x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
მოტივაციის გავლენა პროსპექტულ მეხსიერებაზე

Salvador Dalì. 1931. The persistence of memory

Salvador Dalì. 1931. The persistence of memory

გიფიქრიათ, რატომ ხდება, რომ ნაკლებად გვავიწყდება სამსახურში დაკისრებული დავალებებლი, მაგრამ ხშირად ისეთი მარტივი მიზანი, როგორიც შესაძლოა სახლში პროდუქტების წაღება იყოს, საერთოდ გადაგვავიწყდეს?! პროსპექტული მეხსიერება ანუ განზრახვის გახსენება შესაბამის დროსა თუ სიტუაციაში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევაა. კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, თუ რატომ მოქმედებენ ადამინები ეფექტურად ერთ სიტუაციაში, მაგრამ არ იჩენენ ინიციატივას სხვა შემთხვევაში. განზრახვის დამახსოვრება, შემდგომ მისი გახსენება და განზრახვის შესაბამისი მოქმედების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სამოქმედოდ. ხშირად ადამიანებს ავიწყდებათ განზრახვა, სწორედ ამიტომ მეცნიერები დაინტერესდნენ რა ფაქტორები მოქმედებენ პროსპექტულ მეხსიერებაზე და როგორ შეიძლება ამ მეხსიერების გაუმჯობესება. ერთ-ერთი ასეთ ფაქტორად კი შეიძლება განვიხილოთ მოტივაციაა.

ზოგადად მეცნიერები განასხვავებენ მეხსიერების ორ ფორმას: რეტროსპექტულსა და პოროსპექტულს. ტრადიციულ ფსიქოლოგიაში ძირითადი ყურადღება მხოლოდ რეტროსპექტული მეხსიერების ანუ „წარსულში აღქმულ მოვლენების, შინაარსების, შთაბეჭდილებების და, საერთოდ, წარსულში შეძენილი ცოდნის“ შესწავლას და გამოკვლევას ეთმობოდა, მაშასადამე, ეს კვლევები პასუხობდა კითხვაზე რა გვახსოვს? მაგალითად, საკუთარი ქორწილი ან უნივერსიტეტის დამთავრება რეტროსპექტულ მეხსიერებას ეკუთვნის. თუმცა მოგვიანებით, დაიწყო პროსპექტული მეხიერების ანუ განზრახვს მეხსიერების შესწავლაც. პროსპექტული მეხსიერება მომავალზეა ორიენტირებული, იგი გარკვეული მოქმედებების, განზრახვების დახსომებას გულისხმობს, მაშასადამე, იგი გვპასუხობს კითხვაზე როდის? ესე იგი განზრახვის მეხსიერება გულისხმობს იმას, რომ ადამიანი იღებს გადასწყვეტილებას მომავალში კონკრეტულ დროს განახორციელოს რაიმე მოქმედება. მაგალითად, საღამოს 7 საათზე მივდივარ კინოში, ხვალ გამოცდაზე კონსპექტი უნდა წავუღო მეგობარს და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი ადამიანებს, რომელთაც აქვთ კარგი პროსპექტული მეხსიერება, ჰქონდეთ ასევე კარგი რეტროსპექტული მეხსიერებაც ან პირიქით.

როგორც ზემოთ ითქვა, მეცნიერები უფრო მეტად იკვლევდნენ რეტროსპექტულ მეხსიერებას, ვიდრე პროსპექტულს. თუმცა მოგვიანებით ფსიქოლოგები დაინტერესდნენ იმითაც, თუ რა იწვევს და როგორ ხდება განზრახვის დავიწყება. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჩვენ იმავე მექანიზმს ვიყენებთ განზრახვის დავიწყებისას, რასაც სახელების, სახეების, უაზრო მარცვლების, სიტყვების თუ სხვათა დავიწყებისას. ასევე, კვლევების უმრავლესობა მიუთითებს, რომ გასახსენებელი საკითხის მნიშვნელოვნება განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტურად იმოქმედებს პროსპექტული მეხსიერება.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ფროიდი იყო პირველი, ვინც განზრახვის მეხსიერების შესწავლის საჭიროებაზე დაიწყო საუბარი. მისი აზრით, „ადამიანს ავიწყდება ის, რაც მისთვის უსიამოვნოა ან უსიამოვნების მომტანია, ანუ დავიწყებას განსაზღვრავს უსიამოვნების მოტივი“. მას შემდეგ დაიწყო მოტივაციური ფაქტორების შესწავლა პროსპექტულ მეხსიერებასთან მიმართებაში. მიჩმმა და სინგერმა სპეციალურად მთელი რიგი ექსპერიმენტები ჩაატარეს, რათა ეკვლიათ მოტივაციური ფაქტორების გავლენა განზრახვის გახსენებაზე. მოცემული ავტორების მტკიცებით აუცილებელია განზრახვის გახსენებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა, რადგან მას როგორც თეორიული ისე, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მათ (1977) ექსპერიმენტულად დაასაბუთეს მოტივაციის მნიშვნელობა განზრახვის დამახსოვრებასა და აღდგენაში. ისინი ცდის პირებს სთხოვდნენ, რომ გაეგზავნათ წერილები გარკვეულ მისამართზე თითო-თითო კვირის ინტერვალით, ესე იგი მათ ჰქონდათ განზრახვა, რომ არ დავიწყებოდათ წერილების გაგზავნა კვირის განმავლობაში. ექსპერიმენტში ორი ჯგუფი მონაწილეობდა, ერთს თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ ანაზღურებას მიიღებდნენ, ხოლო მეორეს არ ეუბნებოდნენ არაფერს. პირველ ჯგუფში პროსპექტული მეხსიერება ბევრად უკეთესი იყო.

