x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მათ იმით გაითქვეს სახელი, რაც არასდროს ჩაუდენიათ

ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის, როდესაც ჭეშმარიტება იმდენად არის დამახინჯებული, რომ სიმართლის დადგენა რთულია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც საქმე გამოჩენილ ისტორიულ პირებს ეხებათ. ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებით, ხომ უამრავი მითი და ლეგენდა ჩნდება. აქ 5 მითს დავამსხვრევთ, რომელთანაც ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, ჩვენთვის ცნობილი ადამიანები ასოცირდებიან. და სიმართლე რომ ითქვას, ეს მითები რომ არა, მათი არსებობის შესახებ (ნერონის გარდა), არც კი გვეცოდინებოდა.


შიშველმა ლედი გოდივამ ცხენით გაისეირნა


image


ლედი გოდივა ყველაზე მეტად იმით არის ცნობილი, რომ შუასაუკუნოვან კოვენტრში (უესტ მიდლანდსის საგრაფოში, ინგლისი), სრულიად შიშველმა, ცხენზე ამხედრებულმა გაიარა. ეს მან დამამცირებელი გადასახადების პროტესტის ნიშნად გააკეთა, რომელიც მისმა ქმარმა ადგილობრივ მოსახლეობას დაუწესა.

ლეგენდის თანახმად, XI საუკუნეში, გოდივა შეეცადა თავის გავლენიან მეუღლეზე ზეწოლა მოეხდინა და ისედაც გაჭირვებული ხალხისთვის გადასახადები შეემცირებინა. გრაფმა ლეოფრიკმა კი, საპასუხოდ უთხრა, რომ გადასახადებს იმ შემთხვევაში შეამცირებდა, თუ ის, სრულიად შიშველი, ცხენზე ამხედრებული ქალაქში გაივლიდა. შედეგად, ეს ისტორია სამუდამოდ ჩაიწერა ლედი გოდივას ბიოგრაფიაში.
მითის ფართოდ გავრცელების მიუხედავად, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა. ლედი გოდივა, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ იმ პერიოდის ჩანაწერებში, ის მხოლოდ გრაფის მეუღლის სტატუსით არის ნახსენები. და უფრო მეტიც, ფაქტიურად, ლეგენდა მის შესახებ, მხოლოდ XIII საუკუნეში, თითქოსდა, მომხდარი ფაქტიდან, 2 საუკუნის შემდეგ შეიქმნა. მოგვიანებით, ეს ისტორია ცნობილი მწერლების მიერ იყო ატაცებული... ხოლო, ალფრედ ტენისონის 1842 წ. დაწერილმა ლექსმა – «გოდივა», ეს ზღაპარი ისტორიული ფაქტის სახით დაამკვიდრა.


ნერონმა რომი გადაწვა


image

image

რომის დაცემის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია ნერონს უკავშირდება. მითის თანახმად, იმპერატორი, 64 წლის, უდიდესი ხანძრის დროს, უსაფრთხო ადგილზე იდგა და «ვიდრე რომი იფერფლებოდა, ლირაზე უზრუნველად უკრავდა». ზოგიერთი ძველი ისტორიკოსის აზრით, ნერონმა თავის ხალხს, ხანძრის მოწყობა თავადვე უბრძანა, რომ ახალი სასახლის მშენებლობისთვის ადგილი «გაეწმინდა». მართალია, ნერონი წმინდანი არ იყო... როგორც ცნობილია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან საკუთარი დედის მკვლელობაც კი შეუკვეთა, რისთვისაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ნანობდა... თუმცა, ისტორია, მის დემონიზირებას მეტისმეტად ახდენს.

ზიგიერთი ძველი ჟამთაღმწერის ჩანაწერში მოთხრობილია, თუ როგორ უყურებდა მუსიკის მოყვარული იმპერატორი შორიდან ხანძარს, რომელიც ქალაქს შთანთქავდა და ამავდროულად, უკრავდა და საყვარელი პოემის სტრიქონებს ციტირებდა (ეტყობა, ნერონსაც ჰყავდა მოძულე ოპოზიცია. რედ.). თუმცა, ძველი რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი (56–117 წწ.), რომელიც ხანძრის დროს, 8 წლის იყო, ამ ფაქტს უარყობს და ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო. მისი თქმით, ხანძრის გაჩენის მომენტისთვის, იმპერატორი ანტიუმეში იმყოფებოდა, ხოლო როდესაც რომში მომხდარი უბედურების შესახებ შეიტყო, მაშინვე დედაქალაქში დაბრუნდა. მან სასწრაფოდ შექმნა სამაშველო რაზმები და ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციას თავადვე ხელმძღვანელობდა. გაგრძელება >>>



მარი ანტუანეტა და ნამცხვარი


imageimageროდესაც დედოფალს აცნობეს, რომ ხალხი, პურის უკმარისობის გამო, შიმშილობდა, მან თითქოს გაიხუმრა და თქვა: «პური თუ არა აქვთ, ნამცხვარი მიირთვანო!». ამ ცნობილი ფრაზით, ტრადიციულად, მონარქების მიერ, მათი ხალხის უკიდურესად გაჭირვებული ყოფის არცოდნას აღნიშნავენ. თუმცა, არ არსებობს ისტორიული მოწმობა, რომ მარია ანტუანეტამ ეს სიტყვები მართლაც თქვა.

