x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დავით კლდიაშვილი და „შემოდგომის აზნაურთა“ ციკლის მოთხრობები
დავით კლდიაშვილიკირილე და პლატონი

დედამიწაზე მცხოვრები ხალხებიდან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი პატარა, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი და ღრმად საინტერესო ისტორიისა და კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის მქონე ქვეყანა, როგორიცაა საქართველო. ედემი, როგორც მას იოსებ ნონეშვილი უწოდებს თავის ერთ-ერთ ლექსში. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ ლიტერატურა გვაქვს იმდენად საინტერესო და გვყავს საოცრად შემოქმედი ავტორები, რომლებმაც საკადრისი ადგილი დაიკავეს ისეთი დიდი მწერლების გვერდით, როგორებიც იყვნებ: შექსპირი, გოეთე, პუშკინი, დოსტოევსკი და მრავალი სხვა. ერთ ასეთ მწერალთაგანს წარმოადგენს ჩვენი დავით კლდიაშვილიც. საოცრად ღრმა და საინტერესო თემებით, რომლებიც არათუ ორი საუკუნის წინ, არამედ დღესაც აქტუალურია.

დავით კლდიაშვილის ის განსაკუთრებული იუმორის გრძნობა, რომლითაც მისი მოთხრობები და პიესები მკითხველში საოცარი სიამოვნებისა და გულწრფელობის განცდას ბადებს, შემთხვევითი ნამდვილად არ არის. მწერალი დაიბადა და სიცოცხლის დიდი ნაწილი იმერეთში, სოფელ სავანეთში გაატარა. ეს კუთხე კი მოგეხსენებათ, გამორჩეულია იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ადამიანების სიმრავლით. დავითმა წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თუმცა, გაგიკვირდებათ და ბევრი ადამიანი გამოჩნდა ისეთი, რომელსაც არ მოწონდა მისი ნაწერები და ურჩევდნენ ამ საქმისათვის თავი დაენებებინა, თუმცა მწერალმა რუსთველის მიერ ნაანდერძევი შეგონებით იხელმძღვანელა: „ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რაგინდა ვინ გივაზიროს“. არც შემცდარა...

კლდიაშვილმა იმ დროისათვის საკმაოდ კარგი განათლება მიიღო და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურედაც მუშაობდა. ყველაფრის მიუხედავად მისთვის მთავარი და უმთავრესი საკითხი ადამიანობა და მოყვასისადმი ურთიერთპატივისცემა იყო. მისი ცხოვრების ეპიზოდები ცხადყოფს, რომ იგი დაიბადა მწერლად, ადამიანად რომელსაც თავისი სამსახურის მიუხედავად არ შეეძლო ძალადობა და უვარგისი დროებისათვის ფეხის აწყობა. ამას ცხადყოფს თუნდაც ის ფაქტი, რომ იგი თურქეთში გადასახლებულ ჭანებს გამოესარჩლა, რის გამოც საველე სასამორთლოს გზით უნდა გაესამართლებინათ, მაგრამ თებერვლის რევოლუციამ იხსნა და უკვე მოხუცებული საკუთარ მამულში დაბრუნდა, 1931 წელს კი გარდაიცვალა.

როდესაც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებს ვკითხულობ, ყოველთვის მაქვს იმისი განცდა და მოლოდინი, რომ ყოველ ჯერზე წაკითხვისას ისინი სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას მომგვრიან. იმედი არასოდეს გამცრუებია... მართლაც, ეს ავტორი ძალიან ბევრ თემას ეხება, ისეთს, რომლებიც მის დრომდე არავის გაუშუქებია ან აღუწერიათ მაგრამ ისეთი ოსტატობით ვერა, როგორითაც მას.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლდიაშვილის შემოქმედების ის ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია გაღატაკებული აზნაურების, ე.წ „შემოდგომის აზნაურების“ ყოფის აღწერასთან და რომელიც მისი ბევრი ნაწარმოების მთავარი თემაა. მათგან აღსანიშნავია: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „სოლომან მორბელაძე“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „დარისპანის გასაჭირი“ და სხვა. განვიხილავთ პირველ სამი მოთხრობა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ სწორედ მათშია ყველაზე მძაფრად და ამომწურავად ასახული გაღატაკებული ფენის მანკიერი თვისებები და ეპოქა, რომლის შვილებიც ისინი იყვნენ. სანამ უშუალოდ ნაწარმოებების განხილვაზე გადავიდოდე, მინდა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ აზნაურობის „ინსტიტუტის“ შენახებ საქართველოში.

