x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არჩევანის გაკეთება (საარჩევნო სტრუქტურა)
პოლიტკონსულტანტები პოლიტიკურ ველში ლიდერის ან გუნდის მოღვაწეობას ხშირად სპორტულ image
შეჯიბრებას ადარებენ, სადაც თითოეული სპორტსმენი ცდილობს გამარჯვების მიღწევას. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ლიდერის ან გუნდის “გამოსვლას” სახელმწიფოს ყველა მოქალაქე აფასებს. ამდენად, მის წინაშე რთული ამოცანა დგას, მან მოქალაქეთა უმრავლესობა უნდა დაარწმუნოს საკუთარ უპირატესობაში. შეფასებას საფუძვლად შედარება უდევს; პოლიტიკურ ველზეც შეფასება იმით განისაზღვრება, თუ რამდენად უახლოვდება კონკრეტული ლიდერი გარკვეულ იდეალურ ეტალონებს, რომლებიც უკვე ჩამოყალიბდა ადამიანთა ცნობიერებაში. ხშირ შემთხვევაში, ეს ეტალონები წარმოდგენილია იმ არაცნობიერი განწყობებით (პრეჯუდიცე), რომელიც საზოგადოებას უყალიბდება კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასა და სოციალურ გარემოში ცხოვრებისას. იდეალური ეტალონები, რომლებიც, არაცნობიერთან ერთად, ძალზედ ცნობიერი და კონკრეტული მოთხოვნებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გულისხმობს, ყალიბდება განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებში და ასახავს იმ ჩვევებს, მოთხოვნებს, მოთხოვნილებებსა თუ უპირატესობებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფის მიერ კონკრეტულ ლიდერზე არჩევანის შეჩერებას.

იდეალური ეტალონი შეიძლება დაისახსროს ცალკეულ მნიშვნელად თვისებებად, რომელთა ფლობაც აუცილებელია პოლიტიკოსისათვის. მისი რეიტინგიც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგადაა წარმოდგენილი მის იმიჯში სოციალური ჯგუფისათვის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომელთა სრული და ზუსტი სიის დადგენა პირდაპირი გამოკითხვის გზით შეუძლებელია. ამ გზით შეიძლება დადგინდეს პოლიტიკოსის რეიტინგი, “თავად რეიტინგი კი არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს, რომელიც გვეტყოდა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ლიდერი იმისათვის, რათა შეინარჩუნოს ან გაზარდოს იგი”. თუმცა, რაც უფრო მეტად იქნება იმიჯში წარმოდგენილი “არაშემთხვევითი ფაქტორები” (ჭორები, გამონათქვამები ლიდერის პიროვნებაზე და მისთ.), მით უფრო წარმატებული შეიძლება იყოს ეს პოლიტიკოსისათვის.

იდეალური ეტალონების არსებობა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში არსებობს ჩამოყალიბებული შეხედულება იმ თვისებებზე, რომელთაც უნდა ფლობდეს პოლიტიკური ლიდერი. სოციალურ ჯგუფებს უყალიბდებათ გარკვეული ორიენტაცია, რომლის საფუძველზეც კეთდება არჩევანი. ორიენტაციის ქონის მოთხოვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ადამიანური მოთხოვნილება, რომელიც დაკავშირებულია სამყაროსა და ამ სამყაროში საკუთარი თავის ახსნის მოთხოვნილებასთან. პოლიტიკური ორიენტაცია გულისხმობს პოლიტიკური სივრცის ორ ნაწილად სტრუქტურირებას: შინაარსობრივ სტრუქტურირებას, ანუ პოლიტიკური სივრცის დასახსვრას ძირითად პარამეტრებად, და შეფასებით სტრუქტურირებას, როცა პოლიტიკური სივრცე იყოფა “შენიანად” (ახლო, პოზიტიური, სანდო) და “სხვად” (მტრული, საშიში, ნეგატიური).

