x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ დახვრიტეს ქართველი გამომგონებელი,რომელმაც პირველი სამხედრო რობოტები შექმნა
image

ცნობილი ქართველი გამომგონებლის ვლადიმერ ბექაურის სახელი განუყოფლად უკავშირდებოდა ერთ – ერთ პირველ საპროექტო საწარმოს, რომელსაც ოსტეხბიურო(Остехбюро) ერქვა -უზენაესი საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო.

ბექაური იყო მისი ხელმძღვანელი, მთავარი გამომგონებელი და სულისჩამდგმელი. მისი წყალობით, წითელი რუსეთის ლიდერებმა განჭვრიტეს მომავალი და გააცნობიერეს, თუ რას წარმოადგენს რობოტოტექნიკა. ვლადიმერ ლენინს ყველაზე მეტად მოსწონდა რევოლუციის მტერებთან დისტანციური ბრძოლის იდეა, რადიო კონტროლირებადი ნაღმებით თავდასხმების მოგერიება და რადიო კონტროლირებადი გემებისა და თვითმფრინავების დახმარებით შეტევაზე გადასვლა.


ვლადიმერ ბექაური დაიბადა 1882 წლის 27 დეკემბერს სოფ. კიტოხში, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი, 1903 წელს დაამთავრა თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი. 1905 წელს მონაწილეობდა ხაშურის საორთქლ მომავალში დეპოს რევოლუციურ გამოსწორებაში, რის გამოც იდევნებოდა პოლიციისაგან.


თავად ბექაური ამბობდა, რომ რევოლუციამდე საქართველოში ბომბებს ამზადებდა სტალინელთა მიწისქვეშეთისთვის.

იმპერიის ძალოვანმა სტრუქტურებმა 23 წლის ბიჭში არა მარტო რევოლუციურად განწყობილი სახიფათო პიროვნება ამოიცნეს, არამედ როგორც ნიჭიერი გამომგონებელი და არც დააყოვნეს: 1907 წელს ბექაური გადაიყვანეს პეტერბურგში და დაასახელეს პრესტიჟულ ადგილზე, ტავრიჩევსკის ქუჩის მე -5 სახლში, ტელეფონიან ბინაში. ფულის გამომუშავების მიზნით, ბექაურმა დაიწყო ჭკვიანი სეიფების და დახვეწილი მექანიკური სათამაშოების დამზადება, რომლითაც აღტაცებაში მოდიოდნენ მდიდრები.ვლადიმერმა აქვე ცოლად შეირთო ლიადია ვალსტრემი (პულიტოვოს ქარხნის წარმოშობით შვედი მჭედლის ქალიშვილი), რომელთანაც ერთი ქალიშივილი – ნინო შეეძინა(ნინო ბექაური-მომავალში ცნობილი მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ი. პ. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი ნერვიული სისტემის ფიზიოლოგიის დარგში)

image

1910 წელს მან მიიღო პირველი პატენტი გამოგონებისთვის, რომლის წყალობითაც თარიღი და დრო ავტომატურად იწერებოდა ტელეგრაფის ფირზე. 1914 წელს ბექაურმა დააპატენტა აპარატი სარკინიგზო ვაგონების დგომის დროის რეგისტრაციისა და აღრიცხვისთვის. 1916 წლისთვის ბექაური 16 პირადი გამოგონების პატენტის და 46 პატენტის თანაავტორი იყო.ეს პატენეტები შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში.


1919 წლის 30 ივნისს ვ. ი. ლენინმა ხელი მოაწერა რუსეთის სფსრ სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტს, რომლითაც დამტკიცდა დებულება გამოგონებათა შესახებ. 1921 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით და პირადად ლენინის მიერ ხელმოწერილი მანდატით შეიქმნა „განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო სპეციალური დანიშნულების სამხედრო გამოგონებებისათვის“ ვლადიმერ ბექაურის ხელმძღვანელობით. სამუშაოებისათვის გამოყოფილი იქნა 150 ათასი შვეიცარიული ფრანკი და ბექაურს დაუქვემდებარეს 27 ინჟინრისა და 50 მუშა–ხელოსნისგან შემდგარი ჯგუფი. ბიუროს სამუშაოთა თემატიკა ეხებოდა ნაღმების, ტორპედოების წარმოებას, წყალქვეშა ცურვას, კავშირგაბმულობას, საპარაშუტო ტექნიკასა და სხვა დარგებს. აქ ამუშავებდნენ აგრეთვე ტორპედოებს წყალქეშა ნავებისათვის, განსაკუთრებულ ფუგასებს, რადიოს საშუალებით მართულ კატარღებს. ვლადიმერ ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო–სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია.

image

1922 წელს ვლადიმერ ბექაური გაემგზავრა გერმანიაში, ესტონეთსა და შვეციაში მის მიერ გამოგონებული სისტემის – სასიგნალიზაციო აპარატურის დამზადების შეკვეთის შესასრულებელი სამუშაოებისადმი თვალის სადევნებლად.

