x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ხელისუფლების პიარშეცდომები_ მომგებიანია თუ არა ივანიშვილის გულწრფელობა?
imageარის თუ არა ხელისუფლებაში მოსული კოალიცია “ქართული ოცნება” სახალხო? _ ამ შეკითხვით “ქართულმა სიტყვამ” მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” უფროს კონსულტანტ სოსო გალუმაშვილს მიმართა, რომლის თქმითაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმატებების განმსაზღვრელი საზოგადოებასთან აქტიური და კოორდინირებული ურთიერთობაა:
– თუ ახლანდელ გარდამავალ პერიოდს, 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პერიოდს შევადარებთ, ახალი ხელისუფლების მხრიდან, პიარის თვალსაზრისით, აქტიურობა, რასაკვირველია, გაცილებით ნაკლებია და ეს, პრინციპში, გასაგებიცაა, რადგან რევოლუციისგან განსხვავებით, ახლა გადაბარება მშვიდობიანად მოხდა. აქედან გამომდინარე, პიარაქტივობა, რომელიც წინასაარჩევნოდ არც “ოცნებას” აკლდა და არც _ “ნაცმოძრაობას”, შედარებით შემცირდა.
არჩევნების შემდეგ, “ნაცმოძრაობის” სრული პარალიზება მოხდა, რადგან არჩევნების შედეგი მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. სხვათა შორის, პარალიზებასთან ახლო მყოფ მდგომარეობას “ქართული ოცნებაც” მიუახლოვდა იმიტომ რომ, არჩევნების შედეგი მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთიცაა: კონსტიტუციაში ხელისუფლების გადაბარება არაა გაწერილი და ის კოლიზიები, რაც შესაძლოა, საკანონმდებლო ხარვეზების გამო მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილის გარკვეულმა ნაბიჯებმა გამორიცხა.

– სააკაშვილმა, როგორ ფიქრობთ, ხალხის არჩევანს სცა პატივი თუ ეს ერთგვარი პიარსვლა იყო?


– ორივე, ანუ სააკაშვილმა, ერთის მხრივ, ხალხს დაანახა, რომ მისი ნების აღმსრულებელია და, მეორეს მხრივ, როგორც ლიდერმა, დასავლეთის თვალში, გარკვეული ქულები ჩაიწერა. საბოლოო ჯამში კი, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების ორმა შტომ ორგანიზებულად და შეწყობილად იმუშავა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ მომწიფებულიყო.

– სოსო, ახალ ხელისუფლებას, შესაძლოა, პიარისთვის, მართლაც, არ სცალია, მაგრამ “ნაციონალები” საერთაშორისო თანამეგობრობის “დაბოლებას” ძველებურად ახერხებენ. საგარეო პიარი “ქართული ოცნების” “სუსტი რგოლია”?


– ახალ ხელისუფლებას, პიარის თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული და გამართული ოპოზიცია ჰყავს, რომელსაც ადგილობრივ საზოგადოებასა თუ ლობისტურ ორგანიზაციებთან პიარინსტრუმენტების მთელი არსენალი აქვს. ამიტომ, მას შეუძლია საკითხების ქვეყნის გარეთ გატანა და გადაჭრაც, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია იმიტომ, რომ აზრთა ჭიდილი, რომელიც იქნება არა მარტო ქართულ, არამედ, საერთაშორისო “საბრძოლო არენაზეც”, ხელისუფლებას აიძულებს, უფრო ადეკვატური იყოს და არც ისეთი არასამართლებრივი მოქმედებები იქნება, როგორიც 2004-2012 წლებში, ძველი ხელისუფლების არსებობის დროს გვქონდა.

– ნატო-ს გენერალური მდივნის კრიტიკული განცხადება, რომელიც ექსმაღალჩინოსანთა დაჭერას უკავშირდებოდა, გაოპოზიციონერებულმა “ნაცმოძრაობამ”, როგორც იტყვიან, ხელზე დაიხვია და მტკიცება დაიწყო, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი ეჭქვეშ დადგაო...


