x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134480
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ბედნიერების გასაღები ანუ წითელი კარის ფენომენი და შიშები/სურვილები/მოგონებები ანუ მოჩვენებები ჩვენს ცხოვრებასა და „ჰილ ჰაუსის მოჩვენებებში“

image

2018 წელს კინოეკრანებზე გამოდის მაიკ ფლენეგანის ღრმად ფსიქოლოგიური სერიალი „ჰილ ჰაუსის მოჩვენებები“, რომლის ქრონომეტრაჟის ეგზალტირებული მდინარება მაყურებელს არასწორხაზოვან და ფანტასმაგორიულ, გრძელ ლაბირინთში ახვედრებს. თავბრუდამხვევი და ვიზუალურად უზადოდ გაფორმებული კადრების პასაჟური სინთეზი და ფსიქოდელური ატმოსფერო ძლიერად გვაწვება ფსიქიკაზე, აქრობს რეალობისა და წარმოსახვის გამყოფ ზღუდეს და მაყურებელი ვეღარ იგებს რა რეალურია და რა - თავისი მენტალური კონსტრუქციის ნაწილი. ჰილ ჰაუსის სიმბოლოების მრავალწახნაგოვანი ქვაკუთხედი უამრავ ფსიქოლოგიურ ასპექტს აერთიანებს, შესაბამისად, სერიალის ყურების პროცესი ამოცანის ამოხსნას ემსგავსება: ცდილობ, ჩაწვდე თითოეული ნიუანსის შინაარსსა და საზრისს, რაც ფიზიკურ, ხელშესახებ სამყაროს გწყვეტს და საშუალებას გაძლევს, სერიალის საოცარი, საიდუმლოებით მოცული სამყაროს სიღრმეში გადაეშვა, გრავიტაციას მიენდო და იტივტივო, მაგრამ თან ცურვა უნდა ისწავლო, რათა გზა გაიგნო და ნაპირამდე მიაღწიო, ანუ სერიალის „ამოხსნით“, გასიგრძეგანებითა და თხემით ტერფამდე შეგრძნებით გამოწვეული ექსტაზი ცხადად განიცადო.


