x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
სამხრეთ აფრიკის რესპუბლკის ტურიზმი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტურიზმი

შესავალი: მოცემული ნაშრომში ვისაუბრებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე ტურიზმის კუთხით, მანმადე კი სხვადასხვა ზოგად მიმოხლივას წარმოგიდგენთ გარკვეული შთაბეჭდილების შესაქმნელად და ქვეყანაზე საჭირო ზოგადი ინფორმაციის მისაღებად.
სამხრეთი აფრიკის ცივილიზაცია ერთმანეთში აერთიანებს ძველ აფრიკულ ეგზოტიკურ ტრადიციებს, ინდოარაბულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიურ მიღწევებს. აქ ვხვდებით როგორც ტროპიკული პლაჟების ოქროს ქვიშებს, ასევე დრაკონის მთების მარადიულ თოვლიან საფარს, კაპლანდიისა და ნატალიის ზღაპრული ტყეების სამეფოებსა და სხვა ულამაზეს ტურისტულ ატრაქციებს. [1]

გეოგრაფია და ლანდშაფტი: სარ-ი მდებარეობს აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მას ჩრდ. ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე. ჩრდ. აღმ-ით მოზამბიკი და სვაზილენდი. მის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო- ანკლავი ლესოტო. მას 3 მხირიდან ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეები აკრავს (სურ N2). სარ-ის ფართობი 1 221 037 მლნ კმ2-ია. აქ მდებარეობს დრაკონისა (სიმაღლე 3 000-ზე მაღალი) და კაპის მთები. ქვეყნის ჩრდილო საზღვრები გაუყვება მეჩხრად დასახლებულ უდაბნოებისა და ნახევრადუდაბნოების რაიონებს. ტერიტორია ჩრდ-დან სამხ-სკენ გადაჭიმულია დაახ. 2 000 კმ-ზე, ხოლო აღმ-დან დას-კენ 1 500 კმ-ზე. სანაპირო ხაზის სიგრძე 2 881 კმ. [1] და [2] უნდა აღინიშნოს კეთილი იმედის კონცხიც, რომელიც კაპის ნ/კ-ზე მდებარეობს კეიპტაუნის სამხრეთით.

კლიმატი: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა თითქმის მთლიანად მაღალი წნევის მქონე სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული, რაც მშრალი კლიმატის განმაპირობებელია. დიდია მზიანი დღეების რაოდენობა. 3 მხრიდან ოკეანეების სიახლოვის გამო ხდება კლიმატის შერბილება. ნალექების რაოდენობა მერყეობს სანაპიროდან 60 მმ აღმოსავლეთით დრაკონის მთები ბორცვებზე 2000 მმ-მადე. გრძელ გვალვიან პერიოდს ხან ხანგრძლივი წყალდიდობა მოსდევს ხოლმე.
სარ-ში ყველაზე კომფორტულ თვეებად ითვლება აპრილი და მაისი. როგორც ვიცით სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის თვეებია: ივნისი, ივლისი, აგვისტო; ხოლო ზაფხულის: დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. სწორედ აპრილსა და მაისში რჩება წვიმების სეზონი ზოგიერთ რაიონში და ზოგგან ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ამ პერიოდში არ ცხელა ძალიან, ქარებიც სხვა თვეებთან შედარებით სუსტია. იანვრის საშუალო ტემპერატურა +18-სა და +27-ს, ხოლო ივლისის +7-ს და +10-ს შორისაა.

შიდა წყლები: ქვეყნის მდინარეების უმეტესობა ინდოეთის ოკეანის აუზს მიეკუთვნება. სარ-ის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა ლიმპოპო თავისი შენაკადებით, ესენია: ოლეფანტსი (სპილოს), ტუ-გელას, გრეით-ფიშის და სხვ. [6] ატლანტის ოკეანის აუზს ეკუთვნის ქვეყნის უგრძესი მდინარე ორანჟი, მისი უდიდესი შენაკადებია: ვაალი, კალედონი და ბრაკი. [7] კალაჰარის უდაბნოს მახლობლად ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობენ დროებითი მდინარეები კურუმანი და მოლოპო. [1]

