x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ვაზი და ღვინო"
საქართველო ღვინის სამშობლოა. ამაზე მეტყველებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება. ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტების მეცნიერული კვლევები. ჩვენს წინაპრებს პირველად 7000 წლის წინ დაუყენებიათ ღვთაებრივი სასმელი. ათასწლეულების განმავლობაში კი მათი დაუღალავი და მადლიანი მარჯვენის წყალობით მევენახეობა და მეღვინეობა სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს დარგად ჩამოყალიბებულა. შედეგად ქართველი ერის და ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდ დაკავშირებია ერთმანეთს.

ვაზისა და ღვინისადმი განსაკუთრებული სიყვარული ქართველ ხალხს ხატოვნად აუსახავს ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში. ხელოვნების ნიმუშია ქართული მარანიც და მასთან დაკავშირებული თითოეული ნივთი. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მარანი ინდივიდუალური დიზაინით გამოირჩევა. მცხეთის, თრიალეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ვანისა და სხვა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია უძველესი მარნები მიწაში ჩაფლული ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებით, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება. უძველეს წყაროებიდან მნიშვნელოვანია მითი არგონავტების შესახებ, რომელიც გვამცნობს, რომ დასავლეთ საქართველოში ხეები დაბურული იყო ვაზით, ხოლო დიდებულთა სასახლეში სპეციალურად მოწყობილი შადრევნებიდან ქართული ღვინო ჩქეფდა (ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნე).
არქეოლოგიური გათხრების დროს თრიალეთის სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს სასხლავი დანა, ღვინის სასმელები (კათხები).
ლინგვისტური ანალიზით სიტყვა “ყურძენის’’ დიალექტურ ფორმად “ურძენი’’ ითვლება. გ. მელიქიშვილის აზრით ეს “ურძენი’’ ქართველთა შორეული წინაპრის ურარტუს ენაზე ვენახს ნიშნავდა.
საქართველოს ისტორიის პატრიარქის ივ. ჯავახიშვილის ცნობით საყურძნე ძველ ქართლში ვაზის ბაღის მნიშვნელობით იხმარებოდა. ამ სიტყვის ეტიმოლოგია ვაზის კულტურის უძველესობის მაუწყებელია.
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მრავალი სიტყვები ვაზის მნიშვნელობას აღნიშნავდნენ “რძე მოზარდთა ღვინოა, ხოლო ღვინო მოხუცთა რძეაო’’.
რუსი ავტორი გოგოლინი პალეონტოლოგიის მონაცემების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ვაზი ადამიანს წინა გეოლოგიური პერიოდიდან მემკვიდრეობით გადმოეცა. ესაა მესამეული ცარცის პერიოდი და თვით კაცობრიობაზე ხნიერია. მრავალი ფაქტიური მასალა, ანაბეჭდი ქვაზე არის იმის დასტური (გარეული ვაზის ფოთლები აღმოჩენილია მდინარე არაგვის ხეობაში). შემთხვევითი არაა რომ, უძველესი ქართული მონასტრები, ტაძრები, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე მომიბნეულია მოჩუქურთმებული ვაზის ფოთლებით, მტევნებით.

ჯერ-კიდევ X-XI საუკუნეებში იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სასწავლო ცენტრში, გელათის აკადემიაში, ფლობდნენ ღვინის წარმოების განსაკუთრებულ ხერხს. აქვეა შემონახული უძველესი მარანი (ადგილი, სადაც ღვინო სპეციალურ ჭურჭელში-ქვევრში ინახება).
მე-IV-ე საუკუნეში ქართველთა განმანათლებელი ნინო კაბადოკიელი ჩვენს ქვეყანაში სწორედ ვაზის ჯვრით შემოვიდა. ეს ჯვარი დღემდე ინახება საქართველოში და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
ქართული ერის მატერიალური კულტურის ამსახველ საუნჯეებში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მევენახეობა-მეღვინეობაში გამოსაყენებელ ნივთებს, რომლებიც ამჟამად საქართველოს სამხარეო მუზეუმს ამშვენებს: ქვევრი, დოქი, სურა. ამ დარგის ეკონომიკური მნიშვნელობა იცოდნენ გარეშე მტრებმა და ჩვენი ქვეყნის დასუსტების მიზნით არა ერთხელ მოუმართავთ ვენახის განადგურებისთვის.
საქართველოს ვენახების განადგურებას ადგილი ჰქონდა მე-XIX-ე საუკუნის ბოლოს ავადმყოფობათა (ნაცარი, ჭრაქი) და მავნებელი მწერის-ფილოქსერის გავრცელების გამო. ამის შემდეგ მოსახლეობა დასახელებული მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლის ღონიძიებებს გაეცნო და კატასტროფის წინაშე მდგარი მევენახეობა აღმავლობის გზაზე დააყენა.