ზოგადად სიტყვა „აზნა“ სპარსული წარმოშობისაა და ნიშნავს წარჩინებულს. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ აზნაურობა, როგორც სოციალური ფენა, მხოლოდ ქართული მოვლენა ყოფილა და სრულიად განსხვავებული სხვა ქვეყნებში ცნობილი საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმათაგან. ეს ფენა უკვე მე-15 საუკუნისათვის რაღაც საშუალო იყო გლეხობასა და თავადობას შორის. აზნაურთა უმრავლესობა წვრილი მემამულეა, უპირატესად ადმინისტრაციული მოხელენი არიან. მათვე ეკისრებოდათ სამხედრო სამსახური და პატრონის ხლება. ერთადერთი ნიშანი, რომელიც ამ ფენას გლეხებისაგან განსახვავებდა, პირადი თავისუფლება იყო. „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?!“ დადგა დრო, როცა აღნიშნული კლასი ისეთ სოციალურ სიდუხჭირეში აღმოჩნდა, რომ როგორც იტყვიან, „სულს წყალსა სთხოვდნენ“... სწორედ ამ ფენისა და ეპოქის მანკიერებების იდეალური ასახვაა დ. კლდიაშვილის ზემოთ დასახელებული ნაწარმოებები.

„შემოდგომის აზნაური“, როგორც ტერმინი უკავშირდება კლდიაშვილისავე მოთხრობას - „ქამუშაძის გაჭირვება“. სწორედ ამ უკანასკნელში იქნა გაღატაკებული ფენისათვის ამ ფსევდონიმით მოხსენიება, რაც თავის მხრივ, გულისხმობდა გლეხ, გაღატაკებულ და ამასთანავე უვიც აზნაურებს, რომლებიც თავიანთ პრივილეგიებსა და წოდებას იბრუნებდნენ მხოლოდ მოსავლის პერიოდში, შემოდგომაზე. რაც შეეხება კლდიაშვილს, მან ოსტატურად დაგვიხატა უღონო მდგომარეობაში ჩავარდნილი სხვადასხვა აზნაურის სასოწარკვეთილი პორტრეტი. ავტორმა იმ დროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ეს საკითხები თავისი შესანიშნავი იუმორის გრძნობით გამსჭვალა, მაგრამ ცრემლნარევი იუმორით...

პერსონაჟები ერთი შეხედვით ძალიან სერიოზულნი ჩანან, მაგრამ ხშირად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რომელიც ძალიან სასაცილოა და სწორედ მოქმედების კომიზმი იწევევს მკითხველშიც იუმორის გრძნობას. „სამანიშვილის დედინაცვალში“ პლატონის საუბრისას ხომ თვითონ აღნიშნავს ავტორი, რომ პლატონი იმდენად შესაცოდი და სერიოსული იყო ამბის თხრობისას, რომ თვითონ ამბავი რომ არ ყოფილიყო სასაცილო, მასზე არავინ გაიცინებდა. მოკლედ, აზნაურების მდგომარეობა ისეთია, რომ იტყვიან, „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო“...

„სამანიშვილის დედინაცვალი“ კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს ამაყი და ამპარტავანი აზნაური, გარეგნობის დემონსტრირებით შეინარჩუნოს წოდება და თავს და ირგვლივ მყოფებს დააჯეროს თითქოსდა არაფერი მიჭირსო. „ერთობ გადაპრანჭული“ ბეკინა სამანიშვილი ამისი საუკეთესო მაგალითია. მისგან განსხვავებით, შვილი- პლატონი მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა ეპოქის გამოწვევებს გაუმკლავდეს და როგორმე მდღევარი ლუკმა იშოვოს ოჯახისათვის. ნაწარმოების დასაწყისშივე ჩვენს თვალწინ იხატება ორი, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული აზნაურის პორტრეტი. ერთი ჯერ ვერ გაცნობიერებულა არსებულ სიტუაციაში და იხტიბარს არ იტეხს, მეტიც, ახალი ოჯახის შექმნის პრეტენზიაც აქვს. მეორე კი კარგად ხვდება, რომ საზოგადოება, რომლის წევრებიც ის და მისნაირები არიან უკვე გადაგვარების გზას დასდგომია და ყველანაირად ცდილობს ფეხი აუწყოს ახალ დროებას. მოთხრობის გმირთა გუნება- განწყობას ამძაფრებს სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც გაუსაძლის სიტუაციას ქმნის... ასე იყო თუ ისე, სამანიშვილების ოჯახში სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა სუფევდა მანამ, სანამ ბეკინამ არ დაიჟინა ცოლის მოყვანა. სწორედ მისი ეს გადაწყვეტილება ცვლის ნაწარმოებში ყველაფერს და ეს და ამის შედეგად განვითარებული მოვლენები აქცევს პლატონს დაუნდობელ და გულცივ ადამიანად, რომელსაც აღარავის შებრალება აღარ სეუძლია, რადგან თავის დროზე მასზეც არავინ იფიქრა.