ფლორა და ფაუნა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოს 17 ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნებიდან მეექვსე ადგილს იკავებს. [8] აქ გვხვდება 20 ათასზე მეტი სახეობის მცენარე, ანუ მსოფლიოში ცნობილი მცენარეების დაახლოებით 10%, ეს მისი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების მაჩვენებელია. ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარეობს სავანა, სადაც მრავლადაა სუბტროპიკული ტყეები და ფართოფოთლოვანი მარადმწვანე ბუჩქები. უფრო ბორცვიან ადგილებში კი სუბტროპიკული და მუსონური ტყეები გვხვდება. სარ-ში ბევრი სტეპია, აგრეთვე ბუჩქიანი ნახევრადუდაბნოები და უდაბნო კარუ.

სამხრეთ აფრიკული ფაუნა მრავალი ანთროპოგენული ფაქტორის გამო ძლიერ შეიცვალა. ბევრი სახეობა გადაშენდა, ზოგიც ჩრდილოეთისკენაა შევიწროებული ან დაცულ ტერიტორიაზეა შემონახული. ასეთებია: სპილო, მარტორქა, ზებრა, ჟირაფი, ლომი, სირაქლემა და ა.შ.

აქ ბევრი ენდემური ცხოველი გვხვდება (მილკბილა, მხტუნავი ანტილოპა, კვაგა და ა.შ.) აგრეთვე მრავალფეროვანია ფრინველთა ფაუნა. [1]


სახელმწიფო და ისტორია: 2011 წლის შეფასებით სარ-ის მოსახლეობა 49 004 031 მლნ კაცია. [4] მისი ეთნიკური შემადგენლობა, ასეთია: შავი აფრიკელები 79% (ზულუ, კოსა, ტსვანა, ბასუტო, ვენდა, სვაზი, შანგანი, ნდებელი და სხვ.), 9, 6% ევროპელები; შერეულები 8, 9%; ხოლო 2, 5% აფრიკელები.
ურბანიზაციის მაჩვენებელი 62%-ია. სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა საკმაოდ დაბალია და 49, 33 წელს შეადგენს. ქვეყნის ადმინისტრაციული დედაქალაქი პრეტორიაა. [4]
როგორც ცნობილია ქვეყნის ტერიტორიაზე ძველ მოსახლეობას წარმოადგენენ მესაქონლე ჰოტენტოტები და შემგროვებელი ბუშმენები, შემდეგ დასახლდნენBბანტუს ხალხებიც. ბანტუს ხალხი ბრძოლებითა და ასიმილაციით ნელ-ნელა ღრმად მკვიდრდებოდა ტერიტორიაზე. XVII სს-დან უკვე ჰოლანდიური დასახლებაც ჩნდება. აქ მკვიდრდებოდნენ ჰოლანდიელი კოლონიზატორები, ფრანგი ჰუგენოტები და გერმანელები. აქ შემოჰყავდათ მონები მალაიზიიდან და მადაგასკარიდან. 1795 წლიდან ტერიტორია ბრიტანელების გავლენის ქვეშ ექცევა. შემდეგ უკვე XIX-ს ბოლოს აღსანიშნავია ანგლო-ბურების ომები. 1910 წელს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი, რომელიც დიდი ბრიტანეთის დომინიონად გადაიქცა. 1961 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა აპარტეიდის (გამიჯვნის) პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა 1991 წლამდე ატარებდა. 1994 წლიდან ნელსონ მანდელა გახდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. ითვლება, რომ სამხრეთ აფრიკაში დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა მოხდა მშვიდობიანი გზით. [9]
სახელმწიფო წყობის მიხედვით ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოადგენს, რომელსაც მართავს პრეზიდენტი, ამჟამად ჯეიკობ ზუმა. ორ პალატიანი საკანონმდებლო ორგანო იყოფა: ეროვნულ ანსამბლეად (400 კაცი) და პროვინციების ეროვნულ საბჭოდ(სენატი) (90 კაცი). იგი განლაგებულია კეიპტაუნში. [3]
ზემოთ ხსენებულ იქნა, რომ სარ-ში იყვნენ რელიგიური მიგრანტები ევროპიდან, შესაბამისად რელიგიური მრავალფეროვნება დღესაც აღსანიშნავი იქნება აწ უკვე დემოკრატიის გზაზე მდგარი რესპუბლიკისთვის. პროტესტანტები მოსახლეობის 36, 6% შეადგენენ; კათოლიკეები 7, 1%; მუსლიმები 1, 5%; სხვა ქრისტიანები 36%; სხვა რელიგიის წარმომადგენლები 2, 3%; დაუზუსტებელი 1, 4% და არცერთი რელიგიის წარმომადგენლები 15, 1%. [4]
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას 11 სახელმწიფო ენა აქვს, ესენია: ინგლისური, აფრიკაანსი, ნდებელე, ქოსა, ზულუ, პედი, სესუთო, სვატი, სეტსვანა, ჩივენდა და ცონგა. [2]


