგომლობას სთხოვს ასულის მითხოვებაზე

ერელეს პირველ მეუღლედ, თანამედროვე ისტორიკოსების უმეტესობა, უფრო ხშირად ქეთევან ვახტანგის ასულ ყაფლანიშვილ–ორბელიანს მოიხსენიებენ, მაგრამ არის სხვა, არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება. მამისა ბერძნიშვილი, სხვადასხვა ისტორიული მასალის ანალიზიდან გამომდინარე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ვახუშტი ბატონიშვილის მონათხრობია, წერს; რომ ნადირ–შაჰთან ერთად ინდოეთში ყოფნის დროს, ერეკლეს მშობლებმა მის საცოლედ შეარჩიეს ქეთევან ყაფლანიშვლი, რომელზედაც კახეთში დაბრუნებულმა ერეკლემ აღარ იქორწინა. ერეკლესაგან მიტოვებული ქეთევანი მონაზვნად აღიკვეცა და დარდისაგან მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია ალავერდში. ეპიტაფიაში მოხსენებულია, როგორც მეფე ერეკლეს თანამეცხედრე. "ერეკლეს პირველი მეუღლე იყო ქეთევან ფხეიძე, რომლისგანაც ერეკლეს ეყოლა პირველი ვაჟი ვახტანგ კარგი".
მამისა ბერძნიშვილი ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებს, რომელიც აღნიშნავს; – "ერეკლე... კახეთს მოვიდა მშობელთათანა... და მოგუარეს ცოლად ასული ვახტანგ ყაფლანიშვილისა, გარნა მიზეზითა განუტევა იგი და მოიყვანა იმერეთიდამ ასული ზაალ ფხეიძისა (ზოგირთი მონაცემით – გიორგი მხეიძისა) და იქორწინა მის თანა".


სათანადო მასალის სიმცირის გამო, შეუძლებელია განსაზღვრო რომელი მონაცემია სწორი, მაგრამ პირველი ცოლისაგან ერეკლეს სამი შვილი ჰყოლია – რუსუდანი, ვახტანგ კარგი და ერთი ადრე გარდაცვლილი.
პირველ მეუღლესთან გაშორების შემდეგ, 1745 წელს ცოლად შეირთო იმერელი თავადის, ზაალ აბაშიძის ქალიშვილი ანნა აბაშიძე, რომელიც1749 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მცხეთაში. ანნასაგან ერეკლეს შვილები იყვნენ გიორგი და თამარი.
მესამე მეუღლე იყო – დარეჯან დადიანი, რომელზედაც ერეკლემ 1749 წელს იქორწინა და მასთან ერთად თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.
ძნელია მოიძებნოს ლიტერატურული მასალა, რომელიც ერეკლეს შვილების შესახებ ერთიან, ზუსტ მონაცემებს მოიცავს. ითვლება, რომ სავარაუდოდ ერეკლეს 24 შვილი ჰყავდა.
ვაჟები:ვახტანგი (ვახტანგ კარგი) (1738-1756);სოლომონი (გ. 1765);გიორგი XIIლევანი (1756-1781);იულონი (1760-1816);ვახტანგი (ალმასხანი) (1761-1814);თეიმურაზი, შემდგომში ანტონ II, კათალიკოს-პატრიარქი (1763-1827);მირიანი (1767-1834);სოსლან-დავითი (გ. დაახ. 1767);ალექსანდრე ალექსანდრე ბატონიშვილი (1770-1844);არჩილი (გ. დაახ. 1771);ლუარსაბი (დ. 1772; ადრე გარდაიცვალა);ფარნაოზი (1777-1852)

ქალიშვილები:რუსუდანი (დ. 1744; ადრე გარდაიცვალა);თამარი (1747-1786) – ცნობილი სარდლის და სახლთუხუცესის დავით ორბელიანის მეუღლე;მარიამი (დაახ. 1750-1829)– თბილისის მოურავის დავით ციციშვილის მეუღლე.ელენე (1753-1786)– სოლომონ მეორის დედა, იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის ძმის, არჩილ ბაგრატიონის მეუღლე. შემდგომი ცოლად გაჰყვა ქიზიყის მოურავ ზაქარია ანდრონიკაშვილს.სოფია (c. 1756; ადრე გარდაიცვალა)სალომე (c. 1761; ადრე გარდაიცვალა)ანასტასია (1763-1838)ქეთევანი (1764-1840)– იოანე მუხრანბატონის მეუღლე.თეკლა (1775-1846)– ვახტანგ ორბელიანის მეუღლე.ეკატერინე (1776-1818)ხორეშანი.

