x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რას შეეწირა გიორგი ფოჩხუა?

image

22 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ცობეხიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შეგახსენებთ, შემზარავი დანაშაული მიმდინარე წლის ზაფხულში ანაკლიაში მოხდა. გიორგი ფოჩხუას ცხედარი ზღვაში იპოვეს. თავდაპირველი ვერსიით, იგი ზღვაში დაიხრჩო, მაგრამ მალე გაირკვა, რომ გიორგი მოკლული იყო. მეორე დღესვე სამართალდამცავებთან ძალოვანი - ნიკოლოზ ბაძაღუა გამოცხადდა. მან აღიარა, რომ დამნაშავე, გალის საზღვართან, თავისი მანქანით მიიყვანა. ის გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. მკვლელის ვინაობაც დაასახელა, ისიც თქვა, რომ ცობეხიამ უამბო, როგორ მოკლა გიორგი, ბოლოს როგორ მიაბა ფეხზე ჯაჭვით ქვები და ზღვას გააყოლა.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა - აღიძრა და ცობეხიას ძებნა გამოცხადდა, თუმცა მალე ეჭვმიტანილი საკუთარმა დედამ პოლიციას ჩააბარა. საქმის ძიების დროს დანაშაულის კვალიფიკაცია არ შეცვლილა და სასამართლო განხილვა სწორედ ამ მუხლით გაგრძელდა. სრულიად მოულოდნელად, ბოლო სასამართლო სხდომაზე, სანამ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდოდა, პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი შეუმსუბუქა და საქმე 108-ე მუხლით დააკვალიფიცირა. ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს მოკლულის და, მომღერალი ელენე ფოჩხუა. მან უკვე შეიტანა პროკურატურაში საჩივარი, ასევე გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.


ელენე ფოჩხუა:
- იმ საბედისწერო დღეს გიორგი ანაკლიაში მეგობრებთან ერთად წავიდა. ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა: თავისი პროფესიის პარალელურად, ზუგდიდის ტელევიზიაში გადაცემა
მიჰყავდა, "ფერმერის დღიური", და სოფლებში ხშირად უწევდა სიარული. იმ დღესაც, გადაღებიდან დაბრუნებულს, მეგობრებისთვის უთქვამს, ანაკლიაში წავიდეთ, ცოტათი გავგრილდეთო. ზუგდიდიდან იქამდე 15 წუთის გზა არის და თითქმის ყოველდღე დადიოდნენ. ზღვა ჭუჭყიანი ყოფილა, ამიტომ "აკვა პარკში" უბანავიათ. ამის შემდეგ მეგობრები ბულვარში დამსხდარან, ფოტოები გადაუღიათ და თურმე ერთობოდნენ. 12 საათი ხდებოდა, როცა სახლში წამოსვლა დააპირეს. ამ დროს გიორგისთან ბექა ცობეხია მისულა და მისალმებია - ფოჩხუა, როგორ ხარო? გიორგის ვერ უცნია. ჩემს ძმას ორჯერ, რესტორან "როიალ პალასში" კონცერტი მიჰყავდა, ცობეხია თურმე რესტორნის დაცვაში მუშაობდა და იქიდან იცნობდა. მას თავი შეუხსენებია და საუბარი გაუბამს. გიორგის მეგობრებს გზა გაუგრძელებიათ; ამბობენ, მათ შორის რაიმე უთანხმობა არ შეგვინიშნავსო. ეგონათ, გიორგი დაეწეოდა, მაგრამ ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა... მეორე დღეს გავიგეთ, რომ ცოცხალი აღარ იყო. 4 დღეში კიევში უნდა წასულიყო. სარეჟისორო ფაკულტეტზე, მაგისტრატურაში უნდა გაეგრძელებინა სწავლა... თავიდან გვითხრეს, წყალში დაიხრჩოო, მაგრამ მისი საშინლად დასახიჩრებული ცხედარი რომ მოასვენეს სახლში, ყველაფერი ცხადი გახდა. ექსპერტიზა მაშინვე ჩაუტარდა, გიორგი საკუთარ თავს არ ჰგავდა. სახის არც ერთი ნაწილი არ ჰქონდა მთელი; ყური, ტუჩი მოგლეჯილი ჰქონდა, არც ერთი კბილი არ შერჩენოდა. მთელ სხეულზე სილურჯეები აღენიშნებოდა. ექსპერტიზით ისიც გაირკვა, რომ დარტყმის შედეგად თირკმელიც დაუზიანდა. ყელზეც ნაჭდევები ეტყობოდა. თავიდან ექსპერტმა თქვა, გიორგი ჯერ მოკლეს და შემდეგ ჩააგდეს წყალშიო: საერთოდ არ ჰქონდა წყალი ნაყლაპი. ექსპერტმა გარკვევით მითხრა, ყელზე მოჭერით შესაძლოა ტვინის შეშუპება განუვითარდა და აშკარაა, ზედმეტი ცემის შედეგად შემოაკვდათო. ჩვენთვის საშინელი მოსასმენი იყო ბაძაღუას მონათხრობი. ცობეხიამ მას უამბო, როგორ მოაბა ფეხზე ქვები, რომ გვამი ადვილად ჩაძირულიყო წყალში. ასე სისასტიკით მომიკლეს ძმა და დღემდე არ ვიცი, ასე რატომ გაიმეტეს.