ტრანსპორტი: სარ-ში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ძალიან განვითარებულია. ამ ქვეყნის აეროპორტებისა რაოდენობა 578-ია (მოკირწყლული-147 და მოუკირწყლავი-431). ერთადერთი შველმფრენისა სადგური გვხვდება. მისადენები: გაზის 908 კმ, ნავთობის 980 კმ. რაც შეეხება რკინიგზის ქსელს მისი საერთო სიგრძე 20, 192 ათ. კმ-ია. გზატკეცილის საერთო სიგრძე კი 362, 099 კმ-ია. აღსანიშნავია, აგრეთვე 4 საზღვაო-სავაჭრო ფლოტის არსებობა. ნავსადგურებიდან და ტერმინალებიდან გვხვდება: კეიპტაუნი, დურბანი, პორტ ელიზაბეტი, რიჩარდისა და სალდანას ყურე. [4]


ტურიზმი: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ძალიან საინტერესო, კოლორიტული ქვეყანაა. არაჩვეულებრივად მიმზიდველი თავისი სპეციფიკურობით, ფერწერული ლანდშაფტებისა და ველური ბუნების მრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით სხვადასხვა და უჩვეულო ხალხებს. აქ ადგილობრივებთან ერთად გვხვდებიან მეტისები, ინგლისელები, ინდოელები, ჩინელები, ემიგრანტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ წარმოშვა კულტურული გზაჯვარედინი, რამაც თავი ბევრ რამეში იჩინა. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დესტინაციაა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფი ტურისტებისათვის.