პლატონის, როგორც შემოდგომის ერთ-ერთი აზნაურის სახე, კარგად ჩანს ეპიზოდში, როდესაც იგი სადედინაცვლოს საძებლენად ნათხოვარ, გაძვალტყავებულ სახედარზე მხოლოდ იმიტომ შეჯდება, რომ პატივმოყვარეობა არ შეელახოს ხალხის თვალში და არავინ ჰკითხოს- აზნაური კაცი ფეხით რატომ დადიხარო? ეს ეპიზოდი, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი თავგამიდებით ებღაუჭება პლატონი თავისი განსხვავებულობისა და შრომისმოყვარეობის პარალელურად დრომოჭმული აზნაურის წოდებას. ჯავრს, რომელიც გულში მამამისზე აქვს დაგროვებული, საწყალ სახედარზე ცემით იყრის.

„სამანიშვილის დედინაცვლის“ აზნაურებს ჩვეულებრივი, გულწრფელი და უანგარო ქმედებები თითქმის არ ახასიათებთ. ისინი კარგი საქმისა თუ საქციელის სანაცვლოდ, ყოველთვის რაღაცას ელიან... თუნდაც, პლატონმა და მისმა მეუღლემ დაქვრივებულ ბეკინაზე მზრუნველობა იმიტომ კი არ გაზარდეს, რომ მას გულწრფელად თანაუგრძნობდნენ, არამედ იმიტომ, რომ მოხუცს რაიმე „ავი განზრახვა“ არ ჩასახლებოდა გულსა და გონებაში, უფრო ზუსტად, ცოლის მოყვანა არ განეზრახა, რაც დამღუპველი იქნებოდა პლატონის ოჯახისათვის და საბოლოოდ, ასეც მოხდა... არც კირილე მიმინაშვილი არის სიმამრის ბედით მაინცდამაინც დაინტერესებული, თუმცა სიხარულით დათანხმდება ცოლისძმის წინადადებას ორნაქმარევი ქალის ძებნის თაობაზე, რადგან მან იცის, რომ ამ ხეტიალისას სადმე ღრეობას გადააწყდება და რიგიანად მოილხენს. სატირალშიც სწორედ ამ მიზეზით უნდა წასვალა და საერთოდაც კირილე არის სახე შემოდგომის აზნაურისა, რომელიც ახალი დროების მიუხედავად ჭკუას ვერ სწავლობს, არც ცდილობს ფეხი აუწყოს მას და ძველებური უსაქმურობით, უნიათობითა და დროსტარებით ლევს თავისი სიცოცხლის ისედაც ხანმოკლე პერიოდს.

კლდიაშვილი პლატონისა და კირილეს პორტრეტების დახატვისას მკვეთრ კონტრასტს ქმნის. პირველი მათგანი მიმხვდარა, რომ მისი ერთ დროს წოდებრივი უპირატესობა გაქარწყლდა, ახლა სხვანაირი ცხოვრებით უნდა იცხოვრო. კირილე კი ამას ჯერ ვერ მიმხვდარა, რადგან კიდევ შემორჩენია მცირეოდენი ქონება მამა-პაპის დანატოვარი, რომელსაც დროსტარებაში ფლანგავს.