image

სერიალის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო წითელი კარია, რომელიც მრავლისმეტყველ და კომპლექსურ იდეებს მოიაზრებს საკუთარ თავში. მას არცერთი გასაღები არ ერგება და ცნობიერად არავის შეუძლია იქ შესვლა. თუმცა, სინამდვილეში, მის მიღმა არსებულ ოთახში სერიალის ყველა პერსონაჟია ნამყოფი. ალბათ, გაინტერესებთ, როდის ან როგორ: მაშინ, როცა იმას აკეთებდნენ, რაც თავს კარგად აგრძნობინებდათ, აბედნიერებდათ, ამშვიდებდათ. მაგალითად, როდესაც ცეკვავდნენ, კითხულობდნენ, თამაშობდნენ და საკუთარ ეგზისტენციალურ "მესთან" ყველაზე ახლოს იყვნენ. რა შეიძლება იმალებოდეს წითელი კარის ფენომენის მიღმა? რეჟისორს იმის თქმა ხომ არ სურს, რომ ბედნიერება, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ვეძებთ და ვერსად გვიპოვია, ჩვენშია, ყოველდღიურობაშია, წვრილმანებშია, ყველგანაა და თან ამავდროულად არსად: ის სუბსტანცია არ არის, რომ დავიჭიროთ ან გასაღებები მოვარგოთ, არამედ შეგრძნებაა, განცდაა, რომელიც უნდა აღვიქვათ, ვიცნოთ, იდენტიფიცირება მოვახდინოთ. ბედნიერების გაუცნობიერებლობიდან იბადება სწორედ უბედურება: ამიტომაც აღმოჩნდა წითელი ოთახი ობმოდებული და ჩამპალი. ბედნიერი მომენტები უნდა დავაფასოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა“. მეორე მხრივ, წითელი ოთახი შესაძლოა აუხდენელი ოცნებების სიმბოლო იყოს: როგორც უკვე აღვნიშნე, მის შიგნით თითოეული პერსონაჟი საკუთარ პიროვნულ "მესა" და ეგოს მაქსიმალურად უახლოვდებოდა: ანუ არსებობდნენ ზღუდეების, ნიღბების, საზღვრებისა და სიყალბის გარეშე. იქნებ ეს არის თითოეული ჩვენგანის ოცნებაც, რომ ვიყოთ ის, ვინც ვართ და გამოვხატოთ საკუთარი თავი თხემით ტერფამდე? ვინ გვიშლის ამაში ხელს? რა თქმა უნდა, საზოგადოება. და ვინ აშენებს ამ დაუნდობელ სოციუმს? მე, შენ და ის, ანუ ჩვენ ყველანი ერთად. ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას სხვების დაცინვის, დამცირებისა და გარიყვის ხარჯზე ცდილობს; ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ ყველას უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს ერთმანეთის წინაშე. სოციუმი ერთი დიდი ჯაჭვია, რომლის თითოეული წევრიც მეორეს სიცოცხლეზე პასუხისმგებელია, რადგან ერთი სიტყვით ან ჩვენთვის უმნიშვნელო ჟესტითაც კი წარმოუდგენლად დიდი ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია ადამიანზე. და რას ვაკეთებთ? ადამიანებს არ ვაძლევთ უფლებას იყვნენ ისინი, ვინც უნდათ, რომ იყვნენ. შედეგად კი ვიღებთ იმას, რასაც ინგმარ ბერგმანის ფილმის, „პერსონას“, ერთ-ერთი პერსონაჟი გადმოგვცემს ექსპრესიული მეტყველების საშუალებით: „უიმედო ოცნება იმაზე, რომ იყო არა მოჩვენებითად, არამედ რეალურად. სიცოცხლის ყოველ წამს აცნობიერებდე და გრძნობდე. ამავდროულად, უფსკრულია იმას, როგორადაც სხვები გხედავენ და შენს რეალურ სახეს შორის. და უკვე თავბრუ გეხვევა დაუოკებელი სურვილისგან, რომ ბოლოს და ბოლოს შეგიცნონ, ამოგხსნან, დაგამცირონ ან, შესაძლოა, გაგანადგურონ კიდეც. ყოველი სიტყვა ტყუილია. ყოველი მოძრაობა ყალბია. ყოველი ღიმილი მანჭვაა. თვითმკვლელობა? არა... ეს ვულგარულია. ღირსეული ადამიანები ასე არ იქცევიან. მაგრამ შეგიძლია გაქვავდე, დადუმდე და მოტყუება შეწყვიტო. შეგიძლია, საკუთარ თავში ჩაიკეტო, განერიდო ყოველივეს და აღარ მოგიწევს როლის თამაში, საკუთარი გრძნობების დამალვა და ყალბი ჟესტებით კომუნიკაცია.“ დიახ, საბოლოოდ ვიღებთ საზოგადოებას, რომელშიც ადამიანებს უზარმაზარი პერსონალური საზღვრები აქვთ და მხოლოდ ამ საზღვრების მიღმა არიან ისინი, ვინც რეალურად უნდათ, რომ იყვნენ. ზღუდეების მიღმა სამყარო სწორედ ის ოთახია, რომელშიც წითელ კარს შევყავართ. გაინტერესებთ, რატომ არის დაობებული? იმიტომ, რომ აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების კერაა, საიდანაც ობი მთელ სახლში ანუ მთელი ჩვენი ცხოვრების კასკადში ვრცელდება და დიახ, საბოლოოდ მენტალური და ფსიქიკური პრობლემებით ვაგრძელებთ მტანჯველ ეგზისტენციას.