უკანასკნელ წლებში ტურიზმი ცდილობს დინამიურად განვითარებას, რაც ამ ქვეყნის გახსნილობისა და ახალი მხირდან წარმოჩენის დამსახურებაა. ტურიზმის სახეობებიდან ყველაზე მეტად ვითარდება ეკოლოგიური ტურიზმი. ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების სიმრავლე ველურ ბუნებასთან ახლო კონტაქტის საშუალებას იძლევა. მრავალფეროვნების გამო შეგვიძლია ქვეყნის ტერიტორიის ბუნებრივ სარტყლებად დაყოფა.
სავანის სარტყელი მოიცავს: კრიუგერის სახელობის ეროვნულ პარკს, სადაც ბინადრობს 137 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, როგორებიცაა: კამეჩი, სპილო, ლეოპარდი, ლომი, ჟირაფი, მარტორქა, ჰიპოპოტამი და ა.შ. ბეიზის ანტილოპის ეროვნულ პარკს კალაჰარში, უმფოლოზისა და ხლუხლუვეს ნაკრძალებს.
ნამა-კარუს სარტყელი აერთიანებს ნამიბიურ ნამალენდს და სამხრეთ აფრიკულ კარუს. ეს ნახევრადუდაბნოებია. ძუძუმწოვრებიდან უნდა აღინიშნოს: ყურცქვიტა მელია, შავზურგიანი ტურა, სირაქლემა, ანტილოპა გნუ, ანტილოპა კანო და ა.შ. ამ ადგილებს ზაფხულში თავსხმა და ქუხილი ახასიათებთ, ხოლო ზამთარში ყინვები. ნახევრადუდაბნო შემოდგომით ყვავილებისა და ბალახების ხალიჩას ემსგავსება. დას. კაპლანდში 8, 5 ათ. სახეობის მცენარე გვხვდება.
ტყის სარტყელი მოიცავს აღმ. და დას. კაპლანდების ტყის მასივებს. აქ ხარობს ჯირკვიანი და ყვითელი ხეები. ბინადრობს კაპლანდიური თუთიყუში, მაიმუნები და კაპლანდიური ტახი.
აფრიკის სამხრეთი ნაწილი პოპულარული ადგილია მსხვილ ცხოველებზე ნადირობისთვის. აკრძალულია იშვიათ ცხოველებზე ნადირობა, როგორებიცაა: ქვის ანტილოპა, ჟირაფი და შავი მარტორქა.
აღნიშვნის ღირსია მიწისქვეშა მარშრუტები, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია სპელეოლოგებს შორის. ისინი კანგოს გამოქვაბულებზე გადის, რომელიც მპუმალანგას პროვინციაშია. აქ შემონახულია პირველყოფილი ადამიანის მიერ შესრულებული ნახატები კლდეზე.
ტურისტებისგან დიდ ყურადღებას იქცევს სარ-ის უნიკალური ქალაქები. აღსანიშნავი დესტინაციები და ატრაქციებია აგრეთვე:
პრეტორია – ქვეყნის ადმინისტრაციული დედაქალაქი, ესაა პატარა, კოხტა ქალაქ სადაც ძველი და ახალი საოცრად ერწყმის ერთმანეთს. თანამედროვე შუშის მარავალსართულიან შენობებს შორის გადაჭიმულია მწვანე და მყუდრო სკვერები. ტურისტული მომსახურებისათვის დედაქალაქში მრავლად გვხვდება: სასტუროები, რესტორნები, კაფეები, გასართობი ცენტრები და სხვ.
ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის პირველი პრეზიდენტის პოლ კრიუგერის სახლი, ეკლესიის ცნობილი მოედანი, ოპერის თეატრის შენობა, მყუდრო სამუზეუმო სახლი – მელროუზ ჰაუსი, იუნიონ ბილდინგსის საფეხურიან ტერასებზე გაშენებული ბაღები, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის ლუის ბოტას ძეგლი.
აქვე გვხვდება ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი და მოქმედი შახტა– კალინანი. მუზეუმის დათვალიერებისას ტურისტს საშუალება ეძლევა ნახოს სარ-ში აღმოჩენილი ყველა ცობილი ალმასის ასლი, აგრეთვე გაეცნობა ალმასების მოპოვებისა და დამუშავების სპეციფიკას.
იოჰანესბური – არის რა კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი, წარმოადგენს ქვეყნის საქმიან, ფინანსურ და ინდუსტრიულ ცენტრს. ქალაქის ულამაზეს პანორამას ქმნიან ცათმბრჯენები, რომელთა შორის გამოირჩევა “კარლტონი” – აფრიკის უდიდესი სავაჭრო ცენტრი. ამ შენობის 50-ე სართულიდან ტურისტს თვალწინ ეშლება მთელი ქალაქი და მისი შემოგარენი. აქ აუცილებლად ნახავთ ძველ არისტოკრატულ სახლებს (XX ს), აგრეთვე “ელის პარკის” უზარმაზარი სტადიონი, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო თამაშები იმართება ხოლმე. აქვე უნდა ვახსენოთ მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც სარ-ში ჩატარდა და ქვეყანას უამრავი ტურისტი შესძინა. Mმწვანე პარკებისა და სკვერების 600-ზე მეტი კუძული. ვიწრო ქოხები ქალაქის გარეუბანში, 4 მლნ-მდე მოსახლით. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ევროპული საცხოვრებლები. ეს ყველაფერი ქალაქის ეკუთვნის.
გოლდ რიფ სიტი – ძალიან პოპულარულია ტურისტებში მუზეუმი ღია ცის ქვეშ. აქ აღდგენილია იოჰანესბურგის ოქროს ციებცხელების დროინდელი პერიოდი. აქვე შესაძლებელია NN14 220 მეტრიან შახტაში ჩასვლა, რომელიც 1978 წლამდე მსოფლიოში წამყვან ოქროს მოსაპოვებელ ადგილს წარმოადგენდა.
