x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
თანამედროვე ვითარება გეოპოლიტიკის აქტუალობაზე
გეოპოლიტიკის, როგორც სრულფასოვანი სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი მე-19 საუკუნის გერმანული ორგანიზაციული სკოლის მოაზროვნე წარმომადგენლებმა, რომელთა რიცხვს განეკუთვნება გეოპოლიტიკური სწავლების ისეთი ფუძემდებლები, როგორებიც არიან ჰაუსჰოფერი, რატცელი, მაკინდერი და ასე შემდეგ. ამ სამეცინიერო მიმართულების ძირითად მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და მისი განვითარების განსხვავებულ ფაზებში ჩართული მთელი რიგი ფაქტორების ანალიტიკური შესწავლა. ზემოთგამოთქმული მოსაზრების გასამყარებლად შეიძლება ხაზი გავუსვათ ქვეყანათა გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობას, რამდენადაც მდებარეობა არსებით გავლენას ახდენს სახელმწიფოს ფორმირების და მის მიერ პოლიტიკური ჰეგემონიის მოპოვებაზე. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით გეოპოლიტიკა, როგორც სრულფასოვანი სამეცნიერო დისციპლინა შეისწავლის ყოველგვარი ფაქტორების არსებით მნიშვნელობას, რომლებიც განსაზღვრავენ ცალკეული ქვეყნის ადგილს მსოფლიო რუკაზე და მათ მიერ გავლენის სფეროების მოპოვება-გაფართოების შესაძლო პერსპექტივებს და ზოგადად განვითარებისთვის ხელსაყრელ სტრატეგიულ მოცემულობებს.

გავრცელებული ტენდენციის თანახმად, სახელმწიფოთა ტიპოლოგია განისაზღვრება მათივე სტატიკური გეოგრაფიული მდებარეობის საფუძველზე. გეოპოლიტიკა სახელმწიფოებს განასხვავებს და შესაბამისად ამსგავსებს მათი საზღვაო და კონტინენტური ანუ სახლემეთო ხასიათის სპეციფიკით. საზღვაო და სახმელეთო ხასიათი ცალკეული სახელმწიფოებისა ცხადია, ერთმნიშვნელოვნად განეკუთვნება წმინდა გეოგრაფიულ კატეგორიებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობის ნაციონალური ტიპისა და მათი ცივილიზაციური მისიის ჩამოყალიბებაზე. ცივილიზაციური მისიის ცნების ქვეშ მოიაზრება ცალკეულ ადამიანთა იზოლირებული ერთობის მიერ ნაციონალური თვითიდენთიფიცირება და კულტურული იდენტობის შეგნება, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციის დადგენაზე. გამოთქმული მოსაზრების არგუმენტირებისათვის შეიძლება მივმართოთ დღევანდელ მსოფლიო მოვლენებს, რომელიც მწვავედ დაპირისპირებულ ცივილიზაციებს ასახავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ცივილიზაციურ ომს. განსხვავებული რელიგიურ-კულტურული და ცივილიზაციური კუთვნილების ნიადაგზე სამხედრო კომფლიქტების გაჩაღების პოტენციურ შესაძლებლობაზე საუბრობს ამერიკელი პროფესორი სამუელ ჰანთინგტონი, რომელიც ორ განსხვავებულ ცივილიზაციათა დაპირისპირებას შემდეგი ფრაზით აღწერს: ”თჰე წესტ ანდ ტჰე რესტ” (დასავლეთი და დანარჩენები). მიმაჩნია, რომ გამოთქმული ფრაზა ცხადად დასტურდება დღევანდელობით, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ჰეგემონიასა და მასთან დაპირისპირებული ქვეყნების მსოფლიო რეალობას წარმოაჩენს. საპირისპიროდ ფრენისის ფუკუიამას მიერ განვითარებული მოსაზრებებისა, რომლებიც გლობალიზაციის შედეგად ნაციონალურ იდენტობათა მრავალგვარობის წაშლას წინასწარმეტყველებენ. მიუხედავად დასავლური ცივილიზაციის დომინირებისა მსოფლიოში არსებობენ ისეთი ტიპის ქვეყნები, რომელთაც აშკარად გამოხატული ანტიატლანტისტური (ანტიდასავლური) ორიენტაცია აქვთ და რომლებმაც რუსი მეცნიერი ალექსანდრე დუგინის ღრმა რწმენით მსოფლიოს დაბალანსების, ძალთა წონასწორობის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ. მსოფლიო ბალანსის აუცილებლობიდან იღებს სათავეს ისეთი გეოპოლოტიკური პროექტები, რომლებიც რუსეთის პირდაპირი