x
კინოს "სპეცეფექტების მამა" – ჟორჟ მელიესი
image
მე-19-20 საუკუნეებში მოღვაწე ჟორჟ მელიესი კინემატოგრაფიაში ძმები ლუმიერების მიერ დამკვიდრებულ მიღწევებს ავითარებს, იგი აგრძელებს მათ ტრადიციებს და აყალიბებს საკუთარ ინდივიდუალურ სტილს.ფრანგი კინემატოგრაფი დასაბამს აძლევს კინოს მხატვრულ ჟანრს, მიმართულებას და ქმნის თხრობითი-ნარატიული ხასიათის მქონე კინოსურათებს.ჟორჟ მელიესს მიეკუთნება ის მრავალი მიგნება, რომელიც დღემდე კინემატოგრაფიული ხელოვნების შექმნის მთავარ ტექნიკურ საშუალებებსა და ხერხებს წარმოადგენს.

ლუმიერების თანამედროვე და თანამემამულე მელიესი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, იტაცებდა ხელოვნების თითქმის ყველა სფერო.სამსახიობო-თეატრალური ხელოვნებისაკენ კი განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა.მასზე ილუზიონისტ რობერ უდენის წარმოდგენები იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ თავადაც გადაწყვიტა ფოკუსისა და ჯადოქრობის ტექნიკა სიღრმისეულად შეესწავლა. ვიდრე კინოსთან უშუალო ურთიერთობას დაამყარებდა, მელიესმა 1888 წელს უკვე გარდაცვლილი უდენის თეატრი შეისყიდა, სადაც შემდგომ საკმაოდ წარმატებულ და ხალხისათვის საყვარელ ილუზიონისტურ ნომრებს ასრულებდა.იგი უპირატესობას საცირკო ხასიათს მქონე შოუებს ანიჭებდა.მელიესის კინოწარმოებაში ჩართვა ლუმიერების კინოსურათების დამსახურებაა.ამ უკანასკნელთა მიერ წარმოებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა, “მოძრავმა ფოტოგრაფიებმა“ შთააგონა, სურვილი გაუჩინა ილუზიონისტს, თავადაც შეექმნა მსგავსი კინო პროდუქტები. მან მალევე შეიძინა „ბაიოგრაფი“ რობერ პოლისგან.

აღსანიშნავია, რომ კინო კარიერის საწყის ეტაპზე მელიესის ფილმები ძმები ლუმიერების კინოსურათების აშკარა ზეგავლენას განიცდის. მელიესი პირველ ნამუშევარს „ ბანქოს თამაშს“ უშვებს 1896 წელს, რომელიც სტილისტურად ძალიან ჰგავს ლუმიერების ამავე სახელწოდების მქონე ერთ-ერთ პირველ კინოსურათს.ორივე მათგანში მაგიდასთან მსხდომი სამი მამაკაცი თამაშობს ბანქოს, კადრში ჩნდება ოფიციანტიც.მელიესის კინოსურათში იდენტური სიუჟეტია, მხოლოდ ოფიციანტი ქალია, რომელიც, მართალია, თამაშის პროცესს ადევნებს თვალ-ყურს, ნაკლები ემოციური ექსპრესიულობით რეაგირებს მოთამაშეთა გადაწყვეტილებებზე.აღსანიშნავია, რომ იგი უმეტესად კამერას პირდაპირ უყურებს.