იოჰანესბურგში არაჩვეულებრივი ტურისტული ინფრასტრუქტურაა, ფეშენებელური სასტუმროებით, განსხვავებული რესტორნებით და ღამის კლუბებით წარმოდგენილი. აქ არის ასევე ტურისტებისათვის მეტად მიმზიდველი ეთნოგრაფიული კომპლექსი – ლესედი, იგი საშუალებას იძლევა, რომ ტურისტებმა ნახონ 4 ძირითადი სამხრეთ აფრიკელი ხალხების ყოფა-ცხოვრება და შეუძლიათ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ღონისძიებებში.
იოჰანესბურგიდან 200 კმ-ში შუაგულ უდაბნოში 150 კმ2 ფართობის ტერიტორიაზე ხელოვნურად შექმნილია ნამდვილი ოაზისი, რომელიც ხელოვნური კლდეებისა, ტროპიკული ტყეების, ტბებისა და ჩანჩქერებისაგან შემდგარი ცნობილი კომპლექსი - სან-სიტი (მზის ქალაქი) და ლოსტ სიტი (დაკარგული ქალაქი). ეს მსოფლიო მნიშვნელობის გასართობი კომპლექსია სხვადასხვა სათამაშო ავტომატებით, მდიდრული კაზინოებით, ხელოვნური 750 მ-იანი ტბით, გოლფის მოედნებით, ბოულინგით. აქ შესაძლებელია ”სიმამაცის ტაძრიდან” დაშვება, “დროის ხიდზე” გასეირნება, რომელიც გალამაზებულია სპილოების ფიგურებით და სადაც ყოველ 1 საათში ხდება მიწისძვრების იმიტაცია.
ტურისტს შეუძლია სასახლის დათვალიერებაც, რომელსაც შეიძლება მსოფლიოს მე-8 საოცრებაც ეწოდოს თავისი არაჩვეულებრივი არქიტექტურისა და მოპირკეთების გამო. სასახლე გარშემორტყმულია ტროპიკული ტყით, სადაც დაახლ. ნახევარი მლნ ეგზოტიკური მცენარეა (მათ შორის გიგანტური ბაობაბები), უამრავი ჩანჩქერი, შადრევნები ულამაზესი სკულპტურებით, აუზები, უძველესი ტაძრების ნანგრევები და ა.შ. ეს ყველაფერი დამთვალიერებელზე წარუშლელ შტაბეჭდილებას ტოვებს.
ქვეყნის ყველაზე ლამაზ ქალაქად ითვლება კეიპტაუნი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ოკეანითა და მთებითაა შემორტყმული. რბილი ხმელთაშუაზღვიური კლიმატი და თავისებური არქიტექტურა, მაღალი კლასის სასტუმროებიდა დახვეწილი სამზარეულო მას ტურისტებისთვის მისაზიდ ადგილად აქცევს. აქ გხვდება ძველი ჰოლანდიური ტიპის სახლები, უამრავი ქანდაკება და მუზეუმები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბოტანიკური ბაღი, მალაიზიური კვარტლის ვიწრო ქუჩები და ა.შ დიდი პოპულარულობით სარგებლობს ყოფილი პორტი, რომელიც გართობის ცენტრადაა გადაკეთებული.
დურბანი – მუსლიმური ქალაქი-კურორტია. განთქმულია თავისი აღმოსავლური ბაზრებით, ინდოეთის ოკეანის საუცხოო სილიანი პლაჟებით, დასვენების, სერფინგისა და წყალქვეშა ნადირობის საუცხოო საშუალებაა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტურისტების მომსახურებისათვის შექმნილია ბევრი საინტერესო საექსკურსიო პროგრამა.
მათ ვისაც აინტერესებთ, თუ როგორ ხდება ცნობილი ალმასების მოპოვება და დამუშავება, სთავაზობენ ექსკურსიას კიმბერლში, სადაც ტურისტები მოინახულებენ დე ბირსის მუზეუმს. მათ აგრეთვე აქ კიმბერლიმდე არსებული პატარა ქალაქის მონახულება შეუძლიათ. გარდა ამისა კიმბერლიში შესაძლებელია ალმასების დამუშავების დეტალური შესწავლა.
ტურისტებს შორის ძალზედ პოპულარულია ღვინის მწარმოებელ რაიონებში ექსკურსიები. აქ 4 000-ზე მეტ ღვინის ფერმას ითვლიან.
სხვა მოთხოვნად ექსკურსიებში შედის:
- ანგლო-ბურების ბრძოლის ადგილების მონახულება.
- ნიანგების, სირაქლემებისა და ხამანწკების ფერმების მონახულება.
- იმ გამოქვაბულების მონახულება, სადაც ძველი ხალხის ნახატებია შემორჩენილი.
- კეთილი იმედის კონცხის მონახულება.
- ქუჩის თეატრალურ და მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობა.
სარ-ში აქტიური დასვენების სახეობები არაა წარმოდგენილი, მხოლოდ წყალქვეშა ყვინთვით, ქარის სერფინგით, იახტინგით თუ გოლფით, არამედ სამთო თხილამურებითაც. ბენ მაკხდის თოვლიანი მთა (აღმ. კაპლანდი) აღჭურვილია ყველა იმ ულტრათანამედოვე ტექსიკით, რაც კი საჭიროა სამთო-სათხილამურო სპორტისათვის.
არ უნდა გამოგვრჩეს ნადირობა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში დასაშვებია მთელი წლის განმავლობაში გარკვეულ ცხოველებზე. მსხვერპლი შესაძლოა გახდეს: 26 სახეობის ანტილოპა, სპილო, ლომი, ზებრა, მარტორქა, კამეჩი, აფთარი, ბაბუინი, ტახი, ლეოპარდი და სხვადასხვა ფრინველები.
მონადირეთა განთავსება ხდება სპეციალურ 1600-დან 62000 ჰა-მდე მონაკვეთებზე. ნადირობა პროფესიონალების თანდასწრებით მიმდინარეობს, რომლებიც უძღვებიან ამ პროცესს. [1]

