x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მშობლებისგან მიტოვებული გოგონა მარინა ბერიძის სითბოს ვერ ივიწყებს

image17 წლის მელანო ფისაძემ მაყურებელს კონკურს "ჯეოსტარის" შესარჩევი ტურიდან დაამახსოვრა თავი. სამწუხაროდ, ის 14 საუკეთესო მონაწილეს შორის ვერ მოხვდა, მაგრამ ქალბატონი მარინა ბერიძისგან შექება დაიმსახურა.
მელანოს დრამატული და მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი. 4 წლის ასაკში, ორ პატარა ძმასთან ერთად, მშობლებმა მიატოვეს და დღემდე მათზე ინვალიდი ბებია ზრუნავს. საკუთარი ცხოვრების შესახებ ის თვითონ ასე გვიყვება:

- 3 წელია, რაც ვმღერი... სკოლაში მასწავლებელი ღონისძიებას ატარებდა და ბავშვებს გვითხრა, ვისაც შეგიძლიათ, უნდა იმღეროთ, ლექსი თქვათ ან იცეკვოთო. მოკლედ, გადაწყდა, რომ უნდა მემღერა.

არადა, მუსიკაში ყოველთვის ორიანი მეწერა, სხვა საგნებში კი - უმაღლესი შეფასება. სანამ სცენაზე დავდგებოდი, მორიდებული და მორცხვი ბავშვი გახლდით, სცენაზე დადგომის შემდეგ კი ყველა ეს კომპლექსი მომეხსნა.

ამასთან, უფრო ადვილად ვამყარებდი ადამიანებთან ურთიერთობას... ჩემი მასწავლებლის ღონისძიებას რომ დავუბრუნდეთ, იქ საბავშვო სიმღერა შევასრულე. ბებიას მასწავლებელმა უთხრა, კარგად მღერისო. შემდეგ საბავშვო ანსამბლ "აი იაში" ქალბატონ ანა სამხარაძესთან მივედი (მისი გაზრდილები არიან: ნინა წკრიალაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და კიდევ ბევრი ცნობილი მომღერალი).

ორი წელია, რაც ამ ანსამბლის წევრი ვარ და ხშირად ვმონაწილეობ კონკურსებში, საიდანაც გამარჯვებული და პრიზებით ხელდამშვენებული ვბრუნდები.

- ჰო, მართლაც აქტიური გოგო ხარ. საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობდი, ასევე, "ჯეოსტარის" კონკურსშიც, სადაც ფინალამდე მიხვედი. ახლა "მან-სან-კანის" შეჯიბრებებშიც ხარ ჩართული. არადა, ჯერ სკოლის მოსწავლე ხარ...

- ყველამ იცის, რომ შეძლებული ოჯახიდან არ ვარ. ბევრი ჩემი მეგობარი არაერთ წრეზე დადის, დაინტერესებულები არიან, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიონ. მე კი ამისთვის ათმაგად ვიბრძვი. არ მინდა, ეს წლები დავკარგო.

სურვილი მაქვს, რომ ხალხმა ჩემი სიმღერით გამიცნოს. როგორც აღნიშნეთ, "მან-სან-კანის" შეჯიბრებებში ვმონაწილეობ. კი, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მუსიკალურ დადგმას აკეთებდნენ და მთხოვეს, მიმეღო მონაწილეობა. დავთანხმდი. შემდეგ კი პატარ-პატარა როლებიც მომცეს.

რაც შეეხება საბავშვო "ევროვიზიას", მასში 2010 წელს ვმონაწილეობდი. ერთ-ერთი ბანკის გორის ოფისის ხელმძღვანელი დამეხმარა, ქალაქში 2 სარეკლამო ბანერი გამიკეთა იმისთვის, რომ ხალხს ჩემთვის მხარი დაეჭირა...

15 წლისამ გადავწყვიტე, აღნიშნულ კონკურსზე მეცადა ბედი. მქონდა ახალი სიმღერა სახელწოდებით: "უშენობა". ყველას რატომღაც ეგონა, რომ ის გოგოსა და ბიჭის სიყვარულზე იყო დაწერილი. სინამდვილეში მშობლების სიყვარულს ეძღვნებოდა...

საბუთები მარტომ ჩავიტანე შესარჩევ ტურზე, თბილისში. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, თუ ფინალში მოვხვდებოდი. მიზეზი, რატომაც ვერ გავიმარჯვე, ის იყო, რომ ჩემი სიმღერა არ იყო საბავშვო და თან, ძალიან გულისამაჩუყებელი გახლდათ... მთავარია, რომ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რაც ჩემთვის ცოტას არ ნიშნავს...

- შემდეგ იყო კონკურსი "ჯეოსტარი", სადაც ფინალში მოხვდი, მაგრამ 14 კაცში უკვე ვეღარ გახვედი...

- გავიგე, რომ გორში ტარდებოდა "ჯეოსტარის" შესარჩევი ტური. ჩემმა პედაგოგმა მირჩია, ძალები მომესინჯა. კი მეგონა, რომ იქ არავინ მომაქცევდა ყურადღებას, მაგრამ შესარჩევ ტურზე გასვლა მაინც გადავწყვიტე. დილით ეკლესიაში წავედი, სანთელი დავანთე და მოძღვარს ვთხოვე, დაველოცე...

