x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110485
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
კოგნიტური განვითარების პიაჟესეული საფეხურები

image


ჟან პიაჟე მე–20 საუკუნეში მოღვაწე შვეიცარიელი ფსიქოლოგი გახლდათ, რომელიც პიროვნების კოგნიტური განვითარების თავისებურებებს შეისწავლიდა. ზოგადად, მეოცე საუკუნეში მრავალ ახალ თეორიას ჩაეყარა საფუძველი, ამ პერიოდში მეცნიერებისთვის ბავშვის განვითარება სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევდა. სწორედ მათგან ერთ–ერთი გახლდათ ჟან პიაჟე. მან სათავე დაუდო კოგნიტური განვითარების თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანის შემეცნება და მისი განსჯის უნარი რამდენიმე ეტაპად ყალიბდება.


პიაჟეს სჯეროდა, რომ ბავშვები ცოდნას სამყაროში მანიპულირების და კვლევა–ძიების გზით აგროვებენ. მაშასადამე, იგი უარყოფდა, რომ სწავლა უფროსების მიერ ბავშვების წახალისებაზე ან დასაჩუქრებაზეა დამოკიდებული, ვინაიდან მისი თეორიის თანახმად, ადამიანი აქტიურ, დინამიკურ და შემოქმედებით არსებად აღიქმება, რომელსაც საკუთარი ძალისხმევითა და გარე სამყაროსთან უშუალო კავშირით შეუძლია განვითარდეს.


განვითარების შესახებ პიაჟეს შეხედულებებზე დიდი გავლენა მოახდინა ბიოლოგიის ცოდნამ. განსაკუთრებით გარემოსთან ადაპტაციის ბიოლოგიური კონცეფციის არსებობამ. აქედან გამომდინარე, იგი ამტკიცებდა, რომ როგორც ჩვენი სხეული ცდილობს გარე სამყაროსთან შეგუების მიზნით ადაპტაციას, გონებაც ამ შეგუების პროცესის მიზნით ვითარდება.


გარემოსთან ადაპტაციაზე მსჯელობისას პიაჟესეულ მოძღვრებაში ორი ახალი ცნება შემოდის, კერძოდ, ასიმილაცია და აკომოდაცია. მოკლედ რომ განვმარტოთ, ასიმილაციის დროს სიტუაცია ერგება არსებულ სქემას. მაგალითად, ბავშვი, რომელმაც იცის, რომ ჩიტი დაფრინავს, სხვა მფრინავ ობიექტებსაც ჩიტთან აიგივებს. აკომოდაციის შემთხვევაში კი პირიქით, სქემა იცვლება, რათა მოერგოს არსებულ სიტუაციას და ბავშვი ხვდება, რომ ყველაფერს, რასაც ფრთები აქვს ჩიტი არ არის და ეს, შესაძლოა, უბრალო თვითმფრინავიც იყოს. მიუხედავად ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებისა, ეს ორი პროცესი არანაირად არ გამორიცხავს ერთმანეთს. მეტიც, ადაპტაციური მექანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი ჰარმონიზებული თანაარსებობა. გარემოსთან ვერ ვადაპტირდებით თუ ყველაფერს მხოლოდ ერთი კუთხით განვიხილავთ, რადგან არსებობს შემთხვევები, როცა მხოლოდ ასიმილაციის ან მხოლოდ აკომოდაციის პროცესს ვერ ვენდობით. მაგალითად, თუ ბავშვს მხოლოდ სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელ ფორმულას ვასწავლით, შემდეგ კი წრის ფორმულის გამოთვლას მოვთხოვთ, ასიმილაციის მეთოდით იგი ახალი ამოცანის გადაწყვეტას კვლავ ძველი ფორმულით შეეცდება, რაც საბოლოოდ არასწორ შედეგამდე მიგვიყვანს. მაშასადამე, ინდივიდისთვის გარემოსთან ადაპტაციისას, ორივე ზემოაღნიშნულ პროცესს შორის წონასწორობის შენარჩუნება ინტელექტუალური განვითარების ძირეულ საფუძველს წარმოადგენს.

პიაჟე ზემოაღნიშნული ინტელექტის განვითარების სტადიალურ თეორიას ავითარებს და აზროვნების განვითარებაში ოთხ ძირითად საფეხურს გამოყოფს.


