x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორატორის ხელოვნება – როგორ ვთქვათ დიადი სიტყვა?
“არაფერია ისეთი დაუჯერებელი, რასაც ორატორი ვერ გახდის მისაღებს” ციცერონიimage


მიზანი

პირველს წერთ მიზანს – რას გინდათ რომ მიაღწიოთ? დაწერეთ საბოლოო შედეგი, რომელიც თქვენმა სიტყვამ უნდა მოგიტანოთ. როცა უკვე იცით, რა არის ფინალური მიზანი, შეგიძლიათ მის გარშემო ააწყოთ მომზადების სხვა ეტაპები; და შემდგომ ეტაპებში, ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ელემენტის შეტანას გადაწყვეტთ თქვენს სიტყვაში, დასვით კითხვა – დამეხმარება ეს ჩემი მიზნის მიღწევაში? თუ კი, დატოვეთ ის ელემენტი, თუ არა, შეცვალეთ ის ან გააუქმეთ.


2.გამოკვლევა


მეორე, გამოიკვლიეთ ვინ არის თქვენი აუდიტორია: ასაკი, განათლება, პროფესია, საქმიანობის სფერო, ინტერესები, ჩაცმულობა, მეტყველების კულტურა…ა.შ. მოაგროვეთ მაქსიმალური ინფორმაცია მათზე და რაც მთავარია, აუცულებლად გაარკვიეთ (ან პროგნოზი გააკეთეთ) თქვენი სიტყვის მოსასმენად რატომ მოდიან? რა არის მათი მიზანი? თუ თქვენი მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ აუდიტორიას არასწორი მოლოდინი შეექმნა, ან უბრალოდ თავის მიზანზე ფოკუსირეულ დარჩა. ამ შემთხვევაში, ან შეცვლით თქვენს სიტყვას ან იგივეს დატოვებთ. სიტყვა პროდუქტია, რომელმაც მოგება – მიზანი უნდა მოგიტანოთ; სიახლის მოლოდინი, რომელიც არ უნახავთ ხალხს, ვერ ექნება. ასე რომ, შეგიძლიათ გაბედულად წარსდგეთ აუდიტორიის წინაშე თქვენი ახალი იდეით და თავი დიდ კომპანიად წარმოიდგინოთ, რომელსაც ახალი პროდუქტი შეაქვს ბაზარზე.
ეს გამოკვლევა გჭირდებათ, რათა იცოდეთ როგორ შეიძლება მათთან ეფექტური კომუნიკაცია. გამოკვლევის შემდეგ უკვე უნდა იცოდეთ აუდიტორიის მოლოდინი, რა ენაზე ელაპარაკოთ – მეტყველების რა ფორმას გამოიყენებთ, როგორ ჩაიცვათ და რა მაგალითები გამოიყენოთ (მათი პროფესიის თუ საქმიანობის სფეროს შესაბამისად)


3. დიზაინი

ეს გამოკვლევის მეორე ეტაპია. პირველი იყო შიდა გამოკვლევა. მაგრამ აუცილებელია გარე ფაქტორების ცოდნაც ამას დავარქვათ სიტყვის წარმოთქმის გარე დიზაინი: როგორ აუდიტორიაში იქნებით, რა იქნება ორატორის და მისი მსმენელების განლაგება, რა ფერებია აუდიტორიაში, როგორ არის მორთული, ორატორი სიმაღლე – მაგ. კათედრაზე წარმოთქვამს სიტყვას თუ თანაბარ დონეზე, ა.შ. აქ მთავარია ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც მაქსიმალურ კომუნიკაციას – კავშირს უზრუნველყოფს აუდიტორიასთან და თავად ფონიც უნად იყოს დამხმარე საშუალება. დიზაინის ეფექტურობა გამოკვლევის პირველი ნაწილიდან შეგიძლიათ განსაზღვროთ.

ასევე, ერთი პატარა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: გარე ფაქტორებში მხოლოდ დიზაინი არ შედის; სიტყვის მომზადების პერიოდში აქტიურად იყავით ჩართული გარე სამყაროსთან – საინფორმაციო საშუალებებთან – აქტიურად ადევნეთ თვალი ახალ ამბებს და მიმდინარე მოვლენებს. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი სათქმელი სიტყვის აქტუალურობა და მუდამ მიმდინარე “ახლა”კონტექსტში იყოთ.


