x
image
დავითი ჩუთლაშვილი
იდუმალებით მოსილი გამყინვარება: რა გადააქცევს დედამიწას კოსმოსში მცურავ აისბერგად?
ჩვენს პლანეტაზე დროდადრო გამყინვარების ხანა ისადგურებს, რომელიც როგორც წესი რამდენიმე მილიონ წელიწადს გრძელდება. მსგავსი პერიოდების რაოდენობა დედამიწის ისტორიაში მინიმუმ ხუთია. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც დაახლოებით 2, 5-3 მილიონი წლის წინ დაიწყო, სწორედ ახლა მე და თქვენ ვცხოვრობთ.


და მაინც რატომ? რა იწვევს დედამიწის გადაქცევას კოსმოსის უსასრულო სივრცეებში მცურავ აისბერგად?


მოდით, ისე ნუ გავიგებთ, თითქოს გამყინვარების ხანა ყოველთვის ერთგვაროვანი მოვლენა იყოს. მასაც ახასიათებს სხვაობები და შედარებით უფრო თბილი და გრილი პერიოდები. მსგავსი პერიოდები შესაძლოა, 10 ათას წელსაც კი გაგრძელდეს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პერიოდში - ჰოლოცენში ვცხოვრობთ ჩვენ და ის წესით ძალიან მალე უნდა დასრულდეს, რადგან სწორედ 10 ათასი წლის წინ დაიწყო.


აი რატომაა, რომ ამჟამად პოლუსებზე ყინულია, ხოლო დედამიწის დანარჩენ ნაწილში - ასე თუ ისე ასატანი ან სულაც ცხელი ტემპერატურა.



დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო და ასევე მზის გარშემოც. მაგრამ ამ სქემაში არსებობს გარკვეული ვარიაციები. დროთა განმავლობაში დედამიწის ორბიტა იცვლება. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თუმცა რეგულარული ცვლილებები ინტენსიურად მოქმედებენ მზის რადიაციის (ინსოლაციის) დოზებზე. დედამიწის დახრილობა 1 ან 2 გრადუსითაც რომ შეიცვალოს, ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს იმ კუთხეზე, რომლითაც მზის ენერგია დედამიწამდე აღწევს; ნაკლები მზის ენერგია მეტ სიცივეს და საბოლოო ჯამში გამყინვარებას ნიშნავს. თუ ზაფხული საკმარისად გრილია, თოვლი გადნობას ვერ ასწრებს და მომავალ ზამთრამდე რჩება, ხოლო მომავალ ზამთარს ძველ თოვლს უკვე ახალი დაემატება და ამგვარად მიდამო წლიდან წლამდე გამყინვარების ზონად გადაიქცევა. ეს ზონა იზრდება მანამ, სანამ მთლიან კონტინენტებს არ დაფარავს.


გარდა დედამიწის დახრილობის ცვლილებისა, დიდ როლს თამაშობს ასევე ნახშირორჟანგი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გამყინვარების პერიოდში ოკეანეების ცირკულაცია ნელდება, რაც ნახშირორჟანგის შთანთქმას და ოკეანეების სიღრმეზე მის აკუმულირებას იწვევს.


კლიმატოლოგების თქმით, ბოლო 5 წელიწადი პლანეტის ისტორიის უკანასკნელი 170 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი იყო. იმის წყალობით, რომ გამყინვარების პერიოდში ვცხოვრობთ, ჩვენ ეს იმდენად მტკივნეულად და კატასტროფულად ვერ ვიგრძენით, როგორც ვიგრძნობდით მაშინ, გლობალური დათბობა ცხელ პერიოდს რომ დამთხვეოდა.


არცთუ შორეულ მომავალში პლანეტაზე შეიძლება იმდენად აცივდეს, რომ ევროპა რამდენიმე კილომეტრის სისქის ყინულმა დაფაროს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს გლობალური დათბობის ხელოვნურად გამოწვევა და ხმარებაში ბუნებრივი აირის და ნავთობის ხელახლა დაბრუნება. შესაძლოა, 10 000 ან 20 000 წლის შემდეგ დედამიწა პროტონული ძრავების მქონე მფრინავი ავტომანქანების ადგილი კი არ იყოს, არამედ შიდაწვის ძრავაზე მომუშავე სწორედ ისეთი პრიმიტიული მახინების, რომლებსაც დღეს ვიყენებთ და ეს მომავალმა თაობებმა განზრახ გააკეთონ, რათა პლანეტის მთელი ზედაპირის ყინულის სქელი ფენით დაფარვა აიცილონ თავიდან. თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. დღეს პირიქით, უნდა ვებრძოლოთ გლობალურ დათბობას, რათა ჩვენი პლანეტის ზედაპირი თანდათან პლანეტა ვენერას გავარვარებულ და უსიცოცხლო ზედაპირს არ დაემსგავსოს, რაც გონს თუ არ მოვეგებით, ძალიან მალე მოხდება.


გამყინვარება

0
200
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0