კოგნიტური განვითარების პიაჟესეული საფეხურები:


1.სენსორულ–მოტორული სტადია (0–დან 2 წლამდე)

  • ამ შემთხვევაში, სახელიდან გამომდინარეც ნათელია, რომ ბავშვის განვითარება ძირითადად შეგრძნებებსა და მოტორიკაზეა დამოკიდებული. ბავშვი გარე გამღიზიანებლებს მოტორული რეაქციებით(ჩაბღუჯვა, ხელის მოკიდება და სხვ.) პასუხობს.
  • იგი რეფლექსურიდან მიზანმიმართულ ქმედებებზე გადადის.
  • ნელნელა უყალიბდება საგნის მუდმივობის შეგრძნება. ეს ძალიან საინტერესო ტერმინი პირველად პიაჟემ შემოგვათავაზა, რადგან მას სჯეროდა, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკში არ გააჩნიათ ობიექტის მუდმივობის განცდა, შესაბამისად, ვერ აანალიზებენ, რომ როცა ობიექტი თვალთახედვის არედან ქრება, იგი არსებობას მაინც განაგრძობს. სწორედ ამგვარი მსჯელობით ადასტურებდა პიაჟე ყველასათვის ცნობილი თამაშისგან, ე.წ. „ჭიტა–დამალობანასაგან“ გამოწვეულ აღტაცებით რეაქციებს ბავშვებში.
  • ბავშვი ამავე ეტაპზე იწყებს იმიტაციას, მიბაძვას, მეხსიერებისა და აზროვნების გამოყენებას.

2.წინა ოპერაციული სტადია (2–დან 7 წლამდე) – ეს საფეხური ოპერაციამდელი სტადიის სახელითაც არის ცნობილი. ამ ეტაპზე სენსო–მოტორულ ქცევას ანაცვლებს ფიქრი, აზროვნება, რომელიც თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა. ცნებამდელი აზროვნება მიმდინარეობს 2–დან 4 წლამდე და ინტუიციური აზროვნება 4–დან 7 წლამდე.

ცნებამდელი აზროვნების ძირითადი მახასიათებლები:

  • ამ დროს ბავშვებში თითქმის ყოველთვის ვხვდებით ანიმიზმისა(ბავშვს ჰგონია, რომ ყველა საგანს აქვს აზროვნების უნარი, გრძნობა და ყველა მოძრავი ობიექტი ცოცხალია) და სიმბოლური აზროვნების შემთხვევებს.
  • ამ ეტაპზე ფართოვდება ინტელექტის ფუნქციონირების სფერო და აწმყოში შესრულებულ მოქმედებას ემატება წარსულისა და მომავლის გაცნობიერება.
  • ასევე საინტერესო ტერმინია არტიფიკალიზმი, რომლის მიხედვითაც, პატარას სჯერა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შექმნილია ადამიანის მიერ.
  • ეგოცენტრიზმის ცნება პიაჟეს მოძღვრებაში ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. მეცნიერი მრავალ ექსპერიმენტს ატარებდა, რათა დაემტკიცებინა, რომ კოგნიტური განვითარების ამ საფეხურზე ბავშვს არ შეუძლია სხვისი თვალთახედვით მსჯელობა, შესაბამისად, ჰგონია, რომ თავისი ხედვა უნივერსალური და ყველასათვის ერთი და იგივეა. ამის დასამტკიცებლად პიაჟემ ყველასათვის ცნობილი ე.წ. „სამი მთის მაკეტის ექსპერიმენტიც“ ჩაატარა, რომელმაც საბოლოოდ გაამყარა მისი ჰიპოთეზა 7 წლამდე ბავშვის ეგოცენტრულობის შესახებ.
  • ბავშვებში განვითარების ამავე საფეხურზე ვაწყდებით ტრანსდუქციური ლოგიკური მსჯელობის გამოვლინებებს. ყველასათვის ცნობილია, რომ ლოგიკური აზროვნების ორი სახე არსებობს, კერძოდ, ინდუქციური და დედუქციური ლოგიკა. ერთის შემთხვევაში, კერძოდან ზოგადი დასკვნა გამოგვაქვს, მეორე შემთხვევაში კი პირიქით, ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნებს ვაკეთებთ. ტრანსდუქციური ლოგიკის არსებობისას საქმე სულ სხვაგვარადაა. აქ კერძოდან კვლავ კერძო დასკვნას ვიღებთ, ამგვარ მსჯელობას ზოგი „ბავშვურ ლოგიკასაც“ უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ ცნებამდელი აზროვნების საფეხურზე ინდივიდის ამგვარი აზროვნება საკმაოდ ხშირად იჩენს თავს.

