x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352075
  • სურათი:480692
საქართველო დაჩქარებული წესით შევა ნატოში — გჯერათ თუ არა!

imageლელა კაკულია: საქართველო დაჩქარებული წესით შევა ნატოში — გჯერათ თუ არა!

(წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 70)

2012 წელი, 8 ივლისი

ის ცვლილებები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაში ხდება, დროებითია, მაგრამ ეს ცვლილებები ნამდვილად საჭირო იყო (ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება), თუმცა საერთაშორისო არენაზე დიდ დაძაბულობებს გამოიწვევს. ამას უფრო ძალისმიერ პოლიტიკას დაარქმევს ხალხი და ამის ნათელი მაგალითი კი, როგორც ყოველთვის, რუსეთი იქნება.

კრემლისთვის მხოლოდ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც რუსულ პოლიტიკას მოერგება, სხვა ქვეყნების აზრი არც აინტერესებს, ამიტომ მომავალში დიდი ომები ელით — ძალიან სერიოზული.

მაგრამ არც სხვა ქვეყნები უთმობენ, განსაკუთრებით კი ამერიკა. მით უმეტეს, რომ ამერიკის ახალ რესპუბლიკელ პრეზიდენტს, რომელსაც ძალზე რთული ხასიათი აქვს, ანუ ჯიუტია, დათმობა არ უყვარს, განსაკუთრებით კი წაგება. ის ყველაფერზე წავა, რომ არ წააგოს. ის დიდხანს არ ფიქრობს გადაწყვეტილებებზე და ბრძანებებს სწრაფად გასცემს არსებული მდგომარეობის მიხედვით. ასე რომ, ფრთხილად!

ასეთი პოლიტიკური დაძაბულობები და ურთიერთობები ამერიკასთან მიმართებაში რუსეთს ძალიან ჩააფიქრებს. ამერიკის პრეზიდენტი უკან არ იხევს, „მასთან მოლაპარაკებები რთულია და ის საშიშიცაა“, — ასე ფიქრობს რუსეთის მთავრობა. როგორც ძველი ძველი ხალხი იტყოდა, მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა. ასე რომ, მსოფლიოს დიდი ცვლილებები ელის ამ ორი წამყვანი ქვეყნისგან. განსაკუთრებით კი იმ პოლიტიკაში, რომელსაც ისინი აზიის ქვეყნებში, მუსლიმანურ სამყაროში გაატარებენ.

ვხედავ, ავღანეთიდან ამერიკა დროებით თუ გაიყვანს ჯარს, თორემ ავღანეთს არ დატოვებენ. ვხედავ, რომ თალიბებს სასტიკად გაუსწორდებიან. მათ სახელს საერთოდ წაშლიან, ისინი აღარ იარსებებენ. ამაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდება.

საერთოდ, მთელ აღმოსავლეთს მმართველ ძალებს შეუცვლიან. ამას ამერიკა „დირიჟორობს“ და ვერცერთი სახელმწიფო ხელს ვერ შეუშლის.

ჩავარდნა ელის ჩინეთის ეკონომიკას. არცერთ ქვეყანას აღარ სურს ჩინური ნაწარმი, რომლებიც მის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში მზადდება და მერე მთელ მსოფლიოში ნაწილდება. მომავალში ყველა სახელმწიფო ისევ საკუთარ ტერიტორიებზე გაიტანს ფაბრიკა–ქარხნებს და პროდუქციაზე ლეიბლს „მეიდ ინ ჩინა“ თავიანთი ქვეყნების დასახელებებით ჩაანაცვლებენ. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ხალხს დაასაქმებენ, სხვა თუ არაფერი. ეს კი პატარა საქმე არ არის.


ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ერთი პერიოდი, ასე დავარქმევ, მტაცებლური პოლიტიკა დაისადგურებს მსოფლიო პოლიტიკაში. სიტყვა „დემოკრატია“ თითქმის აღარავის ემახსოვრება. იქნება ქაოსი, მაგრამ ყოველივე მხოლოდ ჩამორჩენილ ქვეყნებს დაარტყამს — განსაკუთრებით კი მუსლიმანურ სამყაროს. შეიცვლება ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს წამყვან ქვეყნებზე. გადის დრო, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკის სადავეები ისევ მათ ხელშია, და ეს მუდამ ასე იქნება. ასევე ამერიკა, ნატო, მათ ადგილებს ვერავინ ვერ დაიკავებს.
პოლიტიკის გარდა, დიდი ცვლილებებია ბუნებაშიც. ვხედავ:

„ცოცხალია, იმოსება მწვანე სამოსელით,
წელიწადის ოთხივე დრო რიგრიგობით მოდის,
შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხულიც დგება
და მზის სხივით გაბრწყინებულ დედამიწას ვხედავ.