მთავარი ის იყო, რომ არ შევრცხვენილიყავი და კარგად წარვმდგარიყავი მაყურებლისა და ჟიურის წინაშე... მოკლედ, როგორც იცით, ფინალამდე მივედი. ქალბატონმა მარინა ბერიძემ მითხრა, კარგად მღერი, მაგრამ ჯერ ძალიან პატარა ხარ; თან, გარდატეხის ასაკი გაქვს და შესაძლოა, ამან ხმაზე იმოქმედოს; მომავალ წელს მოდიო...

ქალბატონი მარინა კარგი და თბილი ადამიანია. თუ ოდესმე წარმატებული მომღერალი გავხდები, სწორედ მისი დამსახურება იქნება. მერე რა, რომ 14 კაცში ვერ მოვხვდი. მთავარია, საკუთარი თავი გამოვცადე.

- ვიცი, რომ საკმაოდ მძიმე ბავშვობა გქონდა. იქნებ მომიყვე ამის შესახებ?

- ყველაზე რთული, რაც ახლა გამახსენდა, ის იყო, რომ გვერდით არ მედგნენ მშობლები. მაშინ, როცა სკოლაში მშობელთა კრებაზე ყველას მშობელი მოდიოდა, მე არავინ მაკითხავდა, რასაც ძალიან განვიცდიდი.

დღეს იმით ვარ ბედნიერი, რომ მყავს ორი არაჩვეულებრივი ძმა და ბებია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, გაგვზარდა. მშობლებმა რომ მიგვატოვეს, ბიძამ რუსეთში წაგვიყვანა და ცხრა წლამდე იქ ვიზრდებოდი.

- სად იყვნენ იმ დროს შენი მშობლები? როგორც ვიცი, გაყრილები არიან...

- კი, ისინი რომ გაშორდნენ, მე 4 წლის ვიყავი, ჩემი ერთ-ერთი ძმა - 3 წლის, მეორე კი - წლის და ექვსი თვის. დღესდღეობით არც დედასთან და არც მამასთან არ მაქვს ურთიერთობა. გადმოცემით ვიცი, რომ დედაჩემი თბილისშია.

ჰყავს თუ არა შვილები და სხვა ოჯახი, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. მას არასდროს გამოუთქვამს სურვილი, ჩვენთვის მატერიალური დახმარება გაეწია. დედა მაშინ მინდოდა, როდესაც პატარა ვიყავი.

ახლაც კარგი იქნება, გვერდით რომ მყავდეს, მაგრამ რას ვიზამ?! მან ზურგი მაქცია! იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი საიტის საშუალებით ასეთი რამ მომწერა: "მრცხვენია, რომ ჩემი შვილი ხარ". ეს იყო და ეს.

- რა იყო ამის მიზეზი?

- ჩვენ (ბებია, მე და ჩემი ძმები) გადაცემა "პროფილში" ვიყავით სტუმრად მიწვეულები, სადაც ვლაპარაკობდით, რომ მშობლების გარეშე ვიზრდებოდით და ძალიან გვიჭირდა... ყველაზე მეტად ის მწყინს, თავს რომ არ იდანაშაულებს და აქეთ გვდებს ბრალს.

რომ მოსულიყო ჩემთან და პატიება ეთხოვა, ვაპატიებდი, მაგრამ ამას არ აკეთებს. შესაძლებელია, ოჯახში რაღაც გაუგებრობა მოხდეს, მაგრამ შვილებმა, ამ შემთხვევაში, ჩვენ, რა დავაშავეთ?!

- მამა სად არის?

- როგორც ვიცით, მამაჩემი ხან ბათუმშია, ხან - თბილისში. მატერიალურად არც ის გვეხმარება, იშვიათად რეკავს და სანახავადაც არ მოდის.

- არც მაშინ გამოჩენილან და შეგხმიანებიან მშობლები, როცა აღნიშნულ კონკურსებში მონაწილეობდი?

- myvi­deo.ge-ზე უცხო ადამიანებმა ჩემი ვიდეო რომ ნახეს, თბილი სიტყვები მომწერეს. მათში სამარცხვინო კომენტარი გამოერია - მათი ავტორი დედაჩემი გახლდათ. წერდა იმ ფრაზას, რაც უკვე ვახსენე: "მრცხვენია, რომ ჩემი შვილი ხარ!" ის იტყუებოდა, როდესაც წერდა, რომ ჩვენთან მოდიოდა და მატერიალურად გვეხმარებოდა. ეს ყველაფერი ძალზე მტკივნეული იყო ჩემთვის.

- ბოლოს დედა როდის ნახე?

