x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110401
  • ვიდეო:352073
  • სურათი:480691
გადაწყვეტილების მიღება - პროცესი; მასზე მოქმედი ფაქტორები; ევრისტიკა;

image

ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ მნიშვნელოვან თუ შედარებით უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს. მასზეა დამოკიდებული უახლოესი და შორეული გეგმები. რას ნიშნავს გადაწყვეტილების მიღება? ეს არის არჩევანის გაკეთების პროცესი, სადაც ალტერნატივებს შორის უპირატესობას ვანიჭებთ ერთ მათგანს და მის შესაბამისად ვმოქმედებთ.

გადასაჭრელი საკითხის შესაბამისად განასხვავებენ გადაწყვეტილების ტიპებს: ეკონომიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ოჯახური გადაწყვეტილებები, სამსახურებრივი გადაწყვეტილებები, პირადი გადაწყვეტილებები და სხვა. ყოველი საკითხი სპეციფიკურია, შესაბამისად, ვარირებს მათი კომპლექსურობაც. სწორი არჩევანი საჭიროებს თითოეული ალტერნატივის მრავალმხრივ გადასინჯვას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება არ არის დამოუკიდებელი, ცალსახა პროცესი. მასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი: წარსული გამოცდილება; შემეცნებითი მიკერძოება; ვალდებულების ესკალაცია; პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებები; რელევანტურობის რწმენა;


Juliusson-მა, Karlsson-მა და Garling-მა (2005) აღნიშნეს, რომ მომავალ გადაწყვეტილებებზე ხშირად მოქმედებს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები. ადამიანს გააჩნია ტენდენცია, დადებითი შედეგების მიღებისას მომავალშიც გაიმეოროს ქცევა, ხოლო უარყოფითი შედეგების შემთხვევაში თავი აარიდოს მას. ეს არის მიზეზი წარსული გამოცდილების მნიშვნელოვნებისა ამ საკითხში, თუმცა მკვლევარები ასევე გვეუბნებიან, რომ ზოგიერთ სფეროში ეს ფაქტორი ნაკლებად გასათვალისწინებელია და არგუმენტად მოჰყავთ ეკონომისტებისა და ფინანსისტების გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალ პრობლემებს არ არგებენ ძველი მეთოდებით სფეროს არასტაბილურობის გამო.


შემეცნებითი/კოგნიტური მიკერძოება არის დაკვირვებაზე და განზოგადებაზე დაფუძნებული აზროვნების პატერნები, რომელთა ზეგავლენაც იწვევს ხარვეზებს მეხსიერებაში, არასწორ შეფასებას და გაუმართავ ლოგიკას (West, Toplak, Stanovich, 2008). შემეცნებითი მიკერძოება მოიცავს:

  • რწმენის მიკერძოებას; (ეს არის წინასწარი ცოდნისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება გადაწყვეტილების მიღებისას)
  • უკიდურეს მიკერძოებას; (ამ შემთხვევაში ადამიანი მიდრეკილია მოვლენა, რომელიც უკვე მოხდა, გარდაუვალად მიიჩნიოს)
  • დაუდევარ მიკერძოებას; (ადამიანები გამორჩენილ/მიუწვდომელ ინფორმაციას არ მიიჩნევენ რისკის შემცველად)
  • დადასტურების მიკერძოებას; (როდესაც პიროვნება აკვირდება იმას, რასაც მოელის ამავე დაკვირვებისგან)

კოგნიტური, იგივე შემეცნებითი, მიკერძოება გადაწყვეტილების მიღებისას წინარე ცოდნაზე დაფუძნებულ რწმენებს დამაჯერებლობას მატებს, სიტუაციის მთლიანობაში აღქმის გარეშე.


ვალდებულების ესკალაცია გულისხმობს, რომ ადამიანები უფრო მეტ ძალისხმევასა და რესურსებს ხარჯავენ იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომლის მიმართაც ვალდებულებას გრძნობენ. ამასთან ერთად, ჩვენ მიდრეკილნი ვართ, განვაგრძოთ სარისკო ნაბიჯების გადადგმა, როდესაც საქმე, რომელშიც დიდი რესურსი ჩავდეთ, დაღმასვლას იწყებს. საბოლოოდ, ჩვენს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებს ის, თუ რამდენად ღრმად ვიძირებით წარუმატებლობაში (Juliusson, Karlsson, & Garling, 2005).


