x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ხუმრობს ნოდარ დუმბაძე
image


1) ტარდება ლიტერატურული საღამო. წამყვანი აცხადებს:

– სიტყვა ეძლევა საქართველოს პირველ პოეტს...

ნოდარ დუმბაძეს მის გვერდით მჯდომმა პოეტმა ჩაუჩურჩულა:


– ნოდარ, მე რომ პირველი პოეტი მიწოდონ, ალბათ საქართველოში არცერთი სხვა პოეტი ცოცხალი აღარ უნდა იყოს, არაა?

ნოდარმა ჩურჩულითვე უპასუხა:

– თუ ყველა სხვა პოეტი აღარ იქნება, მაშინ შენზე გამოაცხადებენ: სიტყვა ეძლევა საქართველოს ბოლო პოეტს...


2) ტარდება თათბირი "დონ კიხოტის" ეკრანიზაციის საკითხებზე. რევაზ ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა გამოჩენილი კინორეჟისორი მოიყვანა. სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო გაიოცა: თუ კლასიკოსის გადაღება გნებავთ, შორს სადღა მიდიხართ, "ვეფხისტყაოსანი" გადაიღეთო.

რევაზ ჩხეიძემ "ქართული ფილმი" ჯერ ვერ გრძნობს თავს საკმაოდ მომზადებულად ასეთი დონის ნაწარმოების საეკრანიზაციოდო.

– აი, ჩვენ კი "გავთავხედდით", – თქვა ინგლისელმა, – "ქართულ ფილმთან" ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება... მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – პიტერ ო'ტული, ავთანდილს – ალენ დელონი, ფატმანს – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს – ენტონი ქუინი...

– რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! – ვერ დამალა უკმაყოფილება ვიღაცამ.

– როგორ თუ ვინ?! – საუბარში ჩაერია ნოდარი, – ამდენ ქაჯებს თამაში არ უნდა?


3) "ნიანგის" ერთი არაქართველი სტუმარი ბევრ ჩაის სვამდა, თანაც მდუღარეს. შეწუხდა ნოდარ დუმბაძე:

– ე, ბიჭო, მაგას რომ შარდის ბუშტი გაუსკდეს, საცოდავი ნამდვილად ფეხებს დაიმდუღრავს.


4) ერთმა კომბინატორმა შესჩივლა ნოდარს:

– აღარ შემიძლია, სულ დაჭერა მელანდება, უნდა მოვშორდე აქაურობას, წავალ სოფელში, ავიღებ ბარს და ბაბუაჩემის დანატოვარ ვენახს მოვუვლი.

– ე, სწორედ მაშინ დაგიჭერენ! – უთხრა ნოდარმა.

– რატომ?

– ეგონებათ, რომ დამარხულ ფულს თხრი და სანამ მართლა არ გაპოვნინებენ და არ ჩამოგართმევენ, სულს წამებით ამოგხდიან.


image


5) ნანა კანდელაკი იგონებს:

ერთხელ შუაღამისას "ნიანგის" თანამშრომელმა მიშა კუხალაშვილმა ნოდარ დუმბაძეს დაურეკა. ნოდარმა აღელვებით ჰკითხა – ხომ არაფერი შეგემთხვაო?

– მიყვარხარ ნოდარია, სხვა რა უნდა მომხდარიყო. – მიუგო ნაბახუსევმა მიშამ და ყურმილი დაკიდა.

ორი საათის შემდეგ ნოდარმა დაურეკა:

– დიდი მადლობა ჩემო მიშა, ასე ძალიან რომ გიყვარვარ...

– კი, მაგრამ... მაგ მადლობას სამსახურში ვერ მეტყოდი, ამ გამთენიისას რომ მირეკავ? – აბუზღუნდა მიშა.

– ვიფიქრე, დილამდე არ გაცივებულიყო ჩემი მადლობა, თანაც თუ უძილობაა, ბარემ ერთად ვათიოთ სიყვარულის გამო ეს ღამე!...

მიშას გაეცინა და თავისი ბოხი ხმით ჩასძახა ყურმილს:

– ასე გაგებული რომ ხარ, ჩემო ნოდარ, ყველაფერში, იმიტომ მიყვარხარ, ხომ ხვდები?...


6) ერთი ამერიკელი მწერალი თბილისში სტუმრად იყო. ნოდარს ინგლისურად მიესალმა.

– უთხარით, რომ სკოლაში გერმანულს მასწავლიდნენ. – სთხოვა ნოდარმა თარჯიმანს.

ამერიკელი მაშინვე გერმანულზე გადავიდა.

– ახლა ისიც უთხარით, რომ ისინი კი მასწავლიდნენ, მაგრამ მე არ ვსწავლობდი-თქო. – დააზუსტა ნოდარმა.


7) (ჯანსუღ ჩარკვიანის მოგონებიდან)

ვიღაცამ სცადა ნოდარის გაკრიტიკება, სცადა, ვერ კი შეასრულა. ნოდარმა მაინც მოიწყინა და მე გამანდო, ჯანსუღა ძამა, რა უნდა იმ კაცს ჩემგან, ხომ არ იციო. ჩვენში დარჩეს და ნოდარი ბოლო წლებში, როცა ავადმყოფობა მიეძალა, ყველაფერს განიცდიდა და ყველაფერზე ეჭვს გამოთქვამდა. მე შევატყვე, რომ ძალიან ნაწყენი იყო და უმალ ვუპასუხე: ნოდარი, ახლა შენ შენით თუ მეიჭამ ფეხებს, თვარა ვერავინ ვერ მოგჭამს-მეთქი.

ჰო, რა გაუხარდა.


8) სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაა. ერთმა თანამდებობის პირმა ნოდარს ჩაულაპარაკა:

–ძალიან ცუდი ადგილი შეურჩევიათ ძეგლისათვის!

– საქართველოში კარგი ადგილი რაც იყო გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და რაც დარჩა აგია! – გაეპასუხა ნოდარი.


9) ნოდარს ჩინეთიდან ჩინურ ენაზე გამოცემული თავისი წიგნი გამოუგზავნეს. როდესაც ამანათი გახსნა, პირველ რიგში იმ ადგილს დაუწყო თვალიერება, სადაც მისი სახელი და გვარი ეწერა. იეროგლიფების დანახვაზე ღიმილით თქვა:

– თავი კაცი მეგონა, თურმე ორი ჯოხი ვყოფილვარ!


image


10) ნოდარმა თქვა: მწერალმა მწერალს არ უნდა უთხრას: ისე ვარ როგორც მკითხულობო. ეგება ის მეორე მის წიგნებს სულაც არ კითხულობს.


11) 1978 წელს გამოქვეყნდა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი. იმ დროინდელი ამბები ყველას გვახსოვს. პროექტში სახელმწიფო ენად აღარ იყო ქართული ენა.

– ახლა ძამა, ენას ერთმანეთს თუ გამოვუყოფთ თუ არა, ისე სხვა არაფერში გამოგვადგება. – უთქვამს ნოდარ დუმბაძეს.

0
301
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0