x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შევეხოთ აწმყოს

image

თუ ვინმეს შეგვიძლია, იქნებ შევეცადოთ შევეხოთ აწმყოს! მაგრამ როგორ? სანამ მასზე გავიფიქრებთ, ის უკვე წარსულად იქცევა და ასე ყოველთვის... არის კი საერთოდ აწმყო? ეს კითხვა რომ განვავრცოთ, გამოვა რომ ჩვენც წარსულის მკვიდრნი ვართ, რომელთაც ძალგვიძს მომავალში გადანაცვლება? ახლაც რომ მიწიოს სიკვდილმა, რისთვისაც სულ მცირე 3 წუთია საჭირო, გამოდის მე სულ ცოტა 3 წუთიანი მომავალი მაინც მიწერია, მაგრამ მე თუ წარსულში ვარ, როგორ შემიძლია გადავინაცვლო მომავალში? თუმც თუ ამ პარადოქსს მეორე კუთხიდან შევხედავთ, მე სრულიადაც ვერ გადავინაცვლებ მომავალში, რადგანაც სანამ ის 3 წუთიც წარსულად არ იქცევა, ანუ ჩემამდის არ მოვა (დრო კი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოძრაობს და მომავლიდან მიდის წარსულში), მე ვერ მივალ მასთან. მაშ რა არის აწმყო? წარსულისა და მომავალის გზაგასაყარი რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ სანამ ამას ვიფიქრებთ და გავიაზრებთ, ჩვენ უკვე კარგა ხნის წარსული აწმყოს სახელით ვსაუბრობთ სულ ახლახანს წარსულს მიბარებულ აწმყოზე და ვაფიქსირებთ რა ამას, ვცდილობთ რიცხობრივად უფრო გლობალური ციფრებით დავამრგვალოთ ის, რადგანაც მოვასწროთ მასზე ფიქრი და საუბარი, თუმც მაინც ვიცით, რომ ეს უკვე წარსულია და რაც უფრო მეტად ვფიქრობთ აწმყოზე, მით მეტად ვცილდებით მომავალს, ვიდრე სამუდამოდ...

ასე ვიწვალე მთელი ღამე. შემდეგ კი დავეთანხმე ბორხესს ისევე, როგორც ის ავგუსტინეს, როგორც ავგუსტინე პლოტინს, პლოტინი - პლატონს, პლატონი კი - უფალს, რომ მთავარი ეს 3 დრო კი არა, მთავარი მარადიულობაა! შემდეგ მივხვდი, რომ ამდენი ფიქრის ნაცვლად, ჯობდა სწორად წამეკითხა ბიბლია და უფრო მეტი მეფიქრა მასზე, რადგანაც სწორედ იქ არის მინიშნებული გზა უხილავი და ჩვენთვის მისაწვდომი ბილიკისა, რომელსაც ძალუძს ჩვენ - აწმყოში მცხოვრები, მომავალს მომლოდინე წარსულის მსხვერპლნი, გადაგვიყვანოს ერთადერთ ჭეშმარიტ დროში - მარადიულობაში. ბოლოს მივესვენე სავარძელს და უფრო მეტად გამიმძაფრდა რწმენა, რომ არ არსებობს მეტი ჭეშმარიტება - ვიდრე უფალი, რომელიც არ მოუგონია ადამიანს, არამედ აქეთ მოგვავლინა ჩვენ. მივხვდი რატომ იბადება ბავშვი თვალაუხელი და რას გვეუბნება ამით უფალი. მივხვდი სინამდვილეში ვინ არის უსინათლო და რა არის ნამდვილი ხედვა. რას ნიშნავს დრო და რას ჭეშმარიტება. დავეხმაროთ ერთმანეთს ადამიანებო! ჩავკიდოთ უსინათლოებმა ერთმანეთს ხელი და მივიდეთ ბილიკამდე, სადაც უფალი გველოდება, რათა შევიდეთ მარადიულობაში და შევეხოთ აწმყოს!


დრო გადიოდა, მივდევდი და ვეძახდი აწმყოს
მას, რასაც უკვე შორეული წარსული ერქვა
და აწ წარსულში გადახიზნულ წამებს ვნანობდი,
რომ ვერ ვასწრებდი მე მათთვისაც აწმყოში მეთქვა,

რომ მეთვითონაც ვერ ვხვდებოდი რა იყო აწმყო,
რომ ჩემს აწმყოსაც უახლესი წარსული ერქვა,
რომ სული ჩემი შესცქეროდა მომავლის ტანგოს,
მაგრამ კვლავ წარსულს ემსხვრეოდა ამ გულის ფეთქვა.

ჩვენ, თითოეულნი ველით მომავალს
და შემდეგ წარსულს ვბარდებით ყველა.
დრო კი ერთია - მარადიული
და ხორცს კი არა - სულს უნდა შველა!

0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:Mystery Gryphon
Mystery Gryphon
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0