თან, შეხედეთ, რა ლამაზი ცისარტყელა ჩნდება,
მინდორ-ველი ხალიჩას ჰგავს, შავი ფერი ქრება,
ზღვას შეხედეთ ცისა ფერსა, რა ლამაზად ღელავს.
მის ტალღებში მოცურავე თოლიებსაც ვხედავ.

ცოცხალია, იმოსება მწვანე სამოსელით,
წელიწადის ოთხივე დრო რიგრიგობით მოდის“.

2012 წელი, 22 ივლისი

დღეს ირანი ძალიან რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაშია. მისი მთავრობა გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს. პოლიტიკოსებს ყველაფერი მხოლოდ გამწვავებისკენ მიჰყავთ, რაც ირანს ომის საშიშროებას უქმნის.

რუსეთ-ჩინეთის დუეტი საერთასორისო პოლიტიკურ არენაზე არავითარ დიდ ძალას არ წარმოადგენს არც ამერიკისთვის და არც ევროპისთვის. არ მოაგებინებენ. სანქციები და ძალისმიერი პოლიტიკის გატარება — აი ასეთი შეუცვლელი გეგმაა მოხაზული, ვხედავ, და ეს ასეც მოხდება 100 პროცენტით. ამისთვის განსაკუთრებით ამერიკაა მზად.

ვხედავ, ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს. მოსაზღვრე ქვეყნებთან ომი იქნება ერთადერთი გზა და გარანტი სტაბილიზაციისა.

სირია დაწყნარდება მომავალში. ახალი პრეზიდენტი მოდის. საბოლოოდ რუსული პოლიტიკა სირიაში წააგებს.

ირანის საკითხიც მხოლოდ ომით გადაწყდება მომავალში. მრავალი ამერიკული ხომალდი მოიყრის თავს ირანის წყლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ სამხედრო გემებს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, ყველგან შესვლის უფლება აქვთ. ვერავითარი ძალა ნატოს ძალებს ვერ შეეწინააღმდეგება. „გვაქვს უფლება შევიდეთ, რათა მსოფლიოს ხალხთა უფლებები დავიცვათ“, — განაცხადებენ ისინი. ამერიკის მთავრობის ასეთი ქცევა ძალიან შეაშფოთებს ირანს.

რუსეთის მთავრობას კი სხვანაირი ლოზუნგი აქვს. ისინი ვითომ რუს ხალხს იცავენ აგრესიისგან სხვა ქვეყნებში და ტერიტორიების ოკუპაციას ახდენენ — როგორც ეს საქართველოში მოიმოქმედეს. მაგრამ მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველო ძალიან მალე დაიბრუნებს. ეს ასი პროცენტით ასეა. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

საერთოდ დედამიწაზე ყველაფერი იცვლება — იცვლება ბუნება, იცვლება პოლიტიკა, იცვლებიან სახელმწიფოები და იცვლებიან ადამიანებიც. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მუდამ. კატაკლიზმები და ბუნებრივი მოვლენები — რაც ხდება და კვლავაც მოხდება, ადამიანებს დიდად დააზიანებს, მაგრამ პროცესებს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ბუნების ცვლილებებში თავად ადამიანებს მიუძღვით ლომის წილი, რომელიც ყველაფერს იგონებს იმისთვის, რომ საკუთარი თავი აიფეთქოს. რადიაციულ ნარჩენებს, ქიმიურ იარაღს, ბაქტეოროლოგიურ ომებსა და საიდუმლო იარაღს, რის შესახებ ბევრმა არც იცის, უბრალოდ სანაგვეზე ვერ გადაყრი და ვერ მოიშორებ. ადამიანებმა ანთება იციან, მაგრამ ჩაქრობა — არა. და ამ ყველაფერს ჩააქრობს მხოლოდ და მხოლოდ კოსმოსი, რომელმაც მთლიანად დედამიწა უნდა გაასუფთავოს. დედამიწა ფერს იცვლის მომავალში.

განსაკუთრებით დიდი ცვლილებები რუსეთში მოხდება მომავალში. ვხედავ, ეს ცვლილებები საზღვრებთან, ტერიტორიებთან დაკავშირებითაც იქნება. ეს გამოიწვევს ძლიერ და დიდ არეულობებს კავკასიაში, ასევე იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი თავის ტერიტორიებად მიიჩნევს. აქედან იწყება დიდი სირთულეები და ომები.