4. სიტყვის მომზადება
გამოკვლევის შემდეგ უკვე შეგიძლიათ უშუალოდ სიტყვის მომზადებაზე გადახვიდეთ.

აქ რამდენიმე მნიშნელოვანი ეტაპია: სხვების გამოცდილება, სიტყვის სტრუქტურა: 1) ქრონოლოგიური და ცენტრიდან – ცენტრამდე, რეპეტიცია და ინტონაციის მართვა.


4.1 სხვების გამოცდილება – გადახედეთ სხვა ორატორების გამოსვლებს – ეს თქვენში იდეებს დაბადებს, გამოცდილებას მოგცემთ და ასევე გააკეთებთ ანალიზს – ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც შეგიძლიათ თქვენს კონკურენტულ უპირატესობად გამოიყენოთ. (აქ ვთვლი, რომ თქვენს თემაზე სრული ინფორმაცია უკვე მოძიებული გაქვთ)


4.2 სიტყვის სტრუქტურა – როგორ დავაწყოთ ჩვენი სათქმელი:

მაგ. 1: ქრონოლოგიური სტრუქტურა (რეკომენდირებულია ნაცნობ აუდიტორიასთან)


შესავალი – ეუბნებით რაზე ილაპარაკებთ; მსმენელის მომზადება

აქტუალურობა და პრაქტიკულობა: რატომ – ახსენით თქვენი იდეის მნიშვნელოვნება (სჯობს რაიმე მაგალითი მოიყვანოთ – ასე უფრო ეფექტური იქნება)

ძირითადი იდეა – თქვენი სათქმელი დაყავით პატარა ქვეთავებად, აბზაცებად, რათა ადვილი იყოს მსმენელისთვის ფოკუსირება და იდეის გაგება. გამოიყენეთ პატარა, მარტივი წინადადებები და ასევე, ნუ გააკეთებთ ბევრ ქვეთავს – ეს მონოტონურობაში გადავა და აუდიტორია დაიღლება.

Case Study (პრაკტიკული შემთხვევის განხილვა) – ქვეთავები ბევრი რომ არ გაგიმეორდეთ, 3 ქვეთავის შემდეგ მოაყოლეთ Case Study, რაც მანამდე გადმოცემული სათქმელის პრაკტიკულ გაგებას მისცემს აუდიტორიას. (3 ქვეთავი და Case Study ციკლი შეგიძლიათ რამდენიმეჯერ გაიმეოროთ, ოღონდ ბოლოში შეჯამება აუცილებელი იქნება) Case Studies დღევანდელობაში აუცილებელი ელემენტია ნებისმიერ სიტყვაში – ემპირიული ცოდნა და გამოცდილება უფრო სანდოა, ვიდრე თქვენი თეორიები – ის ნდობას ჰბადებს და რაც მთავარია პრაკტიკულ და მარტივ გაგებას.

ავტორიტეტული წყარო (ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვის სტრუქტურის ყველა ნაწილში, გარდა შესავლისა და შეჯამებისა)– თქვენი იდეების დასამტკიცებლად მიმართეთ ავტორიტეტულ წყაროებს: ავტორიტეტული წიგნები, ცნობილი ადამიანები, საინფორმაციო საშუალებები – მოახდინეთ ციტირება, რათა თქვენი იდეების ავტორიტეტი შექმნათ გამოიყენებთ რა ავტორიტეტულ წყაროებს. მაგ.: მთავრობის წარმომადგენლები – პოლიტიკოსები ხშირად ახდენენ ექსპერტების, ცნობილი ჟურნალისტის თუ ზემდგომი პოლიტიკური ორგანოების – ნატოს, ევროკავშრის ციტირებას, სტატისტიკის მოშველიებას, ა.შ. ლექტორისთვის ავტორიტეტულ წყარო შეიძლება იყოს სხვა მსოფლიოში აღიარებული ავტორის ციტირება. სასულიერო პირისთვის – ბიბლიიდან ციტირება, გარდა თავისი ქადაგებისა. (თუმცა ბიბლიიდან ციტირებას თუ ბიბლიის იდეების გამოყენებას მხოლოდ სასულიერო პირები როდი ახდენენ: მაგ: 2008 წლის საშობაო გამოსვლაში ინგლისის ტელევიზის მეოთხე არხზე, ირანის პრეზიდენტმა ბიბლიის ციტირება მოახდინა მსოფლიოში მიმდინარე კარგ და ცუდ მოველებთან დაკავშირებით – მართალია, ეს უფრო ქრისტიანული რელიგიით მანიპულაციად გამოჩნდა, მაგრამ მან მსოფლიო პრესის უდიდესი ყურადღება მიიპყრო.)

