x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტიგმა და სოციალური იდენტობა

imageძველ საბერძნეთში სტიგმა აღნიშნავდა ნიშანს, რომელიც ადამიანს კანზე ქონდა ამოჭრილი, ან ამომწვარი და მიანიშნებდა პიროვნების დაბალ მორალურ სტატუსზე. ჩვეულებრივ, მსგავსი ნიშნით მონას, მოღალატეს ან კრიმინალს გამოარჩევდნენ, რათა მისთვის თავი აერიდებინათ.
მე-20 საუკუნიდან ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება, თუმცა ყურადღების გამახვილება ხდება არა სტიგმის ფიზიკურ
გამოხატულებაზე, არამედ პიროვნების დისკრედიტიზაციაზე.
საზოგადოება ქმნის კატეგორიებს პიროვნებებისთვის და ასევე იმ ატრიბუტთა ნაკრებს, რომლებსაც კონკრეტულ კატეგორიაში მოხვედრილი პიროვნება უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, სოციალური ურთიერთობისას ჩვენ ავტომატურად ვახდენთ პიროვნების რომელიმე კატეგორიისთვის მიკუთვნებას
და მისი შესაფერისი ატრიბუტების განსაზღვრას. პირველივე შთაბეჭდილებით ჩვენ ვსაზღვრავთ მის „სოციალურ იდენტობას“. რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ისეთ ატრიბუტს როგორიცაა „კარიერა“, არამედ ისეთ პიროვნულ თვისებებსაც
როგორიცაა „გულწრფელობა“.
გაუცნობიერებლად, ჩვენ მოველით ამ პიროვნებისგან მისთვის მიკუთვნებული კატეგორიის შესაბამის ქცევას.
ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც „ვირტუალური სოციალური იდენტობა“, ხოლო ის კატეგორია რომელსაც პიროვნება რეალურად მიეკუთვნება და ის თვისებები რომელსაც იგი ფლობს შეიძლება
მივიჩნიოთ პიროვნების რეალურ სოციალურ იდენტობად.
იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების ვირტუალურ და რეალურ სოციალურ იდენტობებს შორის შესამჩნევი განსხვავებაა, ჩვენს თვალში პიროვნება გარკვეულწილად კნინდება. სწორედ მისი ეს დაკნინება ხდება მისთვის იარლიყის მიწებების ანუ სტიგმატიზაციის მიზეზი. სტიგმა პიროვნების იდენტობის დამაკნინებელი ატრიბუტია, თუმცა, მთავარია ურთიერთობის ენა და არა თვითონ ატრიბუტი, რადგან ატრიბუტი რომელმაც შეიძლება ერთი პიროვნების სტიგმატიზაცია მოახდინოს, სავსებით ჩვეულებრივი იყოს მეორესთვის.
სოციოლოგი ირვინგ გოფმანი განასხვავებს სტიგმის სამ ტიპს, რომელთაგანაც პირველი „სხეულის ზიზღი“ აერთიანებს ინდივიდებს, რომლებსაც აშკარად გამოხატული ფიზიკური ნაკლი გააჩნიათ, მეორე კატეგორიაში „ხასიათის ინდივიდუალური ელემენტები“, ერთიანდება თვისებები რომლებიც პიროვნების დაკნინებას იწვევენ, მაგალითად ალკოჰოლიზმი, უმუშევრობა, ფსიქიკური დარღვევები და სხვა.
მესამე კატეგორია „გვაროვნულ სტიგმა“- შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს და გულისხმობს საზოგადოებისთვის გაუფასურებული რასის, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის წევრობას.
გოფმანისგან განსხვავებით გერჰარდ ფოლკი ორი ტიპის სტიგმაზე საუბრობს, რომელთაგანაც ერთი თანდაყოლილია და მოიცავს
ისეთი სახის ნიშნებს როგორიცაა მენტალური დაავადებები, ეთნიკური და რასობრივი კუთვნილება და სხვა. მეორე კი მიღწეული სტიგმაა, რომელიც ადამიანმა თავისი ქცევიდან გამომდინარე
შეიძინა, მაგ. პროსტიტუცია, ალკოჰოლიზმი და სხვა.