რუსეთს თითქოს კი აქვს იმდენი ძალა, რომ თავისი გეგმა აღასრულოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. სულ ვხედავ, რომ ეს გეგმა რუსეთისთვის ძალიან სავალალო იქნება — ანუ დაპყრობა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა. ამას მოუსწრებს ჩრდილოეთ კავკასიის ომებიც, რომელსაც ვერ ჩააქრობენ. ეს ყველაფერი მუდმივ ომებში გადაიზრდება.

დაღესტანი რუსეთის იმპერიის დიდი თავისტკივილია, რომელსაც ვერაფერსაც ვერ უხერხებენ და ვერც მოუხერხებენ. ამაზე ჯერ კიდევ 1992-1995 წლებში ვიწინასწარმეტყველე.

რუსეთს საქართველოს დათმობა არ სურს, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მთელ კავკასიას, ძალაუფლებას, გავლენას დაკარგავს ( თუმცა დღეს თითქმის უკვე დაკარგულიც აქვს). ამიტომ რუსეთი დღეს უფრო საშიშია, ვიდრე წარსულში იყო. მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა უკვე არავითარ ანგარიშს არ უწევენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ პოლიტიკას, მათ მოსაზრებებს. აქაც ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებენ, რითაც ძალიან აკვირვებენ მსოფლიო და რასაც გამოუსწორებელი მოვლენები მოჰყვება.

ხოლო საქართველო, ვიმეორე ასჯერ დაწერილს, მრავალჯერ დანახულს: მომავალში ძლიერი და ანგრიშგასაწევი ქვეყანა, ევროპის ნაწილი ხდება დაბრუნებული ტერიტორიებით — აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, მერე კი იმ ტერიტორიებითაც, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ მითვისებული. მათი დაბრუნების დროც დადგება და დავიბრუნებთ კიდეც ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.

2012 წელი, 20 აგვისტო

ვხედავ, ჩრდილოეთ ოსეთში დიდი მიწისძვრა მოხდება. ფრთხილად! თითქმის ყველაფერი ინგრევა. მოსაზრება, რომ ეს სეისმური ზონა არ არის, ფუჭია. კავკასიონიც განიცდის ბუნებრივ კატაკლიზმებს და ბუნება აქაც ფერს იცვლის. ადამიანი კი ვერასდროს გააკონტროლებს ამ მოვლენებს, ვინაიდან ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და ისევ კოსმოსში ბრუნდება. არცერთი ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება — ადამიანი უძლურია. საბედნიეროდ, დედამიწა, ანუ ბუნება, ვხედავ, მალე დაწყნარდება.

აი მსოფლიო პოლიტიკაში კი დიდი სირთულეები კვლავ გრძელდება. ირანს დათმობა არ სურს, რაც მათ სახელმწიფოებრიობას დიდ დარტყმას მიაყენებს. ომები ირანს არ ასცდება. ეს მრავალჯერ დავინახე და დავწერე.

შეერთებულ შტატებში, ვიმეორებ, მოდის პრეზიდენტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ამერიკის პოლიტიკას, განსაკუთრებით, საგარეოს. ეს იქნება დიდი შეტევითი პოლიტიკა: „არავითარი დათმობა! დროა მსოფლიო მოწესრიგდეს!“ _ განაცხადებს ის. ახალი პრეზიდენტი ბევრს აიღებს თავზე, მაგრამ საბოლოოდ ხალხის გულს მოიგებს. „იგი ზრუნავს ამერიკასა და ამერიკელ ხალხზე“, — ასე იტყვიან.

ახალი პრეზიდენტი ერთ-ერთი ძლიერი ლიდერის სახელს დაიმკვიდრებს. ის არავის არ დაექვემდებარება, არც ანგარიშს გაუწევს ვინმეს ან რამეს. მოქმედებს სწრაფად და გააზრებულად. მას სწამს ღმერთი, მაგრამ ღვთის მოშიში არ არის — იგი ღვთის მოსიყვარულეა. რელიგიის მიმართ განსაკუთრებული აზრი აქვს, თანაც აბსოლუტურად სწორი. იგი განსაკუთრებით მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ, კრემლის პოლიტიკას არ დაეთანხმება და არც აპირებს, რომ რაიმე დაუთმოს.
„ეს საშიშია“, — ფიქრობს ყველა მის გარდა. „პირიქით, თუ ყველას თავის ადგილს არ მივუჩენთ მსოფლიოს პოლიტიკაში, ეს სახელმწიფოები იქნებიან, თუ იქნებიან, საშიშები კაცობრიობისათვის“, — განაცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

ის არც ჩინეთს დააყრის კარგ დღეს და არც ირანს დაუთმობს არაფერს. პირიქით, იგი საომრადაა მზად და შეუტევს კიდეც ირანს — იმ ქარხნებს ააფეთქებს, სადაც ურანს ამდიდრებენ.