image

“სამყაროს ეშვები აქვს, მშიერია, სულელი და უაზროდ ჭამს დაუსრულებლად. არ აღელვებს, ისინი უდანაშაულოები არიან თუ არა“. რა იგულისხმება მშიერ სამყაროში? ცხოვრება თუ თითოეული ჩვენგანის ეგზისტენციალური მე? რისი სიმბოლოა სახლი, რომელშიც მოჩვენებები ბინადრობენ? ცხოვრების თუ ჩვენი ეგოსი? ცხოვრებაა სასტიკი თუ ჩვენ - ჩვენივე თავების მიმართ? „ჰილ ჰაუსის მოჩვენებების“ ალეგორიების ზუსტად ამოხსნა არც ისე მარტივი საქმეა. თუ ამ სიტყვებს საკუთარ მესთან გავაიგივებთ, შემდეგ დასკვნამდე მივალთ: ჩვენ თვითონვე ვართ დაუნდობლები და არ ვიცით, როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს ისე, რომ ფსიქოლოგიური მდგრადობა შევინარჩუნოთ. არ ვიცით, როგორ განვდევნოთ შიშები და როგორ ვიბრძოლოთ საკუთარი ოცნებებისთვის. უზარმაზარ ზღუდეებსა და პიროვნულ საზღვრებს ვაშენებთ ჩვენ გარშემო, რომლის აქეთაც არავის ვუშვებთ და შემდეგ გვიკვირს, რატომ ვართ პერმანენტულად მარტოები. დიახ, ვიზიარებ იმ აზრს, რომ არავინ არავის ეკუთვნის, მარტონი ვიბადებით და მარტონი ვკვდებით, თუმცა ანისა და ჰოეს შორის, ანუ იმ ნაწილში, რომელსაც ბეგბედერი მუცლის ტკივილის ფაზას უწოდებს („ვიბადებით, ვკვდებით, შუაში კი მუცელი გვტკივა“) სასიცოცხლოდ, არსებითად გვჭირდება ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანები, სოციალური არსებები ვართ? ამისთვის კი პირველ რიგში სიყვარული გვჭირდება. “All you need is love. Love is all you need”. სერიალის დასასრულს პროტაგონისტი ამბობს: „პატიება სითბოა, როგორც ლოყაზე ჩამოსული ცრემლი. როცა წვიმაში იდგებით, ამაზე და ჩემზე იფიქრეთ. მე თქვენ ძალიან მიყვარდით და თქვენც ასე გიყვარდით. სულ ეს არის. დანარჩენი უმნიშვნელოა.“ რეალურად, მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, თუმცა არ გამოხატავდნენ ამას, საზღვრებს მიღმა მალავდნენ დადებით გრძნობებს და საბოლოოდ ფსიქიკის დესტრუქციულ მდგომარეობამდე მივიდნენ. შესაბამისად, უნდა გავითავისოთ და გავაცნობიეროთ, რომ სიყვარულით, ჯანსაღი ურთიერთობებითა და სწორი ნაბიჯებით შეიძლება გავიმარჯვოთ „მშიერ სამყაროზე“, არ აქვს მნიშვნელობა, ის ცხოვრების ალეგორია იქნება თუ პიროვნული "მესი".

ჰილ ჰაუსის მოჩვენებების ფუნდამენტური ნიუანსი, ცხადია, მოჩვენებებია. ნიშანდობლივია, რომ თითოეული მათგანი სხვადასხვა ემოციისა და გრძნობის სიმბოლოა: შიშის, ტკივილის, იმედგაცრუების, აუხდენელი ოცნებების, მტანჯველი მოგონებების. მაშასადამე, ეს მოჩვენებები ყველას ცხოვრებაშია, ისინი მუდმივად თან გვდევენ, თუმცა, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ მათ. ერთი მხრივ, ერთმანეთის „მოჩვენებებს“ ანუ შიშებს, ტკივილს და ა.შ. პატივი უნდა ვცეთ, არ უგულებელვყოთ და, საჭიროებისამებრ, განდევნაში დავეხმაროთ, როგორც ამას ნელის ქმარი აკეთებდა, რომელსაც ის უპირობოდ უყვარდა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ ჩვენს უარყოფით ემოციებს არ უნდა „მივეცეთ“ თხემით ტერფამდე, არ შევისისხლორცოთ (როგორც ამას ნელი აკეთებდა და საბოლოო ჯამში იმსხვერპლა კიდეც ჰილ ჰაუსის სახლმა ანუ ცხოვრებამ/საკუთარმა თავმა), თავი უნდა დავაღწიოთ, თუ საჭირო გახდა, გავიქცეთ კიდეც და პოზიტიურ ენერგიას „შევეკედლოთ“. მეორე მხრივ, არც უარყოფითი ემოციების მუდმივად დაიგნორება გამოგვადგება (როგორც ამას თეო აკეთებდა): უნდა განვიცადოთ ტკივილიც და შიშიც, და ამ გზით მივცეთ საშუალება, ნელ-ნელა გაქრნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, არაცნობიერში დაგროვდება და შემდეგ ერთიანად დაგვესხმება თავს, უზარმაზარი „მოჩვენების“ წინააღმდეგ ერთბაშად ბრძოლა კი არც ისე მარტივი იქნება.

საბოლოოდ, სერიალი პირველიდან ბოლო წამამდე ერთი დიდი თავსატეხია, განსაცვიფრებელი, სიღრმეებში დამალული ფსიქოლოგიური სიმბოლოებით, არსითა და ვიზუალური გაფორმებით უახლოვდება ეპითეტ „იდეალურს“. ჩემი სუბიექტური აზრით, „ჰილ ჰაუსის მოჩვენებები“ თავისი არსითა და ღირებულებებით კინომატოგრაფიის ღირსშესანიშნავი ქმნილება და ნიშანსვეტია.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი სარდლიშვილი
ქეთი სარდლიშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0