x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გულსათბურა წერილი საყვარელ ადამიანს. თავმდაბლობისა და უამბიციობის შედეგი - უცნობ ტალანტად დარჩენა
image


ბატონო ჩემო, ძალიან რომ მიყვარხართ, იცით?
ან კი საიდან უნდა იცოდეთ.... გულში ჩამოხედვა არც ისე ადვილია და არც სიტყვებია საკმარისი, რომ სიყვარული დაინახოთ....
ისე კი, რად უნდა დაგანახოთ... იმისთვის, რომ შეაფასოთ, დააფასოთ და გააანალიზოთ, კოორდინატთა წრფის ათვლის წერტილიდან პლუს უსასრულობისკენ რომელ მონაკვეთშია ეს სიყვარული, რომ მერე გრაფიკულად გამოსახოთ?
არა, არა... სიყვარული სუბიექტისთვის უფრო სასიამოვნო განცდაა, ვიდრე ობიექტისთვის... და სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი, ობიექტი ამას ხედავდეს, ამჩნევდეს და პასუხობდეს....
მახსოვს, ერთმანეთს დანახვისთანავე ჯერ სიტყვა გავუზომეთ, მერე სიგრძე, მოგვიანებით ავწონეთ კიდეც ერთურთი, როგორც ყასბები წონიან საკლავს სიყვარულის ხორცის ფასებში გასაყიდად. ავწონეთ და ჩვენგან ერთ-ერთი გაცილებით მძიმე რომ შეიქნა, ერთმანეთს გადავემტერეთ...
და ახლა, მტერი მიყვარს.
ოდესმე წარმოგიდგენიათ, რა სასიამოვნო განცდაა მტრის სიყვარული?
არც გიცდიათ? არ მოგისინჯავთ?
ბევრი დაგიკარგავთ.
მენატრებით, თუმცა აუცილებელი კი არ არის, თქვენც მოგენატროთ?!
იცით, რა ფერი აქვს ცხოვრებას, რომელიც ერთი დიდი მონატრებაა მისი, ვინც მთელი არსებით გიყვარს?
მე ვიცი - სიცოცხლისფერი! ირგვლივ სურვილისფერ-ჟინისფერი შუქ-ჩრდილებით და შუაგულში იმედისფერ ფონზე წარწერით: "ოღონდ თვითონ იყოს კარგად."
ნუ გიკვირთ ჩემი თავაზიანობის... ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ... მხოლოდ გარედან მოვასწარით ერთმანეთის აღქმა... მერე კი, რასაც უფრო უნდა შევეკარით, იმან გაგვყარა და დავრჩით ასე თითქოს ნაცნობ, მაგრამ ნამდვილ უცნობებად.
იცით? მიხარია კიდეც, რომ არ გიცნობთ და არც კი ვიცი, რომელი ვხვრინავთ, მე თუ თქვენ...

---------------
ასეტი მინიატურების ავტორი ექიმი და ჟურნალისტი მარი ბერძნაძეა, რომელსაც აქვს საოცარი ლექსები. ერთდროულად დიდი სიყვარულით, შეპარული იუმორით, მოულოდნელი ბოლო კადანსებით. მიუხედავად იმისა, რომ მის ლექსებს უამრავი მკითხველი ჰყავს და მეგობრებმა ქუთაისის მერიის დახმარებით მისი ლექსების კრებული გამოსცეს, ის არ თვლის, რომ პოეტია.

როცა თამაზ კვაჭანტირაძემ წლების წინ მისი ლექსები წაიკითხა, იმდენად მოეწონა, რომ შესთავაზა მწერალთა კავშირში რეკომენდაციის გაწევა, მაგრამ მადლობა და უარი ერთ წინადადებაში მოაქცია. ასეთი თავმდაბალი ადამიანები ხშირად იკარგებიან ფართო მკითხველთა არიდან, თუმცა რჩებიან იმ მკითხველთა სიყვარულით სავსე, ვინც მათ იცნობს.

მე რომ მიყვარხარ ასე ძალიან,
ხომ არ გგონია, დაიმსახურე?!
ეს არამკითხე გრძნობის ბრალია,
გული გონებას ვერ ვამსახურე.
თვითონ არ ვიცი, რატომ მაქვს ნდობა,
ველურს ცხოვრებით რატომ გერწყმები!
შენს დანახვაზე ისე მდის ნდომა,
როგორც მაჟალო ვაშლზე ნერწყვები...
/მარი ბერძენაძე/


0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0