x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
«ხელები დაიბანა» და მკაცრად დაისაჯა... როგორ მოეკითხა ცოდვები პილატეს

სახარების წყალობით, პილატე პონტოელი სამუდამოდ დარჩა ისტორიაში ადამიანად, რომელმაც ქრისტე სიკვდილით დასაჯა. მან ეს, რომის იმპერიის, იუდეის პროვინციის პრეფექტის თანამდებობაზე ყოფნის დროს გააკეთა.

რომის კანონის მიხედვით, მხოლოდ მას შეეძლო ადამიანისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის შემდეგ, მისი დამტკიცება. ამიტომ, რელიგიურმა სასამართლომ განხილვის შემდეგ, სწორედ მას გადაუგზავნა იესოს საქმე. ამ უკანასკნელმა, ის იუდეის ფორმალურ მმართველს, მეფე ჰეროდეს გადასცა. მაგრამ, მან ბრალდებული ისევ რომაელებს დაუბრუნა.


image


რაც შემდეგ მოხდა, დეტალურად არის აღწერილი სახარებაში და უკანასკნელი 2 ათასი წლის მანძილზე, დაწერილ უამრავ წიგნში და ხელოვნების არაერთ ნიმუშშია ასახული. თავად პილატემ კი, პრეფექტის თანამდებობაზე ყოფნის დროს, არაერთი მსგავსი განაჩენი გამოიტანა. ფილონ ალექსანდრიელის ცნობით კი, რომელიც I საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, პილატეს სასამართლოს გარეშეც, არაერთი ადამიანი გაუკრავს ჯვარზე და ბევრიც ჩამოუხრჩვია. იმ პერიოდის წყაროებში, პილატე მრისხანე ოკუპანტად არის დახასიათებული, რომელიც ჯერ ადგილობრივებს ბუნტისკენ უბიძგებდა და ფაქტიურად, მის პროვოცირებას ახდენდა, ხოლო შემდეგ, მათ სჯიდა და სისხლისღვრას აწყობდა.

გარდა ამისა, პილატეს ბრალს კორუფციაშიც სდებდნენ — შეწყალების სანაცვლოდ, ის ქრთამს იღებდა და თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, თანამდებობის პირების მოსყიდვასაც არ ერიდებოდა. ძნელი სათქმელია, ამ ბრალდებებში რამდენია სიმართლე, რადგან ჩვენ ამის შესახებ, ძირითადად, საჩივრებიდან ვიცით, რომელსაც პილატეზე იუდეველი მეფეები წერდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ადგილობრივი მმართველები და მოსახლეობა პილატეს ვერ იტანდა. მიუხედავად ამისა, ის პრეფექტის თანამდებობაზე 10 წელი დარჩა, რაც ისეთ მეამბოხე რეგიონში, როგორიც იუდეა იყო, ძალიან ბევრია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის სავსებით აწყობდა, როგორც რომის იმპერატორს, ისე მის პირდაპირ უფროსს — რომის პრეტორს სირიაში.

სისასტიკის გარდა, პილატემ კაცობრიობას თავი იმითაც დაამახსოვრა, რომ ქრისტეს ჯვარზე გაკვრის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, «ხელები დაიბანა». მსგავსი ფაქტები, — როდესაც დამნაშავეები ხელების დაბანით, საკუთარი სინდისის ხმის ჩახშობას ცდილობენ, ცნობილია თანამედროვე ფსიქოლოგიაშიც და ის «ლედი მაკბეტის ეფექტის» (უ. შექსპირის «მაკბეტში» მოთხრობილია გენერლის შესახებ, რომელიც ხელისუფლებაში, შოტლანდიის მეფის მკვლელობის შემდეგ მოდის. ამას ის არასდროს გააკეთებდა, რომ არა მისი მეუღლე, ლედი მაკბეტი. ამ ამბის შემდეგ, მალევე, საბედისწერო ქალბატონს ნამუსის ქენჯვნა დაეწყო და მიხვდა, რომ ცივსისცლიანი მკვლელობა — ისე ადვილი არა ყოფილა, როგორც ეგონა. დანაშაულის გრძნობით გატანჯულ ლედი მაკბეტს ჰგონია, რომ ხელები სისხლით აქვს დასვრილი და ცდილობს, ის დაბანით მოიცილოს.) სახელით არის ცნობილი და როგორც აღმოჩნდა, ის მეტისმეტად ძლიერია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ტორონტოს უნივერსიტეტის (University of Toronto) მეცნიერთა ჯგუფმა, ჩენ-ბო ჩჟუნის ხელმძღვამელობით, მთელი რიგი კვლევები ჩაატარა. მათ ექსპერიმენტებში მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს და საკუთარი წარსულის გახსენება სთხოვეს. ამასთან, ერთ ჯგუფს კეთილი საქმეები უნდა გაეხსენებინა, მეორეს — მათ მიერ ჩადენილი, ნაკლებად ეთიკური საქციელი. შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა წევრს მისცეს ფურცლები და დაუსრულებელი სიტყვების — «W _ _ H» და «SH _ _ ER» შევსება სთხოვეს. როგორც გაირკვა, ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი ცოდვები გაიხსენეს, «WASH» (ინგ. «დაბანა») და «SHOWER» (ინგ. «შხაპი») დაწერეს, ხოლო ვინც კეთილი საქციელი გაიხსენა — «WISH» (ინგ. «სურვილი») და «SHAKER» (ინგ. «შეიკერი»).

