x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
მე არ ვულოცავ დედაჩემს 3 მარტს!


დედოს დღე,  ქეთი გაბინაშვილი
ყოჩივარდების თაიგულები, ყალბღიმილიანი ფოტოები, აზრს მოკლებული საჩუქრები და საჯაროდ გამოფენილი სიყვარული. სამყაროს დასანახად მილოცვილი წელიწადში ერთი, მხოლოდ ერთი დღე. ყველასთვის თავსმოხვეული პირადი განცდა. ბევრი ლექსი და ციტატა დედის ერთადერთობისა და განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად. ნაკლები საკუთარი ფრაზა და ბევრი სმაილი, რადგან ამ ხელოვნურად შექმნილი ემოციების, მოხტუნავე ძაღლების პირში გაჩრილი გულებისა და კატების ჩახუტების გარდა არაფერა დაგვრჩენია. ჩვენ ხომ ერთმანეთთან და ერთმანეთზე საუბარი რახანია დაგვავიწყდა. სიტყვები ნელ-ნელა დავკარგეთ და ახლა ამ პატარა წითელი გულების გარეშე აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვიყვარს. ან კი რა ფასი აქვს ახლა ამ სიტყვას, ასე გაცვეთილსა და სულამოცლილს.

დედებს არ ვულოცავ 3 მარტს, ჩვენს თავს- შვილებს- ვულოცავ:

მოსალოცია უდავოდ, ყოველი დღე მთის კალთაზე დამარილებული ფეხებით რომ ავლენ ჩვენი მოხუცი დედები და გამოჰყურებენ გზას, რომელმაც იქნება მათთან მიგვიყვანოს, ასე უმიზეზოდ, ყოველგვარი მოვალეობისა და ვალდებულებების გარეშე;

მოსალოცია, ყველა ზარი, რომელიც გავუთიშეთ, ან გაღიზიანებულმა ჩავჩუჩულეთ: არ მცალია, მალე მითხარი. მალე სათქმელი კი არც არაფერი ჰქონდა, უბრალოდ ჩვენი ხმის გაგება უნდოდა;

მოსალოცია რომ ერთხელაც არ მოვუსმინეთ, როგორ გვიყვებოდა მეზობელი ნოდარას გოგოს ამბავს, რადგან ჩვენს მაღალ მატერიებთან მისი ყოველდღიური ამბები აზრს იყო მოკლებული;

მოსალოცია, ის კაბები, პენსიიდან გადანახული, ხელსახოცში გამოკრული, უკანასკნელი ფულით რომ იყიდა კვირა დღის ბაზარში, თოთო ბავშვივით მკერდში ჩაკრული რომ მოჰქონდა და გული უნათდებოდა, როცა წარმოგვიდგენდა ამ კაბებში გამოწყობილს, რადგან იცოდა, რომ ეს მკერდზე დაყრილი ღიღილოები ჩვენი თვალის ფერს მოუხდებოდა, ჩვენ კი არც კი მოვიზომეთ, რადგან მოდიდან მეტიმესტად გადასული იყო;

მოსალოცია, ყველა დღე, როცა შევამჩნიეთ დანაოჭებული ხელით როგორ მალულად იწმენდდა ცრემლს და არ ვკითხეთ, ხომ არაფერი აწუხებდა;

მოსალოცია, არც ერთ ზაფხულს რომ არ ვთქვით უარი ზღვისპირა ქალაქში დასვენებაზე და აგვისტოს ხვატში მშობლიურ კარს არ მივადექით, რათა რამდენიმე დღე მის ზღაპრებს შევხიზნებოდით;

მოსალოცია, თავისი ბავშვობის ამბების თხრობა ერთხელაც რომ არ მივაყვაინეთ ბოლომდე;

მოსალოცია, ჩვენგან ხმამაღლა ნათქვამი ყველა სიტყვა;

მოსალოცია, ის ბოლო მოდელის ტელეფონები სამშბლოსგან გადახვეწილებმა სხვის შილების მოვლისას აღებული ფულით რომ გვიყიდეს;

მოსალოცია ფიქრი იმ დღეზე, საბოლოოდ რომ ჩაალაგებს ჩემოდანს და სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს, რადგან რამდენად ხმამაღალიც უნდა იყოს ჩვენი სადღეგრძელოები, კარგად ვიცით, რარიგ გავვუცხოვებივართ ერთმანეთს. რა უშავს თუ მოხუცდა და უცხო მიწაზე სიკვდილი აშინებს, იმაზე ფიქრიც კი შემზარავია, რომ ერთ დღეს სარჩო შემოგვაკდება და თავად მოგვიწევს გარჯა;

