x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია
ბავშვის განვითარება ინტერდისციპლინური სფეროა, რომელიც ადამიანის უცვლელობასა და ცვლილებებს შეისწავლის ჩასახვიდან მოზარდობამდე. ის უფრო ვრცელი, ადამიანის მთელი ცხოვრების მომცველი დისციპლინის – განვითარების ფსიქოლოგიის, ინტერდისციპლინარული გაგებით კი – ადამიანის განვითარების ნაწილია. კვლევები ბავშვის განვითარების შესახებ შედარებით ახალია, ვინაიდან მე-19 საუკუნის ბოლო წლებამდე მსგავსი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ზოგადად მოსაზრებები ბავშვის განვითარების - ზრდისა და ცვლილებების - შესახებ უფრო შორეული წარსულიდან იღებს სათავეს.უმჯობესი იქნება, თავდაპირველად, განვიხილოთ შუასაუკუნეების დამოკიდებულება ბავშვობის შესახებ და ის ისტორიული მოვლენები, რომლებმაც
სხვადასხვაგვარად წარმართა ბავშვის აღზრდის ფილოსოფია. ასევე უნდა განვიხილოთ ის ფილოსოფოსები და მეცნიერები, რომლებმაც საკუთარი ნაშრომებით დიდი წვლილი შეიტანეს ბავშვის ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის ჩამოყალიბებაში.
ისტორიული არტეფაქტები და წერილობითი წყაროები მოწმობს, რომ შუასაუკუნეების ევროპაში, კერძოდ, მე-6-დან მე-15 საუკუნემდე, ბავშვობა განვითარების დამოუკიდებელ და განსაკუთრებულ პერიოდად განიხილებოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, სათამაშოები და სხვადასხვაგვარი საგნები ადასტურებს, რომ უფროსები სიფაქიზით ეკიდებოდნენ ბავშვის ფიზიკურ შეზღუდულობასა და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. მე-14 საუკუნეში უკვე შექმნილი და გავრცელებული იყო ცნობარები ბავშვის მოვლის სხვადასხვა ასპექტის შესახებ. მათ შორის კი კვების, თამაშის, ჩაცმა-დახურვისა და საოჯახო ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ (Alexandre-Bidon & Lett, 1997). ამას გარდა საკანონმდებლო დონეზეც აღიარებული იყო მოსაზრება, რომ ბავშვებს სჭირდებათ იმ ადამიანებსგან დაცვა, რომლებმაც შესაძლოა სასტიკი ზიანი მიაყენონ მათ. ასევე ამ პერიოდის სასამართლო კანონდამრღვევი ახალგაზრდების მიმართ უფრო შემწყნარებელი იყო (Hanawalt, 1993). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდის რელიგიურ წყაროებში განსხვავებული დამოკიდებულებები ვლინდება ბავშვის ბუნების შესახებ. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვილები წარმოდგენილნი არიან ეშმაკისეულად, რომლებსაც ესაჭიროებათ განწმენდა ეგზორციზმისა და ბაპტიზმის საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი წარმოდგენილზნი არიან უმანკო და ანგელოზის მსგავსს არსებებად (Hanawalt, 2003). შეიძლება ითქვას, რომ ორივე იდეამ საფუძველი ჩაუყარა მომდევნო საუკუნეების შეხედულებებს ბავშვობის შესახებ.