მეთაურობით ანტიამერიკული ორიენტაციის ქვეყანათა გაერთიანებას ისახავს მიზნად. მსგავს გაერთიანებას საფუძვლად უნდა დაედოს “საერთო მტრის” პრინციპი, რაზეც აქტიურად საუბრობს იგივე რუსი მეცნიერი დუგინი, რომლის ლოგიკის თანახმად, უნდა შეიქმნას იმ სახელმწიფოთა მყარი პოლიტიკური ალიანსი, რომლებსაც საკუთარი ნაციონალური იდენტობის გადარჩენა დასავლურ სამყაროსთან ეფექტური წინააღმდეგობის გზით წარმოუდგენიათ. მიუხედავად ზემოთხსენებული მოსაზრების შოვინისტურ-ნაციონალისტური ელფერისა, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ რუსეთის საკეთილდღეოდ არის მიმართული, ცხადია რომ იგი არ არის რეალიზმს მოშორებული პოლიტიკური ოცნება. “საერთო მტრის ძირითადი პრინციპიდან გამომდინარე, რუსეთი უნდა მიისწრაფოდეს სტრატეგიული ალიანსისკენ სწორედ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ატლანტიკური ზესახელმწიფოს (აშშ) პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, აქვთ ატლანტიზმის საწინააღმდეგო გეოპოლიტიკური პროექტების ისტორიული ტრადიცია, ფლობენ საკმარის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ძალას, რათა იქცნენ ახალი ბლოკის ძირითად გეოპოლიტიკურ რეალობად”. მიმაჩნია რომ გამოთქმული ციტატა ნათელყოფს დასავლური ცივილიზაციისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების მთელ რიგს, რომლებიც შესაძლებელია, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე მწვავე სამხედრო კომფლიქტებში ჩართულნი აღმოჩნდნენ. აღმოსავლეთში შესაძლებელია ჩამოითვალოს რამოდენიმე ქვეყანა, რომლებიც მკვეთრად გამოხატულ ანტიატლანტისტურ პოლიტიკას ატარებენ. მათ რიცხვს განეკუთვნებიან: ირანი, ერაყი, ავღანეთი, პალესტინა და სხვა პოტენციური ანტიდასავლური ძალები, რომლებიც ისლამური და აღმოსავლური კონტინენტური სივრცის სოლიდურ ნაწილს შეადგენენ. მათი რელიგიური ცნობიერება და თვითგანსაზღვრა, წარმოადგენს დასავლურ ღირებულებათა სისტემისგან ძირეულად და არსობრივად განსხვავებულ მოვლენას, რომლებმაც უკანასკნელ წლებში მკაფიოდ ანტიამერიკული ფორმები მიიღეს. ნებისმიერი ზემოთხსენებული მასშტაბური პოლიტიკური ალიანსის ახალი პროექტი უნდა ეფუძნებოდეს დასავლური სამყაროს წინააღმდეგ გაერთიანების აუცილებლობის გააზრებას, რომელიც რუსი მოაზროვნე დუგინის აზრით ერების გადარჩენის უალტერნატივო პირობაა. კითხვა, იმის შესახებ, თუ რამდენად ექვემდებარება ესა თუ ის გეოპოლიტიკური პროექტი განხორციელებას, წარმოადგენს ახალი მსჯელობის საგანს, რომლის განხილვა ამჯერად ჩემი მიზანი არ არის. ჩემი მიზანი იყო დავყრდნობოდი იმ მეცნიერთა შრომებს, რომლებიც ცხადყოფენ, რომ დღევანდელ დღეს ანტიამერიკული (ანტიდასავლური) ტენდენციების გამწვავება რეალურია. იმისათვის, რათა გაგებულ იქნეს, თუ რაში მდგომარეობს დასავლეთის უპირატესობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, საჭიროდ მივიჩნევ შევეხო ამერიკასა და ინგლისის სამხედრო-სტრატეგიული პოზიციების განლაგებას, რამდენადაც ეს ორი ქვეყანა წარმოადგენს დასავლური ალიანსის ძირითად სამხედრო ბირთვს. აშშ-ს როგორც ზესახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, ინგლისი წარმოადგენდა წამყვან საზღვაო სახელმწიფოს, წმინდა კართაგენული ძლევამოსილების ანალოგს, რომელმაც საკუთარი სამხედრო სიძლიერე საზღვაო სივრცეების კონტროლსა და მათ ეფექტურ ათვისებაზე დაამყარა. დღევანდელი პოლიტიკური რეალობაც ნათელყოფს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ზღვებზე გასასვლელი გზების სამხედრო და ეკონომიკურ სარგებლიანობას. ”ტრადიციული ატლანტური გეოპოლიტიკა ზღვის ძალას მიიჩნევს რა თავისი კონცეფციის ცენტრად, ზღვის გეოპოლიტიკას წარმოადგენს. ამგვარ გეოპოლიტიკაზე დაფუძნებულმა გლობალურმა სტრატეგიამ დასავლეთი მსოფლიო ძლევამოსილებამდე მიიყვანა. ტექნიკის განვითარებამ კი განაპირობა საჰაერო სივრცის ათვისება, რამაც აუცილებელი გახადა ჰაერის გეოპოლიტიკის შემუშავება”. ზემოთმოყვანილი ციტატა ხაზს უსვამს სამხედრო თვალსაზრისით საზღვაო ძალის უპირატესობას კონტინენტურთან შედარებით, რომლის განვითარების უშუალო გაგრძელებას ეთეროკრატია ანუ საჰაერო და კოსმიური სივრცის სამხედრო-სტრატეგიული ათვისება წარმოადგენს. 