რუსეთი კი ხმასაც ვერ ამოიღებს, თვითონაც ომობს ყოფილ საჭოთა ქვეყნებთან. არ სურს, დამოუკიდებლობა მისცეს მათ, რაც რუსეთს საერთოდ არ ეკითხება. მთავრობის მცდელობა, არ დაიშალოს რუსული „დერჟავა“, მიმართულია ერთადერთი გამოსავლისკენ — ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, თუნდაც ომების ფასად. მაგრამ რუსეთი ვერ აღადგენს საბჭოთა კავშირს. მისი მთავრობა მხოლოდ ყველაფერს აურევს კავკასიაში, ასევე ყაზახეთსა და უზბეკეთშიც. რუსეთი ძალიან სახიფათო პოლიტიკას გაატარებს და ვხედავ, ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან. იქნება ომები, რომლებიც რუსეთს, რუს ხალხს შეეხება. ფრთხილად!!!

საქართველო კი მაინც აირიდებს უსიამოვნებებს რუსეთთან. ამერიკის მხარდაჭერა(!!!) ძალიან დიდია საქართველოს მიმართ, რომელიც არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა მისი სრული ოკუპაცია მოახდინოს. ეს არ მოხდება, ვინაიდან რუსეთს თვითონ გაუჭირდება საკუთარ სახლში, სადაც ყველა და ყველაფერი აუმხედრდება კრემლის ბინადართ.

ვხედავ ასჯერ დანახულს: საქართველო დაჩქარებული წესით შედის ნატოში. ეს ასე მოხდება, გჯერათ თუ არა. ამით საქართველო თავს გადაირჩენს. ამინ!

2012 წელი, 5 სექტემბერი

საქართველოს პოლიტიკა ძირფესვიანად იცვლება. მოდის ხალხი, ვისაც მოსახლეობა, ანუ მთელი საქართველო ენდობა. ეს ის ხალხია, ვინც ჯერ კიდევ 1994-95 წლებში დავინახე და დავწერე: „მეცნიერთა პარტია“. დღევანდელი პოლიტიკური მოვლენები დროებითია. მხოლოდ ამ პოლიტიკური ომების შემდეგ გამოიკვეთებიან „მეცნიერები“. ეს სულ სხვა ხალხია — უცნობნი დღევანდელი პოლიტიკისთვის, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან ნაცნობი სახეები.

ვიმეორებ: მოხდება დიდი და მოულოდნელი ცვლილებები. მთავარი კი ის არის, რომ საქართველო განაგრძობს სახელმწიფოებრივ არსებობას.
რუსულ გეგმებს საქართველოს მიმართ ასრულება არ აწერია. კავკასიის ომები — ეს არ არის საქართველოს ომები. ამ ომებს რუსეთი, მიუხედავად დიდი მცდელობისა, არ და ვერ გადმოიტანს საქართველოში.

კავკასიის ომები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე, ასევე ვიწინასწარმეტყველე აზერბაიჯანისა და სომხეთის ომიც, რომლის განსაახლებლად ისინი ყოველთვის მზად არიან. მთავრი აქ მაინც რუსეთია. იგი დირიჟორობს ჯერჯერობით კავკასიაში და თუ სომხები ფიქრობენ, რომ რუსეთი მათი დიდი მეგობარია, ვხედავ, რომ ძალიან ცდებიან. რუსეთი ჩაითრევს სომხეთს კავკასიის ომებში, თანაც თავის დაპირებებს არც აასრულებს.

რუსული გეგმა ძალზე სახიფათოა, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიისთვისაც. რუსეთი ძალიან დიდ პროვოკაციაზე წავა, რათა საქართველო ჩაითრიოს ამ ომებში, მაგრამ ვერ გამოუვა, ვერ განახორციელებს ამ გეგმას.
აქ იკვეთება ამერიკის როლი ქართულ პოლიტიკაში. და ეს როლი საქართველოს გადაარჩენს რუსული აგრესიისგან.

ამერიკის მხარდაჭერა უფრო ძლიერდება, ვინაიდან საქართველოს მყარი მდგომარეობა და სახელმწიფოებრიობა ამერიკის ინტერესებში შედის. ეს კიდევ უფრო გამოიკვეთება მომავალში.

კვლავ მინდა აღვნიშნო „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის პიროვნება: ეს სწრაფ გადაწყვეტილებას ღებულობს და ყველაფერი მოქმედებაში მოჰყავს. სწორიც არის. „აქ საფიქრალი არაფერია“, — ამბობს პრეზიდენტი და ეს მისი საყვარელი გამონათქვამია.