რეფორმაციის პერიოდში (მე-16 საუკუნეში) ბავშვის აღზრდის შესახებ მკაცრი ფილოსოფია არსებობდა, რაც მომდინარეობდა პირველცოდვის პურიტანული წარმოდგენებიდან. პურიტანული რწმენის მიხედვით, ბავშვები ითვლებოდნენ ბოროტ და ჯიუტ არსებებად, რომელთაც ესაჭიროებოდათ ცივილიზაცია(Shahar, 1990). ამიტომ გარყვნილი ბავშვების მოსარჯულებლად გამოიყენებოდა საკმაოდ მკაცრი და შემზღუდველი მეთოდები - აცმევდნენ უხეშ ტანისამოსს, რაც ბავშვებს უფროსების მსგავსს შესახედაობას აძლევდა და დასჯის მეთოდად ხშირად მიმართავდნენ ცემას. ინგლისიდან ამერიკაში ემიგრირებული პურიტანები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვის სული თავდაპირველი ცოდვით იყო დამძიმებული და ვინაიდან, ისინი ბავშვის აღზრდას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მიიჩნევდნენ, ცდილობდნენ შვილებისთვის ესწავლებინათ კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა (ClarkeStewart, 1998). სწორედ მათ შექმნეს პირველად ბავშვებისათვის საკითხავი მასალა რელიგიური და მორალური იდეების შესახებ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი პურიტანმა მშობლებმა, ბავშვებისთვის საკუთარი თავის რწმენის და თვითკონტროლის სწავლების პროცესში, თავადაც შეითვისეს სიმკაცრესა და დამთმობობას შორის ბალანსის დაცვა (Pollock, 1987).
ბავშვის შესახებ შეხედულებების განვითარების მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები მოიტანა განმანათლებლობის პერიოდმა. მე-17 საუკუნის განმანათლებლობის ფილოსოფიამ ადამიანის ღირსებისა და პატივისცემის შესახებ ახალი იდეალები დაამკვიდრა და შესაბამისად, ბავშვობის შესახებ შეხედულებებიც უფრო ჰუმანური გახდა.ჯონ ლოკის(1632-1704) „ტაბულა რასამ“ ანუ იდეამ იმის შესახებ, რომ ბავშვში თავისთავად არაფერია მოცემული და ნებისმიერ გამოცდილებას შეუძლია მისი ხასიათის ჩამოყალიბება, ფილოსოფიური საფუძველი ჩაუყარა მეოცე საუკუნის ბიჰევიორიზმს. ლოკმა დროს გაუსწრო აღზრდის შესახებ რჩევებით და შემოგვთავაზა რეკომენდაციები, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი მეცნიერება. მაგალითად, იგი მიიჩნევდა, რომ ბავშვების წახალისება უმჯობესია მოწონებით ან შექებით და არა ფულით ან ტკბილეულით. ლოკი ფიზიკური დასჯის წინააღმდეგიც იყო, რადგან თვლიდა, რომ როდესაც ბავშვს სკოლაში სცემენ, მას ზოგადად, წიგნებისა და მასწავლებლების მიმართ უჩნდება შიში და ბრაზი. ლოკის მოსაზრებების მოკლედ ჩამოსაყალიბებლად შეგვიძლია განვიხილოთ განვითარების შესახებ სამი მთავარი საკითხი (განვითარება წყვეტილია თუ უწყვეტი, განვითარების ერთი ხაზი არსებობს თუ მრავალი, გენეტიკა უფრო მნიშვნელოვანია თუ გარემო). ლოკი განვითარებას განიხილავდა როგორც უწყვეტ პროცესს და მიიჩნევდა, რომ ქცევა თანდათანობით ყალიბდება მშობლის მიერ თანმიმდევრული და გულისხმიერი სწავლების შედეგად. „ტაბულა რასას“ ცნება ხაზს უსვამს განვითარების პროცესში გარემოს უპირატეს მნიშვნელობას. დაბოლოს, ის ასევე მიიჩნევდა, რომ განვითარების მრავალი კურსიარსებობს, რაც ახალ გამოცდილებასთან ერთად ბავშვობის შემდგომ წლებში ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა.
