x
image
მანჩო 777
ბავშვების სახელები, რომელთა დარქმევა ამა თუ იმ ქვეყანაში აკრძალულია. გვაქვს თუ არა საქართველოში აკრძალული სახელები?
ძნელია, დღეს ვინმე გააკვირვო ბავშვის უცნაური სახელით, მით უმეტეს, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი შვილებს საოცრად არასტანდარტულ სახელებს არქმევს. მაგალითად ილონ მასკის და მომღერალ გრაიმსის შვილის სახელიც საკმარისია - X Æ A-12 ან მსახიობ გვინეტ პელტროუს გოგონა, რომელსაც დედამ სახელად ვაშლი (Apple) დაარქვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს გარკვეული აკრძალვა, რომლის თანახმადაც ახალშობილისათვის რომელიმე გარკვეული სახელის დარქმევა კანონით აკრძალულია. უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად გვახსოვს საბჭოური ცხოვრების წესი და იმდროინდელი აკრძალვები, როცა მკაცრად იყო განსაზღვრული, თუ რომელი სახელის დარქმევა შეიძლებოდა ბავშვისთვის და რომლის-არა.



image


ვნახოთ, რომელ ქვეყანაში რა სახელია აკრძალული და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.


ნუტელა და მარწყვი -საფრანგეთი



image


მოხდა ისე, რომ ახალგაზრდა ფრანგმა წყვილმა ახალდაბადებულ შვილს სახელად ცნობილი შოკოლადის პასტის სახელი ნუტელა დაარქვა. ალბათ ახალგამოცხვარ მშობლებს ეგონათ, რომ მათი შვილი ყველასაგან გამორჩეული და განსაკუთრებული გახდებოდა უცნაური სახელის წყალობით, თუმცა მოვლენები საპირისპირიდ განვითარდა: გოგონას სკოლაში დაცინვა და ბულინგი დაუწყეს სახელის გამო, ამიტომ მშობლები იძულებული გახდნენ საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ და ბავშვისთვის ოფიციალურად გამოეცვალათ სახელი (მას ელა დაარქვეს). ეს ისტორია საინფორმაციო საშუალებების წყალობით მთელ საფრანგეთში გახდა ცნობილი, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც სახელი ნუტელას დარქმევა ბავშვებისთვის აკრძალულია.

კიდევ ერთმა ფრანგულმა ოჯახმა მოინდომა ახალშობილისათვის fraise-ს დარქმევა, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. ამის მიზეზი გახდა სიტყვების თამაში, რომლის მიხედვითაც სლენგის ენაზე ეს სიტყვა საკმაოდ ცუდი მნიშვნელობისაა. ბავშვს საბოლოოდ Fraisine დაარქვეს.



"ტერმინატორი"- მექსიკა


image


გაგიკვირდებათ და სახელი "ტერმინატორი" მექსიკაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო პოპულარული. მოხდა ისე, რომ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც სახელად არნოლდ შვარცენეგერის გმირის სახელი ერქვა, კატასტროფულად გაიზარდა და მექსიკის სკოლების ერთსა და იმავე კლასში 8-9 "ტერმინატორი" ირიცხებოდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აეკრძალა ახალშობილებისათვის ამ სახელის დარქმევა.


"იკეა"-შვედეთი


image


აბა რომელ თქვენგანს არ მოსწონს შვედური ავეჯის მაღაზიების ეს ძალიან ცნობილი და პოპულარული ქსელი, თუმცა არა მგონია, ის იმდენად გიყვარდეთ, რომ საკუთარ შვილს "იკეა" დაარქვათ? შვედეთის ხელიდუფლებამ გადაწყვიტა დაზღვევის მიზნით აეკრძალა ახალშობილებისათვის ამ სახელის დარქმევა, რათა თავიდან აეცილებინათ ის დისკომფორტი, რაც მისმა ტარებამ შეიძლება შეუქმნას ადამიანს.


კამილა (Camilla)- ისლანდია


image



ისლანდიაში არსებობს განსაკუთრებული კომიტეტი, რომელიც აწესებს და აკონტროლებას ახალშობილებისათვის დასარქმევ სახელებს. ასე მაგალითად, ქალიშვილისათვის კამილას (Camilla) დარქმევა აკრძალულია, რადგან ადგილობრივ ანბანში არ არის ასო-ბგერა с, ხოლო იგივე სახელის, ოღონდ ასოთი к (Kamilla) უპრობლემოდ შეუძლიათ დაარქვან ახალშობილს.