როგორც ვხედვთ სამხრეთ აფრიკის რესურსები ამოუწურავია ტურიზმის გავნითარების ხელშეწყობისათვის. ტურიზმის თითქმის ყველა სახეობის განვითარებაა შესაძლებელი. ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია 80-იან წლებში შეიქმნა. როგორც ზემოთ ავღნიშნე იგი დღემდე ვითარდება და ამისთვის ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა, ამიტომაა იგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მზარდი დესტინაცია. ქვეყნის უზარმაზარი და მდიდარი ბუნების მქონე ტერიტორია მრავალ პერსპექტივებს უჩენს დემოკრატიის გზაზე მდგარ სარ-ს.


სტატიის ავტორი:
დავით სიდამონიძე



გამოყენებული ლიტერატურა:

1)Романов А.А., Саакянц Р.Г. “ География Туризма”. (2003 г) глава 12. Международный туризм в странах Африки, Южно-Африканская Республика (ЮАР), стр. 436-443.

2) http://ka.wikipedia.org/wiki/სამხრეთ_აფრიკის_რესპუბლიკა

3)http://en.wikipedia.org/wiki/South_Africa#Government_and_politics

4)https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/sf.html

5)http://hdrstats.undp.org/en/countries/profiles/ZAF.html


6)
http://en.wikipedia.org/wiki/Limpopo_River#Resources
7)
http://en.wikipedia.org/wiki/Orange_River#Name_of_the_river

8)
http://en.wikipedia.org/wiki/Megadiverse_countries

9)http://ru.wikipedia.org/wiki/Южно-Африканская_Республика#.D0.98.D1.81.D1.82.D0.BE.D1.80.D0.B8.D1.8F

10)UNWTO Tourism highlights- 2011






























































0
907
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით-ს
დავით-ს
907
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0