x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
და არ იყო ერთსულოვნება!
აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ ბოლო წლებში ქართული ძიუდოს თავზე შავი ღრუბელი ტრიალებს. ყველაფერი კი ცამოწმენდილზე, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყო, როდესაც საათივით აწყობილი, მთელი ქვეყნის საამაყო ძიუდოისტთა ნაკრები ორ მტრულ ბანაკად გაიყო.

ხაბარელი VS ხაბულიანი

პეკინის ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პირველი სერიოზული ნიშანი გაჩნდა ქართულ ძიუდოში არსებული განხეთქილების შესახებ. ეროვნული ნაკრების თავკაცმა შოთა ხაბარელმა პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი დიდი ხანია, რაც ემტერება და ყველაფერს აკეთებს ხაბარელის თავიდან მოსაშორებლად

(შეგახსენებთ, რომ ხაბარელი 1997-2009 წლებში იყო ნაკრების თავკაცი და ოთხჯერ ევროპის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ამას გარდა, ხაბარელის შეგირდებმა - ნესტორ ხერგიანმა და ზურაბ ზვიადაურმა მოუპოვეს დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ოლიმპიური ვერცხლი და ბრინჯაო).


თავის მხრივ, ხაბულიანის მხარემ ნაკრების თავკაცს პრემიებისათვის გამოყოფილი თანხების მითვისება დასწამა, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცა. სამაგიეროდ, ამუშავდა "გეგმა ბ". კონკრეტულად, ხაბარელს თავისივე შეგირდების ნაწილი აუმხედრეს და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ნაკრების წევრებს შორის რამდენჯერმე მოხდა ხელჩართული ჩხუბი და საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ თავმოყვარეობაშელახულმა შოთა ხაბარელმა ნაკრები დატოვა.

ზაიზენბახერი VS საქართველო

სამწუხაროდ, ხაბარელის წასვლამ ნაკრებსა და ზოგადად, ქართულ ძიუდოში არსებული დაძაბული სიტუაცია ვერ გამოასწორა. კონფლიქტი კონფლიქტს მოსდევდა და საქმეს ვერც ქართული სპორტის მაღალჩინოსნების ჩარევამ უშველა. ხაბარელის წასვლის შემდეგ, როდესაც ყველა დარწმუნდა, რომ ქართველი მწვრთნელი ნაკრებში სიტუაციას ვერ ალაგებდა, უცხოელის ჩამოყვანა გადაწყდა. საბოლოოდ, კანდიდატურა ავსტრიელ სპეციალისტ პეტერ ზაიზენბახერზე შეჩერდა, რომელიც სხვათა შორის, თავდაპირველად ძიუდოის ფედერაციის კონსულტანტად ჰყავდათ შეგულებული.

თუმცა, მერე სიტუაცია სხვაგვარად შეტრიალდა. როგორც მოგვიანებით ითქვა, ზაიზენბახერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის პროტექციით დაუნიშნავთ საქართველოს ნაკრების თავკაცად. ამით ქართულმა მხარემ ორი კურდღლის დაჭერა მოინდომა - ვიზერის გულის მოგება და ზაიზენბახერის კავშირების წყალობით საერთაშორისო არენაზე გარკვეული პრივილეგიების მოპოვება (მაგალითად, მსაჯებისგან არდაჩაგვრა). რაც შეეხება წმინდა სპორტულ მხარეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, რომ ზაიზენბახერი ქართულ ძიუდოს დიდ წარმატებებს მოუტანდა.

სამწუხაროდ, დოღრიალა ავსტრიელის კარიერის ქართული ფურცელი გვარიანად უსახური აღმოჩნდა. ზაიზენბახერმა ზედმეტი სიმკაცრე გამოავლინა თავის ქართველ შეგირდებთან, ბევრ ძიუდოისტთან გაუფუჭდა ურთიერთობა და რაც ყველაზე მთავარია, მის მიერ მომზადებული გუნდის ჭიდაობის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. იყო არაადამიანური დატვირთვები, ფორმის პიკში შესვლა მეორეხარისხოვანი ტურნირებისთვის და გამოფიტული გუნდი დიდი შეჯიბრებებისთვის; იყო უამრავი არაფრისმომცემი, ძვირად ღირებული საერთაშორისო ტურნირი თუ შეკრება; იყო ბევრი პესიმიზმი, ცოტა ოპტიმიზმი და ყველაფრის ”გვირგვინი” წლევანდელი ოლიმპიადა აღმოჩნდა, რომელიც ლაშა შავდათუაშვილის გარდა, მთელმა გუნდმა აშკარად ჩააგდო. საინტერესოა, რომ შავდათუაშვილი ახალგაზრდებიდან ეროვნულ ნაკრებში ახალი გადასული იყო და ზაიზენბახერის ”ხელი” ჯერ არ ეტყობოდა. სხვათა შორის, ორიოდე წლის წინაც, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე უკეთ ირაკლი ცირეკიძე გამოვიდა, რომელიც შეჯიბრებისათვის ზაიზენბახერის კი არა, პირადი პროგრამით ვარჯიშობდა!

კიდევ ერთი სერიოზული მინუსი, რაც ზაიზენბახერს ახასიათებდა, იყო მთელი რიგი ქართული ჭიდაობის ილეთების აკრძალვა. არადა, ჩვენი ძიუდოისტების კოზირი საერთაშორისო არენაზე სწორედ ეს ფანდებია. ამის ნათელი მაგალითია ერთ დროს ქართული ძიუდოს იმედად შერაცხული ავთანდილ ჭრიკიშვილი. ზაიზენბახერმა იმდენი ”მოახერხა”, რომ ჭრიკიშვილს თავისი საფირმო ილეთები აუკრძალა და უნიჭიერესი ახალგაზრდა რიგით მოჭიდავედ აქცია...

