x
image
მანანა თურმანიძე
არასრული საუკუნე დევნილობიდან და სიღატაკიდან პრინცობამდე და გაღმერთებამდე
image

მისი სამეფო უდიდებულესობა, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანია მსოფლიოში. ის წარმოადგენდა ბრიტანეთის მონარქიას სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც ბრიტანეთის მოქმედი მონარქის ყველაზე დიდი ხნის კონსორტი. დედოფალთან ერთად, მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რათა სამეფო ოჯახი წარმოეჩინა, როგორც უცვლელი ინსტიტუტი მსოფლიოში, რომელიც თითქმის ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ელიზაბეტმა ტახტი დაიკავა 1952 წელს. თუმცა, ეს სტაბილურობა სრულიად ეწინააღმდეგება პრინცი ფილიპეს ადრეულ ეტაპზე განვლილ ცხოვრებას, რომელშიც იყო, როგორც ომი, დევნილობა, ასევე ტრაგედია და გამძლეობა. ხანგრძლივმა წარმატებულმა ქორწინებამ და სამეფო ოჯახმა მრავალმხრივი კომპენსაცია გაუწია მისი ახალგაზრდობის მძიმე წლებს და განსაცდელებს.


image


ფილიპი დაიბადა საბერძნეთის კუნძულ კორფუზე (კერკირა), მონს რეპოსში, საბერძნეთისა და დანიის პრინც ანდრიას და ბატენბერგის პრინცესა ალისას ერთადერთ ვაჟად, რომელთაც უკვე ჰყავდათ ოთხი ქალიშვილი: სესილი, სოფი, მარგარიტა და თეოდორა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში პრინცს ბრიტანელად თვლიან, ბევრმა არ იცის, რომ ფილიპე საბერძნეთისა და დანიის მთავრად დაიბადა. ეს აისახა მის სახელზეც, ნათლობისას მას დაარქვეს "ფილიპოსი". პრინცი ეკუთვნოდა დანიურ-გერმანულ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდერბურგ-გლიუქსბურგის სახლს. თუ დაბნეულობას აქვს ადგილი, განგიმარტავთ, რომ ფილიპი დაბადებიდან ბრიტანელი არ იყო, მაგრამ ინგლისთან ოჯახური კავშირები ჰქონდა. მისმა დედის ბაბუამ, პრინცმა ლუი ბატენბერგმა, ნატურალიზაციის შედეგად ბრიტანეთის მოქალაქეობა მოიპოვა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო მონტბატენის (Mountbatten) გვარი.



ფილიპე დედოფალ ვიქტორიას მეშვეობით იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მაგრამ იგი ასევე მეექვსე იყო ბერძნული ტახტის მემკვიდრეთა სიაში და მისი მამის ბიძა კონსტანტინე I იყო მმართველი მეფე. ფილიპე საბერძნეთში მშფოთვარე პერიოდში დაიბადა, მაგრამ მის მშობლიურ ქვეყანაში ყოფნა დიდხანს არ მოუხდა.


image

პრინცი ფილიპე მაუნტბატენი დაიბადა 10 ივნისს, 1921 წ., თუმცა, როგორც ირკვევა, სინამდვილეში ის არა 10 ივნისს, არამედ 28 მაისს დაბადებულა, რადგან იმ დროისათვის საბერძნეთი ჯერ კიდევ იულიუსის კალენდრით სარგებლობდა, გრიგორიანული კალენდარი კი მხოლოდ 1923 წელს შემოიღეს. საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი, ედინბურგის ჰერცოგი, გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე საბერძნეთის გლიუკსბურგების დინასტიის მეფეთა შთამომავალი გახლდათ. მაგრამ, იმის გამო, რომ მისი მამა საბერძნეთში სიკვდილიმისჯილი იყო, ცხოვრების წლები ფილიპემ დევნილობაში გაატარა. იგი სწავლობდა გერმანიასა და შოტლანდიაში, შემდეგ კი დაასრულა ინგლისის სამეფო სამხედრო-საზღვაო კოლეჯი. ბერძნული და დანიური ენები ესმოდა, თუმცა ვერც ერთზე კარგად ვერ საუბრობდა, სამაგიეროდ თავისუფლად ფლობდა ფრანგულ და გერმანულ ენებს.