1929 წლისათვის წითელმა არმიამ მიიღო ბიუროს მიერ დამზადებული 11 ახალი სახის იარაღი, 24 სახეობა კი გადიოდა გამოცდას. უშუალოდ ვლადიმერ ბექაურს ეკუთვნოდა შემდეგი სახის კონსტრუქციები: პარაშუტის ავტომატური გახსნის მოწყობილობა, პარაშუტის დროის გარკვეულ მონაკვეთებში გასახსნელად (1922 წ.); მოწყობილობა ტორპედოს მოცემული ტრაექტორიით მოძრაობისა და აფეთქებისათვის (1924 წ.), ფარული რადიოსიგნალიზაციის ხელსაწყო, მანძილზე მართვის ხელსაწყო მცურავი კატარღებისათვის (1926 წ.) და სხვ.


საბჭოთა კავშირში რადიომაუწყებლობის სადგურების შექმნის შემდეგ მ. ფრუნზემ ვლადიმერ ბექაურს დაავალა, ეხელმძღვანელა აფეთქებებისათვის რადიოსიგნალის საშუალებით. 1925 წელს შედგა საცდელი აფეთქება – ფუგასებამდე მანძილი შეადგენდა 25 კილომეტრს, მალე ეს მანძილი 170 კილომეტრამდე გაიზარდა და რადიოთი მართული ასაფეთქებელი ხელსაწყო 1929 წელს ჩაბარდა სამხედრო წარმოებას სახელწოდებით „ბემი“ (ბექაურისა და მისი თანაშემწის პროფესორ მიტკევიჩის გვარების პირველი ასოების მიხედვით).

1932 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველი ნაღმების რადიოთი მართვის საჯარისო ქვედანაყოფი. 1936 წლის 10 მარტს ტექნიკის ახალი ნიმუშებით წითელი არმიის შესაიარაღებლად დიდი სამუშაოების წარმატებით შესრულებისათვის ვლადიმერ ბექაური შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა.


1937 წელს ვლადიმერ ბექაური გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს.გამომგონებელს აგრეთვე დაბრალდა სახსრების გაფლანგვა და დივერსიები, არა და სინამდვილეში, გამოყოფილ თანხებს, რომელიც ბიუროს ერიცხებოდა, გამოგონებებს უკანასკნელ კაპიკებამდე ახარჯებდა. დაკითხვის მეთოდები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში ისეთი იყო, რომ 55 წლის გამომგონებელმა ხელი მოაწერა ყველაფერს, რაც მისგან სურდათ.ბექაურის რეაბილიტაცია მოხდა 1956 წელს, სტალინის გარდაცვლების შემდეგ.


P.S.1941 წელს II მსოფლიო ომის დასაწყისში როდესაც საბჭოთა ჯარები უკან იხევდნენ და გერმანელები იკავებდნენ რუსეთისა და უკრაინის ქალაქებს, ყველგან შეინიშნებოდა ერთი მოვლენა – დროდადრო ხდებოდა შენელებული მოქმედების ნაღმების აფეთქება, თანაც გერმანელების მიერ დაკავებულ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე. გერმანელებმა შენელებული მოქმედების ნაღმების აღმოჩენა–გაუვნებელყოფისათვის მთელი ერთი წელი დაკარგეს და კიდევ ერთი წელი საკუთარი წარმოების მოდელების შესაქმნელად, თუმცა რადიონაღმების წარმოება მათ ვერ ააწყვეს და ამ ნაღმების გამოყენება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეძლეს. რადიოფუგასების უშუალო შემოქმედი ვლადიმერ ბექაური კი, რომლის მიერ შექმნილ იარაღს „ბექაურის საღობურე ნაღმი“ ეწოდებოდა, ამ დროისთვის უკვე ცოცხალი აღარ იყო.

0
510
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0