x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა

image

საქართველოში ყველა პატრიოტი და დემოკრატი ადამიანი ალბათ იმედის ნაპერწკალს აღვივებდა გულში ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ეს დაპირისპირება დასრულდება და საუბრები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, გონივრული შეთანხმებით დაგვირგვინდება. მე პირადად მეიმედებოდა, რომ მხარეები მეტ წინდახედულობას და ლოიალობას გამოიჩენდნენ, თუნდაც იმის გამო, რომ ქვეყნის იმიჯის შელახვას მოერიდებოდნენ. ალბათ ლოგიკურია, რომ ეს ასე არ მოხდა, მაგრამ რატომ?


ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა ნორმაა დემოკრატიული საზოგადოებისთვის, მაგრამ საბჭოური მენტალიტეტის საზოგადოებამ ეს მარტივი ჭეშმარიტება ვერა და ვერ შეიმეცნა. დამოკიდებულება -"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია" დღემდე პრივალირებს ხალხში. ოპოზიციის განადგურებაზე საუბრები დემოკრატიულობის იდეას საფუძველშივე კლავს და ისევ სსრკ-სკენ მიგვდენის, რომელიც პოლიტიკური მოუსავლეთია.


ტოტალიტარიზმი და ფაშიზმი მიუღებელია პროგრესული მსოფლიოსთვის, მიუხედავად ამისა, გერმანიაში დღემდე არსებობენ ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევრები, ნაციონალ-სოციალისტები, რომლებსაც არავინ სდევნის. გერმანელებს შეუძლიათ კოჰაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება ფაშისტებთანაც კი! არა მხოლოდ გერმანიაში, ევროპის არაერთ სახელმწიფოში და აშშ-შიც ულტრამემარჯვენე ძალები არსებობენ, მართალია უმცირესობაში არიან, მაგრამ თანაცხოვრობენ საზოგადოებაში და მათ არავინ დევნის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებებში სწორედ პოლიტიკური ოპონენტების და განსხვავებულების დევნაა მიუღებელი.


დემოკრატიის ანაბანაა - თუ დემოკრატი ხარ, ოპოზიციას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას არ უნდა უცხადებდე, როგორი იდეური თუ პიროვნული შეუთავსებლობაც არ უნდა გქონდეს მასთან; პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე არ უნდა ოცნებობდე, ჯანსაღი ოპონირების ძალა უნდა შეგწევდეს. დემოკრატიულობა არ ნიშნავს კონსტრუქციული კრიტიკის მიუღებლობას, ეს აქსიომაა, რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს. გასაგებია, რომ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ამისთვის გვყავს გამოცდილი დემოკრატი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც რჩევებს გვაძლევენ, როგორც ბავშვებს, რომელთაც ხელში ასანთი უჭირავთ და საფრთხეს ვერ ხედავენ. კეთილ უნდა ვინებოთ და გავითვალისწინოთ მათი რჩევები, ჩვენივე უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის.



ჩვენ შეიძლება ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ, როგორც ერი ხომ არ ვართ ახალგაზრდა და გამოუცდელი, ჩვენ მხრებზე მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს, რომლის გაკვეთილებიც უნდა გვესწავლა, ერის დაქსაქსულობის შედეგების თვალსაზრისით მაინც! ჩვენ სულ რაღაც 3 მილიონიანი ერი ვართ, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ეს რატომღაც ხშირად გვავიწყდება. 23 თებერვალი ახლოვდება, გასაბჭოებიდან და ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა, რა ვისწავლეთ? ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ჩვენი ერის დამოუკიდებლობისადმი სწრაფვით, ჩვენი გმირული სულით და უამრავი ერისთვის თავდადებული ისტორიული გმირით, ჩვენი სულიერი სიმტკიცით, ბრძოლისუნარიანობით, თავისუფლებისმოყვარეობით და იმით, რომ მე-4 საუკუნიდან ქრისტიანები ვართ, მაგრამ ერთმანეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების უნარზე ეს რატომღაც არ აისახება.


არგუმენტი - ნიკა მელიამ კანონი დაარღვია და უნდა დაისაჯოს გასაგებია და ამას მეორეკლასელიც იტყოდა, პარლამენტში რომ შეგეშვა, სკოლის ნაცვლად. სხვათაშორის, გასათვალისწინებელია, რომ კანონიერების ეგიდით მომხდარა ყველა სისასტიკე კაცობრიობის ისტორიაში, მ.შ. ფაშიზმიც კანონიერების ჩარჩოებში "ეტეოდა" და კომუნისტური რეპრესიებიც კანონიერების ჩარჩოებში იყო "მოქცეული"! "ხალხის მტრების" სულისკვეთება და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, მითუფრო ერთმანეთზე რუსეთუმეობის გადაბრალება კი უკვე ყოველგვარი ლოგიკის და არგუმენტირებული, ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს გასცდა, ჩვენდა სამწუხაროდ და მტრების გასახარად.


ადამიანი დაუნდობელი არსებაა თავისი ბუნებით, ამაზე ბავშვის ფსიქოლოგიაც მეტყველებს. ამიტომ სჭირდებათ ბავშვებს ზედამხედველობა, რომ ერთმანეთს ან გარშემომყოფებს არაფერი დაუშაონ, არაფერი გააფუჭონ და სახლი არ გადაწვან. ეს დაუნდობლობა ზრდასრულობის ასაკთან ერთად იკლებს და ადამიანი სულ უფრო ლმობიერი ხდება, რაზეც ცხადია ინტელექტი ზრუნავს. როგორც ჩანს ჩვენ დემოკრატიულობის შკალაზე ჯერ კიდევ უმწიფრობის ასაკობრივ კატეგორიაში ვართ.


დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობსო, ამბობდა ვინსტონ ჩერჩილი. მართლაც, ჯერ უკეთესი კაცობრიობას არაფერი გამოუგონია. ამიტომ მოდით მეგობრებო, ჩამოვყალიბდეთ სად ვართ, რა გვინდა და რას ვაკეთებთ, თორემ ნიკა მელია კი არა, სულხან საბას ლურჯი მელიას იგავი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში და ვიდრე წვიმა არ მოვიდა და არ გამოჩნდა ვინ ვინ არის, იქნებ გონს მოვეგოთ. თითის ერთმანეთისკენ გაშვერის პოლიტიკა კი მთლად სსრკ-ს '30-იანი წლების რეპრესიებს ჩამოჰგავს, რომელიც გასაბჭოებას მალევე მოჰყვა. ღმერთმა დაგვიფაროს რეგრესისგან, მოდით პროგრესზე ვკონცეტრირდეთ და უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.


0
105
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0