x
image
თუთიკო ბერძენა
კორონავირუსის ახალი საშიში სინდრომი, რომელიც მხოლოდ ბავშვებში ვლინდება და ორგანოთა სისტემების სერიოზულ დაზიანებას იწვევს
image


აღმოჩნდა, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში კოვიდ 19 -ს მძიმე გართულებები აქვს, მედიკოსები მას მულტისისტემურ (მრავალსისტემური) ანთებით სინდრომს უწოდებენ, რომელიც გულს, თირკმლებს და ფილტვებს მნიშვნელოვნად აზიანებს. მსგავსი სინდრომით მარტო საქართველოში უკვე უამრავი ბავშვი მკურნალობს. მარტო იაშვილის კლინიკაში 50-მდე არასრულწლოვანია ამ მძიმე სინდრომით მოთავსებული.

ვირუსი ერთი შეხედვით თითქოს უსიმპტომოდ მიმდინარეობდა ბავშვებში, რაც ყველას ძალიან გვიხაროდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში ფარულად მოთარეშე ვირუსმა საშინელი კვალი დატოვა ბავშვებში, რამაც თავი 2 კვირის ამ თვეების შემდეგ იჩინა.
მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება - ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა შეატყობინოთ 112-ს და პედიატრს. ეს არის მედიკოსების მოთხოვნა. თუმცა ნორმალურ მშობელს ამის მოთხოვნად და ვალდებულებად ქცევა მედიკოსებისგან არ უნდა სჭირდებოდეს.
როგორც ონკოლოგიის მიმართულებით რეზიდენტი ექიმი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, მუცლის გამოხატული ტკივილი ძალიან ჰგავს აპენდიციტს, მას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება. მულტისისტემური სინდრომის გამოვლენისას ბავშვების გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვირუსი აზიანებს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს - გულის პარკუჭებს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, თირკმლებს, კანს, თვალებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, თავის ტვინს, იწვევს წნევის ვარდნას და ყველაზე ცუდ ვარიანტში, შოკურ მდგომარეობამდე მისვლა გარდაუვალია. გიორგი ღოღობერიძის განმარტებით, უკიდურესად ზიანდება გულის მარცხენა პარკუჭი ანუ სწორედ ის ადგილი, რომელიც ტუმბავს სისხლს, მისი დაზიანების გამო გული ვეღარ ახერხებს სისხლის ტუმბვას და ვერცერთი ორგანო სისხლს ვეღარ იღებს განვითარებული შოკის გამო, რამაც შესაძლოა ლეტალობა გამოიწვიოს.

იმუნოგლობულინი, რომელიც აღნიშნულ სინდრომთან გასამკლავებლადაა საჭირო, საქართველოში დეფიციტშია. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ იმუნოგლობულინის დეფიციტმა შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე დაგვაყენოს.
„ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. საშუალო წონის ბავშვს კილოგრამ წონაზე სჭირდება 8000-9000 ლარის იმუნოგლობულინი“, -აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ექიმი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა იმუნური სისტემა მოზრდილებზე გაცილებით სუსტია და შესაბამისად გამკლავება ინფექციებთან, ბავშვთა ასაკში ბევრად უფრო რთულია. მულტისისტემური სინდრომისას ორგანოთა სისტემები ზიანდება და მას მრავალპროფილური ექიმების მკურნალობა სჭირდება.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ რაც უფრო იმატებს კორონაგადატანილ ბავშვთა რაოდენობა, მით უფრო მეტი იქნება რისკი სინდრომის არსებობის. შესაბამისა, მედიკოსების თქმით, მშობლების პასუხისმგებლობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული


მაიოს კლინიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ დაავადება ძალიან სერიოზულია და ანთება ხშირად იწვევს შეშუპებას სიწითლით და ტკივილებით. ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა სავარაუდოდ დაკავშირებულია ვირუსზე ორგანიზმის გადაჭარბებული იმუნური პასუხით. ბავშვებს, რომელთაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს სინდრომი გამოუვლინდათ- ჰქონდათ ანტისხეულები SARS-CoV-2-ზე, თუმცა ტესტები უარყოფით პასუხს იძლეოდნენ - ახდენს უცხოელი ექიმების ციტირებას MedicalXPress-ი.

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0