იმისათვის, რომ თვალსაჩინო გახადოს განსხვავება სტიგმატიზირებულ პიროვნებასა და მათ შორის, რომლებიც
არ არიან არასასურველი ატრიბუტების მატარებელნი, გოფმანი იყენებს ტერმინებს „ნორმალურები“ და სტიგმის მატარებლები. საგულისხმოა ისიც, რომ გოფმანის აზრით ჩვენ, ნორმალურები ვქმნით თეორიებს და იდეოლოგიას რათა ავხსნათ სტიგმატიზირებულთა არასრულფასოვნება, რადგან რაღაცნაირად
გვჯერა რომ ისინი მთლად ადამიანურები არ არიან. ხშირად ამ თეორიებს სოციალური კლასების განსხვავებითაც კი ვხსნით.
ზოგიერთისთვის შეიძლება ბრმა ადამიანთან შეხება შემაძრწუნებელი იყოს, სხვები კი მას ისე ექცეოდნენ თითქოს თავისი
სიბრმავის წყალობით ინფორმაციას რაღაც ჩვენთვის ამოუცნობი წყაროდან იღებდეს.
შესაძლებელია ისიც, რომ გარკვეული სტიგმის მატარებელი ინდივიდი არ გრძნობდეს თავს დაკნინებულად და შეურაცხყოფილად
და საკუთარი რწმენათა სისტემის წყალობით მიაჩნდეს, რომ ის არის ნორმალური და ჩვენ რაღაც არაადამიანური გაგვაჩნია.
ზოგიერთი სტიგმატიზირებული ადამიანი ცდილობს პირდაპირი გზებით გამოასწოროს თავისი ნაკლი, მაგალითად პლასტიკური
ჩარევით, ფსიქოთერაპიით და ა.შ. თუმცა მსგავსი ჩარევები არ უზრუნველყოფს მათი სტატუსის სრულ აღდგენას. ისინი ტრანსფორმირდებიან ნაკლის მქონედან, გამოსწორებული ნაკლის მქონემდე. მაგ. ალკოჰოლიკი რომელმაც დაძლია თავისი ჩვევა იქცევა ყოფილ ალკოჰოლიკად და არა ნორმალურ პიროვნებად. საზოგადოება მაინც ახდენს მის გამიჯვნას. ხშირად სტიგმატიზირებული ინდივიდები ცდილობენ დაეუფლონ ისეთ სპეციალობებს, რომლებიც თითქოს დეფექტის მქონეთათვის მიუწვდომელია. მაგალითად, როცა უსინათლო ადამიანი მოთხილამურე ან მთამსვლელი ხდება.
ამ სტრატეგიის საწინააღმდეგოდ კი შეიძლება სტიგმატიზირებულმა ინდივიდმა სხვადასხვა სახის წარუმატებლობები ან საზოგადოებრივი
აქტივობებისგან ჩამოშორება თავის მდგომარეობას დააბრალოს.
გოფმანს მიაჩნია, რომ თუ ინდივიდი თავის დეფექტს თუნდაც ქირურგიული ჩარევის წყალობით მოიშორებს, შემდგომში
აღმოაჩენს რომ ე.წ ნორმალური ადამიანებისთვისაც მრავალ სიტუაციაში არსებობს დაბრკოლებები. „ჯანმრთელი გონება და ჯანმრთელი სხეულიც კი შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყოს“.
გოფმანი საუბრობს ასევე იმ ფაქტზე, რომ თუ რომელიმე სტიგმატიზირებულმა პიროვნებამ შეძლო და მიიღო რაიმე
ჯილდო, გახდა პროფესიონალი, დაარღვია კანონი და ა.შ. ის და მისი მსგავსი სტიგმის მქონე პირები ავტომატურად მისაწვდომი ხდებიან ნორმალურებისთვის და ხდება მათი პოპულარიზაცია. ისინი მაშინვე იმკვიდრებენ გმირის ან დამნაშავის სახელს საზოგადოების თვალში.
გოფმანისთვის უმთავრესი განხილვის საგანია უპირველეს ყოვლისა ის სოციალური სიტუაციები, როცა სტიგმის მატარებლი და ე.წ ნორმალური, საუბრობენ ან ფიზიკურად აღმოჩნდებიან ერთად. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მსგავს სიტუაციებს ორივე მხარე შეძლებისდაგვარად გაურბის. სტიგმატიზირებულმა ინდივიდმა
არ იცის თუ როგორი რეაქცია ექნებათ გარშემომყოფებს, მან შეიძლება მიიჩნიოს, რომ მის მიმართ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, თავაზიანად ესაუბრებიან თუმცა გულის სიღრმეში კრიმინალად
ან გონებაშეზღუდულად მიიჩნევენ. ასევე შესაძლებელია მისი ჩვეულებრივი, სრულიად უბრალო მიღწევები გაზვიადებულად აღიქვან. მაგ.თუ ბრმა ადამიანი სიგარას მოუკიდებს ან ქუჩაში
სწორად გაივლის, ეს ისეთივე გასაოცარია საზოგადოებისთვის როგორც ილუზიონისტის ფოკუსები.