ელექტორალური მოქმედება, ანუ არჩევანის გაკეთება, საკმაოდ ბუნებრივია ადამიანისათვის. სუბიექტი იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე იმიტომ, რომ ამ მოქმედებით იგი მიზნად ისახავს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამგვარი მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მოტივია არა რომელიმე კანდიდატის არჩევა იმ მიზნით, რომ მან დაიკავოს კონკრეტული თანამდებობა და მხოლოდ, არამედ, მას სურს გარკვეული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ა.შ. სიტუაციის შენარჩუნება ან შეცვლა სასურველი მიმართულებით. ამომრჩეველი იმედოვნებს, რომ “კარგი” ლიდერი შეცვლის სიტუაციას უკეთესობისაკენ და იგი მოიპოვებს უსაფრთხოების შეგრძნებას, “ფსიქოლოგიურ კომფორტს”. ამომრჩეველი, რეალურად, ხმას აძლევს არა კანდიდატს, არამედ “საკუთარ მოთხოვნილებებს”, ამიტომ პრობლემა იმაშია, თუ რამდენად შესწევს კანდიდატს უნარი წარმოაჩინოს საკუთარი თავი ამ პრობლემების გადამჭრელ, ელექტორატის მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელ პირად. მაგალითდ, აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილია, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ხმას აძლევს “საკუთარ” ჯგუფს (სოციალურს, რელიგიურს, ეთნიკურს, და ა.შ.) და თვლიან, რომ არჩევანის გაკეთებით შესაძლებელია ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლა. თუმცა, დამკვირვებელმა ჯერალდ პომპერმა დაასკვნა, რომ ამერიკელები საკუთარ კლასს მხოლოდ მაშინ აძლევენ ხმას, როცა ეკონომიკური მდგომარეობაა არასტაბილური, დანარჩენ შემთხვევაში კი – არჩევნია უბრალოდ რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება და არა კლასის. თუმცა, პომპერი არაფერს ამბობს იმაზე, რომ ვერც ერთი ლიდერის იმიჯი ვერ ასახავს ყველა არსებული კლასის ინტერესებს ერთდროულად.


ლიდერისათვის (და მისი კონსულტანტებისთვის) აუცილებელია ელექტორატის ინტერესების, განწყობების, ორიენტაციების ცოდნა და იმის ცოდნა, თუ ვინ არის (ან შეიძლება იყოს მომავალში) კონკრეტული ლიდერის ელექტორატი. დღეს უკვე აღარავინ საუბრობს მასებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობასა და აუცილებლობაზე; ნაცვლად ამისა, საუბარია “მიზნობრივი ჯგუფებით მანიპულირებაზე.

მიზნობრივ ჯგუფებს გამოყოფენ სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით: ასაკი, პროფესია, სოციალური სტატუსი, რელიგიური აღმსარებლობა, ჰობი და ა.შ. ამასთანავე, საუბარია შემდეგი ტიპის ჯგუფებზე:

აქტიური მხარდამჭერნი;

პასიური მხარდამჭერნი;

ნეიტრალური პოზიციის მქონენი;

ისინი, ვინც არავის ენდობიან

ძალიან უარყოფითად განწყობილნი.

აგრეთვე, საუბარია ჯგუფზე, რომელიც არსებითად რომელიმე კანდიდატს კი არ უჭერს მხარს, არამედ გამოდის რომელიღაც (ან ყველას) წინააღმდეგ; ამგვარ ჯგუფს უწოდებენ “პროტესტულ ჯგუფს”. ამდენად, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ არის ლიდერის მხარდამჭერი და ვინ შეიძლება იქცეს ასეთად, რადგანაც ელექტორატის სრულად მოცვა შეუძლებელია; აქცენტი კონკრეტულ ჯგუფებზე კეთდება, თუმცა პოლიტტექნოლოგების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მოიცვან ელექტორატის მაქსიმალური რაოდენობა.

პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ელექტორატი იღებს, დამოკიდებულია არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს, ერთი მხრივ, ელექტორატისთვის ინფორმაციის მიწოდებას პოლიტიკურ ლიდერზე, კანდიდატზე (ხშირად ეს არის პოზიტიური ინფორმაცია) და, მეორე მხრივ, მოტივაციის შექმნა, რის გამოც ელექტორატი უნდა მივიდეს არჩევნებზე და, მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და შექმნილი შთაბეჭდილებების საფუძველზე, არჩევანი გააკეთოს. თუ ადამიანები ხმას აძლევენ საკუთარ მოთხოვნილებებს (და ამ იდეის სისწორეში ეჭვი აღარ შეაქვთ), პოლიტიკური გარემოს ინტერესებშია ამ მოთხოვნილებების ცოდნა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ბევრი მოტივის გაღვიძება, ანუ ელექტორატის “იძულება” მიიღოს გადაწყვეტილება. აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია ის თუ ვის სასარგებლოდ გაკეთდება არჩევანი. როგორც წესი, ეს ამოცანა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების (თუ პარტიების) წინაშე დგას, პოლიტიკური გარემო კი ცდილობს მაქსიმალურად ბევრი მოქალაქის ჩართვას ამ პროცესში.

როგორც უკვე აღინიშნა, ელექტორატი ხმას აძლევს საკუთარ მოთხოვნილებებს და არა კონკრეტულ კანდიდატს, როგორც ასეთს; გარდა ამისა, ელექტორალური მოქმედება არის უფრო ემოციური, ვიდრე რაციონალური.