მალევე მელიესი მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებს, რაც უდიდეს გარდატეხას ახდენს კინოსურათების განვითარების პროცესში:პარიზის ქუჩის გადაღების დროს ჟორჟს აპარატში ფირი გაეჭედა, რის გამოც მცირე ხნით შეწყვიტა მუშაობა.პრობლემის გამოსწორების შემდეგ კი, როცა განაახლა გადაღება, , აღმოაჩინა, რომ ირგვლივ მოცემული ვითარება შეიცვალა, სხვა სცენა დახვდა ახალი ადამიანებითა და სიუჟეტებით.მომხდარის შედეგად მელიესმა დაასკვნა, რომ შესაძლებელია სხვადასხვა სცენების გადაღება და ერთმანეთთან დაკავშირება, სიუჟეტის ცვლილება, პერსონაჟებისა და სივრცის განახლება.შესაბამისად, ამ დროიდან კინოს ისტროიაში ჩნდება მონტაჟის ტექნიკა, რომელიც ჭეშმარიტად მელიესის შემქომედებას უკავშირდება.


მონტაჟური სტილითაა გადაღებული „გაუჩინარებული ქალბატონი“ 1896 წელს, რომელშიც ერთი და იმავე სივრცის ამსახველი სხვადასხვა სცენა, სხვადასხვა კადრი ებმის, მოსდევს ერთმანეთს.ამ ხერხით მელიესი ახერხებს კინოში ფოკუსის ელემენტების შეტანას.მან გადაიღო სხვადასხვა სცენა:ჯერ ქალბატონი ჯდება სკამზე, შემდეგ აჩერებს კამერას და ქალი ტოვებს გადასაღებ მოედანს, მეორე სცენას იღებს მის გარეშე, . მანდილოსნის „გაქრობის“ შემდეგ მხოლოდ მელიესი რჩება კამერის ობიექტივში.მელიესი სცენათა დამონტაჟების შედეგად ქმნის ქალბატონის გაქრობის იმიტაციას.ისიც აღსანიშნავია, რომ ილოზიონისტის ჯადოსნური ნაჭერი მანდილოსნის კაბას ბოლომდე ვერ ფარავს, რის გამოც კადრთა ცვლილება ჩვენი თვალისთვის შესამჩნევია.მონტაჟის საშუალებით სხვადასხვა კადრი არც თუ ისე ბუნებრივად ებმის ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ მელიესი გადაღებებს იწყებს არა პლენერზე, ღია ცის ქვეშ, არამედ ინტერიერის ფონზე, თავის კინოსტუდიაში.“სთარ ფილმის“ დაარსების შემდეგ 1896 წლიდან მელიესი აგებს შუშის გადახურვის მქონე სტუდიას, სადაც იწარმოება ყველა მისი კინოსურათი.იგი თავად იყო კინოოპერატორიც, მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, დეკორატორიცა და მემონტაჟეც.imageimage

განსხვავებით ლუმიერებისგან, რომელთა მიზანს რეალური გარემოს ასახვა წარმოადგენდა და არ უწევდათ სხვა ამოცანების გადაჭრა, დეკორაციების სპეციალურად შექმნა, მელიესს შიდა სივრცეში, სტუდიაში მუშაობისას უწევს, შეიმუშავოს თითოეული სცენისათვის შესაფერისი ფონი, რის გამოც ყველა დეკორაციას, მხატვრულ დეტალსა და ელემენტს თავისი ხელით ქმნის. კინოსურათებში დეკორაციის შემოტანა მელიესს უკავშირდება.იგი ოპტიკური ილუზიის შექმნის მიზნით პერსპექტივის კანონებს ითვალისწინებს, შორს მდებარე საგნების გადმოსაცემად მცირე ფორმებსა და პროპორციის კანონებს იყენებს.იმისათვის, რომ დეკორაციული ფონები კინოსურათში მკვეთრი და აღქმადი ყოფილიყო შავ და ნაცრისფერ ფერებში სრულდებოდა მათი უმეტესი ნაწილი.


