x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
,,შიშთან მოთამაშე“ - ახალი კრიმინალური რომანი

image


“შიშთან მოთამაშე“ - თანამედროვე ქართველი ავტორის, ნინო მკალავიშვილის რიგით მეორე რომანია, რომელიც წიგნის თაროებზე 2021 წელს გამოჩნდა.

ამ კრიმინალური რომანის მთავარ საყრდენს ის ქალები წარმოადგენენ, რომლებსაც გამუდმებით უწევთ ბრძოლა საკუთარი სახელის, სტატუსისა და პიროვნების დასაცავად.

რეალურად, რომანში მრავალი საინტერესო მიმართულება იშლება, თუმცა ძირითად სათქმელს ყველაზე უკეთ ქვემოთ მოცემული ამონარიდი გადმოსცემს.

“როგორი სასაცილოა ის ფაქტი, რომ ადამიანები მთელ ცხოვრებას შიშში ატარებენ. ასე არ ფიქრობთ? ჩვენ გვეშინია იმ სიყვარულის, რომელიც მოულოდნელად გვიკაკუნებს გულის კარზე და გვეშინია იმისიც, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება მარტოსულებმა გავლიოთ. გვეშინია ნაბიჯის წინ გადადგმის და ამავდროულად, უმოძრაობის. გვეშინია მტრის, თუმცა მხოლოდ მოყვასთა გარემოცვაც არ გვგვრის სიმშვიდეს. გვეშინია სიკვდილის და ამავდროულად, სიცოცხლისაც. დიახ, ჩვენ ყოველ წუთს, ყოველ წამს შიში მართავს და როგორმე, მართვის სადავეების ხელში ჩაგდება უნდა ვისწავლოთ. როგორ ფიქრობთ, ამის დრო აღარ არის?“

image

“შიშთან მოთამაშე“ სწორედ ის რომანია, რომელშიც შიშის მრავალი სახეობა იკვეთება, სადაც ძალიან საინტერესო როლს ასრულებენ ის ანტაგონისტები, რომლებიც მომხიბვლელი ჯენტლმენების სახით გვევლინებიან, თუმცა რომანს მიმზიდველობას ის “სუსტი სქესის“ წარმომადგენლები ანიჭებენ, რომლებსაც უშფოთველი ცხოვრება კი არა, სამართლიანობისთვის ბრძოლა სურთ.

დიახ, არსებობენ ქალები, რომლებსაც ეშინიათ და არსებობენ ქალები, რომლებისაც უნდა გეშინოდეთ! ეს რომანი სწორედ მათ შესახებ მოგითხრობთ.

image

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს რომანიდან “შიშთან მოთამაშე''.

✔️ “სისულელეა ფიქრობდე, რომ შენს ადგილს ვინმე შეავსებს, ან ვინმე ჩაგანაცვლებს. ასე არ ხდება. ჩვენ ვტოვებთ საკუთარ ნაკვალევს ერთმანეთის ცხოვრებაში, თან ისე ღრმად, რომ მისგან გათავისუფლება უბრალოდ შეუძლებელი ხდება.’’

✔️ “ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ვერასდროს დავიდებთ ბინას, რაც სრული სიმართლეა. არსებობს ადგილები, რომლებიც ჩვენ უბრალოდ არ გვეკუთვნის. ამ ყველაფერს კი ძალიან მარტივი ახსნა აქვს - იქ საყვარელი ადამიანები არ გვიცდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საყვარელი ადამიანების გარეშე, სამოთხეში ცხოვრებაც კი შეუძლებელია.“

✔️ “ერთად ბედნიერები ვერასდროს ვიქნებით. ურთიერთობაში აბსოლუტური დომინირება გსურს, მე კი ვინმეს აჩრდილად ყოფნას არ ვაპირებ. ასეთი ცხოვრებისეული გეგმები ჩემნაირი ადამიანისთვის არ არის.’’

image

✔️ “ადამიანები უცნაური არსებები ვართ. ჩვენ ხომ მუდამ გავიძახით, რომ ცხოვრება ხელიდან სწრაფად გვისხლტება, თუმცა ყოველ წუთს, ყოველ წამს, ჩვენი უმოქმედობითა და უმოძრაობით, თავად გავრბივართ მისგან.“

✔️ “ნამდვილ მამაკაცებს“ ყოველთვის ურჩევნიათ გვერდით ჰყავდეთ დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი, რათა მათმა ეგომ სიხარულისგან იხტუნაოს და თავი მნიშვნელოვან არსებებად იგრძნონ. სასაცილოა, არა? პატარა ბიჭებს ყოველთვის სურთ დაამტკიცონ, რომ კაცები არიან.“

✔️ “იმისთვის არ დავბადებულვართ, რომ ჩვეულებრივნი და ერთმანეთის მსგავსნი ვყოფილიყავით.“

image

✔️ “როგორი უცნაურია, რომ მამაკაცებს ჯერ კიდევ სჯერათ ზღაპრების. მათ დღემდე ჰგონიათ, რომ ყველა და ყველაფერი იყიდება.“

✔️ “სიყვარულის ნაცვლად ადამიანები გულით სევდას, ტკივილსა და ბოროტებას დაატარებენ.“

“შიშთან მოთამაშე’’ - ტრილოგიის პირველი წიგნია. ეს კრიმინალური რომანი სავსეა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით, ეჭვით, იმედგაცრუებით, ტკივილით, ვნებითა და ცოტაოდენი სიყვარულით, თუმცა ნურაფრის შეგეშინდებათ. თითოეული ჩვენგანი ხომ ისედაც ასეთ ყოველდღიურობაში ცხოვრობს?!




0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:მეგი ლომიძე
მეგი ლომიძე
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0