პიერ ბურდიე საუბრობს სოციალურ სამყაროში არსებულ წესებზე, რომლებიც არეგულირებს აგენტთა პრაქტიკას. აგენტები მოღვაწეობენ, იღებენ გადაწყვეტილებებს, ახორციელებენ ქმედებებს სამყაროში, რომელსაც სოციალური თამაშიც შეიძლება ეწოდოს; “სოციალური თამაში არის მუდმივების (რეგულარობების) ადგილი...” იგი არ გულისხმობს წინასწარ დადგენილ მკაცრ ნორმებს, არც კანონზომიერებებს, “ეს არის ამ ყველაფრის ერთგვარი ინტეგრაცია”. აგენტთა პრაქტიკის ასახსნელად ბურდიეს შემოაქვს ჰაბიტუსის ცნება: “ეს არის რეგულირებადი დისპოზიცია... იგი შეიძლება დახასიათდეს, როგორც რაციონალური, ან გაცნობიერებული სპონტანურობა”. აგენტის მოქმედება არის გარკვეულ სოციალურ სივრცეში, კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში ჩამოყალიბებული ჰაბიტუსის პროდუქტი, ანუ “ეს ქმედებები არის სპონტანური, და არა საკუთრივ თავისუფალი, თუმცა არა იძულებითი”. “ჰაბიტუსი ამყარებს ონტოლოგიურ კავშიარს სოციალურ სამყაროსთან, იმასთან, რის პროდუქტსაც თავად წარმოადგენს; ის ამკვიდრებს ცოდნის პრინციპს ცნობიერების გარეშე, ინტენციონალობას ინტეგრაციის გარეშე და სამყაროს რეგულარობების (მუდმივების) პრაქტიკულ დასწავლას, რომელიც იძლევა საშუალებას განჭვრიტო მომავალი...”.

ჰაბიტუსი არის ის, რაც იქმნება კონკრეტულ სოციალურ გარემოში ცხოვრების შედეგად, რომლის გამოც აგენტთა მოქმედება შეიძლება იყოს მიმართული მიზანზე ისე, რომ იგი ამას ვერ (ან არ) აცნობიერებდეს. ეს არის თამაშის წესების ცოდნა, რაც მიიღწევა გარკვეული გამოცდილების შედეგად. “ჰაბიტუსი ბადებს მოქმედებას, რომელიც არის შეძენილი და ფლობს ინსტინქტურის ყველა ნიშანს და, მიუხედავად რეფლექსიის ან გათვლის არარსებობისა, ისეთ შედეგს იწვევს, რომელიც უმეტესად ემთხვევა შედეგს, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო რაციონალური გათვლის შედეგად”.

ამდენად, ელექტორატთან მიმართებაში, შეიძლება ვისაუბროთ არა ერთმნიშვნელოვნად რაციონალურ, მაგრამ მაინც აგენტთა მოქმედებაზე. სოციალური მოქმედება ყოველთვის არ გულისხმობს მხოლოდ რაციონალურ გათვლას. ამასთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესოა მაქს ვებერის სოციალური მოქმედების თეორია, სადაც ის განასხვავებს ერთმანეთისაგან საკუთრივ მოქმედებასა და სოციალურ მოქმედებას და საუბრობს ოთხი ტიპის სოციალურ მოქმედებაზე. ქცევასა და მოქმედებას შორის განსხვავება მარტივია: მოქმედება ყოველთვის უკავშირდება აქტორთა სუბიექტურ საზრისს. სოციალურ მოქმედებასთან კი “საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც აქტორის მოქმედება, მასში ნაგულისხმევი სუბიექტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეეფარდება სხვა აქტორთა ქცევებს და ორიენტირდება მათზე”.

ვებერი გამოყოფს ოთხი ტიპის სოციალურ მოქმედებას: მიზან-რაციონალური, ღირებულებით-რაციონალური, აფექტური და ტრადიციული; ამ კლასიფიკაციის კრიტერიუმად კი გამოყენებულია მოქმედების სუბიექტური მნიშნველობის რაციონალობის ხარისხი.

რაციონალობის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა მიზან-რაციონალური მოქმედება, რომელიც გულისხმობს “მიზანზე ორიენტირებულ მოქმედებას, როდესაც წინასწარგანსაზღვრული მიზნის მისაღწევად გამოყენებულია გარე სამყაროს ნივთების და სხვა ადამიანთა ქცევის მოლოდინები”; ანუ, ეს ქცევა ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე. მიზან-რაციონალური მოქმედება წარმოადგენს იდეალურ ტიპს, თუმცა რეალობაში მაინც მოიძებნება ბევრი მოქმედება, რომელიც შეიძლება მიუახლოვდეს მას.