image



მელიესის კინოსურათებში, ისევე, როგორც ძმები ლუმიერების ფილმებში, კამერა სტატიკურ მდგომარეობაშია.მელიესის მთავარი ამოცანა იყო, კინოსურათებში მსახიობების მთელი ფიგურა გამოეჩინა, როგორც თეატრში. უდენის თეატრის მეპატრონემ თეატრალური სამყაროსთვის დამახასიათებელი თავისებურებები კინოშიც გადაიტანა. მელიესი გადასაღები მოედნის წინ ათავსებდა კინოკამერას.აპარატის ფეხებს აბამდა თოკებს, რომელთაც გადასაღები სივრცის უკანა ფონის ორივე მხარეზე ამაგრებდა.ამით თითქოს ზუსტად აფიქსირებდა თეატრის მაყურებლის პოზიციას(proscenium framing) .მელიესი წინასწარ საზღვრავდა კამერის ხედვის არეალს, აფიქსირებდა იმ ოთხკუთხა სივრცეს, სადაც მოქმედება უნდა განვითარებულიყო, შესაბამისად, იგი კინოსურათის ერთგვარ მოჩარჩოებას აყალიბებდა.ჟორჟი უმეტესად მსახიობთა სამოქმედო სივრცის წინ კიდევ სხვა თოკს ავლებდა, რათა კამერაში პერსონაჟები სრულად გამოჩენილიყვნენ. მელიესის თეატრალური ხედვა მის კინოსურათებში აისახება პერსონაჟთა ფრონტალური განლაგებითა და მოძრაობით.როგორც თეატრალურ სცენაზე, მელიესის კამერის წინაც მსახიობთა მხოლოდ ერთი მხარე, ფასია წარმოდგენილი.შესაბამისად, ფრანგ ილუზიონისტს თეატრი, თეატრალური წარმოდგენები პირდაპირ გადააქვს ეკრანზე, სპექტაკლთა ეკრანიზაციას ახდენს.ეს უზრუნველყოფს თეატრიდან აღებული თხრობითი მიდგომის, სიუჟეტის ნარატიული ხასიათის გაჩენას კინემატოგრაფში.

მელიესის განსაკუთრებული კინემატოგრაფიული სპეცეფექტები უკვე გამოყენებულია 1896 წელს შექმნილ პირველ საშინელებათა ფილმში_“ თავზარდამცემი ღამე“, რომელშიც მძინარე მამაკაცის როლს მელიესი თავად ასრულებს.კინოსურათში ჩანს ჩაძინებულ კაცს საწოლზე როგორ აცოცდება უზარმაზარი ხოჭო.ეს უკანასკნელი მუყაოსგან დამზადებული მოდელია, რომელიც ზემოდან დაშვებული მავთულის საშუალებით მოძრაობს. თოკებისა და მავთულების გამოყენება მოძრაობის იმიტაციის გადმოსაცემად ასევე მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული სპეცეფექტია მელიესის შემოქმედებაში.კინოსურათის ბოლოს კაცი მოკლავს ხოჭოს, თუმცა ძილი უფრთხება.

