x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გრიგალავას ნაკრების სჯერა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გია გრიგალავა წარმატებით ბურთაობს "ვოლგაში". ჩვენებური უკანახაზელი სისტემატურად თამაშობს რუსულ კლუბში და საიმედოობით გამოირჩევა.

"სპორტბოქსმა" გრიგალავას ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- გასული სეზონისგან განსხვავებით, "ვოლგას" ფეხბურთელები ახლა უფრო მეტად ვართ საკუთარ თავში დარწმუნებულნი. გულშემატკივარიც ხედავს, რომ ნელ-ნელა ვუმატებთ - განსაკუთრებით ამ ბოლო ხანს.

- თუმცა, სეზონი არც ისე წარმატებულად დაიწყეთ...


- დიახ, სამწუხაროდ, სეზონის სტარტი მართლაც კოშმარული იყო. არადა, მაშინაც არ ვთამაშობდით ცუდად, მაგრამ იღბალი აშკარად გვღალატობდა. მიუხედავად ამისა, მაინც მჯეროდა, რომ ქულების აღების დროც დადგებოდა და ასეც მოხდა.

- "ვოლგაში" ყველაზე მწარედ და ყველაზე ტკბილად რომელი მატჩები გახსენდებათ?

- "ყუბანთან" მატჩი ნამდვილად არ მახსენდება კარგად, რომელიც დიდი ანგარიშით წავაგეთ, სასიამოვნოდ მოსაგონებელი კი ყველა მოგებული მატჩია. ასევე გამოვარჩევდი "სპარტაკთან" ნათამაშებ ფრეს.

- ფეხბურთის თამაში თავდამსხმელად დაიწყეთ, "ვოლგაში" ვარჯის დროსაც ხშირად ერთვებით შეტევაში. იქნებ დადგა დრო, რომ პოზიცია შეიცვალოთ?

- არა, ზუსტად იმ პოზიციაზე ვთამაშობ, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ხშირად მითქვია და გავიმეორებ, რომ ცენტრალური მცველობა მომწონს. ხანდახან მწვრთნელმა შეიძლება დაცვის მარცხენა ფლანგზე გამამწესოს, მაგრამ არც იქ თამაშია პრობლემა.

საფეხბურთო სკოლაში კი ნამდვილად თავდამსხმელობით დავიწყე, მაშინ ეს პოზიცია მომწონდა. თუმცა, თანაგუნდელისთვის პასის მიცემა არ მიყვარდა, რის გამოც მწვრთნელმა ჯერ შუა ხაზში, მერე კი დაცვაში დაწევით დამსაჯა და ეს "სასჯელი" სამუდამო აღმოჩნდა.

- მამა რაგბში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი გყავთ. მორაგბის შვილი როგორ მოხვდით ფეხბურთში?

- ბოლომდე საქართველოში რომ აღვზრდილიყავი, ალბათ მართლაც მამის გზას დავადგებოდი. რვა წლის გახლდით, როდესაც ქუთაისიდან როსტოვში გადავბარგდით საცხოვრებლად, როსტოვი კი საფეხბურთო ქალაქია. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, როსტოვის "ლოკომოტივში" ვარჯიშის დაწყების დროს სერიოზულად არც ვფიქრობდი პროფესიონალ ფეხბურთელობაზე.

- "ვოლგასთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

- გაისად დეკემბერში.

- რა შედეგს უნდა ველოდეთ წლეულს თქვენი გუნდისგან?

- ჩემი აზრით, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა შეგვიძლია.

- თანამედროვე ფეხბურთელებიდან ვისი თამაში მოგწონთ ყველაზე მეტად?

- მე უფრო მეტად მცველებს ვაკვირდები. ჩემი ამპლუის ფეხბურთელებიდან პეპეს გამოვარჩევდი.

- სხვათა შორის, პეპესი არ იყოს, თქვენც არ გამოირჩევით შესაშური დისციპლინით...

- თავის დროზე, მსაჯები მართლაც ხშირად "მაწითლ-მაყვითლებდნენ". თუმცა, მერე მივხვდი, რომ მსაჯებთან ბევრი ლაპარაკი არ ღირს და ყოველთვის ვცდილობ, თავშეკავებული ვიყო.

- საქართველოს ნაკრების წევრი ხარ, რომელიც ერთხელაც ვერ მოხვდა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე...

- მე მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს პერსპექტივა გააჩნია. ამჟამად ისეთ ჯგუფში ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ნამდვილად რთულია. ესპანეთი ნებისმიერ გუნდთან ფავორიტია, აი საფრანგეთისთვის კი შეგვიძლია ნერვების მოშლა. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ქართულ ფეხბურთში წამოვიდა ტალანტების ახალი თაობა, რაც იმედს მაძლევს, რომ ახლო მომავალში ეროვნული ნაკრები წარმატებებს მიაღწევს.გია გრიგალავა

0
253
1-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0