- რა გაირკვა სასამართლოზე? რა იყო თქვენი ძმის მკვლელობის მიზეზი?
- ეს ძალიან მაინტერესებს და ვერ მოვისვენებ, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ. 109-ე მუხლით მიდიოდა საქმის გამოძიება, აბსოლუტურად სამართლიანად ჰქონდა წარდგენილი ბრალი. ისიც ცნობილია, რომ მკვლელობის შემდეგ ცხედარიც გაიძარცვა. მოულოდნელად, ბოლო სასამართლო პროცესზე, ისე, რომ არაფერი ვიცოდით, საათნახევრიანი შესვენება გამოცხადდა და ბრალდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა. საბოლოოდ, 13 წელი მიუსაჯეს. ამ უსამართლო გადაწყვეტილებას ვაპროტესტებ, არაკანონიერია და რაც მთავარია, მკვლელი არ ამბობს სიმართლეს. აშკარაა, მას ვიღაც მფარველობს. გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება, პარლამენტშიც გავგზავნი და ვითხოვ, გიორგის მკვლელობის საქმე თავიდან იქნას გამოძიებული. ძალიან ზერელედ მოხდა ამ ამბის გამოძიება. პროკურორი და გამომძიებელი არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქმე საფუძვლიანად შეესწავლათ და გარკვეულიყო მიზეზი - კონკრეტულად, რატომ მომიკლეს ძმა.

- რას ამბობს თავად ბრალდებული ცობეხია?
- თურმე მკვლელს აქვს დუმილის უფლება. სამწუხაროდ, დაზარალებულს არანაირი უფლებები არ აქვს. რა სამართალია ეს? დამნაშავის 4 ახლობელი დაიკითხა პროცესზე, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ იმ დღეს და ელოდებოდნენ, განმუხურში როდის დაბრუნდებოდა ცობეხია. ძალიან ბევრი საეჭვო ფაქტია. არ მჯერა, რომ ყველაფერი მან მარტომ გააკეთა. ცობეხია ამბობს, რომ მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა, თითქოს გიორგიმ დედა შეაგინა. ეს იმდენად დიდი სისულელეა, რომ ამ ვერსიის არავის სჯერა. ახლა ამბობს, ვითომ დათრგუნვილია და ძალიან განიცდის. პროცესზე მსახიობობდა, აღიარა დანაშაული და ისიც კი თქვა, 13 წლის მერე რომ გამოვალ ციხიდან, არც ერთი წუთით თავს არ ვიცოცხლებო. ვის სჯერა მისი ტყუილების? თქვას სიმართლე, რატომ მოკლა ჩემი ძმა.

- თქვენ თუ გაქვთ მკვლელობის რაიმე სხვა ვერსია?
- ყველა მეუბნებოდა, - ელენე, გამოფხიზლდი, როგორ მოკლეს, იმას მიაქციე ყურადღება. ვიღაცას ალბათ გიორგის მოშორება უნდოდა. ამაზე კონკრეტული ვერსია ოჯახს არ გვაქვს, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ჩემი ძმა ფოტოაპარატს შეეწირა. გიორგის ძალიან უყვარდა გადაღება. იმ დღესაც ფოტოაპარატით იყო და ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო. როგორც ამბობენ, იმ დღეს ანაკლიაში ჩასული ყოფილა სამთავრობო ესკორტი, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. ამბობენ, თითქოს გიორგიმ მათი პიკანტური ფოტოები გადაიღო. უფრო სწორად, მათ ასე ეგონათ, მაგრამ როცა გიორგის სიკვდილის შემდეგ მათ ხელში აღმოჩნდა ეს აპარატი, ნახეს, რომ არ გადაუღია. ეს მკვლელობა მოხდა შეცდომით - არის ასეთი ვერსია. გიორგის ფოტოაპარატი რომ დაგვიბრუნეს, იქ ყველა ფოტო წაშლილი და აპარატი ცარიელი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ცობეხია შემსრულებელი იყო და მან უნდა თქვას სიმართლე. თავს არ დავზოგავ, ყველა უწყებაში მივალ და მოვითხოვ, გამოიძიონ ჩემი ძმის მკვლელობის საქმე. ელემენტარულად, ოჯახმა ხომ უნდა ვიცოდეთ, რისთვის მოგვიკლეს გიორგი. მეტი არაფერი გვაინტერესებს. მჯერა, დრო ყველაფერს გამოაჩენს და სიმართლე გაირკვევა.