შეჯამება – აუციელბლად შეაჯამეთ თქვენი სიტყვა – მსმენელს ნუ მიანდობთ ამ რთულ საქმეს. თქვენ ამით მსმენელის ფოკუსირებას ახდენთ ბოლოს წინა ეტაპისთვის.

მიმართულების მიცემა – შეჯამების შემდეგ აუცილებელია თქვენს სიტყვას პრაქტიკული მიმართულება მისცეთ მსმენელის ცხოვრებაში. მიეცით მათ დავალება – უთხარით ახლა რა შეუძლიათ გააკეთონ, მას შემდეგ რაც თქვენი სიტყვა მოისმინეს და ისწავლეს თქვენგან. დაავალეთ, როგორც ლექტორმა სტუდენტებს, როგორც მასწავლებელმა კლასს, როგორც მწვრთნელმა თავის გუნდს, როგორც ხელმძღვანელმა თანამშრომლებს, როგორც პრეზიდენტმა თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს…. მიეცით მიმართულება, რომ პრაკტიკულად გამოიყენონ თქვენი სიტყვა – თქვენი ცოდნა, და ისინი კვლავ მოვლენ თქვენს მოსასმენად.


Feedback – უთხარით თქვენს მსმენელებს, რომ გაგაგებინონ როგორ გამოიყენეს თქვენი ცოდნა – სთხოვეთ გაზიარება; გამოიჩინეთ ინტერესი მათ მიმართ, უთხარით, რომ მუდამ მზად ხართ და გაინტერსებთ მათი პრაკტიკული მიღწევები და რომ მზად ხართ მათ პროცესშიც დაეხმაროთ. ეს სტუდენტებისტის დიდი გამხნევებაა რათა ლექტორის მიმართ გაიხსნენ, ორგანიზაციის თანამშრომლებს ეს შეგრძნებას მისცემს, რომ უფროსი მათთან ერთად არის, ხოლო პოლიტიკოსისგან ასეთი სიტყვის თქმა – მოქალაქეებს შეგრძნებას მისცემს, რომ მათ აზრს, სიტყვას, საქმიანობას.. და რაც მთავარია მათ პერსონალურად აქვთ მნიშვნელობა! უთხარით მსმენელს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია.

მაგ. 2: ცენტრიდან – ცენტრამდე სტრუქტურა აქ ძირითადი ცვლილება პირველ ნაწილს – შესავალს ეხება; გახსნა ხდება ძირითადი იდეით – ამბობთ მთავარ იდეას და შემდგომ ქრონოლოგიურად მიდიხართ იმ მთავარ იდეამდე; უპირატესობა ამ სტრუქტურისა იმაში მდგომარეობს, რომ მსმენელებში ჰბადებს ინტრიგას და მთავარზე ფოკუსირებას (რეკომენდირებულია როგორც ნაცნობ, ასევე ახალ აუდიტორიასთან)

მთავარი იდეა – შექმენით ფრთიანი გამონათქვამი, რომელიც გადმოსცემს თქვენს იდეას; ფრთიან გამონათქვამს ხალხი აიტაცებს და შესაბამისად დაიმხსოვრებს მთლიანად იდეასაც; თან ეს მსმენელის შთაგონებასაც გამოიწვევს და კმაყოფილებას გაზრდის, რაც მთავარია მსმენელის ფოკუსირებას ახდენთ მთავარზე.

მთავარი იდეის ახსნა – შემდეგ დაანახეთ მსმენელს მთავარი სურათი, საბოლოო შედეგი, სადაც თქვენ უნდა მიიყვანოთ მსმენელი.

ავტორიტეტული წყარო – ავტორიტეტულ წყარო ასეთი სტრუქტურის სიტყვაში უფრო ადრე სჯობს გამოიყენოთ, რათა მეტი ავტორიტეტი მოიპოვოს თქვენმა ფრთიანმა გამონათქვამმა და მთავარის იდეის ახსნამ.