ლოკის მიდგომის მიხედვით, ბავშვებს თითქმის არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სხვების მიერ „ტაბულა რასაზე“ დაწერილი ბედი შეცვალონ. თუმცა პასიური ბავშვის მსგავსი ხედვა დროთა განმავლობაში უარყოფილი იქნა და თანდათანობით დაიწყო ბავშვის აქტიურ, მიზანმიმართულ არსებად განხილვა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საკუთარ განვითარებაში. მე-18 საუკუნეში ფრანფმა ფილოსოფოსმა ჟან-ჟაკ რუსომ(1712-1778) განაცხადა, რომ ბავშვი არის „კეთილშობილი ველური“, რომელსაც თანდაყოლილი აქვს სწორი და ჯანსაღი განვითარების გეგმა. მის ფილოსოფიაში გამოიყოფა ორი მნიშვნელოვანი კონცეფცია - საფეხურისდა მომწიფების (განვითარება მოიცავს გენეტიკურად განსაზღვრულ ბუნებრივ კურსს). შესაბამისად, რუსო ლოკისგან განსხვავებით განვითარებას მიიჩნევდა საფეხურებრივ პროცესად, რომელიც ერთი ხაზით - ბუნების მიერ განსაზღვრული ერთიანი უნიფიცირებული კურსით მიმდინარეობს.აქედან გამომდინარე მიიჩნევდა, რომ მშობლების მიერ ბავშვის წვრთნას მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლია მოცემული ზნეობრივი გრძნობების, უნიკალური აზროვნებისა და ემოციებისათვის.
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში კი თანდათად დაიწყო ბავშვის განვითარების შესახებ კვლევების აქტიური განვითარება. ამ განვითარების პროცესში დიდი როლი შეასრულა ბავშვის ბიოგრაფიების შექმნამ. ეს გულისხმობდა მეცნიერების მიერ საკუთარი ან ახლო ნათესავის შვილის შერჩევას და ყოველდღიურ დაკვირვებებს. პირველი მკვლევარების მიერ დაწერილი მსგავსი ბიოგრაფიები უფრო მეტად ემოციური ხასიათის იყო და იშვიათად იყო განსაზღვრული, თუ რას იკვლევდნენ ისინი. თუმცა შემდგომში ორმა თეორეტიკოსმა დარვინმა (1877) და, განსაკუთრებით, ვილიან პრაერმა (1882) დიდი წვლილი შეიტანა ბავშვის ქცევის შესახებ შექმნილ ამ ადრეულ ჩანაწერებში და დაადგინა კვლევის მაღალი სტანდარტები, რაც გულისხმობდა უშუალოდ დაკვირვების პროცესში ნანახის ჩაწერას და შემდგომში მის გადამოწმებას (Cairns, 1998). საბოლოო ჯამში, ბავშვის ბიოგრაფებმა დიდი როლი შეასრულეს ბავშვის მეცნიერულ ფოკუსში მოქცევის პროცესში.
ნორმატიული პერიოდის განვითარება რამდენიმე მეცნიერის სახელს უკავშირდება. სტენლი ჰოლი (1844-1924) მიიჩნევა ბავშვის შემსწავლელი მოძრაობის ფუძემდებლად. არნოლდ გეზელთან ერთად მან განავითარა დარვინის ევოლუციურ იდეებზე დამყარებული თეორიები. კერძოდ კი, ჰოლი და გეზელი ბავშვის განვითარებას განიხილავდნენ, როგორც მომწიფების პროცესს, რომლის დროსაც ყვავილის მსგავსად იშლება გენეტიკურად განსაზღვრული მოვლენების სერია. ისინი ცდილობდნენ განვითარების ყოველი ასპექტის ინტენსიურად აღწერას, რამაც საფუძველი ჩაუყარა ნორმატიულ მიდგომას. ნორმატიული მიდგომა გულისხმობს ბევრ ინდივიდზე დაკვირვებით ქცევის მაჩვენებლების შესწავლას და შემდეგ ტიპობრივი განვითარების წარმოსადგენად ასაკობრივი საშუალო მაჩვენებლების გამოთვლას. შედეგად ჰოლმა, აღნიშნული პროცედურის გამოყენებით, შექმნა სრულყოფილი კითხვარი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო გეზელმა დაკვირვებისა და ინტერვიუების მონაცემების საშუალებით მოიპოვა სკოლამდელი ასაკის ბავშვების მოტორული, სოციალური და პიროვნული განვითარების დეტალური ნორმატიული ინფორმაცია. მან ასევე პირველმა შეისწავლა ბავშვის განვითარება მშობლებისთვის, თითოეული ასაკისთვის შესაბამისი მოლოდინების ჩამოსაყალიბებლად. იგი რუსოს ფილოსოფიას ეყრდნობოდა და მშობლებს ურჩევდა აღზრდის პროცესში ბავშვის მიერ მოწოდებული სიგნალებისადმი ყურადღების მიპყრობას.