გავრცელებულია აზრი, რომ კრწანისის ბრძოლის წაგების ერთ–ერთი მიზეზი ერეკლეს მიმართ მისი შვილების ღალატია, რომ თითქოს მათი უმეტესობა არ მიეხმარა ერეკლეს და საკუთარი საქმეებით იყვნენ დაკავებული. ამ აზრის საფუძველი არტემ არარატელს, ისტორიკოს პიოტრ ბუტკოვს და რუს გენერალ გუდოვიჩს ეკუთვნის, მაგრამ არსებობს სხვა მონაცემებიც, რომლებზე დაყრდნობითაც ქართველთა დაკნინების და მათი სამეფო ოჯახის დამცირების ცდა გაბათილებულად უნდა ჩაითვალოს. ასეთი მონათხრობი საქართველოს რუსეთთან "ნებაყოფილობითი" მიერთების ერთ–ერთ გასამართლებელ საბუთად ესაჭიროებოდა რუსეთის იმპერიას. მართლაც რაღა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ფასი, თუ კი მის მეფეს ყველა გარშემომყოფი ღალატობდა.
მართლაც საინტერესოა სად იყვნენ და რას აკეთებდნენ ერეკლეს შვილები კრწანისის ომის დროს;
პირველი ვაჟი, ვახტანგ კარგი და ლევან ბატონიშვილი გარდაცვლილები იყვნენ.
იულონ ბატონიშვილი, ქართლში ჰყავდა მივლინებული ერეკლეს, რადგან იქ ოსმალთა შემოსევა იყო მოსალოდნელი და "იგი განამზადებდა მხედრობასა ქართლისასა", გვიამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი.
ვახტანგ ბატონიშვილი ( მეტსახელად ალმასხანი ) კრწანისის ველზე, თავისი რაზმით თავდაუზოგავად იბრძოდა ერეკლეს გვერდით და ერთი წუთითაც არ მოსვლია აზრად მიეტოვებინა მეფე.
თეიმურაზი, გახლდათ ანტონ მეორე კათალიკოს–პატრიარქი, და მისი ბრძოლაში მონაწილეობა მიუღებელი იყო. ანტონ მეორე, 8 სექტემბერს, სამეფო ოჯახთან ერთად მთიულეთისკენ წავიდა.
მირიან ბატონიშვილი, ერეკლეს მონდომებით რუსეთში იყო გაგზავნილი და იქ ცხოვრობდა. მირიანს გენერლის ჩინი ჰქონდა მიღებული. მამის ავადმყოფობა, რომ გაიგო სასწრაფოდ წამოვიდა და თან "ევროპულად განსწავლული" ექიმიც წამოიყვანა, მაგრამ მამას ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.
ალექსანდრე ბატონიშვილი – ჯამბაკურ–ორბელიანის ცნობით, საოფლით ავადმყოფი, ტახდრევანდში ჩაუწვენიათ და მთიულეთისკენ წაუყვანიათ. გამოჯანმრთელების შემდეგ, ალექსანდრე მალევე შეუდგა მამის დავალებების შესრულებას.
ფარნაოზ ბატონიშვილი, ძალზე ახალგაზრდა იყო და ალბათ ერეკლემ თავად მოარიდა ბრძოლას.
უფროსი, ბრძოლისუნარიანი შვილიშვილებიდან – დავით ბატონიშვილს, კრწანისის ბრძოლისას, 10 სექტემბერს, ერეკლეს ბრძანებით, ქართველ მებრძოლთა საერთო სარდლობა ჰქონდა დავალებული, 11 სექტემბერს კი, შინდის–ტაბახმელას მიდამოებში, ქართველთა დაცვის მარჯვენა ფრთას ხელმძღვანელობდა.
იოანე ბატონიშვილი მეწინავე რაზმს სარდლობდა. იოანეს გმირული და თავგანწირული მოქმედების საფასურად, ქართველებმა, მტრის ალყაში მოქცეული მეფე ბრძოლის ველიდან ძალით გამოიყვანეს და დატყვევებას გადაარჩინეს.
იმერეთის მეფე, ერეკლეს შვილიშვილი, სოლომონ მეორე, 2000 იმერელ მებრძოლთან ერთად თავგამოდებით იცავდა თბილისს და 11 სექტემბერს, ერეკლესთან დამშვიდობების შემდეგ დატოვა ქალაქი.
თეიმურაზ ბატონიშვილი – 12 თუ 13 წლისა იყო, ბრძლაში არ მონაწილეობდა, თუმცა შემდგომში, ოჯახის წევრების ნაამბობისა და სპარსეთში არსებული ლიტერატურის გაცნობის საფუძველზე, აღწერა კრწანისის ბრძოლა. სხვა შვილიშვილების უმეტესობა, ბრძოლისათვის ასაკით ძალზე პატარები იყვნენ.