ზოგიერთი ინდივიდუალური მახასიათებელი განაპირობებს ჩვენი ქმედებების თავისებურებებს. მათ შორის სოციო-ეკონომიკური სტატუსი, კოგნიტური შესაძლებლობები და ასაკი ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე. Finucane-მა, Mertz-მა, Slovic-მა და Schmidt-მა 2005 წელს ჩატარებული კვლევით დაამტკიცეს, რომ დროის ფაქტორის გავლენით, შემეცნებითი ფუნქციების შემცირებასთან ერთად, არჩევანის გაკეთების უნარის ეფექტურობაც მცირდება. ასევე, ხანდაზმული (შესაბამისად, მეტად გამოცდილი) ადამიანები გადაჭარბებული თვითრწმენით გამოირჩევიან, რაც ხელს უშლის მათ შეითვისონ და გამოიყენონ გადაწყვეტილების მიღების ახალი სტრატეგიები (de Bruin, Parker, & Fischoff, 2007). რაც შეეხება სოციო-ეკონომიკურ სტატუსს, ამ მახასიათებლით ქვედა საფეხურზე მყოფ ჯგუფებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი განათლებასა და მნიშვნელოვან რესურსებზე, როგორც წესი, მათზე ზემოქმედებს ის ნეგატიური მოვლენები, რომელთა კონტროლიც მათ შესაძლებლობებს აღემატება, შესაბამისად ნეგატიურ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისინი ნაკლებად ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ (de Bruin, Parker, & Fischoff, 2007).


რელევანტურობის რწმენა გულისხმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის საკითხი, რომლის შესახებაც ვიღებთ გადაწყვეტილებას. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რაიმე საზოგადოებრივი ღონისძიება ღირებულია, აუცილებლად იღებენ მონაწილეობას მასში.


გადაწყვეტილების მიღების პროცესის განხილვა შეუძლებელია ევრისტიკის ხსენების გარეშე. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ხშირად ვიყენებთ მას. იგი არ მიეკუთვნება არჩევანზე მოქმედ ფაქტორს, თუმცა მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს. ევრისტიკის საშუალებით, შეზღუდულ (მცირე) ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვამცირებთ კოგნიტური რესურსის იმ დანახარჯს, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად გვჭირდება. შესაბამისად, მარტივად ვაკეთებთ არჩევანს. ამ სტრატეგიის გამოყენებისას ნაკლებია მეხსიერებაში შესანახი ინფორმაცია, მცირე რაოდენობის სიგნალები ალტერნატივების რაოდენობას ზღუდავს (Shah, & Oppenheimer, 2008). შაჰისა და ოპენჰაიმერის მიხედვით, ევრისტიკის სამი მნიშვნელოვანი სახე არსებობს:

  • წარმომადგენლობითი ევრისტიკა;
  • ხელმისაწვდომობის ევრისტიკა;
  • ღუზის ევრისტიკა;

წარმომადგენლობითი ევრისტიკა არის ყველაზე ეკონიმიური სტრატეგია. ამ დროს ადამიანი ორი საკითხიდან ირჩევს იმას, რომელიც უფრო ნაცნობია. ჰილბიგი და პოლი (Hilbig & Pohl, 2008) აღნიშნავენ, რომ რთულია წარმომადგენლობითი ევრისტიკის შესწავლა, ვინაიდან იმის გაგება, კვლევაში მონაწილე იყენებს თუ არა დამატებით ინფორმაციას სიძნელეს წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი ამტკიცებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ამ სახის ევრისტიკასთან ერთად იყენებენ გარკვეულ საჭირო ინფორმაციულ რესურსსაც.


ხელმისაწვდომობის ევრისტიკის თანახმად, ადამიანებს გააჩნიათ მიდრეკილება, მოიძიონ ყველაზე მარტივად მისაღები ინფორმაცია. ჩვენი გადაწყვეტილებები და განსჯები ძირითადად ამ ტიპის ევრისტიკას ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ ნახსენები მეთოდი სასარგებლოა მრავალი კოგნიტური რესურსის დასაზოგად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (როგორიც არის, მაგალითად, ექიმების შემთხვევაში დიაგნოზის დასმა) არ უნდა იყოს მასზე დაფუძნებული.


ღუზის ევრისტიკა გამოიყენება მაშინ, როდესაც გვჭირდება რაიმეს ღირებულებათა შედარება და შეფასება. ადამიანები ღუზის შემცველ აზრს (რომელსაც მეტ ფასს ანიჭებენ) იქამდე ამუშავებენ, ვიდრე სასურველ პასუხს არ მოარგებენ მას (Epley, & Gilovich, 2006). ამ ტიპის ევრისტიკის მიხედვით ალტენატივისთვის უპირატესობის მინიჭებაში მთავარია გარეგანი, ზედაპირული მახასიათებლები. ღუზის ევრისტიკას ხშირად იყენებენ მარკეტინგში. მაგალითად: ჩვენ ვხედავთ ნივთს რომელიც მოგვწონს, თუმცა ფასი შეუსაბამო გვგონია. თუ დავინახავთ იგივე ნივთს ფასდაკლების სტიკერით (თუმცა იგივე ფასად), ჩვენ ვიფიქრებთ, რომ შესანიშნავი შესაძლებლობაა და ვიყიდით. ევრისტიკის გამოყენებით ხშირ შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, თუმცა არა ყოველთვის.


საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღება არ არის მხოლოდ ჩვენი, ყველაფრისგან დაცლილი და განცალკევებული არჩევანი. მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და გამოყენებული მეთოდები იცვლება სიტუაციური თუ სუბიექტური მახასიათებლების ცვლილების შესაბამისად.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ნოზაძე.
გვანცა ნოზაძე.
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0