ამპარტავანი მამისათვის საცოლის ძებნაში ბევრი სირცხვილისა და დამცირების ატანა მოუწვს პლატონს. კლდიაშვილი ამ გმირის მარშრუტის საშუალებით გვიხატავს ბევრი აზნაურის სახეს და მათ ოჯახებში გამეფებულ ქაოსს, ურთიერთუნდობლობასა და უპატივცებულობას როგორც სტუმრის, ისე საკუთარი ოჯახის წევრებისადმი. ხალხი, რომელსაც არაფერი გააჩნია, ღატაკი და მშიერია მაგრამ უცხოსთან ისე იჭერს თავს, თითქოს მასზე უკეთესად არავინ ცხოვრობდეს. და საერთოდ, აღნიშნული მოთხრობა გვანებივრებს ისეთი პიროვნებების გაცნობით, რომლებიც ერთი მტკაველი მიწისთვის, საკვებისთვის, მცირეოდენი საქონლისთვის და სხვა მატერიალური ქონების შესანარჩუნებლად ყველანაირ ნაბიჯს გადადგამენ.

ნაწარმოები კულმინაციას აღწევს დედინაცვალი დაორსულების შემდეგ. სწორედ აქიდან იწყება პლატონის პიროვნების ძირფესვიანი ცვლილება, იგი ნამდვილ მონსტარად მოევლინება ელენეს. ყველანაირად ცდილობს მემკვიდრის დაბადება თავიდან აიცილოს და ამისათვის დედინაცვლის მუცელში ცემასაც კი არ ერიდება. ყველაფერი კი მთავრდება იმით, რომ უფროსი ძმისგან შევიწროვებული და გაწამებული ბეკინას მემკვიდრე უშედეგოდ ეძებს სამართალს.

სიუჟეტით არანაკლებ საინტერესოა „სოლომან მორბელაძე“, რომელიც ასევე „ღირსეულ“ ადგილს იკავებს შემოდგომის აზნაურთა შორის. მოთხრობაში თავიდანვე შესანიშნავადაა აღწერილი მისი გაღატაკებული ოჯახის მდგომარეობა. სოლომანს მევალე აწუხებს, მაგრამ იგი ვერაფერს გადაუხდის და ვალის გადავადებას თხოვს პლატონს. აზნაურის ამპარტავნული ბუნება ჩანს აქვე, როდესაც იგი მევალეს სადილზე ეპატიჟება, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გააჩნია და მხოლოდ იმის იმედადაა დარჩენილი, რომ პლატონი შეპატიჟებაზე უარს იტყვის.

გაჭირვება რაღას არ ჩაადენინებს ადამიანს, საით არ წაიყვანს და ვის ოჯახში არ შეახედებს. სწორედ ასეთია სოლომანის ბედიც. რას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დაუდგებოდა დრო, როცა მაჭანკლად დაიწყებდა სიარულს და მისი შემოსავალიც მხოლოდ სამაშვლოდან მიღებული მცირეოდენი გასამრჯელო იქნებოდა. ფაქტობრივად, ამ აზნაურს სხვა გზა არც დარჩა. ან შიმშილით უნდა მომვკვდარიყო მეუღლესთან ერთად, ან დიდი მოთმინებითა და გულისყურით მოკიდებოდა ზემოთ აღნიშნულ საქმეს, ვინაიდან სწორედ მაშვლობა, მისთვის ერთ დროს ძალიან დამამცირებელი და სასაცილო მდგომარეობა ადამაიანისა, გახდა მისთვის სიცოცხლის წყარო.

სოლომანმა საქარაძეებისა და ქათამაძეების გარიგების საქმე ითავა, ამასთან, პატარძლის მამა ღარიბია და სურს მარტივად გამოძვრეს შვილის მზითევისაგან და ამისათვის სოლომანის მოხერხებულობასა და ენამჭევრობაზე ამყარებს იმედებს. ეს უკანასკნელი კი ჭკვიანია, გაარიგებს საქმეს და საბოლოოდ შეუღლდებიან აღნიშნული ოჯახების წყვილი. დადგა დრო, რომ სოლომანმაც მიიღოს ამ რთული საქმის გარიგების წარმატებით დასრულებისათვის კუთვნილი გასამრჯელო, მაგრამ სად არის? იგი საშინელ მდომარეობაში ჩავარდა, სიძესთან მივიდოდა, იგი სხვასთან გადაამისამართებდა, ქალის მამამაც პირში ჩალაგამოვლებული დატოვა და სასიძოს მამამაც არ გადაუხადა კუთვნილი თუმნიანი და მხოლოდ გროშები მიუგდო.