მსოფლიოში ცნობილი ვაზის 4000 ჯიშიდან 450 საქართველოში აბორიგენული სახეობაა. მათგან 62 ჯიში შეტანილია სტანდარტულ ასორტიმენტში, - 29 საღვინე და 9 სუფრის. გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.


აბორიგენული ვაზის ჯიშების გარდა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებული არის შემოტანილი ვაზის ჯიშები: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე სოვინიონი, შასლა, ხალილი. რომლებმაც მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების კულტურა და ტრადიცია. შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის. რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად იყოფა: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ.

კასპიის ზღვისკენ დაქანებულ აღმოსავლეთ საქართველოს - კახეთს (შიდა და გარე კახეთი) და ქართლს (ქვემო, შუა და ზემო ქართლი) ახასიათებს ზომიერი კონტინენტალური, მშრალი, სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავა.

შავი ზღვის გავლენის ქვეშ მოქცეულ დასავლეთ საქართველოს - იმერეთს (ქვემო, შუა და ზემო იმერეთი), რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, აჭარას, სამეგრელოს და აფხაზეთს ახასიათებს ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი.

საქართველოს ვენახების 65-70% გაშენებული არის უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონში კახეთში. აქ გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.

საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები მდებარეობს მდინარეების - ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.

კახეთში ძირითადად მაღალხარისხიანი, სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოები იწარმოება.

ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხიანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჯაანის, მანავის და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.

სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხიანი, სასიამოვნო ჯიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის და კახეთის სხვა მიკროზონებში.

კახეთში მზადდება წარმოშობის ადგილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მაღალი შაქრის და მჟავების დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს.

კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის ორიგინალური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება მსოფლიოში არსებული ღვინოს ამ ტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი; და რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.

ქართლი ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ვენახები გაშენებულია მდინარეების - მტკვრისა და მისი შენაკადების, ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450-700 მეტრ სიმაღლეზე, მდელოს ყავისფერ, მდელოს ალუვიურ, რუხ ყავისფერ (წაბლა) და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე.

ქვემო ქართლი წარმოადგენს საუკეთესო ზონას სუფრის ყურძნის და ქიშმიშების წარმოებისათვის.
შუა ქართლი ხარისხიანი კლასიკური ევროპული ტიპის სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოების წარმოების ზონაა. ატენის ხეობაში უძველესი დროიდან გორული მწვანის და ჩინურის ყურძნისგან ტრადიციულ ტექნოლოგიით ამზადებენ წარმოშობის ადგილის დასახელების ცქრიალა ღვინოს `ატენურს". აღნიშნულ ქვეზონაში გორული მწვანის და ჩინურის, ბუდეშურის, თავკვერის და სხვა ადგილობრივი ჯიშების ყურძნისაგან იწარმოება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი და ვარდისფერი ღვინოებიც.

ქსნის ხეობის (მუხრანის ველი) ქვეზონაში, ფრანგული ვაზის ჯიში ალიგოტე იძლევა ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის საჭირო მაღალხარისხიან ღვინომასალას.

ზემო ქართლის _ მესხეთის ტერიტორიაზე ამჟამად მევენახეობა-მეღვინეობას არ აქვს სამრეწველო ხასიათი. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები (მარნები, ქვევრები, საწნახელები, სასმისები და სხვა) იუწყებიან, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში ფართოდ ყოფილა განვითარებული.

იმერეთში ვენახები გაშენებულია მდინარეების რიონის, ყვირილას, ჩხერიმელას, ძირულას და მათი შენაკადების ხეობებში, ზღვის დონიდან 50-500 მეტრ სიმაღლემდე, ნეშომპალა-კარბონატულ, ყომრალ, ყვითელ მიწა და ეწერ ნიადაგებზე.

იმერეთში ყველაზე მეტი ვაზის აბორიგენული ჯიში ხარობს. რომელთაგან მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი სუფრის ღვინოები იწარმოება.
ზემო იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი ცქრიალა ტიპის ღვინომასალები, აგრეთვე მსუბუქი ევროპული ტიპის თეთრი და წითელი სუფრის ღვინოები, ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.

დასაველეთ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად ზონად ითვლება შუა იმერეთი. სადაც ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 140-470 მეტრ სიმაღლეზე. ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან მზადდება წარმოშობის ადგილის და ჯიშობრივი დასახელების, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალური, სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები.

იმერეთში მრავალსაუკუნოვანი ხალხური ტრადიციების საფუძველზე შექმნილია იმერული ტიპის ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგია, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილის პროცესი მიმდინარეობს მიწაში ჩაფლულ ჭურებში დურდოზე ( ჭაჭა - კლერტის გარეშე), რომელიც მთელი მადუღარი მასის 4-6%-ს შეადგენს. დადუღების შემდეგ ღვინომასალას ჭურში აყოვნებენ 1, 5-2 თვით, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და თავისებური ინსტრუქციით ამუშავებენ. ასეთი წესით დაყენებული ღვინო ევროპული ტიპის ღვინოსთან შედარებით უფრო ექსტრაქტული, მსუბუქი და ჰარმონიულია. ხასიათდება სასიამოვნო გემოთი და ყურძნის ჯიშური არომატით.

იმერეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის აუზში მოქცეულ ქვემო იმერეთში ვენახები გაშენებულია 400-420 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მეღვინეობის თვალსაზრისით ეს ზონა ორდინალური ღვინოების ზონაა, რომლის ცალკეულ უბნებში ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან მზადდება ხარისხიანი ღვინოები.

დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან ორიგინალური და უნიკალური ღვინოებით გამოირჩევა იმერეთის ჩრდილოეთით, მდინარეების - რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურას ხეობებში - ვიწრო ზოლად მდებარე რაჭა-ლეჩხუმი - ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოების ისტორიული სამშობლო. ყოველი მხრიდან კლდოვანი ქედებით შემოფარგლული ქვაბული ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რაც განსაზღვრავს აქაური ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურ თვისებებს. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე.

სამხრეთით მზის გულზე გაშლილ კლდოვან ფერდობებზე გაშენებულია ადგილობრივი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ვაზის ჯიშები, რომლებიც შაქრის დაგროვების დიდი უნარით (28-30%-მდე) ხასიათდებიან. მათგან მზადდება უძვირფასესი, მაღალხარისხოვანი, წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო "ხვანჭკარა".

ტვიშის მიკრორაიონის კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარ-მჟავიანობას, რომლისგანაც ამზადებენ წარმოშობის ადგილის დასახელების თეთრ ბუნებრივად ტკბილ ღვინოს "ტვიშს".

ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ვაზის ჯიშის უსახელოურის ყურძნისაგან მზადდება უნიკალური, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების მქონე, ჯიშური დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `უსახელოური", ხოლო ორბელის მიკროზონაში ორბელური ოჯალეშის ჯიშისაგან მიიღება წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `ორბელური ოჯალეში".

აჭარის, აფხაზეთის, გურიის, სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები (აფხაზეთი) გაშენებულია 2-4 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე.

ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე).

გურიაში (ბახვი-ასკანის, ფარცხმან-საჭამიასის), აჭარაში (ქედა), აფხაზეთში (გუდაუთა) მიკროზონებში, გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშის ჩხავერისაგან მიიღება განუმეორებელი, საგემოვნო თვისებების ჯიშური დასახელების ცქრიალა ღვინო "ჩხავერი".

სამეგრელოში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო `ოჯალეში".

სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო `ოჯალეში" გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი `გრან-პრი"-თი დაუჯილდოებიათ.

აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს კუთხეში ვაზის: ცოლიკოურის, ჩხავერის, ოჯალეშის, კაჭიჭის, იზაბელას და სხვა ჯიშებიდან მზადდებოდა წარმოშობის ადგილის დასახელების ორიგინალური ღვინოები: `აფსნი", `ლიხნი", `აჩანდარა", `ანაკოპია" და სხვა ღვინოები, რომლებიც მომხმარებელთა დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში გაშენდა ახალი ვენახები, რათა ღვინის დამზადებას მძლავრი სამრეწველო ხასიათი მიეღო.

80-იანი წლებში ვენახების ფართობი 150 ათას ჰექტარზე მეტი იყო, ღვინის ქარხნები წლიურად 500-700 ათას ტონა ყურძენს ამზადებდნენ, მიღებული ღვინოპროდუქცია ძირითადად ყოფილი სსრკ-ისა და გარკვეული ნაწილი კი საექსპორტოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე იყიდებოდა.

90-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, როგორც სხოფლის მეურნეობის სხვა დარგებს, მევენახეობა-მეღვინეობასაც სერიოზული ზიანი მიაყენა, რამაც დარგის სამრეწველო-ეკონომიური პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამცირა. საბედნიეროდ, მეღვინეობის დარგში უძრაობის პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა.

უკანასკნელ პერიოდში დარგის განვითარებისათვის ქვეყანაში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რამაც ხელი შეუწყო ქართული და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაშენდა ახალი ვენახები, ღვინის მრეწველობა აღიჭურვა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განახლდა უნიკალური ქართული ღვინოების წარმოება. რასაც ვერაფერი დააკლო რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ემბარგომ, რომელიც პირველად რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის წარმოების აკრძალვით დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების თანადგომით ქართველმა მეღვინეებმა შესძლეს მსოფლიოს ბაზარზე გასვლა და გარკვეული სეგმენტის დაკავება.

საქართველოში დღეს ღვინის რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი კომპანია არსებობს. მათი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს. ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები შეხამებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან.

0
533
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსტრაქციონიზმი
აბსტრაქციონიზმი
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0