x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მიჯაჭვულობის განვითარება და ბოულბის ეთოლოგიური თეორია
image

მიჯაჭვულობა–ეს ის ძლიერი გრძნობითი კავშირია, რომელიც პიროვნებას მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანის მიმართ უჩნდება. ამგვარი კავშირი ადამიანს სტრესის შემსუბუქებაში ეხმარება და თავს მყუდროდ, დაცულად აგრძნობინებს. საინტერესოა, როგორ და რა ასაკიდან გვიყალიბდება მიჯაჭვულობის განცდა ვინმეს მიმართ. ეს უნებლიე განცდა ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებიდან იწყებს ფორმირებას. ჩვილები სწორედ იმ ადამიანებზე ხდებიან მიჯაჭვულნი, რომლებიც მათ მოთხოვნილებებზე რეაგირებენ. ბავშვი საფრთხის მოახლოებისას იმ წამსვე დედას ებღაუჭება და თავს ყველაზე კომფორტულად მასთან გრძნობს.


მიჯაჭვულობის განვითარების შესახებ მრავალი თეორია არსებობს და ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობებს შორის ეს თემა დღემდე სადავოა. ფროიდის ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბავშვსა და „აღმზრდელს“ შორის მჭიდრო ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში კვება უპირობო ადგილს იკავებს. ბიჰევიორისტებიც ხაზს უსვამენ კვების მნიშვნელობას, მაგრამ ამას სხვაგვარად ხსნიან.


ერთი სიტყვით, მრავალი კვლევა–ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, საბოლოოდ, დასკვნა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ საკვების მიღება დედასა და შვილს შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, მიჯაჭვულობა შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებაზე არ არის დამოკიდებული.



საინტერესოა ისიც, რომ განშორების შფოთვასთან დაკავშირებული ჩვილის რეაქციების მიხედვით, მიჯაჭვულობის სხვადასხვა ხარისხი არსებობს, როგორებიცაა:

  • უსაფრთხო მიჯაჭვულობა ჩვილები მშობლებს იყენებენ, როგორც უსაფრთხო ბაზისს. დაშორების შემთხვევაში ტირილის ალბათობა 50%–ია. ბავშვები მშობლებს უსაფრთხოების გარანტად აღიქვამენ, მათთან განშორების შედეგად კი შფოთვას იწყებენ, თუმცა მშობლის დაბრუნებისთანავე ისინი აქტიურად ცდილობენ კონტაქტის ძიებას და მომენტალურად წყვეტენ ტირილს.
  • განრიდებითი მიჯაჭვულობა – ჩვილებს მშობლის ყოფნა–არყოფნაზე არავითარი რეაგირება არ აქვთ. უცხო ადამიანებზეც ზუსტად მსგავსად რეაგირებენ, როგორც მშობლებზე და ამ დროს, რა თქმა უნდა, დისტრესის შემთხვევაც არ გვაქვს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ უკან დაბრუნებულ მშობლებს ძალიან გულგრილად ხვდებიან, მეტიც, თავსაც არიდებენ ხოლმე.
  • რეზისტენტული მიჯაჭვულობა – ამ დროს ბავშვი ცდილობს რაც შეიძლება მჭიდრო და ახლო კონტაქტი დაამყაროს მშობელთან, მასთან განშორების შემდეგ კი შფოთვას იწყებს და დისტრესს განიცდის. თუმცა ამ შემთხვევაში, მეტად საინტერესოა მშობლის დაბრუნებისგან გამოწვეული რეაქცია, ვინაიდან იგი შერეულ გრძნობებს გამოხატავს. თან ეკვრის და ზოგჯერ უბრაზდება, ტირის, შესაძლოა დაარტყას კიდეც, მაგრამ მაინც მჭიდროდ ებღაუჭება.
  • ორგანიზაციისა და მიმართულების არმქონე მიჯაჭვულობა – იგი ძლიერ საფრთხეს ასახავს. ამ დროს ბავშვები მშობლის დაბრუნებაზე წინააღმდეგობრივად რეაგირებენ. ხშირად სახის გაურკვეველი გამომეტყველებით საკუთარ დეზორიენტაციას გამოხატავენ. საბოლოო დამშვიდების შემდეგ კი შფოთვის თავიდან გამეორება გამორიცხული არ არის.
დღესდღობით, მიჯაჭვულობის ხსენებისას, უკვე ყველასათვის ცნობილი, ბოულბის მიჯაჭვულობის ეთოლოგიური თეორია გვახსენდება, რომელიც ამ ემოციური კავშირის განვითარებას საფეხურებრივ ოთხ ფაზად გამოყოფს. ჯონ ბოულბმა პირველმა დაიწყო ბავშვსა და მზრუნველს შორის კავშირის იდეის შესწავლა, იგი იმპრინტინგის კვლევითაც იყო დაინტერესებული და ცდილობდა ძირფესვიანად შეესწავლა მიჯაჭვულობის საფუძვლები, საბოლოოდ კი ბოულბმა იმის დამტკიცცება დაიწყო, რომ მომვლელთან ბავშვის ემოციური კავშირი უნდა განვიხილოთ, როგორც გადარჩენის ხელშემწყობი ევოლუციური რეაქცია. ჩვენ უკვე შევეხეთ კვების მნიშვნელობასაც, ამ შემთხვევაში ბოულბიც იმავეს აღიარებდა, რომ კვება ნამდვილად არ არის მიჯაჭვულობის საფუძველი, ვინაიდან ამ კავშირს ძლიერი ბიოლოგიური ფესვები აქვს.