მოკლედ, პროექტი სახელად ”უცხოელი მწვრთნელი” ჩაფლავდა და ავსტრიელმა საქართველოდან გუდანაბადი აიკრა.

ხაბარელი VS ხახალეიშვილი

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ნაკრები ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს ჩააბარეს. ირაკლიმ თითქოს არ დაიწყო ურიგოდ, მაგრამ წინამორბედების მსგავსად, ისიც ვერ გაექცა ნაკრებში სიტუაციის არევას. კონკრეტულად, ირაკლის და მის თანაშემწე ლაშა გუჯეჯიანს ძიუდოისტთა ერთი ნაწილი დაუპირისპირდა ბეთქილ შუკვანის ხელმძღვანელობით. ცოტა ბუნდოვანი სიტუაცია კი იყო: გუჯეჯიანი ამბობდა, რომ შუკვანმა ვარჯიშის დროს დარბაზიდან გაიყვანა და არაფრის გულისთვის, სიტყვის უთქმელად ცემა დაუწყო. საპირისპიროს ამტკიცებს შუკვანი - გუჯეჯიანმა მოგვაყენა შეურაცხყოფა მე და ჩემს მეგობრებს, ჩვენ გარიდებას ვაპირებდით და სანამ არ გვეჩხუბა, არ მოგვეშვაო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ცირეკიძის გუნდმაც წინამორბედების მსგავსად, სწრაფად გაჰყო თავი სკანდალში. კულუარებში ამბობენ, რომ ყველაფრის უკან ისევ დილარ ხაბულიანის ხელი იგრძნობა - მართალია, ხაბულიანი დიდი ხანია აღარაა ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ ისევ ფლობს გარკვეულ ბერკეტებსო.

ყოველივე აქედან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც თავდაპირველი განრიგით, 26 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო. მაშინ პრეზიდენტობაზე კანდიდატურები შოთა ხაბარელის ვაჟმა, მამუკა ხაბარელმა და ვეტერანმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით ხახალეიშვილმა წამოაყენეს. თუმცა, არჩევნები სკანდალურად ჩაიშალა. საარჩევნო ვნებებმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ხახალეიშვილმა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანისკენ გაიშვირა ხელი - პირდაპირ მითხრა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უნდა გახდეს, შენ კი ვიცე-პრეზიდენტობას გთავაზობთო. მოკლედ, საქმე გვარიანად გაპოლიტიკურდა (შეგახსენებთ, რომ მამუკას მამა შოთა ხაბარელი ”ქართული ოცნების” კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატია). აქედან გამომდინარე, ისე მოხდა, რომ ორივე კანდიდატმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და 10 დეკემბრისთვის დაინიშნა არჩევნები. გამოჩნდა ახალი, ყველასთვის მისაღები კანდიდატურაც, მაგრამ...

ქევხიშვილი VS ხუბულური

არჩევნების გადადების შემდეგ, გამოჩნდა პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი - ნაკრების ყოფილი წევრი დავით ქევხიშვილი. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ, ქევხიშვილმა კარგი იურისტობით გამოიჩინა თავი - წარმატებით ჩააბარა გამოცდები და პროკურორის თანამდებობა მიიღო. თუმცა, პროკურორობას მალე დაანება თავი და კანადაში განაგრძო განათლების მიღება. ბოლო ხანს კი ქევხიშვილმა პოლიტიკაშიც სცადა ბედი და ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი. თუმცა, არჩევნებში დამარცხდა და ისევ ძიუდოში დაბრუნება გადაწყვიტა.

კულუარებში საუბრობდნენ, რომ ქევხიშვილის კანდიდატურამ ქართულ ძიუდოში არსებული ორივე დაპირისპირებული მხარე დააკმაყოფილა. დათოს ნაკრების თავკაც ცირეკიძესთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, ხახალეიშვილთანაც და ხაბარელებთანაც. გაჩნდა იმედი, რომ ქართული ძიუდო ბოლოს და ბოლოს ერთ კანდიდატურაზე შეთანხმდა, რომ ქევხიშვილი შეძლებდა დაპირისპირებული მხარეების შერიგებას, მაგრამ დღეს სიტუაცია კიდევ ერთხელ გახდა ბუნდოვანი. საპრეზიდენტო განაცხადების შეტანის დასრულებამდე ორი დღით ადრე, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა კიდევ ერთმა ვეტერანმა ძიუდოისტმა თემურ ხუბულურმა.

ხუბულურს სერიოზული ადამიანის იმიჯი აქვს და საეჭვოა, საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ იმისთვის წამოეყენებინა, რომ საზოგადოებისთვის თავი შეეხსენებინა და კონკურენცია გაეზარდა. სავარაუდოდ, მას დელეგატთა ნაწილის მხარდაჭერის იმედი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხმები ქევხიშვილის ყველასათვის მისაღები კანდიდატურის შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა. არჩევნებამდე კი ხუთიოდე დღეღა რჩება და კაცმა არ იცის, კიდევ რა ოინს შემოგვთავაზებენ ძიუდოისტები...


დავით ქევხიშვილი

0
777
3-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0