აქტუალურობა და პრაქტიკულობა – მთავარი იდეის აღწერის ბოლოს არ დაგავიწყდეთ აუცილებლად ახსენოთ ამ იდეის სარგებელი – რა ეცოდინებათ მათ, სად მივლენ ამით, რატომ მოუხმეთ მათ თქვენს მოსასმენად. (ამის შემდეგ გადადიხართ ძირითადი იდეის წარდგენაზე, ისე როგორც პირველ მაგალითშია მოცემული)

ძირითადი იდეა

Case Study

შეჯამება

მიმართულების მიცემა

Feedback

სიტყვის გახსნის სხვა ვარიაცებიც არსებობს: გააკეთეთ შოკის მომგვრელი განცხადება, დასვით შეკითხვა, გაიხუმრეთ, წარადგინეთ რაიმე დოკუმენტი – გაზეთი, სურათი, რაიმე ინფორმაცია… ან საგანი – სომბოლური ასოციაციის შესაქმნელად. ა.შ. ეს ყოველივე იწვევს ინტერესს, ფოკუსირებას, შოკს, ის რაც გჭირდებათ აუდიტორიის ყურადღების დასაპყრობად სიტყვის გახსნისას.


4.3 რეპეტიცია – სიტყვის დაწერის შემდეგ ივარჯიშეთ გამოსვლაში თუ გნებავთ თქვენს ოთახში, თუ გნებავთ სარკის წინ (ეს თქვენს პრეზენტაბელურობის შეფასების შესაძლებლობას მოგცემთ. არ დაგავიწყდეთ რეპეტიციის დროს უკვე ის ტანსაცმელი გეცვათ, რომლითაც გამოდიხართ), და კიდევ რაც ძალზე რეკომენდირებულია – გაიარეთ რეპეტიცია იქ, სადაც უნდა გამოხვიდეთ – თავად იმ აუდიტორიაში, იმ საკონფერენციო დარბაზში, იმ სცენაზე, სადაც თქვენს სიტყვას წარმოთქვამთ. თუ სატელევიზიო ინტერვიუა, ითხოვეთ კამერა დადექით მის წინ და ისე გაიარეთ რეპეტიცია.


4.4 ინტონაციის მართვა – გამოსვლაში ინტონაციის მართვა აუცილებლად დაგჭირდებათ; როცა ერთი ნაწილიდან მეორეზე გადადიხართ, ინტონაციის შეცვლა აუცილებელია, რათა მსმენელმა იგრძნოს ცვლილება.

პრაკტიკულად ინტონაციაში ვარჯიშს განახორციელებთ რეპეტიციის დროს. მაგრამ დამეტებით: აიღეთ თქვენი საყვარელი მწერლის, პოეტის ლექსები და გამოსვლის წინა დღეებში ივარჯიშეთ მის წაკითხვაში. ლექსები ტკბილხმოვანებით და მუსიკალურობით ხასიათდება; ლექსების თქმაში ვარჯიში ინტონაციის დახვეწაში დაგეხმარებათ. თან თუ ეს პოეზია იქნება ისეთივე რთული და გრძელი წყობის, როგორიცაა ვეფხისტყაოსანი, შექსპირის სონატები თუ ჯეფრის ჩოსერის კენტერბერიული მოთხრობები, თქვენ საოცრად მომზადებულნი გამოხვალთ აუდიტორიის წინაშე. რატომ? თქვენ ივარჯიშებთ უფრო რთულად გადმოსაცემი მასალის წაკითხვაზე და შემდგომ თქვენს სათქმელ სიტყვას საოცარი სიადვილით და ინტონაციის 100%–იანი მართვით წარმოათქვამთ.

5. პრაიმინგი – (Priming)

