x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508469
"დინამომ" ესპანურად მოიგო
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

დინამო (თბ) - ჩიხურა 4:2

გოლები: 0:1 ჩიკვაიძე (5), 1:1, 2:1 ჩისკო (7, 36), 2:2 კირკიტაძე (44), 3:2 ჩისკო (56), 4:2 ალვარო (72).

ტურის ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე" შედგა. წლევანდელი ჩემპიონატის აღმოჩენა "ჩიხურა" ერთპიროვნულ ლიდერ "დინამოს" ესტუმრა. პირველ წრეში, ცოტა არ იყოს, დავთრებარეულ დინამოელებს საჩხერლებმა ფრე დასტყუეს. მას შემდეგ ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა გვარიანად მოუმატა, რაც დღევანდელ მატჩში კიდევ ერთხელ დადასტურდა.


საჩხერლებმა ბევრი იბრძოლეს, ანგარიშიც გახსნეს, მერე გაათანაბრეს კიდეც, მაგრამ დუშან უჰრინის ბიჭების კლასმა მაინც თავისი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "დინამოს" ოთხივე გოლი ესპანელი ლეგიონერების ანგარიშზეა. ჰეთ-თრიკი მიითვალა ჩისკომ, რის წყალობითაც 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში თანაგუნდელ ჯაბა დვალს წამოეწია.

მოკლედ, ”დინამო” ისევ პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ”დილასთან” სამქულიან სტატუს-ქვოს ინარჩუნებს.

ზუგდიდი - სიონი 2:0

გოლები: 1:0 ქობალია (82), 2:0 შ. ლომია (90).

ზუგდიდელებმა მატჩის დასკვნით ნაწილშიღა მოახერხეს სტუმრების გატეხვა და მეხუთე ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ. "ზუგდიდი" აღნიშნულ პოზიციას მინიმუმ, მომდევნო ტურის შემდეგაც შეინარჩუნებს, რაკიღა უახლოეს მდევარ "ზესტაფონს" უკვე ოთხი ქულით უსწრებს. ”სიონი” კი ისევ მეათე ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ბათუმის ”დინამოს” ბედოვლათობის გამო, უახლოეს ტურებში უფრო ქვემოთ დაშვების საფრთხე არ ემუქრება.

მერანი - დინამო (ბთ) 3:1

გოლები: 1:0 გოგიტიძე (37, ს.კ), 1:1 დიასამიძე (61), 2:1 ამბროლაძე (87), 3:1 ს. ლომია (90).

18 ტურის შემდეგ, ბათუმელებს ორად ორი გამარჯვება აქვთ და აქედან ერთი პირველ წრეში, "მერანთან" მოიპოვეს. როგორც ჩანს, მაშინდელი 0:4 მარტვილელებს მწარედ ახსოვდათ და დღეს ვენდეტა აიღეს. ამრიგად, ”მერანი” კიდევ უფრო დაშორდა გასავარდნ ზონას, ზღვისპირელებს კი ისევ რთული ცხოვრება აქვთ.

მეტალურგი - დილა 0:2
გოლები: 0:1 გორელიშვილი (64), 0:2 ალადაშვილი (74).

საქართველოს ექსჩემპიონ ”მეტალურგს” ერთობ მძიმე დროება უდგას. გუნდი თამაშს თამაშზე აგებს და სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო - მეშვიდე ადგილამდე ჩაყვინთა.

საპირისპირო პოლუსზეა ”დილა” - გიორგი დარასელიას გუნდი ტემპს არ აგდებს და მოსაგებს მოსაგებზე იგებს. ერთადერთი, რასაც დღეს გორელებისთვის განწყობის გაფუჭება შეეძლო, გოგიტა გოგუას გაძევებაა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერი მსაჯებმა ორი ყვითელი ბარათით გაძევება და მომდევნო ტურში უქმობა გამოუწერეს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, რუსთაველთა თავკაცობამ გამოცდილი თავდამსხმელის, ლევან კორღალიძის დამატების შესახებ გააკეთა განცხადება...

ტორპედო - კოლხეთი 2:1
გოლები: 0:1 გოგონაია (6), 1:1 გრიგალაშვილი (33), 2:1 საბანაძე (64).

ალბათ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანს სურდოსავით შეყრილი მცირე კრიზისი ”ტორპედომ” უკვე მოიხადა. მართალია, ქუთათურებმა მატჩის დასაწყისშივე გაუშვეს გოლი, მაგრამ მაინც მოახერხეს თამაშის გადარჩენა და სამი ქულის აღება. პარალელურად, გია გეგუჩაძის გუნდს ”დინამოც” წაეხმარა, რომელმაც ”ჩიხურა” დაამარცხა. შესაბამისად, ”ტორპედო” საჩხერლებს ქულებით გაუთანაბრდა და უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების წყალობით, მესამე ადგილი დაიბრუნა.

ზესტაფონი - ვიტ ჯორჯია 1:2
გოლები: 0:1 ლობჟანიძე (34), 1:1 მენთეშაშვილი (39), 1:2 კორიფაძე (68).
არანაკლები წარმატებით დააღწია თავი კრიზისულ პერიოდს ”ვიტ ჯორჯიამ”. თუკი წინა ტურში ვიტელებმა ერთპიროვნულ ლიდერ ”დინამოს” სენსაციურად დააკარგვინეს ორი ქულა, ამჯერად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ”ზესტაფონი” სულაც ხელცარიელი დატოვეს.

მართალია, სეზონის ბოლომდე დიდი დროა, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ”ზესტაფონი” სულაც არ ჰგავს იმ გუნდს, ჩემპიონობის შენარჩუნების პრეტენზია რომ აქვს. ჩემპიონობას ვინ ჩივის, თუ ასე გააგრძელეს ქულების განიავება, ეგებ ევროსაგზურსაც ვერ შესწვდნენ იმერლები...


ჩისკო

0
847
6-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
847
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0