x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508457
პატრიარქ ლეონიდეს სიტყვა და სომხებთან საომრად ჩამოსული ხევსურების დალოცვა

imageპატრიარქ ლეონიდეს სიტყვა და სომხებთან საომრად ჩამოსული ხევსურების დალოცვა.

სალამი თქვენდა და ლოცვა-კურთხევა, ჩემო სულიერო შვილებო, სალ-კლდესავით მტკიცენო და გულგაუტეხელნო ძვირფასნო ხევსურნო!

ას წელზე მეტია, რაც თქვენი მამა-პაპები, მეფე ერეკლეს მოწოდებით, არწივებივით ჩამოფრინდნენ ხევსურეთიდან ჩვენს დედა-ქალაქ თბილისში კრწანისზე აღა-მაჰამედ-ხანთან შესაბრძოლებლად და სწორედ აქ, ამ ტაძარში, ვიდრე ბრძოლას დაიწყებდნენ, გულმხურვალედ შესთხოვდნენ ღმერთს მტრის დამხობა-დამარცხებას.

მართალია, ხსენებული მამულიშვილები სულ დაიხოცნენ ბრძოლის ველზე, ერთიც არ გამოსულა მათგანი ცოცხალი კრწანისის ომის ცეცხლიდან, მაგრამ სამაგიეროდ ქვეყანას უებრო გმირობის მაგალითი უჩვენეს, გამარჯვებული მტერიც კი აღარაფრად აფასებდა თავის გამარჯვებას, ისინიც გაშტერებული დარჩა ამ საზღაპრო და თვალით უნახავ ვეფხვთა გმირობით.

ძმებო! ეს იყო 123 წლის წინედ. მასუკან საქართველოს მზე ჩაესვენა. ერეკლე მეფემ სამარეში ჩაიყოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. წელში გატეხილ საქართველოს ბატო-პატრონებად შეიქმნენ რუსები, რომელთა მოხელეებიც არ სჯერდებოდნენ იმას, რომ ხელიდან გვაცლიდნენ მამა-პაპათა სისხლით შეძენილ მიწა-წყალს, სწავლა-განათლებას და მართმსაჯულებას, გვიზღუდავდნენ მოქალაქობრივ უფლებებს, ყოველ-გვარ ღონისძიებას ხმარობდნენ, რო შეეზიზღებინათ ჩვენთვის სამშობლო ენა, ხელი აგვეღო ჩვენს სალოცავებზე, შეგვეგინებინა და დაგვეგმო ჩვენი წინაპრების საფლავები. მაგრამ ვერას გახდნენ უგუნური მართველობის მოხელეები. კრწანისის ომის შემდეგ ხევსურებმა თითქოს კარი ჩაიკეტეს, ურთიერთობა შეწყვიტესო ბართან იმ ჟამამდე სანამ, საქართველო არ გაიწმინდებოდა უცხოელთა ბატონობისაგან…

დღეს, როდესაც რევოლუციის ქარიშხალმა გაფანტა და მტვრად აქცია ჩვენში რუსთა გამგეობა, როდესაც საქართველოს შვილებმა ისევ ჩაისუნთქეს სანეტარო თავისუფლების სულისჩამდგემლი ჰავა, როდესაც ივერიას ამაყად დაჰფრიალებს დამოუკიდებლობის დროშა და ამ ფას დაუდებელი სიკეთის ხელიდან გამოსატაცებლად ბრძოლა გამოუცხადებიათ ჩვენთვის ვერაგ და უმადურ სომხებს, თითქოს საფლავებიდან წამოდგნენ კრწანისზე დახოცილი ხევსურები, თითქოს უკანასკნელები მოუწოდებენ მთებიდან თავიანთ შვილებს სამშობლოს დასაცავად სომხების ვერაგობიდან და აი, ჩვენ წინ მდგომი ლაშქარიც მამების ძახილზე შევარდენივით ჩამოფრენილა დედა სიონში, რომ აღიჭურვოს ღვთის მადლით და მერე რისხვად მოევლინოს საყვარელი სამშობლოს მტრებს!

საუცხოვო სანახაობაა! ბედნიერი მოწმეები ვართ ისტორიის გამეორებისა. თვალწინ მდგომი სურათი ეჭვს გარეშე ჰყოფს, რომ ამ ასი წლის წინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გაწყვეტილი ძაფის წვერი თავის თავად გადება ქართველი ერისაგან სულ ახლად შეძენილ დამოუკიდებლობას და კრწანისის ველზე დახოცილი ხევსურების სული გაცოცხლებულია დღე[ს] მათ შვილებში, ამ მშვენებით სავსე ლაშქარში.

რა დარიგება მოგცეთ, რითი დაუმოძღვროთ და რა დაგავალოთ, საყვარელო ძმებო?

გული გაგიმაგროთ? გაგამხნეოთ? ვაჟკაც-მამულიშვილობის ცეცხლი გაგიღვიოთ?

არა! კლდესა და ფოლადს გამაგრება სჭირდება, თვითოეული ჩვენგანი განხორციელებაა მხნეობა ვაჟკაცობისა, ყველას მოდებული გაქვთ მამულიშვილობის გაუნელებელი ცეცხლი.

მე ახლავე ნათლად მეხარება თვალწინ სურათი იმ მხდალი სომხებისა, რომლებსაც ერთი თქვენი დანახვა კურდღლებივით დააფრთხობს და თავზარ დაცემულებს ძვირფას საფრებად გაუხდის ჩირგვებსა და სოროებს.

მტკიცედ მტკიცეა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ, ზარს დასცემთ და წელში გასწყვიტავთ უგნურ მტერს. ამისი სხვაფრივ წარმოდგენა ისევე დაუჯერებელია, როგორც თქვენი არაგვის შატილისაკენ მობრუნება.

თავმომწონე ვაჟებო! მე მხოლოდ ერთსა გთხოვთ და გევედრებით: შერცხვენით შეარცხვინეთ, დასჯით დასაჯეთ, კარგად აგრძნობინეთ და გააგებინეთ კიდეც თქვენი ვინაობა უმადურ და გაუტანელ სომხებს, მაგრამ შებრალებას იქონიეთ მათი, როგორც დიაცებისა და მთლად მეხად ნუ დაატეხავთ მათ თავებზე თქვენს სამართლიან რისხვას და გულის წყრომას. ქართველი იმითი ყოფილა და იმითია სახელოვანი, რომ მას არ სცოდნია და არც იცის წაქცეულ-დამარცხებულის დაწიხვლა.

მაშ, ღმერთი იყოს თქვენი წინა-მძღოლ-ხელის ამპყრობი. ყ-დ წ-და ღვთისმშობელი გფარვიდეთ თავისი დედობრივი კალთით. ლაშარი, თამარი, ხახმატი, გუდანი, კარატი და ყველა სალოცავები ჩაჩქნად და ფარად გექმნენ განსაცდელის დროს და დიდი და პატარა უვნებლად დაგაბრუნოთ თქვენს კერა-ოჯახებში.

მიიღეთ ჩემგან სულიერ სახსოვრად ეს წ-და გიორგის ხატი და თქვენი სასოება დიდებული გიორგი გიცავდეთ ყველას შინ და გარეთ!

გაუმარჯოს თქვენს მკლავს და დროშას! ამინ!image


0
569
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
569