შემდეგ ტესტზე, ისევ სთხოვეს გამოსაცდელებს, საკუთარი ეთიკური და არაეთიკური საქციელის გახსენება და მაგიდიდან ფანქრის ან სველი ხელსახოცის აღება სთხოვეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ გაიგებთ, რომ 3/4-მა, ვინც ცოდვები გაიხსენა, სველი ხელსახოცი აირჩია.

გამოდის რომ, პილატეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ქრისტეს მიმართ დანაშაულს ჩადიოდა და ხელები საქმის დასრულების ნიშნად კი არ დაიბანა, როგორც აქამდე ფიქრობდნენ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი სინდისის ხმა ჩაეხშო და ნამუსის ქენჯვნა შეემსუბუქებინა...


ქრისტეს ჯვარცმიდან, 3 წლის შემდეგ, პილატეს იღბალმა ზურგი აქცია. სირიის პრეტორის ახალგაზრდა მოადგილემ ლუციუს ვიტელიუსმა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გამო იუდეაში იმყოფებოდა, პილატეს სასტიკი საქციელის შესახებ, ადგილობრივებისგან შეიტყო. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მან იუდეის პრეფექტად პუბლიუს მარცელიუსი დანიშნა. ხოლო, პილატეს რომში გამგზავრება და სასამართლოს წინაშე წარდგომა უბრძანა.
პილატემ, ოჯახთან ერთად, კესარია დატოვა და რომის იმპერიის დედაქალაქში გაემგზავრა. სამწუხაროდ, რა მოხდა შემდეგ, ცნობილი არ არის. სწორედ იმ წლის დასაწყისში, იმპერატორი ტიბერიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის მარტში გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გაიუს იულიუს კეისარი გახდა, რომელიც უფრო მეტად, კალიგულას სახელით არის ცნობილი.

წარსდგა, თუ არა პილატე მართლმსაჯულების წინაშე, ცნობილი არ არის. არ არსებობს ინფორმაცია, მის მიერ, რომში, რომელიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შესახებაც. ახალმა იმპერატორმა ყველა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საკუთარი ხალხი დანიშნა. სავარაუდოდ, რადგან პილატეს რეპუტაცია საფუძმლიანად იყო შერყეული და თან, ის ძველი ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო, რაიმე სახის პრეტენზია არც მას უნდა ჰქონოდა...

არ არსებობს პირველწყარო, იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პილატე. მაგრამ, ევსები კესარიელის (263–340) ცნობით, ის კალიგულამ გალიაში გადაასახლა, სადაც მას თავს არაერთი უბედურება დაატყდა. ხოლო ბოლოს, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მისი გვამი ლუცერნის მახლობლად, 1548 მ. სიმაღლეზე მდებარე ტბაში ჩააგდეს და მას მისი სახელი დაარქვეს. იმ ადგილზე დღეს ჭაობია. ხოლო, ლეგენდა იმდენად პოპულარულია შვეიცარიაში, რომ ლუცერნის მთავარ მთას «Pilatusberg» (პილატეს მთა) ეძახიან.

imageimageimage
imageimageimageimage




1
512
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
512
  
2021, 6 მარტი, 18:12
ძალიან საინტერესო სტატიაა. "ხელების დაბანა", ადრე თუ გვიან, მაგრამ ყოველთვის იწვევს "ლედი მაკბეტის ეფექტს".
0 1 1