კრწანისის ბრძოლაში მონაწილეობდნენ ერეკლეს სიძეებიც.
რაც შეეხება ტახტის მემკვიდრე გიორგის, მის მიმართ ყველაზე მეტია პრეტენზიები. კრწანისის ომის პერიოდში, გიორგი სიღნაღში მდგარა ჯარით. ამ დროს კახეთში ლეკების შემოჭრა იყო მოსალოდნელი და თეიმურაზ ბატონიშვილის და პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი, კახეთში მამის დავალებას ასრულებდა.მას არ ჰქონდა ბრძანება მიეტოვებინა კახეთი. ერეკლეს მიერ, კრწანისის მარცხიდან რამდენიმე დღის შემდეგ გიორგისადმი მიწერილ წერილებში, არის საყვედურის ტონი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საყვედური იმისა, თუ რატომ არ მიეშველა მამას გიორგი კახელების ჯარით კრწანისის ბრძოლისას, არსად ჩანს და არც ერთ წერილში ამაზე ლაპარაკიც არ არის. ასე, რომ არ უნდა იყოს მართალი არარატელის ცნობა თითქოს გიორგი კახეთში ჭამასა და სმაში უქმად ატარებდა დროს და მამას არ მიეშველაო.
"ერეკლეს ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ საკუთარი ვაჟიშვილები მისი მორჩილებიდან გამოსვლას ვერ გაბედავდნენ... ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადოთ, რომ სანამ მეფე ცოცხალი იყო არც ერთ მის შვილს მამისა და სამშობლოსთვის არ უღალატია" კატეგორიულად აცხადებს იასე ცინცაძე.
დარეჯან დედოფალსც არასდროს მოსვლია თავში მეუღლის ღალატი.
სიმართლეს არ შეესაბამება არტემ არარატელის მონათხრობიც. თავის წიგნში, რომელიც 1913 წელს პეტერბურგში დაიბეჭდა, ოთხ ენაზე ითარგმნა და გავრცელდა, არარატელი გვიყვება, რომ კრწანისის ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ანანურში, ეკლესიის ნახევრად დანგრეული ოთახის კუთხეში, საკუთარი თვალით ნახა – მარტოდ მიტოვებული, კედელთან პირშექცეულად მიმჯდარი, ცხვრის ტყაპუჭში გამოხვეული ერეკლე. ერთ დროს დიდებით მოსილი პიროვნება, რომლის სახელიც მთელ აზიაში ქუხდა, ახლა ყველა ახლობელმა და ყველა ოჯახის წევრმა მიატოვა და თავად სადღაც გაიქცნენ, მიატოვეს მაშინ როცა ცოტა ხნის წინ მის მზეს ფიცულობდნენო. ერეკლეს მომვლელად მხოლოდ ერთი სომეხი, მოხუცი მსახური დარჩენილიყო, მხოლოდ მან არ მიატოვა მეფე, არ დაივიწყა მისი სიკეთე და ახლა, თავად ნამათხოვრალ პურს მასაც უზიარებდა. თურმე მთელს სამეფოში, რომელსაც, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მამასავით მფარველობდა, ერეკლეს მხოლოდ ერთი სომეხი, მოხუცი მსახური დარჩენია ერთგული.
ეს, რომ ტყუილია ამას მტკიცება არ უნდა, დოკუმენტურადაა ცნობილი, რომ ერეკლეს მთიულეთისაკენ მიაცილებდნენ ახლობლები, 150 ბრძოლაგამოვლილი მეომარი, არაგვის ხეობაში მას შეეგება შამშადილუელი ალი სულთანი 200 მეომრით, რომელიც ერეკლეს ნებართვით აქ მომთაბარეობდა. თბილისიდან გასვლის შემდეგ, მესამე დღეს ერეკლე ანანურში ავიდა. იქ თავის ოჯახის წევრების და ახლობლების გარემოცვაში მოექცა, მან მეორე დღიდანვე დაიწყო მოლაპარაკებები, ბრძოლისათვის მზადება და ქვეყნის მართვა.

1
1401
1-ს მოსწონს
ავტორი:allblacks
allblacks
1401
  
2013, 10 იანვარი, 10:49
ეძღვნება გიორგი ცნობილაძეს :)
0 1 1