21-ე საუკუნის თანამედროვე შეიარაღება მნიშვნელოვნად შეამცირა სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები. ”საჰაერო სივრცის ათვისაებამ, გარკვეული თვალსაზრისით გაათანაბრა ხმელეთი და ზღვა, ვინაიდან თვითმფრინავებისა და რაკეტებისთვის ამ სივრცეებს შორის მანძილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს”. ”შეიარაღების დედამიწის ორბიტაზე გატანა და კოსმიური სივრცის სტრატეგიული ათვისება მსოფლიოს შეკუმშვის ბოლო ეტაპსა და სივრცულ განსხვავებათა საბოლოო რელატივიზაციას წარმოადგენდა”.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ საჰაერო სივრცის ათვისებამ (თვითმფრინავმშენებლობა, რაკეტმშენებლობა) ფაქტობრივად გააბათილა ქვეყანათა შორის სამხედრო ოპერაციისთვის მანძილობრივი სიშორისგან წარმოქმნილი ბარიერი და საგრძნობლად გაამარტივა გრანდიოზული მასშტაბის სამხედრო მოქმედებების დროული ხელმისაწვდომობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის წარმოებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორების რიცხვი შესამჩნევად შემცირდა.
დღევანდელი დასავლეთის სამხედრო პოტენციალის განხილვა საჭიროდ მივიჩნიე, რათა უფრო გამომეკვეთა დღეს არსებული მსოფლიოს სურათი და დასავლეთის ძლიერების რეალური საფუძვლები. თემა ცხადია მხოლოდ ამით არ ამოიწურება და საჭიროებს უფრო მეტ განვრცობას.

დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირებას მე ჩემი მსჯელობის დასაწყისში მათივე ძირეულად განსხვავებული ცივილიზაციის მიზეზით ვხსნიდი და მიმაჩნია, რომ ეს ასეც არის თუ დავეთანხმები მრავალ პოლიტიკურ მოაზროვნეს, რომლებმაც არსებითი როლი შეასრულეს მსოფლიოს პოლიტიკური სურათის (ძალთა გადანაწილება) ანალიზში. ზუსტად ამ ბიპოლარული სამყაროს (ამერიკა და აღმოსავლეთ-რუსეთი) ვითარებიდან გამომდინარე, იქმნება ისეთი გეოპოლიტიკური პროექტების ჩანასახები, როგორიცაა ევრაზიული იმპერია რომელიც ანტიდასავლური ძალების კონსოლიდაციას გულისხმბოს ცენტრით მოსკოვში. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ბერლინი-მოსკოვი-ტოკიოს (იაპონიაში ბუნებრივი კატაკლიზმის შემდგომ ეს უკვე ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ მაინც) გეოპოლიტიკური პროექტი რომელთა უმთავრესი მიზანი დასავლეთთან, კერძოდ ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლაა. რუსეთს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა უწყობს ხელს მსგავსი პოლიტიკური ალიანსის ხელმძღვანელობისათვის თუ დავუჯერებთ დუგინს, რომელიც პოლიტიკური რუკის მაკინდერისეულ ანალიზს ემყარება. მაკინდერი რუსეთს ისტორიის ღერძს უწოდებდა, რომელსაც აქვს მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლის ძალა და შესაბამისად მისი მოპოვების პრესპექტივაც. ალექსანდრე დუგინის ნაშრომში “გეოპოლიტიკის საფუძვლები” ძირითადი ყურადღება ეთმობა ზუსტად ისეთი თეზისების განვრცობასა და განვითარებას, რომლებიც რუსეთის პოლიტიკური ჰეგემონიის შესაძლებელ გაძლიერებაზე მიუთითებენ. მიუხედავად რუსი მეცნიერის შოვინისტურ-ნაცისტური აზრებისა, მისი მსჯელობების დიდი ნაწილი არის