x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ღეროვანი უჯრედები - მედიცინის მომავალი?

imageალბათ არც ერთ სამედიცინო მიმართულებას არ გამოუწვევია ისეთი აჟიოტაჟი ბოლო პერიოდში, როგორც ღეროვანი უჯრედების კვლევას. ერთის მხრივ, ღეროვანი უჯრედები განიხილება პოტენციურ რევოლუციად მედიცინაში, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაზიანებული ან დაავადებული ორგანოების აღდგენა და მთლიანად ორგანიზმის გაახალგაზრდავებაც კი. მეორეს მხრივ, არსებობს სერიოზული ეთიკური პრობლემები, დაკავშირებული ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედების გამოყენებასთან.

ვფიქრობთ კარგი იქნება, თუ ქართველი მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, ასე რომ - დავიწყოთ:

რას წარმოადგენს ღეროვანი უჯრედები?

ღეროვანი უჯრედი არის არასპეციალიზებული უჯრედი, რომელსაც ახასიათებს ორი ბაზისური უნარი: დიფერენცირება სხვა უჯრედად და თვით-რეგენერაცია.

დიფერენცირების უნარი ნიშნავს ღეროვანი უჯრედის შესაძლებლობას გარდაიქმნას სხვა ტიპის (სპეციალიზებულ) უჯრედად და შეასრულოს სპეციფიური ფუნქცია ორგანიზმში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი - ზიგოტა წარმოადგენს სუპერ ღეროვან უჯრედს, საიდანაც საბოლოო ჯამში წარმოიშობა ორგანიზმის ყველა უჯრედი.

თვით-რეგენერაცია არის ღეროვანი უჯრედის უნარი დაყოფის გზით წარმოქნას სხვა უჯრედები. სპეციალიზებულ უჯრედებს ასეთი უნარი არ გააჩნიათ

რა მნიშვნელობა აქვთ ღეროვან უჯრედებს ორგანიზმისათვის?

ღეროვანი უჯრედები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში:

ორგანიზმის განვითარება - ერთი უჯრედიდან წარმოქმნილი ორგანიზმის განვითარების ყველა სტადიაზე ახალი ფუნქციონალური უჯრედების, შესაბამისი ქსოვილების და ორგანოების წარმოშობა შეუძლებელი იქნებოდა ღეროვანი უჯრედების გარეშე.

ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებისას მუდმივად ხდება ქსოვილების შემადგენელი უჯრედების კვდომა და ახლის წარმოქმნა. მაგრამ ჩვეულებრივ, მაგალითად კუნთოვანი ქსოვილის შემადგენელ უჯრედს არ აქვს თვით-რეგენერაციის უნარი. რომ არ არსებობდეს ღეროვანი უჯრედები, ვერ მოხდებოდა ქსოვილების რეგენერაცია და მკვდარი უჯრედების ჩანაცვლება ახლით, რაც საბოლოოდ ორგანიზმის სიკვდილს გამოიწვევდა.

სამწუხაროდ, ღეროვან უჯრედებს უარყოფითი როლიც აკისრიათ - სიმსივნის განვითარება, რაც არსებითად ნიშნავს გადაგვარებული უჯრედების არაკონტროლირებად გამრავლებას ორგანიზმში, მათი მონაწილეობით ხდება. თუმცა ეს დამატებითი შესაძლებლობაცაა ამ დაავადების მკურნალობის გზების მოსაძიებლად.

გამოყენება

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები სხვადასხვა ავადმყოფობის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიღებულია შედეგები ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებები.

ნათელი მომავალი

შორეულ (იმედია არც ისე შორეულ!) მომავალში ღეროვანი უჯრედების თერაპია შეიძლება გახდეს წამყვანი მეთოდი ყველა სახის დეგენერაციული დაავადების და ტრავმების მკურნალობაში. დიდი პერსპექტივა აქვს მეთოდის გამოყენებას კოსმეტიკური და პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებითაც. მანამდე კი ყველას ვთხოვთ გაითვალისწინონ:

ამ დროისათვის არ არსებობს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის აპრობირებული და დახვეწილი მეთოდიკა არც ერთი დაავადებისათვის. ასეთი მკურნალობის შემოთავაზების შემთხვევაში მოითხოვეთ მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები.

0
733
9-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0