x
image
თუთიკო ბერძენა
ენგურს გაღმა გაგზავნილი წერილი
image

მშიბზი’ა, აიაშა!


უშენობას ვითმენ, მაგრამ თმენამ სული დაგრიხა!
მიმოზების სიმორცხვეს, ატმისა და ნუშის რტოების ზმანებისამებრ თრთოლვას ავყევი, თავანკარა გაზაფხულმა გამათამამა და უცებ მომინდა ენგურს გაღმა გადმოგძახო, როგორ მენატრები და მაკლიხარ, მაგრამ მდინარის ხმაურმა ტალღებში ჩაიტანა ჩემი ხმა. ამიტომ გწერ წერილს. ფურცლებზე გადმოვღვრი ყველა იმ განცდას, რაც ჩემთვის შენთან - აფხაზ ძმასთან არის დაკავშირებული.

იცი? მე არ მენატრება არც პალმები და არც ფრთათეთრი თოლიები, არც ზღვა და არც ცარიელა ქუჩები, მე მხოლოდ შენ მენატრები, ჩემი აფხაზი დედმამიშვილი, ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი, ლეონ დიდის თანამემკვიდრე, დიახ, შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა ტერიტორიები და სანატორიები! რადგან აფხაზობა არის ჩემთვის ვაჟკაცობა, ზრდილობა, თანადგომა, თავდადება და გმირობა, რომელიც არაერთხელ გამოუჩენიათ თვით აფხაზ გენერლებს ქართველი გენერლების გვერდით და მხარდამხარ უამრავ ბრძოლაში.
მაინც რამდენ მტერს გავუმკლავდით ერთად! ვინ აღარ გვებრძოდა, -რომაელები, არაბები, ოსმალები, ბიზანტიელები და ჩვენი მტკიცე ერთობით ვერცერთმა ვერაფერი დაგვაკლო... თუმცა როგორ არა?
მუჰაჯირებად ვინ გაგვისახლა ჩვენი აფხაზი წინაპრები თურქეთში, არც ეს დამვიწყებია.... კი, ასე გათითოკაცების მზაკვრული გეგმით ავასირხვას დაგვამსგავსეს თანდათან - უნიკალურს და იშვიათს… ალბათ, საფლავში გიორგი შარვაშიძე უკუღმა ტრიალებს, რომ გარედან წაქეზებით ასე დავერიეთ ერთმანეთს ჩვენ, ვინც ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ მხარეს ვიბრძოდით! ამ ერთობის მოწმედ დგას დღესაც ბესლეთში თამარის ხიდი, ბედია, ამბარა და მოქვი, საფლავები წარწერებით - „აფხაზ-ქართველი თავადი“...

მინდა გაგახარო - აფზახური ენის სწავლა დავიწყე. მითხრეს, რომ აფხაზური აფხაზეთშიც ცოტამ თუ იცის დღესო, რაც ძალიან მეწყინა. შევქმენი ასეთი გვერდი: „ვისწავლოთ აფხაზური“, ერთად გავიძღვეთ ამ გვერდს და როცა გესტუმრები - აფხაზურად, ხოლო როცა მესტუმრები - ქართულად ვილაპარაკოთ.

იცი, რისი შინაგანი რწმენა მაქვს, აიაშა? რომ შენც ისე გენატრები, როგორც მე, უბრალოდ, ხმამაღლა გიჭირს ამის აღიარება, რადგან შენც ჩემსავით ამაყი ხარ... ჰო, არა მგონია, გეშინოდეს... უბრალოდ, ამაყი ხარ!

იცი, კიდევ რისი მჯერა, აიაშა? რომ მაინც ვერავინ მოახერხებს ჩვენს დაშორებას, რადგან გულიდან გასული სისხლი ისევ გულს უბრუნდება.

იცი, კიდევ რაში ვარ დარწმუნებული, აიაშა? ოდესმე შენც და მეც აზრზე მოვალთ, რომ ქართველები და აფხაზები ძალიან ცოტანი ვართ და მხოლოდ ერთად ყოფნით შევძლებთ გადარჩენას. ჩვენ ერთი გენეტიკური ფესვი გვაქვს და ერთმანეთივით ვერავინ გაგვიტანს. ერთმანეთს ვჭირდებით, აიაშა.....

საკვირველია, რომ ჭირისა და ლხინის გამზიარებლებად ერთ უბეში გაზრდილმა ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის სისხლით ხელები გაისვარეს! მეც ისევე მრცხვენია ამის, როგორც შენ!


მოდი, აიაშა, ჩვენ ვაჯობოთ მშობლებს და ძმათა შორის ომში დაღუპული აფხაზი და ქართველი ბიჭების სულის სიმშვიდისთვის ერთად ვილოცოთ, ერთად დავუდგათ ძეგლი ძმის ხელით სასიკვდილოდ დაჭრილ-განაწირ ძმებს.
მოდი, აიაშა, ჩვენვე გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი ბედი და თვითონვე გავიაზროთ კინკლაობის შედეგი! მესამე ყველაფერში ზედმეტია!

მოდი, აიაშა, მტრის ქეზებით, ერთმანეთს ნუღა დავეჭიდებით.
მოდი, აიაშა, წლობით ანარიდები თვალი თვალს შევახვედროთ და გული გულს დავუტოლოთ. მოდი, აიაშა, კვლავ გავზარდოთ სიყვარულით ჩვენი შვილები
მოდი, აიაშა, ისევ ერთად მოვიტაცოთ მთვარე, განარიდები,
ისევ გადავიხადოთ ქორწილები, ხან რომ აფხაზი და ხან ქართველი ითამადებს, ისევ ერთად ვიმღეროთ აზარი და მრავალჟამიერი, ვარადო და ჩაკრულო, ისევ ერთად ვიცეკვოთ, ცეკვაც რომ ლამის ერთნაირი გვაქვს.
მოდი, აიაშა! ...


მოუთმენლად ველი შენს პასუხს...

ჰოდა, კიდევ:
აფხაზეთი ნუ მანახოს ღმერთმა უაფხაზებოდ!

გკოცნის შენი ქართველი და - თამარი

აბზიარაზ, აიაშა!

1
144
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
144
  
2021, 8 აპრილი, 23:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1