– რასმუსენმა ორი განცხადება გააკეთა: ერთი, როცა პრეზიდენტს შეხვდა და მეორე, როცა პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მან ორი განსხვავებული მოსაზრება მოისმინა და მივიღეთ რასმუსენის ორი ძალიან საინტერესო გამოსვლა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების უზურპაციის დამამუხრუჭებელი ფაქტორი იქნება. მესმის, რომ ნებისმიერი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, ცდილობას, ოპოზიციაზე, სხვადასხვა გაერთიანებასა და დაინტერესებულ ჯგუფებზე გარკვეულწილად სახელმწიფოებრივი ბერკეტი ჰქონდეს. არჩევნებამდე იმჟამინდელ ოპოზიციას არ შეეძლო, ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხმა სათანადოდ მიეწვდინა. დღეს კი, “ნაცმოძრაობას” ეს ბერკეტი აქვს, რაც სახელმწიფოს განვითარებისთვის, მეტიც, ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ნებისმიერი მეთოდი, რომელიც კანონიერია, დასაშვებად მიმაჩნია. ეს პოლიტიკური ბრძოლაა, რომელსაც დამარცხებულიც ჰყავს და გამარჯვებულიც, ან შესაძლოა, ბრძოლა ყაიმით დამთავრდეს. ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები, ამ ორ ძალას შორის, ვფიქრობ, ყაიმით დამთავრდა. შედეგი კი ისაა, რომ ახალი ხელისუფლება თავის განცხადებებსა და ქმედებებს მეტი სიფრთხილით ეკიდება.

სოსო, შეგედავები: ბოლო პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოების ნაწილმა “ფრთხილ განცხადებებად” არ მიიჩნია, მხედველობაში მაქვს, მაგალითად, “მე-9 არხის” “საზოგადოებრივ მაუწყებლად” გადაკეთების საკითხი. პიარის კუთხით, ბიძინა ივანიშვილმა რა შეცდომები დაუშვა?



– ძალიან კარგი წამოწყების მიუხედავად, რომ პრემიერი აპირებს, აქტიური ურთიერთობა ჰქონდეს მედიასთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, “ნაცმოძრაობამ” ეს რაუნდი მოიგო!
რაც შეეხება პრესკონფერენციას, რომელზეც დაპირებებთან დაკავშირებით პრემიერმა კონკრეტული თარიღები დაასახელა, ასევე, გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიან ფონდთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო 60 გამზადებულ მაღალტექნოლოგიურ ქარხანაზე, რომელსაც საქართველოში გამზადებულს ჩამოიტანენ და რეგიონებში მოსახლეობის მიხედვით გადანაწილდება. ლაპარაკი იყო ტრაქტორების შემოყვანასა და გლეხებისა თუ ფერმერებისთვის გადაცემაზე. პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა, რომელსაც ბიზნესმენები ნებაყოფლობით დააფინანსებენ. მოკლედ, ეს ინფორმაციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რეალურად, რა ხდება? _ საზოგადოებაში ძირითადად სამი თემა მუსირებს: კრიმინალთან დაკავშირებული გამონათქვამი, “მეცხრე არხისა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შერწყმისა თუ ტექნიკის გადაცემის სრულიად არამკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი და არქიტექტორული წიაღსვლები. ეს სამივე საკითხი ინსტიტუციების მოსაგვარებელია. ამ თემებზე მარტივი პასუხის გაცემა შეიძლებოდა და, შესაბამისად, აღარც ამხელა დისკუსიის საგანი გახდებოდა. სამივე უმარტივესი საკითხია და არც ერთი უნდა იყოს პრემიერის კომპეტენციაში. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბედს გადაწყვეტს მისი ე.წ. ბორდი და თუ ფინანსური დანაშაული მოხდა, ამას შესაბამისი სამსახური გამოიძიებს და დამნაშავეები დაისჯებიან. საერთოდ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა წერია ნატო-ს დასკვნაში, ყველამ პასუხი კანონის შესაბამისად უნდა აგოს.

რაც შეეხება კრიმინალს, ამ საკითხს წყვეტს ძალიან ბევრი ინსტიტუცია და არც ეს ეხება პრემიერს. არქიტექტურის თემა კი, თბილისის თვითმმართველობასთან არსებული არქიტექტურული სამსახურის კომპეტენციაა. თუ პროცედურები დარღვეულია, უფლებამოსილება კი, _ გადაჭარბებული, ამ საკითხზე შსს-მ და პროკურატურამ უნდა იზრუნონ.
ოპოზიციამ სწორედ ის საკითხები ამოიტანა ზედაპირზე, რომელიც პრემიერს არ ეხება, მაგრამ მან განცხადებები მაინც გააკეთა. “ნაცმოძრაობამაც” სოციალური ქსელებითა თუ მედიით დარტყმაც განახორციელა, ანუ “ნაციონალებმა” ივანიშვილის გამოსვლის სუსტი წერტილები მოძებნეს და, აბსოლუტურად გათვლილი სტრატეგიით, ამ საკითხებზე ხალხის ყურადღების გადატანა მოახერხეს. ისე, ის სისუსტე, რომელიც “ნაციონალებმა” პრემიერს მოუნახეს, წინასაარჩევნო პერიოდის გამოძახილი მგონია _ ახალი ხელისუფლება ძალაუფლების განხორციელების ფაზაში ჯერჯერობით ვერ შევიდა. ის განცხადებები, რომლებმაც ხმაური გამოიწვია, უფრო ოპოზიციონერი ლიდერის ჭრილში გაკეთებული იყო, ვიდრე _ ხელისუფლის...