სანტა-კლაუსი - ოჰაიოს შტატი (აშშ)


image



აშშ-ის ოჰაიოს შტატში მცხოვრებ რობერტ უილიამ ჰენდლის, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს საშობაო დღესასწაული და სანტა კლაუსი, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მან მოინდომა სახელი გადაერქვა და სანტა რობერტ კლაუსი დაერქვა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ამის ნებართვა არ მისცა. აღმოჩნდა, რომ ოჰაიოს შტატში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანს ოფიციალურ სახელად არ შეიძლება ერქვას სანტა კლაუსი.


''ცხარე პიტნა" და "ქვა" -გერმანია


image



ერთ გერმანულ ოჯახს სურდა ახალდაბადებული ვაჟისათვის მეტად უცნაური სახელი Pfefferminze (გერმანულიდან ნიშნავს "ცხარე პიტნას") დაერქმია. მმაჩის ბიუროში მას უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მომავალში ეს სახელი გამოიწვევდა ბავშვის მისამართით განხორციელებულ დაცინვას და ბულინგს. ამავე მიზეზით სასტიკი უარი ტკიცეს კიდევ ერთ წყვილს, რომლებმაც მოისურვეს შვილისათვის Stone - ქვა დაერქმიათ.


პარასკევი და ცისფერი Blu -იტალია


image



ისეთი სასიამოვნო და კარგი დღის სახელწოდება, როგორიც პარასკევია, იტალიაში აკრძალულია გამოყენებულ იქნას, როგორც სახელი. იტალიის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელი Venerdi (ასე გამოითქმის იტალიურად "პარასკევი") მიუკუთვნება სასაცილო და სამარცხვინო სახელების კატეგორიას, ა მიტომ საკუთარ სახელად მისი გამოყენება უნდა აიკრძალოს.

ზუსტად ამავე მიზეზით 2018 წელს იტალიის სასამართლომ უარი უთხრა წყვილს, რომლებსაც სურდათ ახალშობილი ვაჟისთვის ''ცისფერის'' (Blu) დარქმევა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა პრეზიდენტის 2000 წელს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ბავშვისათვის დარქმეული სახელი უნდა შესაბამებოდეს მის სქესს, ხოლო სახელი Blu არ აღნიშნავს ერთ რომელიმე კონკრეტულ სქესს და არ შეიძლება გამოყენებული იქნას საკუთარ სახელად.

აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა არ მოქმედებს მთელი იტალიის ტერიტორიაზე. ასე მაგალითად, ცნობილმა "მოცეკვავე მილიონერმა" ჯანლუკა ვაკიმ და მისმა შეყვარებულმა შერონ ფონსეკამ თავიანთ შვილს Blu Jerusalema დაარქვეს. წყვილი ცხოვრობს ბოლონიაში, სადაც როოგრც ჩანს, Blu სულაც არ არის ბავშვისათვის მიუღებელი სახელი.


პლუტო-დანია


image


დანიაში მშობლებს ახალშობილისათვის სახელის ამორჩევა მოუწევთ იმ 7000-სახელიანი ნუსხიდან, რომელიც ოფიციალურადაა დამტკიცებული ხელისუფლების მიერ. მათ, ვინც გადაწყვეტს აირჩიოს ისეთი სახელი, რომელიც ამ სიაში არაა შეტანილი, უხდებათ სპეციალური ნებართვის აღება. ასე, მაგალითად, აკრძალული სახელების სიაში შესულია პლუტო (Pluto) და მაიმუნი (Monkey).



@- ჩინეთი


image


ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ჩინელებს უცნაური სახელებით ვერ გააკვირვებ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. როგორც ჩანს, ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვები ამ ეგზოტიკურ ქვეყანაშიც არსებობს. ასე მაგალითად, ერთმა ჩინურმა ოჯახმა მოინდომა ახალშობილისათვის @-ის დარქმევა (ეს სიმბოლო ჩინურად გამოითქმის, როგორც "აი-ტა"), თუმცა კატეგორიული უარი მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ჩინეთში აკრძალულია სიმბოლოების გამოყენება ადამიანის სახელად.