სასოწარკვეთილი სოლომანის განცდებმა შეუძლებელია მკითხველი ემოციების გარეშე დატოვოს. იგი მოდის გამწარებული, გულაცრუებული და საბრალო, გაძვალტყავებულ სახედარზე იყრის ჯავრს. აქ პარალელი შეიძლება გავავლოთ „სამანიშვილის დედინაცვლის“ პლატონთან, რომელიც ანალოგიურად ეპყრობა ცხოველს, მამის გადაწყვეტილებით გამწარებული. იმედგადაწურული მორბელაძე გზაში ამბობს ფრაზას, რომელშიც ფაქტობრივად, მთელი თავისი და გაღატაკებული აზნაურების მდგომარეობა გამოხატა - მოვატყუე, მომატყუეს და ერთი მოტყუებული მალე კარს მომადგება.

რაც შეეხება „ქამუშაძის გაჭირვებას“, ეს მოთხრობა საკმაოდ ვრცელია და კარგად გვაჩვენებს არა მარტო აზნაურთა ფენის, არამედ სხვადასხვა სულისა თუ ინტერესების მქონე ადამიანებს. ოტია ქამუშაძეც გაღარიბებული აზნაურის ოჯახიდანაა, რომლის წევრებიც მხოლოდ სხვის დასანახად არ იმჩნევენ სიღატაკეს. აზნაურული ბუნება ჩანს იმ მონაკვეთში, როდესაც ოტია ქალს ქალაქიდან მხოლოდ ხალხის დასანახად თხოულობს და ამასთანავე შურის საძიებლად იმ ადამიანზე, რომელმაც სოფელში არ მიათხოვა თავისი ქალი. მაჭანკლობის საქმეს პორფირი ბიაშვილი იკისრებს. ადამიანი, რომელსაც თავისი ცუღლუტობით, „ენაწყლიანობით“, გაიძველობითა და მომხვეჭელობით გაუთქვამს სახელი. იგი ამ გარიგებას უანგაროდ კი არ აკეთებს, არამედ თავისი ინტერესებიც გააჩნია. ასეა თუ ისე, საბოლოოდ საქმე გამოვა და ოტიას ცოლს შერთავენ. რძალ-დედამთილის ურთიერთობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამპარტავნული ბუნება აზნაურთა უცვლელი სტილია. დედამთილი თავდაჯერებული ათვალიერებინებს რძალს ოჯახის სიმდიდრეს, რომელიც ფაქტობრივად არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ ისე საუბრობს ოტიას დედა, ისეთი თვითკმაყოფილებითა და თავდაჯერებით, რომ თითქმის რძალიც დააჯერა უქონელი ქონების არსებობაში.

ნაწარმოების ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, რომელიც ძალიან უარყოფითად დამამახსოვრდა, არის ბეგლარ ჯინჭარაძე. კაცი, რომელსაც არ შეუძლია ვინმე უყვარდეს, თუ მისგან სარგებელს არ ნახავს. მან საცოლეზე სწორედ იმიტომ თქვა უარი, რომ ვერ მიიღო იმ რაოდენობის თანხა და მზითი, რამდენიც სურდა.

ეს და ზემოთ განხილული საკითხები წარმოგვიდგენს ეპოქას, გაჟღენთილს ყოველგვარი ურთიერთპატივისცემის, თანადგომის, სიყვარულისა და სიხარულის გარეშე. როცა ადამიანის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი მდღევარი ლუკმის შოვნა ან მომხვეჭელობა გამხდარა. იმ ადამიანებს, რომლებიც ამპარტავნობის სენით დაავადებულნი, სიღატაკის ჭაობში ჩაეფლნენ და მასში დაიძირნენ. არც აღიარება უნდათ, რომ ერთ დროს დიდებულ აზნაურებს ახლა ჩვეულებრივ გლეხსავით უწევს შრომა და გარჯა, რომ ოჯახი არჩინოს და მშიერი არ დარჩეს. დავით კლდიაშვილმა ისეთი მოხდენილობითა და რეალურად გადმოგვცა ეს ყველაფერი, რომ შეუძლებელია პირად ცხოვრებაში თითოეულ მკითხველს ცხადად არ წარმოუდგეს ბევრი სურათი ამ ნაწარმოებებიდან. რაც ყველაზე მთავარია, ავტორის წერის მანერა და იუმორი, რომელიც ყველა მოთხრობის სავიზიტო ბარათია, კლდიაშვილს კიდევ უფრო დიდ და ნიჭიერ მწერლად, ხოლო მის პერსონაჟებს ინდივიდუალურებად და ყველასზე გამორჩეულებად აქცევს.

0
1439
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო კაიშაური
თაკო კაიშაური
1439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0