ვხედავ, ბევრმა საკითხმა, რომლებიც დროულად არ გადაწყდა, დიდი არეულობა მოუტანა მსოფლიო პოლიტიკას. და ამერიკა იწყებს ღია, დიდ პოლიტიკურ თამაშს და ეს ბევრ სახელმწიფოს შეაშინებს. სწორიც არის. პოლიტიკას არ უყვარს დაყოვნება და დიდხანს ფიქრი. ნათქვამია, ვინც პირველი ურტყამს, ის იგებსო. მომავალში ამერიკული პოლიტიკა ისევ ძლიერ ნაბიჯებს დგამს და ისევ თავის სიმაღლეზე დგას, როგორც ყოველთვის.

რესპუბლიკელი პრეზიდენტი უკან არ დაიხევს — ეს მისი ხასიათიცაა. სხვათა შორის, ძალიან სწამს წინასწარმეტყველებებისა და დიდ პატივს სცემს ყველაფერს, რასაც ჰქვია ნიჭიერება და ფენომენი. ჭკვიანი კაცია, თუმცა მის პოლიტიკურ ნაბიჯებს ბევრჯერ სიგიჟედ შერაცხავენ.

„თუ ფაქტი სახეზეა, უნდა იმოქმედო, არ უნდა ბევრი ფიქრი, თორემ წააგებ“, — ასე ფქირობს ახალი პრეზიდენტი, რომელიც, ასე ვთქვათ, სულზე მიუსწრებს ამერიკის ჩაძირულ პოლიტიკას და გადაარჩებს მის იმიჯს მსოფლიოში.

განსაკუთრებით ღვთის რისხვად ის მუსლიმურ სამყაროს მოევლინება, თუმცა ამავე დროს — მშველელადაც. დიახ, ამერიკა ერთადერთი გზააა მუსლიმთა გადასარჩენად.

რუსეთიც უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან დიდი სიურპრიზები ელის რესპუბლიკელი პრეზიდენტისგან.

ამერიკის პრეზიდენტი უკან არაფერზე დაიხევს. თუ საჭიროა, ომსაც დაიწყებს და საინტერესო იცით, რა არის? რომ იგი აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს პირადად. მრჩეველებს ყურს უგდებს ყურადღებით, მაგრამ მაინც თავისი გადაწყვეტილებებით იმოქმედებს და არც არავის შეეკითხება. იგი ყველა ომს მოიგებს. უბრალოდ, სხვებს ეშინიათ პასუხისმგებლობისა და ამიტომ უჭირთ სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, პრეზიდენტს კი ეს საერთოდ არ აშინებს — დიდხანს არ ფიქრობს, თავის თავზე იღებს ყველაფერს და სწორიც არის. მიაჩნია, რომ ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ ქვეყანა მართოს და სირთულეებისა არ შეეშინდეს, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები და იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის პრეზიდენტი. თანაც, მსოფლიოში ისე დაიძაბა პოლიტიკური ვითარება, რომ ფიქრის დრო აღარც რჩებათ პოლიტიკოსებს. პატარა შეცდომამ შეიძლება დიდი ნგრევა, ომები გამოიწვიოს.

რესპუბლიკელი კანდიდატის გაპრეზიდენტება ბევრ სახელმწიფოს და ბევრ პოლიტიკოსს აშინებს. იგი დიდ ცვლილებებს შეიტანს მთავრობაში, შექმნის ძლიერ გუნდს. ვხედავ, ეს ის გუნდია, რომელიც დღესაც და მომავალშიც სჭირდება ამერიკას. ისინი, ჯერ ფიქრიც რომ არ აქვთ დამთავრებული, უკვე იწყებენ სწრაფ მოქმედებას. ჩნდება შიში და მორიდება. დიახ, ეს ერთადერთი გზაა, რომ მსოფლიოს ქვეყნები დაწყნარდნენ, ჩაქრეს ის ომები, რომლებიც ადამიანებს არ სჭირდებათ და დედამიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს.

განსაკუთრებით მუსლიმური ქვეყნებია მოსაწესრიგებელი. თვითონ თავს ვერ აბამენ საქმეს, მათი პოლიტიკა წამგებიანია და მთავარი: არ ჰყავთ ისეთი ლიდერი, რომელიც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყველაფერი ირევა უფრო და უფრო, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ ბედავს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს და მართოს ქვეყანა.
მოკლედ, ქაოსია. ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია. ფრთხილად, ადამიანებო, დიდი განსაცდელი გელით...

(გაგრძელება იქნება)image

0
39
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
39