ბოულბის მიხედვით, ჩვილი მშობელთან პირველად კონტაქტებს თანდაყოლილი სიგნალებით იწყებს. ამგვარი სიგნალებით ბავშვი უფროსისგან ყურადღებას მოითხოვს, დროთა განმავლობაში კი მათ შორის მჭიდრო ემოციური კავშირი ყალიბდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ბოულბი მიჯაჭვულობის განვითარების პროცესში ოთხ ძირითად ფაზას გამოყოფს, კერძოდ, ესენია:

1.მიჯაჭვულობამდელი ფაზა(დაბადებიდან–დაახლ. 6კვირამდე)– ამ ეტაპზე სხვა ადამიანთან/უფროსთან კონტაქტში შესასვლელად ახალშობილს თანდაყოლილი სიგნალები ძალიან ეხმარება, მაგ: ღიმილი, ჩაჭიდება, ტირილი და სხვ. იმ შემთხვევაში თუ ამ სიგნალებზე საპასუხო რეაგირება მოხდა, ჩვილი ყველანაირად ცდილობს არ დაკარგოს მშობლის ყურადღება, რადგან მშობელთან სიახლოვე მისთვის ყველაზე სასიამოვნო კომფორტის ზონას წარმოადგენს. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ფაზაში ჯერჯერობით მიჯაჭვულობა მკვეთრად არ არის გამოხატული. ასე რომ, ჩვილი უცნობ ადამიანთან დარჩენასაც არ ეწინააღმდეგება, თუმცა დედის სუნს, ხმასა და ნაკვთებს ყველასგან გამოარჩევს.


2.მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა(6 კვირიდან – 6/8 თვემდე) - ამ საფეხურზე ჩვილი უკვე უცხო ადამიანებისა და ახლობლების გარჩევას იწყებს და ორივე შემთხვევაში სრულიად განსხვავებულად რეაგირებს. ბავშვი მშობელთან თავს ბევრად უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. იგი დედასთან უფრო თავისუფლად იღიმის, თამაშობს და მშვიდდება. მშობელთან კონტაქტი მისთვის დისტრესისგან თავდაცვის ერთ–ერთი უპირობო საშუალებაა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ მკვეთრი კავშირისა, ბავშვი მშობელთან განშორებისას წინააღმდეგობას მაინც არ გამოხატავს.


3.მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა(6/8 თვიდან – 18/24 თვემდე) – სახელიდან გამომდინარეც აშკარაა, რომ მიჯაჭვულობის ყველაზე ძლიერ საფეხურს მივუახლოვდით. ბავშვებში უკვე ვაწყდებით მშობელთან განშორებისას გამოწვეულ შფოთვის შემთხვევებს. მისთვის მშობელი/მომვლელი ყველაზე უფრო დიდ საყრდენს წარმოადგენს, მას უპირობოდ ენდობა, განშორება კი უშუალოდ შფოთვას, გაღიზიანებასა და დისტრესს იწვევს. ამ დროს ჩვილი მოუსვენარი ხდება, რადგან თავს დაცულად არ გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, იგი ყოველთვის არ აღინიშნება, ვინაიდან განშორების შფოთვის გამოვლინება უშუალოდ კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ბავშვს პიაჟესეული საგნის მუდმივობის განცდა(ჟან პიაჟემ ამ ტერმინით ჩვილის ის უნარი განმარტა, რომლის დროსაც ბავშვი აცნობიერებს, რომ როცა რაიმე საგანი ან თუნდაც ადამიანი მხედველობის არიდან ქრება, იგი არსებობას მაინც განაგრძობს) ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული, ის დედასთან განშორებას ტრავმულად ნამდვილად არ და ვერ აღიქვამს.


4.ორმხრივი ურთიერთბის ჩამოყალიბება–(18 თვიდან – 2 წლამდე და შემდეგ)–ამ საფეხურზე მკვეთრი მიჯაჭვულობიდან შედარებით ჯანსაღ ურთიერთობაზე გადავდივართ, თუმცა აქ ბავშვის უნარ–ჩვევები უფრო მეტად დახვეწილია, წარმოდგენისა და მეტყველების უნარი განვითარებული, შესაბამისად, ეს ყოველივე ახალ ფეხადგმულ ბავშვს საშუალებას აძლევს გააცნობიეროს და აკონტროლოს მშობლის წასვლა–მოსვლა და მასთან გატარებული დროის სიხშირე. ამ ეტაპზე ბავშვები სხვადასხვა ხრიკის ძიებას იწყებენ, რათა უფრო და უფრო გაზარდონ დედასთან ან მამასთან გატარებული დროის ინტენსივობა, თუმცა, რა თქმა უნდა, დაშორების შემთხვევაში, ისინი უკვე მკვეთრ პროტესტს აღარ გამოხატავენ.


ერთი სიტყვით, ასაკის მატებასთან ერთად, ფიზიკურ სიახლოვეზე მოთხოვნილება ნაკლებად პრიორიტეტული ხდება, ხოლო ნდობა და რწმენა ერთგულ პირთა ხელმისაწვდომობის შესახებ, უფრო და უფრო იზრდება. ემოციური კავშირის ამგვარი მოდელი კი ბავშვის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ვითარდება და იხვეწება.

0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ღლონტი
მარიამ ღლონტი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0