გააკეთეთ პრაიმინგი, რაც გულისხმობს მსმენელების მომზადებას თქვენი სიტყვისთვის; გარდა ოფიციალური პირველი მოპატიჟებისა, წინა დღისით კიდევ ერთხელ შეეხმიანეთ წერილის, ელ.ფოსტის, ტელეფონის თუ sms–ის საშუალებით. უთხარით მსმენელებს, რომ თქვენ მათთვის მოამზადეთ თემა, ახალი იდეა, ა.შ., რომელსაც ხვალ წარუდგენთ. გააკეთეთ ანონსი. და უთხარით ხალხს, რომ შეხვედრა შედგება დ თქვენ გამოხვალთ სიტყვით – ამით თქვენ ხალხს ამზადებთ, რომ თავის გრაფიკში ჩაგსვან და ასევე თავისი გონების გრაფიკში – მათ მოლოდინი უძლიერდებათ პრაიმინგის შედეგად. მაგ.: როცა თქვენ წერილი მოგდით ელ. ფოსტაში “მანეჯმენტის” კვირის პოპულარული სტატიები, ამით თქვენ გეუბნებიან, გიბიძგებენ რა უნდა წაიკითხოთ, ან როცა ტელევიზორში ცხადდება, რომ გამოსვლას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, ამით მოსახლეობის მომზადება ხდება, რათა მოისმინონ პრეზდინეტის გამოსვლა და სხვა ყველაფერი გვერდით გადადონ. ასევე თქვენც – უბრალოდ უთხარით თქვენს მსმენელებს, რომ სიტყვა მოამზადეთ და ხვალ მაგ. 14:00 საათზე გააკეთებთ გამოსვლას.

6. როგორ ვილაპარაკოთ? – რამდენიმე რჩევა ეფექტური საუბრისთვის

გახსნა – სანამ სიტყვის წარმოთქმას დაიწყებდეთ, იქამდე შედით აუდიტორიასთან კონტაქტში – მიესალმეთ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს, ხელი ჩამოართვით, გაიცანით და გაუღიმეთ. ასე აუდიტორიას კეთილად განაწყობთ თქვენს მიმართ.

პოზიტიურობა – ილაპარაკეთ იმაზე რაც გაქვთ, რაც არის, შეეცადეთ პოზიტიური წინადადები ააწყოთ. ილაპარაკეთ ის თუ რისი მიღწევა შეიძლება და ნაკლებად რას ვერ მიაღწევენ. ხალხი თქვენგან განახლებას, გამხნევებას და მომართვას ელის და არა მათი ენთუზიაზმის და იმედების მიწასთან გასწორებას.

სხეულის ენა – გამოიყენეთ ჟესტები, იმოძრავეთ, მაქსიმალურად შედით აუდიტორიასთან კონტაქტში.

ვიზუალური კონტქატი – ამ ელემენტს ცალკე გამოვყოფ მისი მნიშვნელობის გამო – ილაპარაკეთ ენით, ილაპარაკეთ სხეულით და ილაპარაკეთ თვალებით, და ერთის ნაცვლად სამი ორატორის ეფექტს მოახდენთ აუდიტორიაზე. მუდამ შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი.

“სამის” ეფექტი – გაიგონიათ ალბათ ისეთი ცნობილ გამონათქვამები როგორიცაა ლენინის “სწავლა, სწავლა, სწავლა”, იულიუს ცეზარის “მიველ, ვნახე, დავიპყარი” ან ობამას “Yes, we can. Yes we can. Yes we can” (”ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია”). ძალიან ხშირად ორატორები “სამის” ეფექტს იყენებენ. განმეორება ძალიან ძლიერი ეფექტია საუბრის დროს.უდიტორიამ შეიძლება მარტივად დაივიწყოს ის, რაც ერთხელ თქვით, მაგრამ ძალზე ადვილად იმახსოვრებს ბევრჯერ გამეორებულს. შეგიძლიათ ერთი და იგივე სიტყვა გაიმეოროთ სამჯერ ან სამი სხვადასხვა. სამი სიტყვა ერთსა და იმავე იდეას გადმოსცემს და მის მნიშვნელოვნებას და სიძლიერეს ზრდის. (თუმცა, არა მარტო სამჯერ გამეორება ახდენს ეფექტს – მარტინ ლუთერ კინგი თავის ცნობილ სიტყვაში image
“მე მაქვს ოცნება” გაცილებით ბევრჯერ ამბობს ამ სიტყვებს და სწორედ ამ სამი სიტყვით დაამახსოვრდა მატრინ ლუთერ კინგის ლინკოლნის მემორიალთან საოცარი გამოსვლა მსმენელს)

იუმორი – როგორც უოლტერ დისნეიმ თქვა “მირჩევნია ხალხი გავართო და იმედი ვიქონიო, რომ რაიმე ისწავლეს, ვიდრე ვასწავლო და იმედი ვიქონიო, რომ გაერთნენ.” გამოიყენეთ იუმორი თქვენს გამოსვლებში. დაიმახსოვრეთ, მთავარია როგორ აგრძნობინებთ ხალხს თავს – ამას მსმენელი არ დაგივიწყებთ.

0
2364
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
2364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0