ობიექტური და ცხადყოფს მოვლენათა განვითარების სავსებით სავარაუდო სცენარს, რომელიც მოხდენადი და რეალურია. ის თუ რა სახით მოხდება დასავლეთთან პოლიტიკური განხეთქილების გაღვივება დამოკიდებულია ობიექტური გარემოებების ურთიერთდამთხვევაზე იქნება ეს დუგინისეული კონცეფცია თუ სხვა. ცხადია, რომ მოსკოვი-ბერლინი-ტოკიოს ალიანსის შექმნა სხვა ანტიამერიკულ აღმოსავლურ ქვეყნებთან ერთად დაკავშირებულია მრავალ სირთულესთან, მაგრამ მიუხედავად ამისა მსოფლიოში შესაძლებელია ჩემი აზრით გამოიკვეთოს მსგავსი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბების პერსპექტივა, რომელიც ანტიამერიკანიზმის იდეურ ბაზას დაემყარება. ამასვე მოწმობს უკანასკნელ წლებში გახშირებული ჯერაც ლოკალური სამხედრო კომფლიქტები რომლებიც თავისთავად შეიცავენ გლობალურ დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ საკმარისი აღმოჩნდება ქვეყანათა საომარი მზადყოფნა და შესუსტება საკითხთა მშვიდობიანი გადაწყვეტის დღეს არსებული ტენდენცია. ზემოთხსენებული გლობალური დაძაბულობის ფონზე თავს ვალდებულად ვთვლი ორიოდე სიტყვით შევეხო საქართველოს საკითხს.


2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანა გამოხატული ანტირუსული პოლიტიკის გზას დაადგა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ფრაგმენტს 2008 წლის ომი წარმოადგენდა. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს უუნარობა, გაეწია წინააღმდეგობა რუსული მხარის შეტევებისთვის თავიდანვე ეჭვს არ ბადებდა. ისმის კითხვა თუ რა გარანტიებისა და გამარჯვების რეალური პრესპექტივების საფუძველზე მიიღო ქართულმა მხარემ რუსეთთან საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება? Aამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, შიდა სამთავრობო წიაღში არსებული სიტუაციის ცოდნის გარეშე არც თუ ისე ადვილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედების საწყის ეტაპზევე ნათლად ჩანდა, რომ ქართული მხარე ამერიკისგან აქტიურ სამხედრო დახმარებას ელოდა. დღევანდელობამ ცხადყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებამ ამერიკის სავარაუდო სამხედრო მხარდაჭერაზე დაყრდნობით, ქვეყანას კარგი შედეგები არ მოუტანა. პირიქით უფრო გაართულა რეგიონში მდგომარეობა და ბუნდოვანი გახადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გრძელვადიანი პერსპექტივა. უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოსთვის, ტერიტორიების დაბრუნება რუსეთის სახელმწიფოს სიძლიერის პირობებში ურთულეს პოლიტიკურ ამოცანად რჩება. ამ ყველაფერს ერთვის საქართველო რუსეთის ომზე დადებული ტალიავინის დასკვნა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ორივე მხარეს თანაბრად ადანაშაულებს სამხედრო კომფლიქტში, რაც საქართველოსთვის ნამდვილად არასასურველ რეალობას წარმოადგენს.
ჩემი მსჯელობის დასასრულს მცირედი გადახვევის შემდეგ მინდა დავუბრუნდე მსოფლიო რეალობას და აღვნიშნო, რომ მიუხედავად გლობალიზაციის ძლიერი პროცესისა, ნაციონალური იდენტობა ისევ რჩება საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ფაქტორად. უკანასკნელი მოვლენების საფუძველზე შემიძლია ვივარაუდო, რომ ქვეყანათა პოლიტიკა არა მხოლოდ ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემყარება, არამედ რელიგიური, კულტურული და ცივილიზაციური კუთვნილების დაცვის მოთხოვნილებას, რომელიც ჯერ კიდევ შეკუმშული სახით არის წარმოდგენილი რადგან, ვერ ჰპოვა სათანადოდ აგრესიული გამოვლინება (ნაციონალური აფეთქება) მსოფლიოში, რომლის საფრთხეც ნამდვილად არსებობს.

0
470
5-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0