- პატარაობის (4 წლის ასაკში) შემდეგ მაშინ ვნახე პირველად, როცა "ევროვიზიის" კონკურსის შესარჩევ ტურზე უნდა გავსულიყავი. ის იქ იმ დროს მოვიდა, როცა უკვე სცენაზე უნდა გავსულიყავი. ძალიან დავიბენი და გავნერვიულდი. კონკურსზე რომ გამოვდიოდი, ეს, ალბათ, მაშინ გაიგო, როდესაც სოციალურ ქსელში დავწერე, მიგულშემატკივრეთ-მეთქი... მოვიდა, მაგრამ არც გამომლაპარაკებია...

- ძნელია, 3 ბავშვი ბებიამ მარტომ გაზარდოს. ვინ გიწევდათ ფინანსურ დახმარებას?

- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 8 თვის განმავლობაში კარავში ვცხოვრობდით იმიტომ, რომ არ გვქონდა სახლი... ომამდე ერთ-ერთ სოფელში ქირით ვცხოვრობდით. თავიდან გვეუბნებოდნენ, კასპში მოგცემთ საცხოვრებელ ფართობს და იქ გადადითო, მაგრამ ინვალიდი ბებია როგორ მოახერხებდა, კასპში რომ გადავეყვანეთ და ცხოვრება თავიდან დაგვეწყო?

შემდეგ ჩემი მასწავლებელი გადაცემა "პროფილს" დაუკავშირდა, სადაც ჩვენზე სიუჟეტი მოამზადეს. იმის შემდეგ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ჩვენი დახმარების სურვილი და ისინი დღემდე მხარში გვიდგანან.

დღესაც ძალიან გვიჭირს, მაგრამ ბებია ყველანაირად ცდილობს, გული არაფერზე დაგვწყვიტოს. ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მაშინდელმა შიდა ქართლის გუბერნატორმა - ლადო ვარძელაშვილმა გადმოგვცა, მაგრამ დღემდე არანაირი საბუთი არ გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ბინა ჩვენია.

ბებია ინვალიდია და სიარული უჭირს. რამდენჯერაც მივაკითხე შესაბამის სამსახურებს, დამაიმედეს, დაგიმტკიცებთო, მაგრამ ამაოდ... ჩემი ძმები ამის გამო პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ვერ იღებენ. მათ ვთხოვ, დამეხმარონ.

- ნათესავები არ გეხმარებიან?

- როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ნათესავების მხრიდან არანაირი დახმარება არ მიგვიღია. მაშინ, როდესაც რუსეთიდან სოფელში ქირით საცხოვრებლად გადმოვედით, ბებიას ნათესავებმა უთხრეს, ბავშვები ბავშვთა სახლში ჩააბარე და შენ შენივე პენსიით მოგხედავთო.

ეს, რა თქმა უნდა, ბებიას ეწყინა და მაშინვე გაწყვიტა იმ ნათესავებთან ურთიერთობა. როგორც ვიცი, დედაჩემს მშობლები და და-ძმა ჰყავს, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. ან რა გასაკვირია, დედას არ ვიცნობ და მათ როგორ უნდა ვიცნობდე? მყავს ბიძა, მამის ძმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და იშვიათად, მაგრამ მაინც გვეხმარება...

- როგორც თქვი, "ევროვიზიის" კონკურსზე ნამღერი სიმღერა მშობლების მონატრებას ეძღვნებოდა...

- კი, ვეცადე, ჩემი ტკივილი ასე გამომეხატა, რადგან ვერ დავიწყებდი ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს. "ჯეოსტარზეც" აღნიშნეს, რომ მე მარტო ვიყავი და გულშემატკივარი არ მყავდა. ამ ფაქტმა ჟიურისაც გული აუჩუყა...

- ძმებზე რას გვეტყვი?

- ძალიან ცელქი ბიჭები არიან (იცინის). მათ წარმატებები ჰქონდათ ფეხბურთში, მაგრამ უსახსრობის გამო ამ სპორტს თავი დაანებეს. ერთ-ერთი ძმა საქართველოს ჩემპიონია მძლეოსნობაში. სკოლაშიც კარგად სწავლობენ. მალე აბიტურიენტი ვიქნები. მასწავლებლები შემპირდნენ, რომ უფასოდ მომამზადებენ...

13
4670
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
4670
  
2013, 26 მაისი, 22:00
ჩიტს ნახევარი გრამი ტვინი აქვს და ბარტყი რომ გადმოუვარდება ბუდიდან რა დღეშია თუ გინახავთ? ესენი რამ გადარია არ ვიცი
2012, 7 ნოემბერი, 19:54
ყველა დედა დედაა??????????????? :(((((((((
2012, 27 ოქტომბერი, 18:39
+100
2012, 26 ოქტომბერი, 12:58
ძალიან კარგი გოგო ხარ მტავარია მოინდომო დაყველაფერს მიაგწევ
2012, 24 ოქტომბერი, 22:07
გმერთმა მოგცეს წინსვლა და წარმატება..უფალი არ მიგაოტოვებს
2012, 23 ოქტომბერი, 23:46
@@
2012, 23 ოქტომბერი, 23:24
++++++++++++++++ ძაან მაგარია
2012, 22 ოქტომბერი, 16:40
ხისთავიანი მშობლები ყავს ალბათ, განუვითარებელი ხალხი, შვილი როგორ უნდა მიატოვო ასე უპატრონოდ!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10