"პრინცესა"- ახალი ზელანდია


image



ახალ ზელანდიაში აკრძალულია ბავშვებისათვის "პრინცესას" დარქმევა. ქვეყანამ ამ სახელზე უარი თქვა იმის გამო, რომ ეს სახელწოდება აღნიშნავს ტიტულს და არა საკუთარ სახელს. აკრძალული სახელების სიაში შესულია აგრეთვე პრინცი, მეფე, დედოფალი, ეპისკოპოსი, მაიორი, ჰერცოგი, სერ, ლედი, კონსტებლი და ბარონი.



image


რაც შეეხება საქართველოს, საინტერესოა, მოქმედებს თუ არა რაიმე შეზღუდვები ახალშობილების სახელებზე და როგორ სახელებს არ დააკმაყოფილებს საჯარო რეესტრი? ამ უწყების წარმომადგენლების განმარტებით, ბავშვის სახელზე შეზღუდვა არ არსებობს იმ გამონაკლისის გარდა, თუ ის შეურაცხმყოფელია ან საზოგადოებისთვის მიუღებელი. ამასთანავე, სახელი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის ნიშანს, სხვა ყველა შემთხვევაში საჯარო რეესტრი სახელს განხილვის გარეშე არეგისტრირებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სახელი არ გაკმაყოფილებთ, 18 წლამდე იმდენჯერ შეგიძლიათ სახელის გადარქმევა, რამდენჯერაც მოგინდებათ, მაგრამ სრულწლოვნობის ასაკის მიღწევისას მსგავსი შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ გექნებათ.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარულია უცაური და არატრადიციული სახელის დარქმევა, ასე მაგალითად, გასულ წელს დაბადებული გოგონების სახელებიდან აღსანიშნავია თანასია, ალესანრა, ანე, ბეატა, გოგოლა, ევდოკია, კრავაი, ბეატა, დაკო, თინი, მატა, თამი, ცაბუ, მეა, რაია, ლილეანა, ნილა, ანარა, ბაბალე, აფსანა, ბაბილინა, ბანუ, გაბილა, ესთერი, თეონიტა, მარისაბელი, ნანიტა, ნენე, სევდა. ბიჭების სახელებიდან კი ალიმ, ბაიბალა, ალბერტ, დანი, გენო, გიკა, დომენიკი, ბათუ, დევი, დუდუ, ელგუჯა, თეოდორი, ნერსე, სვიმეონი, შეთე, არსენა, დაუთი, მარკოზი, ნარიმანი, როსტომი, უსეინი, თუმცა უცნაური და არატრადიციული სახელების დარქმევით განსაკუთრებით სამეგრელო გამოირჩევა, აქ ხშირად შეხვდებით ისეთ სახელებს, როგორიცაა ათუკა, ბაკური, ბეჟო, გეგე, დანიილი, ედიკა, მექო, ნიკანდრე, სპარტაკი, ფელიქსი, ჯონდი, ჯუანშერი, ველოდი, არველოდი, ჭუჭი, მერქუში, ირმიზოლდი, ლევტერი, მაუგლი და სხვა.


წარმოიდგინეთ, რომ ვცხოვრობთ ფანტასტიკურ სამყაროში, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ჩვეულებრივი სახელები არ არსებობს, ხოლო უცნაურები და არასტანდარტულები კი მისაღებია და პოპულარული. საინტერესოა, თქვენი ნება და არჩევანის საშუალება რომ ყოფილიყო, შეინარჩუნებდით იმ სახელს, რომელიც მშობლებმა დაგარქვეს, თუ არა; რას დაირქმევდით და რატომ?

3
185
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
185
  
2021, 24 თებერვალი, 10:58
სიამოვნებით გადავირქმევდი სახელს) ან ხმოვნებს შევცვლიდი, მაგალითად, ლილე)
2021, 17 თებერვალი, 21:22
შადიმანი გასაგებია, მაგრამ მე ისიც არ მომწონს, ქართველების დაუძინებელი მტრების სახელებს რომ არქმევენ ბავშვებს ან თურქულ - მონღოლურ სახელებს: მირზა, ჯამბული, ასლანი, ბეგი და ასეთები.
2021, 17 თებერვალი, 15:24
ნუ საქართველოში ოფიციალურად აკრძალული არაა..მაგრამ რომ შადიმანს,რომ აღარავინ არქმევს ბავშვს,გასაგები მიზეზების გამო აგერ უკვე 300 წელია
0 1 3