მოსალოცია, ქუჩაში გამომდგარი უკვე 40-ს მიტანებული კაცები რომ სიგარეტისა და სასმლის ფულს დედას ვართმევთ. და თუ საყვედური დასცდა, როგორ მოგვაწვება სისხლი ყელში, როგორ გაიღვიძებს ჩვენს სულში არსებული ურჩხული და იქნება, იქნება ისეც მოხდეს, ხელი ავწიოთ ჩვენს დაჩიავებულ, გალეულ დედაზე, ჩვენზე დარდმა რომ მოხარა წელში;

მოსალოცია, არასდროს რომ არ გვიკითხავს მას რა უნდოდა, რადგან გვეგონა, რომ დედებს საკუთარი სურვილები არ აქვთ და მათი ყველა ფიქრი ჩვენს ირგვლივ უნდა ტრიალებს;

მოსალოცია, რომ ერთხელაც არ მოგვიხდია ბოდიში და არც მადლობა გადაგვიხდია, იმ ტკივილისათვის რასაც ჩვენ გამო გრძნობდნენ და იმ მსხვერპლისათვის, რაც ჩვენთვის გაიღეს;

მოსალოცია, რომ აზრს აღარ ვეკითხებით, თუნდაც სრულიად გამოსადეგარს, მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს, რათა სჯეროდეს, რომ ჯერ ისევ საჭიროა;

მოსალოცია, რომ ყველა იმედი, რაც გავუცრუეთ...

რა გრძელია სია... რა უსაშველოდ გრძელი და მტკივნეული. და რომც შევძლოთ მისი დაწერა, რამდენად არის აზრს მოკლებული ყოველივე, როგორი ყალბი და ფუჭია ყველა სიტყვა, რადგან ხვალინდელი დღეც არ იქნება უკეთესი. ჩვენ არ შევიცვლებით, ღრმად გვაქვს გამჯადარი რწმენა, რომ დედებს მაინც ყველაფრის პატიება შეუძლია. ჩვენ გავაგრძელებთ დედებისათვის გულის ტკენას მომავალი წლის 3 მარტამდე, რათა მერე ისევ გამოვფინოთ საჯაროდ მათთვის ნაყიდი საჩუქრები და ქვეყანას გავაგებინოთ, როგორი კარგი შვილები ვართ.

მე არ ვულოცავ დედაჩემს 3 მარტს. საკუთარ თავს არ მივცემ უფლებას, სიცოცხლის მთავარ ღერძს, სამყაროს საწყისსა და სასრულს, ყველაზე მშვენიერსა და უპირობოდ მოყვარულს, ყველაზე დამთმენსა და ყველაზე დიდი ტკივილების ჩუმად მატარებელს, მხოლოდ ერთი, ერთი გასაცოდავებული დღე მივულოცო. რადგან არ არსებობს დედის გარეშე; დედაზე ფიქრის გარეშე არც ერთი დღე; არც ერთი საათი; არც ერთი სიზმარი, რომელშიც ის არ იქნება; არც ერთი შიში, რომლის გაფანტვაც მას არ შეეძლოს; არც ერთი მზე, რომელიც მასზე მეტად ანათებდეს; არც ერთი ია, რომელიც მის ღიმილზე მშვენიერია... სამყაროა თავად დედა, ჩვენ კი ყველას საკუთარი სამყარო გვყავს. მასზე ფიქრს სიტყვები არ სჭირდება. ეს სამყარო გულშია და ჩვენთან ერთად ფეთქავს. იმდენად თავისთავადია, რომ ხანდახან მისი არსებობა გვავიწყდება. მაგრამ წუთით თუ დავფიქრდებით მივხვდებით, რომ ჩვენი მთავარი ძალა მასშია, ისაა ჩვენი ბიძგიც, ჩვენი მფარველი ანგელოზიც, ჩვენი უხილავი გზამკვლევიც და მის გარეშე არც ერთ გზას არ ექნებოდა არც დასაწყისი და არც დასასრული, არც ერთი გზა არ მივიდოდა სინათლემდე.

არ ვულოცავ დედის დღეს დედებს, რადგან ყველა დღე, რომელიც უკან დარჩა და ყველა დღე, რომელიც უნდა დადგეს, მათ ეკუთვნით.

ქეთი გაბინაშვილი

0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0