ფრაზა «დიდ პრინცესასთან» მიმართებაში, პირველად ფილოსოფოსის, ჟან-ჟაკ რუსოს (1712–1778 წწ.) რომანში – «მონანიებაში» გაჩნდა, რომელიც 1766 წლის დასაწყისში იყო დაწერილი და თუ რუსო, «პრინცესაში» მარია ანტუანეტას გულისხმობდა, ის მაშინ მხოლოდ 10 წლის იყო. მეცნიერები თვლიან, რომ ეს გამოთქმა თავად რუსომ მოიგონა, ან ეს, იმ დროს, ჩვეულებრივი შეურაცხყოფა იყო, რომელიც არისტოკრატების კრიტიკისთვის გამოიყენებოდა. ასე, რომ, თუ ფრაზის თქმა მარია ანტუანეტას მიაწერეს, ეს ოპონენტებმა, მისი დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენეს.


ჟოზეფ-იგნას გილოტენმა გილიოტინა გამოიგონა


image



ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, ფრანგ ექიმს ჟოზეფ-იგნას გილოტენს ის საშინელი მოწყობილობა არ გამოუგონებია, რომელიც მის სახელს ატარებს. ბედის ირონია კი ის არის, რომ ექიმი სიკვდით დასჯის წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლი იყო. მაგრამ, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებს ვერ მიაღწია, იმედგაცრუებულმა, 1789 წელს, საფრანგეთის ეროვნულ ყრილობას თხოვნით მიმართა, რომ ამ სახის სასჯელისთვის უფრო ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდი შეემუშავებინა.
გილოტენის მმართველის თანამდებობაზე ყოფნის დროს, იმის პროექტი, რაც შემდგომში გილიოტინად იქცა, ქირურგმა ანტუან ლუიმ შექმნა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მოწყობილობის პროტოტიპი გერმანელმა ტობიას შმიდტმა ააგო, მისი გამოყენება საფრანგეთის მთავრობამ დაიწყო. ასე, რომ, მართალია, გილოტენს მოწყობილობა არც დაუპროექტებია და არც შეუქმნია, მაგრამ ამ საშინელ მოწყობილობას მაინც მისი სახელი დაერქვა.


ბეტსი როსმა პირველი ამერიკული დროშა შეკერა


image


ამერიკის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე მტკიცე ლეგენდა, ფილადელფიელ მკერავს, ბეტსი როსს უკავშირდება, რომელმაც სავარაუდოდ, პირველი ამერიკული დროშა შეკერა. ისტორიის მიხედვით, როსმა დროშის შეკერვის შეკვეთა 1776 წელს მიიღო. იმ დროს, მასზე წრეზე განლაგებული, მხოლოდ 13 ვარსკვლავი იყო და შეკვეთა პატარა კომიტეტისგან იყო, რომელშიც ჯორჯ ვაშინგტონიც შედიოდა. ლეგენდის მიხედვით, მკერავმა შეკვეთა რამდენიმე დღეში შეასრულა და დიზაინიც შეცვალა – მან 6 ქიმიანი ვარსკვლავები, 5 ქიმიანი გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიას ამერიკულ სკოლებში ასწავლიან, ისტორიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ ის მითია და რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ამის მტკიცების საფუძველს კი ის იძლევა, რომ იმ პერიოდის პრესაში, როსის სახელი ნახსენები არ არის და ის ვაშინგტონსაც არასდროს უხსენებია. ფაქტიურად, ლეგენდა როსის შესახებ, მხოლოდ 1870 წელს გაჩნდა, როდესაც მისმა შვილიშვილმა უილიამ კენბმა პენსილვანიის ისტორიულ საზოგადოებაში, ლეგენდაში მოყვანილი ფაქტის შესახებ მოყვა. მაგრამ, მას არანაირი წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ XVIII საუკუნის 70-იან წლებში, ბეტსი როსი მართლაც კერავდა ამერიკის დროშებს, მაგრამ პირველ დროშასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება.

imageimageimageimageimageimageimage






0
1630
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0