ფილიპი იყო საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შვილიშვილი. ის დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილის, ბატენბერგის პრინცესა ელისის შვილია. მისი მამა, დანიის და საბერძნეთის პრინცი ენდრიუ კი მეფე კონსტანტინოს I-ის ძმისშვილი იყო. ამდენად, მშობლების გენეალოგიით, პრინცი ფილიპი ენათესავებოდა პრუსიის მეფეებს და რუსეთის რომანოვების დინასტიასაც კი. მეტიც, როცა ნიკოლოზ მეორის ოჯახის სავარაუდო ძვლები იპოვეს, იგი ერთ-ერთი იყო, ვისაც დნმ-ის ანალიზისთვის სისხლის ჩაბარება მოუხდა. პრინცი დედის გვარს - მაუნტბატენს ატარებდა, მამის ხაზით კი მისი გვარი შლესვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგი იყო.


image


როგორც ამბობენ, ფილიპი დედა დედოფალს, ელიზაბეთს მოსწონებია სასიძოდ. ფილიპი და ელიზაბეთ II ნათესავები იყვნენ, ისინი ორივე დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილები არიან. ელიზაბეთი ვიქტორიას უფროსი შვილის, მეფე ედვარდ VII-ის ხაზით, ფილიპი კი - პრინცესა ელისის ხაზით. ამასთან, ფილიპის დიდი ბაბუა, დანიის მეფე ქრისტიან IX, ელიზაბეთ II-ის ბაბუის ბაბუაც იყო. თავდაპირველად ფილიპი და ელიზაბეთი 1934 წელს, ქორწილში შეხვედრიან ერთმანეთს, თუმცა, მათ ოფიციალურ გაცნობად მაინც 1939 წელი მიიჩნევა, როდესაც წყვილმა წერილების წერა დაიწყო, რაც მალევე გადაიზარდა რომანტიკულ ურთიერთობაში.


image

1947 წელს ფილიპმა იქორწინა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ელისაბეთზე და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობიდან გადავიდა ანგლიკანური ეკლესიის აღმსარებლობაზე. მათ ოთხი შვილი შეეძინათ - სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი, სამეფო პრინცესა ანა, იორკის ჰერცოგი ენდრიუ და უესექსის ერლი ედუარდი.


პრინცი ფილიპი ფრენით იყო გატაცებული. მან 1953 წელს სამეფო საჰაერო ძალების მფრინავის წოდებაც მიიღო, ხოლო მოგვიანებით ვერტმფრენის მართვის და კერძო პილოტის მოწმობები გადაეცა. სამხედრო კარიერის დასაწყისში ფილიპი ბრიტანეთის ფლოტის რიგებში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. მან ბრწყინვალე სამხედრო კარიერა დაასრულა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ბრიტანეთის დედოფალი გახდა.


image

თავისი უკანასკნელი ფრენა პრინცმა ფილიპმა 76 წლის ასაკში განახორციელა. ამ დროისთვის მას ჰაერში უკვე 6 000-მდე საათი ჰქონდა გატარებული და მის არსენალში 59 საჰაერო სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება იყო დაგროვილი.


1961 წლის 29 მაისს პრინცი ფილიპი სამეფო ოჯახის პირველი წევრი გახდა, რომელმაც BBC-ის სატელევიზიო გადაცემა „პანორამა“-ში, მიიღო მონაწილეობა.


image

ოკეანეთის კუნძულ ვანუატუს ერთ-ერთ სოფელში არსებობს ლეგენდა ღვთაებაზე, მთების სულის ვაჟზე, რომელიც ერთხელაც "პრინცი ფილიპის მოძრაობის" რელიგიურ ჯგუფად იქცა. ეს მიმდინარეობა პრინც ფილიპს ღმერთად მიიჩნევს. ღმერთად აღიარებიდან მალევე ფილიპი თავადაც ესტუმრა ვანუატუს, მოგვიანებით კი, უკვე სოფლის მცხოვრებლებმაც ჩააკითხეს მას ლონდონში და ძღვენი მიართვეს.


ჰერცოგმა თითქმის ერთი საუკუნე იცხოვრა და გარდაიცვალა ა.წ. 9 აპრილს, 99 წლის ასაკში. თუმცა, დღეგრძელობა სამეფო ოჯახში იშვიათობას არ წარმოადგენს, მისმა სიდედრმა, დედოფალი ელიზაბეთის დედამ და ერთ-ერთმა დეიდამ ას წელზე მეტ ხანს იცოცხლეს. პრინცი ფილიპეს ნეშთი სამეფო საძვალეში დაკრძალვის ცერემონიამდე უინძორის სასახლის საკურთხეველში გააჩერეს. პანდემიის გამო სამგლოვიარო პროცესიას სულ 30 კაცი ესწრებოდა.


image


წელს დედოფლის "პლუს ერთი" მისი კუზენი, პრინც ედუარდი იქნება, დედოფლის ყოველწლიური დაბადების დღის აღნიშვნისას, რომელიც 12 ივნისს გაიმართება. დედოფალს და პრინც ედუარდს მამების მხრიდან ნათესაობა აკავშირებთ, მათი მამების, პრინც ჯორჯის, კენტის ყოფილი ჰერცოგის და მეფის, ჯორჯ VI წყალობით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კენტის ჰერცოგმა აიღო ეს განსაკუთრებული მისია მისი სამეფო ბიძაშვილის მხარდასაჭერად. ის მანამდეც უმშვენებდა გვერდს დედოფალ ელიზაბეტს აღლუმზე 2013 წელს, როდესაც პრინცი ფილიპი საავადმყოფოში გადაიყვანეს მუცლის ღრუს ოპერაციის გამო.

image


0
85
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0