– გამოდის, რომ კრიტიკა “ქართული ოცნების” პიარ-ჯგუფის ცუდი მუშაობის შედეგია, არა?


– რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” პიარ-ჯგუფმა ეფექტურად ვერ იმუშავა და ამ კუთხით გარკვეული დეზორგანიზაციაც შეიმჩნევა. სინქრონიზაციის არქონა შეიძლება, ეიფორიას, ან სამინისტროების საქმიანობასთან ჰარმონიის არქონას დავაბრალოთ. მაკა, მოდი, შეკითხვა ასე დავსვათ: რა უნდა გაეკეთებინა “ოცნების” პიარჯგუფს და ვერ გააკეთა? _ “ოცნების” პიარჯგუფს უნდა წამოეწია ის თემები, რომლებზეც პრემიერმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დამაჯერებლად ისაუბრა. ეს საკითხები საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე _ ზემოხსენებული სამი საკითხი, მაგრამ “ოცნების” პიარ-ჯგუფმა ეს ვერ მოახერხა, ანუ გამოიკვეთა, რომ კოალიციაში არ არსებობს გამართული ცენტრი, რომელიც საკომუნიკაციო აქტივობას უზრუნველყოფს!

არანაკლებ ხმაური მოჰყვა ტარიფების არგანახევრების თემასაც...
– სხვათა შორის, ეს თემა ხელოვნურად აგორდა, თორემ კარგად მახსოვს ორ ინტერვიუში ამ საკითხებზე ივანიშვილი ამბობდა: “ჩვენ დავწევთ ტარიფებს, შესაძლოა, განახევრდეს კიდეც”. საგულისხმოა, რომ მაშინ “ოცნებას” არ ჰქონდა ხელშეკრულების პირობების გაცნობის საშუალება. ამასთან, წინა ხელისუფლებას მსხვილ მომწოდებლებთან გასაიდუმლოებული და არაგამჭვირვალე კონტრაქტები ჰქონდა გაფორმებული, თან არ მგონია, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ტარიფების განახევრების იმედი ჰქონდა.
ისე, კრიტიკა კარგია, რადგან მომავალში შეცდომები უფრო ნაკლები იქნება. წინა ხელისუფლება კრიტიკას არ ისმენდა და ამიტომ იყო, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.

– სოსო, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წელიწადნახევარში წასვლა-არწასვლით აპელირება გამართლებულია?


– ეს საკითხი მნიშვნელოვანი უფრო ბიძინა ივანიშვილისთვისაა _ ქართულმა საზოგადოებამ მის კოალიციას 4-წლიანი მანდატი მიანიჭა. პრემიერმა ამ საკითხზე ძალიან კონკრეტული განმარტება გააკეთა და მომავალი გვიჩვენებს, სიტყვას რამდენად შეასრულებს.

“ოცნების” მხარდამჭერები თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოსვლა თუ განცხადება გულწრფელია. პოლიტიკაში გულწრფელობა, მით უმეტეს, როცა ჩასაფრებული ოპოზიცია არსებობს, მომგებიანია?


– საერთოდ, გულწრფელობა ძალიან კარგია. სააკაშვილი ყოველ მეორე გამოსვლაში, საზოგადოებას ტყუილებით აჯერებს. პრემიერი კი, ვფიქრობ, გულწრფელია, მაგრამ პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და გულწრფელობა კარგი იმ საკითხებშია, რომელიც მას ესმის. ასევე, კარგია გულწრფელი აღიარება, რომ ესა თუ ის საკითხი არ ესმის, მაგრამ იმაზე, რაც პრინციპში, შენი საქმე არაა, გულწრფელად ილაპარაკო, პიარული შეცდომაა. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია, ეს სტრატეგიული შეცდომა არ იყოს!


მაკა დეკანოსიძე, "ქართული სიტყვა"

http://for.ge

0
221
4-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0