ინტუიციური აზროვნების მახასიათებლები:

  • ეს პერიოდი თვალისა და გონების ბრძოლის ველად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა ჯერჯერობით ეს დაპირისპირება კვლავ თვალის/აღქმის სასარგებლოდ მთავრდება, ვინაიდან ამ ეტაპის ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანი აღქმის დომინანტობა გახლავთ.
  • ამ დროს ბავშვს შეუძლია სწორად გადაჭრას ამოცანა, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა და დასაბუთება ჯერ კიდევ უჭირს.
  • ასევე ხშირია შეცდომები საგანთა კლასიფიკაციაში.
  • ცენტრირების გამო მას არ შეუძლია ერთდროულად ობიექტის რამდენიმე ნიშან–თვისების გათვალისწინება. ამიტომ 7 წლამდე ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ წყლის რაოდენობა განსხვავებული ფორმის ჭურჭელში გადასხმით იცვლება.
  • ასევე პრობლემას წარმოადგენს შეუქცევადობის ცნება. ბავშვს არ გააჩნია „კონსერვაციის პრინციპი“. შესაბამისად, ვერ აანალიზებს, რომ ობიექტის გარკვეული თვისებები, გარეგნულად შეცვლის მიუხედავად, მაინც უცვლელი რჩება. ამგვარად, პატარასთვის ერთი და იგივე ორცხობილა გატეხვამდე და გატეხვის შემდეგ, ვიზუალური ცვლილების გამო, სულ სხვადასხვა ობიექტს წარმოადგენს.

3.კონკრეტული ოპერაციების სტადია (7–დან 11 წლამდე) – ამ საფეხურის საკვანძო ტერმინად სწორედ „კონკრეტულობა“ უნდა მოვიაზროთ.

  • ბავშვის აზროვნება აღქმიდან უფრო და უფრო იხრება ლოგიკისკენ.
  • ამ დროს ბავშვები ლოგიკურად კარგად აზროვნებენ, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ, კონკრეტულ სიტუაციებში.
  • ჯერჯერობით კვლავ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება ან განზოგადება კონკრეტულ გამოცდილებებზე დაყრდნობის გარეშე.
  • თანდათან ეგოცენტრიზმს ანაცვლებს ემპათიის უნარი.

4.ფორმალური ოპერაციების ეტაპი (12 წლიდან ზემოთ) – ამ საფეხურზე მოზარდისთვის დაუძლეველი ამოცანა აღარ არსებობს.

  • სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული წარსულსა და მომავალზე ფიქრის, მსჯელობის უნარი.
  • იგი ოპერირებს ცნებებით, აბსტრაქტული სიმბოლოებით.
  • მსჯელობს დედუქციურ და ინდუქციურ ლოგიკაზე დაყრდნობით.
  • უპრობლემოდ შეუძლია ჰიპოთეზის ფორმულირება/ჩამოყალიბება, გადამოწმება და შეფასება.

პიაჟესეული საფეხურებრივი განვითარებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი თანმიმდევრულობაა. მაშასადამე, ამ ოთხი ფაზიდან არც ერთის გამოტოვება ან წინასწარ გავლა არ ხდება, ყველაფერი მკაცრი კანონზომიერების დაცვით მიმდინარეობს.


მიუხედავად პიაჟეს დიდი მცდელობისა, მისი თეორია სრულყოფილი ნამდვილად არ არის. მართალია, მან პიროვნების კოგნიტური განვითარების ფორმირებაში სასიცოცხლოდ დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა თეორიტიკოსს, მასაც დღემდე ჰყავს კრიტიკოსები. დღესდღეობით მისი თეორია პრაქტიკაში შედარებით მოდიფიცირებული სახით ხორციელდება, ვინაიდან კრიტიკოსებმა მასში მრავალი კითხვის ნიშანი აღმოაჩინეს.


პიაჟეს კრიტიკა:

  • მრავალი თეორიტიკოსი თვლის, რომ ჟან პიაჟემ არასათანადოდ შეაფასა ჩვილებისა და სკოლამდელთა ასაკის ბავშვთა შესაძლებლობები, ვინაიდან ბევრმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ნაკლები სირთულის და ყოველდღიურ გამოცდილებასთან დაკავშირებული ამოცანის გადაჭრისას, ბავშვის აზროვნება ზრდასრულის აზროვნებას იმაზე მეტად უახლოვდება, ვიდრე ეს პიაჟეს წარმოედგინა.
  • ასევე მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ ბავშვის მზაობა მართლაც უმჯობესდება სწავლების საშუალებით და მხოლოდ აღმოჩენითი სწავლა საკმარისი არ არის.
  • ყველაფერთან ერთად, პიაჟეს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მის თეორიაში ეგოცენტრიზმის როლი გადაჭარბებულია.
  • მრავალი კრიტიკოსის აზრით, პიაჟეს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ მისი თეორია უნივერსალურია და ყოველგვარ კულტურულ ჭრილს მოერგება არ არის მართებული. ერთი სიტყვით, ისინი თვლიან, რომ პიაჟემ სრულიად უგულებელყო ბავშვის განვითარებაზე სოციალური თუ კულტურული გავლენები.
0
20
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ღლონტი
მარიამ ღლონტი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0