საჭიროა, აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანი განიზრახავს რაიმეს, გადაერთვება სხვა საქმიანობაზე და თითქოს ივიწყებს კიდეც ამ გაზნრხვას, თუმცა როცა დადგება შესაბიმისი დრო, ადამიანს ეს განზრახვა უცებ ამოუტივტივდება ცნობიერებაში. ამ შემთხვევას შესაძლოა ჰქონდეს 3 გამოსავალი: (1) განზრახვა შესაძლოა გავიხსენოთ და შევასრულოთ, (2) გავიხსენოთ განზრახვა, მაგრამ არ შევასრულოთ და (3) არ შევასრულოთ განზრახული მოქმედება, რადგან დაგვავიწყდეს ის.

ბირენბაუმი მიუთითებს, რომ განზრახვის დავიწყებას არ შეიძლება ერთი რაიმე კონკრეტული მიზეზი იწვევდეს. იგი თვლის, რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ზოგი ძალიან პუნქტუალურია, ზოგს კი მარტივად ავიწყდებათ ყველაფერი. გარდა ამისა, ბირენბაუმი ფიქრობს, რომ თავად განზრახვის ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ან, პირიქით, უმნიშვნელო, განსაზღვრავს მის დავიწყებას, საბოლოოდ, მესამე ფაქტორად კი განიხილავს იმას, თუ ადამიანის ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება განზრახვა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც არასდროს ავიწყდებათ სამსახურთან დაკავშირებული განზრახვები, თუმცა ავლენენ სრულ გულმავიწყობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საკითხი მნიშვნელობის განსაზღვრა, ჯილდო და სოციალური სასურველობა შესაძლებელია იყოს კარგი მოტივაციური ფაქტორები. მოტივაციის ორი ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ: ინტრინსიკული (შინაგანი) და ექსტინსიკული (გარეგანი). ინტრინსიკული მოტივაცია გამოწვეულია ინტერესით გარკვეული საკითხის მიმართ (მაგ; ჩვენ გვაინტერესებს ფილმი და არ დაგვავიწყდება მისი დაწყების დრო); ხოლო ექსტრინსიკული მოტივაციური ფაქტორი დაკავშირებულია გარკვეულ ჯილდოსთან (მაგ, ჩვენ გვახსოვს, რომ უნდა გავაგზავნოთ წერილი აღნიშნულ მისამართზე, ვინაიდან ვიცით, რომ სანაცვლოდ ანაზღაურებას მივიღებთ, როგორც ეს ზემოაღნიშნულ ექსპერიმენტში იყო ნაჩვენები). შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ავტომატურ გახსენებასას უფრო ალბათურია, რომ იგი გამოწვეულია შინაგანი მოტივაციით (მაგ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიმე უფრო ავტომატურად გაგვახსნედება, ვიდრე უმნიშვნელო), თუმცა ეს მოსაზრება საჭიროებს მომდევნო კველვას.

ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ჯილდოს არსებობა შესაძლოა აუმჯობესებდეს პროსპექტულ მეხსიერებას, ამტკიცებს ნეიროფსიქოლოგიური კვლევებიც. ზოგადად, ჯილდო ზრდის პრეფრონტალური რეგიონების აქტივობას, რომელიც მხარს უჭერს მიზნის კონტროლსა და აქტივობის შენარჩუნებას და ასევე, შესაძლოა გაზარდოს მიზნის სტრატეგიული მონიტორინგი. საპირისპიროდ, მეტაკოგნიტური სტრატეგიები დაკავშირებულია საფეთქლის წილებთან, რაც განაპირობებს ინფორმაციის მეხსიერებაში კოდირება-დეკოდირებას. პროსპექტული მეხსიერების მიზნის მონიტორინგი ხდება პრეფრონტალურ კორტქსში, მაშინ როდესაც ინფორმაციის ავტომატური აღდგენა დაკავშირებულია ტემპორალურ (საფეთქლის) კორტექსთან. მაშასადამე, კვლევები აჩვენებს კავშირს ჯილდოსა და პროსპექტული მეხსიერების ნეირესფსიქოლოგიურ საფუძვლებს შორის.

საერთო ჯამში, ის თუ რამდენად კარგად დავიმახსოვრებთ და შემდეგ აღვიდგენთ მიზანს, იმას თუ რა გვაქვს გასაკეთებელი დაკავშირებულია არაერთ ფაქტორთან. ერთ-ერთ ასპექტად კი შინაგანი და/ან გარეგანი მოტივაცია შეიძლება განვიხილოთ.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
15