ღირებულებით-რაციონალური მოქმედება არის “თვითკმარი (აბსოლუტური) ღირებულების (რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური და სხვ.) რწმენაზე დაფუძნებული მოქმედება”. ანუ, ამ შემთხვევაში აქტორი არ არის ორიენტირებული შედეგზე, იგი მხოლოდ ღირებულებაზეა ორიენტირებული, როგორც მოქმედების მიზანზე. შესაბამისად, რაციონალობის ხარისხი ამ ტიპის მოქმედებაში ნაკლებია; რაც შეეხება აფექტურ და ტრადიციულ მოქმედებებს, ისინი, მკაცრი აზრით, არც წარმოადგენენ სოციალურ მოქმედებებს. აფექტური მოქმედება არის “ემოციური, ანუ ინდივიდის ემოციური მდგომარეობით და აფექტებით განპირობებული მოქმედება”; ტრადიცული მოქმედება კი წარმოადგენს ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებულ ქცევას. ვებერის თანახმად, “ეს მოქმედებები იმყოფება გასაზრისიანებული, ცნობიერად ორიენტირებული მოქმედების ზღვარზე და ხშირად ზღვარს მიღმაც”.

აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ვისაუბროთ ელექტორალურ მოქმედებაზე და არა ქცევაზე; მოქმედება გულისხმობს გარკვეულ საზრისს: ადამიანები ხმას აძლევენ არა უბრალოდ, არამედ რაღაცის გამო (მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც განსხვავდება საზოგადოებისა თუ კონკრეტული ჯგუფების მიხედვით); მეტიც, ეს არის არა უბრალოდ მოქმედება, არამედ სოციალური მოქმედება; იგი ორიენტირებულია სხვაზე, კერძოდ, კანდიდატზე და ელოდება მისგან საპასუხო რეაქციას. ამბობენ, რომ ადამიანები ხმას აძლევენ საკუთარ მოთხოვნილებებს, თუმცა, თავად ამას ნაკლებად აცნობიერებენ და ჰგონიათ, რომ ხმას აძლევენ კონკრეტულ კანდიდატს იმის გამო, რომ ის მიაჩნიათ ღირსეულად ამ ბრძოლაში. მართალია, ისინი ვერ აცნობიერებენ საკუთარ მიზანს მკაფიოდ, მაგრამ მათი მოქმედება გარკვეულ შედეგზეა ორიენტირებული, რითაც იგი მიზან-რაციონალურ მოქმედებას ჰგავს; იმავდროულად, ელექტორალური მოქმედება უფრო ემოციურია, ვიდრე რაციონალური. ამით იგი შეიძლება აფექტური მოქმედების კატეგორიაში აღმოჩნდეს; იგი ტრადიციულ მოქმედებადაც შეიძლება მივიჩნიოთ, თუ ამოსავალ წერტილად ავიღებთ რამდენიმე წელიწადში ერთხელ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის დამკვიდრებულ ტრადიციას.

შესაძლებელია, ელექტორალური მოქმედება ერთმნიშვნელოვნად კონკრეტულ კატეგორიაში ვერ მოვაქციოთ, მაგრამ მას გააჩნია ყველა ის თვისება, რომელიც აუცილებელია სოციალური მოქმედების არსებობისთვის. მთავარი ის არის, რომ ამგვარი მოქმედება არ არის უსაზრისო (რასაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს სოციალური მოქმედება). იგი შეიძლება ატარებდეს არარაციონალურ ხასიათს, მაგრამ იყოს საზრისის მქონე (ასეთია აფექტური და ტრადიციული მოქმედებები). შესაბამისად, რომელ კატეგორიაშიც არ უნდა მოვაქციოთ ელექტორატის მიერ განხორციელებული ქმედება, იგი მაინც არის მოქმედება და არა ქცევა, რომელსაც ხშირად ადამიანები ახორციელებენ გარკვეული “გაუცნობიერებელი სპონტანურობით”, კონკრეტულ სოციალურ სივრცეში ჩამოყალიბებული ჰაბიტუსების ზეგავლენით და ეს მოქმედება ნამდვილად არ ატარებს ირაციონალურის ნიშნებს. ირაციონალურობა აბსოლუტურად გამორიცხავს საზრისის არსებობას; ელექტორატი კი აუცილებლად დებს საზრისს საკუთარ ქმედებაში და კონკრეტული პასუხების მოლოდინშია; ანუ, იგი შედეგებზეა ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გადაწყვეტილებას იღებს ემოციურად დატვირთული ინფორმაციის ზეგავლენით.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0