მელიესი იწყებს მხატვრული კინოსურათების გადაღებას, უპირატესობას ანიჭებს ზღაპრულ სამყაროს, და ხშირად ფანტასტიკური ჟანრის ფილმებზე მუშაობს.იგი კინოს გასართობი საშუალებიდან აქცევს ხელოვების ერთ-ერთ არსებით ფორმად, სძენს მაღალმხატვრულ მნიშვნელობასა და ღირებულებას, ანიჭებს ნარატიულობასა და თხრობით ხასიათს.მელიესი ქმნის ინტერესის აღმძვრელ შინაარსის მქონე ნამუშევრებს.არტისტი იწყებს ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციასაც, ამისი მაგალითია „ფაუსტი და მარგარიტა“ . ჟორჟი აღნიშნულ კინოსურათში მრავალფეროვან სპეცეფექტებს იყენებს, გამოსახულებები ნელ-ნელა მქრთალდება და ქრება(matting), ან პირიქით ნელ-ნელა სიმკრთალიდან იკვეთება გამოსახულება.მელიესი მონტაჟური ტექნიკის გამოყენებით 4 წუთიანი ქრონომეტრაჟის მქონე ფილმში ხშირად ცვლის სცენებსა და პეიზაჟებს, ბუტაფორიებს.მაღალმხატვრულად შესრულებული ფონების დახვეწილი და მდიდრული ფორმები, დიდებული იერსახე მართლაც ცხადყოფს, რომ აღნიშნული ფონებისა და დეკორაციების შექმნა უსაზღვროდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.ფონების შექმნისას ცალსახად დაცულია ხაზობრივი პერსპექტივის წესები.კინოსურათში საკმაოდ ბევრი მსახიობია დაკავებული, ვინაიდან ხშირია მასობრივი სცენები. მათი კოსტუმებიც მრავალფეროვანი, დახვეწილი და ასახული ეპოქის შესაბამისია. კადრის მონტაჟის წყალობით მელიესი აფეთქების სპეცეფექტსაც იყენებს, რომლის საშუალებითაც უცბად ჩნდება ახალი პერსონაჟი.კინოსურათში ორმაგ ექსპოზიციასაც ვხვდებით_ფინალურ კადრში ორი სხვადასხვა გამოსახულებაა ასახული ერთდროულად.ამ კინოსურათში მთავარ როლებს თავად მელიესი და მისი ფარული სატრფო, დ’ალსი, ასრულებენ.

მელიესის დამსახურებას წარმოადგენს კინოსურათების ქრონომეტრაჟის გაზრდაც.სწორედ ის აყალიბებს სერიებს კინოწარმოებაში. ეს საშუალებას აძლევს კინოგამქირავებლებს ან ერთიანად აჩვენონ კინოსერიები ან ცალ-ცალკე .ასეთია 1899 გამოშვებული კინოსურათი „დრეიფუსის საქმე“, რომელიც საფრანგეთის არმიის კაპიტნის სასამართლოსთან დაკავშირებულ მოვლენებს მიეძღვნა.კინოსურათში მსახიობები ჟესტიკულაციით და ხელის მოძრაობებით აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, პლასტიკით გამოხატავენ ემოციებს.ვფიქრობ, რომ აღნიშნულ კინოსურათში მსახიობთა მიმიკა და გამომეტყველება ნაკლებ როლს ასრულებს პერსონაჟის მხატვრული სახის შექმნაში.მსახიობთა პირის აპარატიც იშვიათად ერთვება სიუჟეტის განვითარებაში, მთავარი აქცენტი და ყურადღება გადადის მათ ჟესტიკულაციაზე, ქცევასა და მოძრაობებზე. აღნიშნულ კინოსურათში უკვე ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა სივრცეში გადაღებული სცენები, შესაბამისად, ხდება მოქმედების ადგილის ცვლილება. ეს კინოსურათიც ერთ-ერთია მელიესის ფართო შემოქმედებიდან, რომელიც ავტორის ფენომენალურ ნიჭზე მეტყველებს, საოცრად ბუნებრივი ფორმებითაა შესრულებული დეკორაციები, რაც მთავარია ხაზოვანი პერსპექტივის დაცვით ისახება სანაპიროს შორეული სიღრმე. ჟურნალისტების სერიაში, ჩხუბის სცენა მხოლოდ ფიზიკურად, ხელების, ჯოხებისა და ქოლგების ქნევითაა გადმოცემული.ვფიქრობ, საინტერესოა ეს ეპიზოდი, ვინაიდან მილიციელები შლიან დაპირისპირებულთა წრეს, გაშველებული ჟურნალისტები კამერას უახლოვდებიან, და მსხვილი, ახლო კადრით ვხედავთ პერსონაჟთა(უმეტესი ნაწილის) მომღიმარ მიმიკებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ ჟესტიკულაციის საშუალებით ქმნიან მთელ ემოციურ ეფექტსა და სიუჟეტურ სურათს.

