x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110401
  • ვიდეო:352073
  • სურათი:480691
კოტარის სინდრომი (Cotard’s Syndrome)

image

კოტარის სინდრომი, იგივე კოტარის ბოდვა, ხშირად მოიხსენიება, როგორც მოსიარულე გვამის სინდრომი. ამ დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ მათ სხეულის ნაწილები ან მთლიანი ორგანიზმი უკვდებათ ან არ არსებობენ.


კოტარის ბოდვის ერთ-ერთი მთავარი სიმფტომია ნიჰილიზმი - რწმენა, რომ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა ან რეალურად არაფერი არსებობს. სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ შეგრძნება, თითქოს მკვდრები არიან ან უკვე გაიხრწნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ფიქრობენ, რომ არც არასდროს უარსებიათ. განსხვავებულია შეგრძნების მასშტაბი და მიმართებაც. ზოგიერთ პაციენტს აღნიშნული შეგრძნებები აქვს მთლიანი სხეულის მიმართ, სხვებს მხოლოდ კონკრეტული ორგანოების, კიდურების ან სულის მიმართ.


კოტარის სინდრომი მჭიდროდ უკავშირდება დეპრესიას. 2011 წლის კვლევის მიხედვით შემთხვევათა 89%-ს გამოუვლინდა დეპრესია, როგორც ერთ-ერთი სიმფტომი. გარდა ამისა, კოტარის სინდრომს ახასიათებს შფოთვა, ჰალუცინაციები, ჰიპოქონდრია, დანაშაულის განცდა, საკუთარი თავის დაშავება ან თვითმკვლელობა. კოტარდის ბოდვის დიაგნოზის დასმა ხშირად რთულია, რადგან ორგანიზაციების უმეტესობა მას დაავადებად არ ცნობს. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს სტანდარტიზებული კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელიც დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება. უმეტეს შემთხვევაში, ის დიაგნოსტირებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვა შესაძლო პირობები გამოირიცხება.


საკუთარი სხეულის, როგორც მკვდრის, გვამის, შეგრძნებამ შესაძლოა უამრავი გართულება გამოიწვიოს. ზოგიერთი დაავადებული წყვეტს დაბანას და საკუთარ თავზე ზრუნვას, რაც შესაბამისად გარშემომყოფთა დისტანცირებას იწვევს, ეს კი პაციენტებში დეპრესიისა და იზოლირების დამატებით გრძნობებს წამოსწევს. ამასთანავე, იწყება კანისა და კბილების პრობლემები. ხშირია კვების და სითხის მიღების შეწყვეტა, რადგან დაავადებულები თვლიან, რომ მათ სხეულს ეს არ სჭირდება. მძიმე შემთხვევები შიმშილამდე და შემდეგ ფატალურ შედეგებამდე მიდის. გარდა ამისა, კოტარის სინდრომის მქონე ადამიანები მიმართავენ თვითმკვლელობას, რათა დაუმტკიცონ გარშემომყოფებს, საკუთარი ილუზიის რეალურობა.


მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 1880 წელს აღიწერა, მისი დაავადებად აღიარება 2007 წლამდე არ მომხდარა. შესაბამისად, იგი არ არის სათანადოდ ნაკვლევი. თუმცა არსებობს უკვე დადგენილი რამდენიმე შესაძლო რისკ-ფაქტორი: ბიპოლარული აშლილობა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, კატატონია, დეპერსონალიზაციის აშლილობა, დისოციაციური აშლილობა, ფსიქოზური დეპრესია, შიზოფრენია, გარკვეული ნევროლოგიური პირობები - ტვინის ინფექციები, ტვინის სიმსივნე, დემენცია, ეპილეფსია, შაკიკი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ინსულტი და თავის ტვინის ტრავმული დაზიანება. კოტარის ბოდვის გამოვლენის საშუალო ასაკია 50 წელი და დაავადებულთა უმეტესობა ქალია.


კოტარის სინდრომს ყველაზე ხშირად ელექტროკონვულსიური თერაპიით მკურნალობენ. თუმცა, ვინაიდან ECT მრავალ რისკფაქტორს შეიცავს (მეხსიერების დაკარგვა, დაბნეულობა, გულისრევა, კუნთების ტკივილი), იგი განიხილება მკურნალობის უკიდურეს ვარიანტად. იქამდე მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ ანტიდეპრესანტებით, ანტიფსიქოტიკებით, განწყობის სტაბილიზატორებით, ფსიქოთერაპიითა და ქცევითი თერაპიით.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ნოზაძე.
გვანცა ნოზაძე.
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0