ამავე პერიოდში ფრანგი ფსიქოლოგი ალფრედ ბინეც იყენებდა ნორმატიულ მიდგომას, ჰოლის და გეზელის მსგავსად, თუმცა გასხვავებული მიზნით. მან შექმნა ინტელექტის პირველი წარმატებული ტესტი. ბინემ ტესტის შექმნაზე მუშაობა, თავდაპირველად, კარგად განვითარებული თეორიით დაიწყო, ბავშვის აზროვნების მთელი სირთულე მოიცვა და ინტელექტი განსაზღვრა როგორც მოქმედებათა დაგეგმვის, საღი განსჯისა და კრიტიკული აზროვნების უნარი (Sternberg & Jarvin, 2003). შემდეგ კი ამ უნარ-ჩვევების გასაზომად ტესტის საკითხები ასაკის შესაბამისად შეარჩია. ბინემ ინტელექტის ტესტით შესაძლებელი გახდა სკოლის მიღწევების წინასწარმეტყველება და ასევე დიდი ინტერესი გააღვიძა განვითარების ინდივიდუალური თავისებურებების შესახებ. ბინეს ინტელექტის ტესტმა ასევე წინა პლანზე წამოსწია ბუნება-აღზრდის შესახებ სადაო საკითხიც.
ბოლოს კი აუცილებლად უნდა განვიხილოთ, ბოლო ათწლეულების მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა ჯეიმს მარკ ბოლდუინი (1861-1934). ამერიკელი ფსიქოლოგი მიიჩნევდა, რომ ბავშვის მიერ ფიზიკური და სოციალური სამყაროს გაგება სტადიათა სერიის სახით ვითარდება ეს სერიები მოიცავს როგორც ახალშობილის უმარტივესი ქცევის მოდელს, ასევე ზრდასრულის აბსტრაქტულ და რეფლექსურ აზროვნებას. იგი ბუნებასა და აღზრდას თანაბარ მნიშვნელოვნად განიხილავდა, ხოლო ბავშვსა და სოციალურ გარემოს ერთმანეთზე მოქმედად. ბოლდუინი ამტკიცებდა, რომ ბავშვები აქტიურად ამოწმებენ სამყაროს საკუთარ ხედვას, თუმცა ასევე სწავლობენ სხვისი ქცევის მიბაძვით.ბავშვი და გარე სამყარო მუდმივად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და ქმნიან განუყოფელ, გადაჯაჭვულ კავშირს.
დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, რომ საუკუნეების განმავლობაში ბავშვობის შესახებ მოსაზრებების ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი ახდენდა გავლენას. რელიგიურმა წარმოდგენებმა, რეფორმაციებმა და განმანათლებლობის ეპოქამ სხვადსხვაგვარი წარმოდგენა განავითარა ბავშვობის შესახებ, რამაც სხვადასხვაგვარად წარმართა თეორიების და ზოგადად, მეცნიერების ჩამოყალიბების პროცესიც. დროთა განმავლობაში ბავშვის განვითარების კვლევამ, კონკრეტული ბავშვის ბიოგრაფიის შექმნიდან უფრო ფართო მასშტაბებზე გადაინაცვლა. ყოველმა აღნიშნულმაპროცესმა კი კიდევ უფრო დიდიინტერესიგააღვიძა ბავშვის განვითარების ინდივიდუალური თავისებურებების მიმართ, რაც საფუძველი გახდა ახალი თეორიების და საკვლევი კითხვების ჩამოსაყალიბებლად. საბოლოოდ, კი ბავშვის განვითარების, როგორც ინტერდისციპლინური სფეროს, გასავითარებლად.


image

გამოყენებული ლიტერატურა:


ბერკი, ლ., ბავშვის განვითარება, თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0