- თუ ასეა, მაშინ რატომ მოხდა საქმის კვალიფიკაციის შემსუბუქება?
- იმ ხალხმა, სანამ დაემშვიდობებიან სამსახურებს, თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს - საქმე ისე გააფუჭეს და მტკიცებულებებიც ისე გააქრეს, რომ ამის დამტკიცება ადვილი არ იქნება. პროკურატურა ამბობს, კვალიფიკაცია იმიტომ შეიცვალა, რომ არასაკმარისი იყო მტკიცებულებებიო. მაშინ ამიხსნან, რატომ წაუყენეს 109-ე მუხლით ბრალი? ან თუკი კანონიერად წაუყენეს, რატომ შეუცვალეს? სიმართლე უნდა გაირკვეს, საქმე საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ. სასამართლო პროცესზე ექსპერტი ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნით დაიკითხა. ის კაცი იმეორებდა, წყალში დაიხრჩოო. თუ ერთი გრამი წყალი არ ჰქონდა ნაყლაპი და ამას ამბობდა სხვა ექსპერტი, მერე საიდან აღმოჩნდა წყლით დამხრჩვალი?.. დასკვნაში, რომელიც ხელთ მაქვს, წერია, რომ ფილტვებში წყალი არ ჰქონია. კიდევ ერთი საეჭვო გარემოებაა: გიორგის მკვლელობის ღამეს, პირველი საათი ხდებოდა, როცა სახლის ნომერზე დაირეკა. ყურმილი მამიდამ აიღო, მაგრამ მას ხმა არავინ გასცა. მამიდამ მიუკაკუნა ოთახში გიორგის მეუღლეს და ჰკითხა, გიორგი მოვიდაო? რძალმა უპასუხა, ჯერ არ მოსულაო. ამ დროს ჩემი ძმა უკვე მოკლული იყო. ბუნებრივია, იმ მძიმე წუთებში ისეთ დღეში ვიყავით, ამ დეტალებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. მერე ყველა წვრილმანს ვიხსენებდით და ეს ზარიც გაიხსენა მამიდამ. ამის შემდეგ სასწრაფოდ ფოსტაში წავედი და ამონაწერი გავაკეთე: საოცარი ის არის, რომ იმ დღეს განხორციელებული ყველა ზარი დაფიქსირებულია და ის ბოლო ზარი და ნომერი საერთოდ გამქრალია. ბუნებრივია, ესეც ეჭვს ბადებს. ვფიქრობ, ვიღაცას აინტერესებდა, ბექამ შეუსრულა თუ არა დავალება, რა ხდებოდა ჩვენს სახლში, და დარეკა. როგორ გაქრა ნომერი? ვიღაცამ ან დიდი ფული გადაიხადა, ნომერი რომ გაექროთ ამონაწერიდან, ან ისეთი ძალაუფლების მქონე პირი იყო გარეული, რომ ნომერი ამოეგდოთ. ამ საკითხზეც მივმართე პროკურორს, მაგრამ არავინ დაინტერესებულა ამ დეტალის გამოძიებით. ძალიან ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი და ესეც ბევრ ეჭვს ბადებს.

- ცობეხია ბრალდებულმა ბაძაღუამ სასამართლო პროცესზეც ამხილა თუ შეცვალა ჩვენება?
- ბაძაღუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. სწორედ მან ჩაისვა ამ მკვლელობის შემდეგ მანქანაში ცობეხია და მიიყვანა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრამდე, თუმცა მეორე დილით თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში.


1
271
8-ს მოსწონს
ავტორი:შაკსონ
შაკსონ
271
  
2012, 17 დეკემბერი, 7:58
საწყალი ახალგაზრდა ბიჭი, პატარა შვილი ჰყავდა და ცოლი და არაფრის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს. უმკაცრესი სასჯელი ეკუთვნის !
0 1 1