ხდება პირიქითაც, როცა სტიგმატიზირებულის სრულიად ჩვეულებრივი მოქმედებები ავტომატურად მათ ნაკლს მიეწერება. მაგ. ყოფილი ფსიქიკური დარღვევების მქონე ინდივიდთა მცირეოდენი
გაცხარება მათ ფსიქიკურ აშლილობას მიეწერება. გოფმანი აანალიზებს შემთხვევებსაც, როცა სტიგმატიზირებული ადამიანის პირადი სივრცე უხეშად ირღვევა. ხშირად, სრულიად უცნობი ადამიანები თავს მოვალედ თვლიან გამოელაპარაკონ და აგრძნობინონ სიმპატია ფიზიკური ნაკლის მქონე პირებს, როცა მათ ეს რეალურად არ სჭირდებათ. ამასთან სტიგმატიზირებული პიროვნების თავდაცვითი რეაქცია შეიძლება მისი ნაკლის პირდაპირ გამოვლინებად მივიღოთ, მაშინ როცა იგივე საქციელი ნორმალურის მიერ ჩადენილი მსგავს წარმოდგენებს არ შეგვიქმნიდა.
გოფმანი მიიჩნევს, რომ შერეული კონტაქტების დროს სტიგმატიზირებული და ე.წ ნორმალური ინდივიდები ცდილობენ
მოჩვენებითი ჰარმონიის მიღწევას და სტიგმატიზირებულ პიროვნებას ვექცევით როგორც ჩვენზე უპირატესს ან უარესს, ხოლო თუ ამ ორი გზიდან არც ერთი არ არის შესაძლებელი მაშინ საერთოდ
უგულვებელვყოფთ მის არსებობას. სტიგმატიზირებული პიროვნებაც ეგუება ამ სტრატეგიებს გარეგნულად მაინც. ორივე მხარე გრძნობს გარკვეულ უხერხულობას ურთიერთობისას, თუმცა
სტიგმატიზირებული პიროვნება უკეთ ახერხებს სიტუაციაზე მორგებას, რადგან მას მსგავსი პრობლემები უფრო ხშირად ექმნება.
ხშირად ერთნაირი სტიგმის მქონე ადამიანები ქმნიან კლუბებს და საზოგადოებებს, რაც მსგავსია კატეგორიზაციის რომელსაც ე.წ ნორმალურები ახდენენ. მსგავსი გაერთიანებების მიზანი ხშირად საზოგადოებაში დამკვიდრებული ტერმინოლოგიის შეცვლაა. მაგ. ინვალიდის ნაცვლად შეზღუდული შესაძლებლობების მქონის გამოყენება და ა.შ.
გოფმანის გარდა კიდევ ბევრი სოციოლოგი მუშაობდა სტიგმაზე და ზოგადად იარლიყების მიკერების თეორიაზე. ამ მხრივ საინტერესოა, ბეკერის ნაშრომი „აუტსაიდერები“, სადაც ის ძირითადად ყურადღებას ამახვილებს დევიანტური ჯგუფებისადმი თავს მოხვეულ სტიგმაზე. იგი წერდა, რომ „სოციალური ჯგუფები ქმნიან დევიაციას, რამდენადაც ისინი იცავენ წესებს, რომელთა დარღვევაც დევიაციად
ითვლება. გარდა ამისა ისინი წესებს თავს ახვევენ ადამიანებს, რომელთაც აუტსაიდერთა იარლიყებს აკერებნ“. მისი აზრით გავლენიანი ჯგუფები თავს ახვევენ სხვებს ქცევის გარკვეულ
სტანდარტებს, რომელთა დარღვევაც ჯგუფის მხრიდან მათ გარიყვას და სტიგმატიზაციას იწვევს.


0
720
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო გიგლემიანი
ნინო გიგლემიანი
720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0