მელიესი მნიშვნელოვან მხატვრულ ეფექტს ამკვიდრებს კინემატოგრაფიაში: ერთ გამოსახულებას ტექნიკურად ამრავლებს და ფიგურის „კლონებს“ განალაგებს სივცრეში.გარდა ამისა შემოაქვს ფიგურის გაქრობის ეფექტი, ყოფს ეკრანს ორ ნაწილად(split screen). მსგავს ეფექტებს იყენებს ჟორჟი კინოსურათში „ადამიანი -ორკესტრი“.

მელიესის ყველაზე სახელგანთქმულ კინოსურათს 1902 წელს გადაღებული „მოგზაურობა მთვარეზე“ წარმოადგენს.ნამუშევარი სავსეა მელიესის ყველა მხატვრულ-კინემატოგრაფიული მიღწევითა და სპეცეფექტით.იგი შექმნილია ჟიულ ვერნის ნაწარმოების მიხედვით.ფანტასტიკურ-სამეცნიერო ფილმში ვხედავთ მელიესის ცნობილ მთვარეს, მის მიერ გაკეთებულ დეკორაციას. საოცარი სახითაა გადმოცემული მთვარეზე არსებული რეალობა.რთული და კომპლექსური დეკორაცის, ბუტაფორიისა და ფონის ავტორი მელიესია. შთამბეჭდავია უცხოპლანეტელების, მთვარეზე მცხოვრები არსებების ვიზუალი.ჟორჟი კინოსურათში ზღვისა და ოკეანეთის გადასაღებად იყენებს წყლის რეზერვუარს.

რამდენიმე წელიწადში მელიესის კინოსურათები კარგავენ პოპულარობას.კინოწარმოება სიახლეებს საჭიროებს, ფრანგი ილუზიონისტის კინოფილმები კი უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს, ხალხს მობეზრდა მისი ზედმეტად თეატრალიზებული სტილისტიკა. მელიესის საშიში ტრიუკებიც ვეღარ ზემოქმედებს მაყურებელზე.იგი ვერ ამოძრავებს კინოკამერას, ვერ ძლევს აპარატის სტატიკურობის პრობლემას.შარლ პატესთან გარიგების შემდეგ(1911 წელი დაახლ.), მელიესი კარგავს სტუდია-თეატრსა და მთელ ქონებას.1923 წელს პატეს ვალების გამო, მელიესს მოუხდება მთელი მონტრეი-სუ-ბას მამულის გასხვისება თავისი შენობებითა და მიწის ნაკვეთით...

„სპეცეფექტების მამად“ წოდებული ჟორჟ მელიესი თავისი ფართო და მრავალფეროვანი შემქომედებით ქმნის საკუთარ ნიშნას კინოს ისტორიის განვითარებაში.იგი კინოსურათებს აშინაარსებს, ხდის საინტერესოსა და მაღალმხატვრული მნიშვნელობის მქონე პროდუქტს.მას თეატრალური და ილუზიონისტური, საცირკო ხელოვნების თავისებურებები აქტიურად გადააქვს კინოში, უთვალავ სპეცეფეტს იყენებს საკუთარ ნამუშევრებში, რითაც ეძლევა საშუალება შექმნას ფანტასტიკური, ირიალური, საშინელებათა, ასევე ისტორიული ჟანრის ფილები.ვინაიდან მელიესი დაკავებული იყო ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციით, საფუძველი ჩაუყარა მხატვრული ჟანრის განვითარებას .ეს უკანასკნელი, ლუმიერებისგან განსხვავებით, არა ცხოვრების სურათებს, არამედ დადგმულ, წინასწარ განსაზღვრულ სცენებს იღებდა.მელიესი ამკვიდრებს სტუდიურ გადაღებას, კინოწარმოებაში არსებით მნიშვნელობას ანიჭებს დეკორაციებსა და მხატვრობას.რაც ყველაზე მთავარია მელიესის წყალობით კინო იქცევა ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად.

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა კერძევაძე
ანა კერძევაძე
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0