x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352076
  • სურათი:480692
ძალადობის გავლენა ბავშვზე

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა გავლენას ახდენს ბავშვზე ძალადობა. ვფიქრობ, ეს თემა ძალიან მტკივნეულია და სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში აქტუალურია.
რა არის ბავშვზე ძალადობა? მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობა ბავშვისთვის მატრავმირებელი ქცევაა. ძალადობას ყოველთვის თან ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, პირადი საკუთრების ხელყოფით, საჯარო შეურაცხყოფით, ან სექსუალური ექსპლუატაციით.

image

ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას. ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევა შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის ცემა ტირილის შეწყვეტის ან დამორჩილების მიზნით; და ასევე ბავშვთან ურთიერთობის, ქცევის მუდმივი ფორმა, როგორიცაა, მაგალითად, სექსუალური გამოყენება, ზრუნვის არარსებობა, ემოციური ზეწოლა.
ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევის მხოლოდ ერთი მიზეზი არ არსებობს. ამის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების მიმართ ძალადობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე, რასაზე, ეროვნებაზე ან რელიგიაზე დამოკიდებული არაა.

არსებობს ბავშვზე ძალადობის რამდენიმე ფორმა:


ფიზიკური ძალადობა _ ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და/ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას: დარტყმა, ხელის კვრა, სილის გაწვნა, წამოთაქება, ან სხვა ფიზიკური ზემოქმედება, თუნდაც „აღმზრდელობითი“ მიზნით;

ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა _ ქცევები, რომელთა მიზანია აკონტროლოს, მართოს ბავშვის მოქმედებები და ემოციები მისი დამორჩილების მიზნით: დამამცირებელი მეტსახელით მიმართვა, მუქარა, ისეთი საქციელის დაბრალება, რომელიც მას არ ჩაუდენია და სხვა. ბავშვზე ძალადობაა მოზრდილთა ჩხუბი ბავშვის თანდასწრებით. ემოციური ძალადობა შეიძლება ვლინდებოდეს ცალკე ან შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემადგენელ ნაწილს;

სექსუალური ძალადობა _ ბავშვის გამოყენება სექსუალური მიზნებისათვის: სექსუალური მეტყველებით დევნა, ეროტიული ელფერის ალერსი, თვალთვალი, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვა ან ხელშეწყობა, გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა, სასქესო ორგანოების დემონსტრირება, ღია საუბრები სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, სისხლის აღრევა (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულება და სხვა.

უგულებელყოფა _ ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების (საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, მოვლა, მეთვალყურეობა, ყურადღება, განათლება, სამედიცინო დახმარება და სხვა) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო (სიღარიბე, ფსიქიკური დაავადებები, გამოუცდელობა) ან ამგვარი მიზეზების გარეშე.

რაც შეეხება ამ დროს ტრავმულ სტრესს, ეს არის ფსიქოლოგიური შოკი. გვიჭირს იმის გაგება თუ რა მოხდა და ახლა რა უნდა მოვიმოქმედოთ. გვეუფლება უსიამოვნო განცდები, აზრები და ფიზიკური შეგრძნებები. ყოველი ადამიანი მატრამვირებელ მოვლენაზე განსხვავებულად რეაგირებს, მაგრამ არსებობს ისეთი ტიპური რეაქციებიც, რომლებიც ზოგადად ტრავმისთვის არის დამახასიათებელი. სტრესზე განსხვავებულად რეაგირებენ ბავშვებიც, განსაკუთრებულად ადრეულ ასაკში. მაგალითად მათთან ღამის კოშმარებში აისახება მატრამვირებელი მოვლნა და სავსეა ურჩხულების და სხვა საშინელებების გამოსახულებით. ინციდენტის შინაარსი ბავშვებს ხშირად გადააქვთ თავიანთ თამაშებში- დასაფლავობანა, ომობანა, დასჯობანა და ა.შ. ზოგჯერ ეს თამაშები მონოტონურ ხასიათს ატარებენ, სადაც სიუჟეტის არანაირი ცვლილება არ ხდება და სანახავადაც შემზარავია.

ტრავმის შინაარსი ასევე ხშირად აისახება ბავშვის ნახატებში.
image


ბავშვი ვერ ახერხებს გამოთქვას საკუთარი სულიერი ტკივილი, მაგრამ ის აისახება მის ქცევაში- აგრესია, შფოთვა, ბრაალეულობა, ჭარბი მორცხვობა, მშობლებთან განშორების შიშები და ა.შ. ტრავმა საგრძნობლად აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას- ხშირია მოტორული და ემოციური განვითარების შეფერხება, სომატური ჩივილები, მხედველობის დაქვეითება, ენის ბორძიკი, ფიზიკურ ზრდაში ჩამორჩენა, ხშირი ავადმყოფობა თუ სხვ.

ხშირად განიცდიან სოციალურ ან ქცევით რეგრესიას, რამაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას თანატოლებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით სოციალურ პირობებში, მაგალითად სკოლაში. თავის ტვინის დონეზე, ძალადობის მქონე ბავშვებმა შეიძლება გამოავლინონ ნევროლოგიური ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების შემეცნების პრობლემები, აღმასრულებელი ფუნქციონირება (ინფორმაციის ორგანიზების და სინთეზის უნარი)პრობლემები, ენის შეფერხება ან უნარშეზღუდულობა.

თითოეული ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს ძალადობასა და ტრამვებზე.ზოგიერთი უფრო გამძლეა, ხოლო ზოგი უფრო მგრძნობიარე.რამდენად წარმატებულად უმკლავდება ბავშვი ძალადობას და ტრამვას დამოკიდებულია რამდენიმე ასპექტზე, ესენია: კარგი მხარდამჭერი სისტემის არსებობა ანდა სანდო უნრთიერთობა ზრდასრულებთან. 2. მაღალი თვითშეფასება და 3. ჯანსაღი მეგობრული ურთიერთობები.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ალბათ ვერასდროს შეძლებენ დაივიწყონ რაც ნახეს ან გამოცადეს ძალადობის დროს მათ მაინც შეუძლიათ ისწავლონ საკუთარ ემოციებთან და მოგონებებთან გამკლავება მოწიფულ ასაკში.რაც უფრო ადრე მიიღებს ბავშვი დახმარებას, მით მაღალია მისი შანსი გახდეს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ზრდასრული.





0
24
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ფურცელაძე
ანი ფურცელაძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0