x
image
ლანა92
სეთურის სოფელი - ანტისაბჭოური კრიტიკა "დათა თუთაშხიაში"

image

ჭაბუა ამირეჯიბის რომან "დათა თუთაშხიაში" აღწერილია საირმის ტყის ეპიზოდი. არქიფო სეთური აქ გვევლინება ურჩხულად, ბოროტ ძალად, რომელიც ცდილობს, ყველა და ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. იგი სიცრუეში, შიშსა და მონობაში აცხოვრებს მთელ სოფელს, ყალბი დაპირებებით იმორჩილებს, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებს.

არქიფო სეთური რეალურად საბჭოთა სახელმწიფოს განასახიერებს, ხოლო სეთურის სოფელი საბჭოთა წყობილების ტყვეობაში მყოფი უბრალო მოქალაქეებია, მასა, რომელიც " საერთო კეთილდღეობის მიღწევის დიადი მიზნის" ქვეშ ბოროტ ძალას აქვს მოქცეული.

არქიფო სეთური, მისი ფილოსოფიაც, კომუნისტური სახელმწიფოსა და იდეოლოგიის მსგავსად, ერთადერთი ხსნის გზად შრომას სახავს. ადამიანებსაც სჯერათ საყოველთაო სიკეთის იდეის, თუმცა სინამდვილეში თვით "მამა მარჩენალი" იწყობს ბედნიერ ცხოვრებას, ქვეშევრდომები კი ძველებურად აგრძელებენ მტანჯველ შრომას.

ჭაბუა ამირეჯიბის რომანის მიხედვით, დათა თუთაშხია სამართლიანობის, თანაბარუფლებიანობის დამცველია ყოველთვის და მას აქვს მკვეთრად უარყოფითი პოზიცია როგორც არქიფო სეთურის, ისე მისადმი დამონებული სოფლის მკვიდრების ცხოვრების სტილის მიმართ. იგი უპირველესად თვითონ აძლევს სიმართლის მხარეს დგომის, კეთილსინდისიერი, ღირსეული ცხოვრების მაგალითს, თუმცა ამით არ იფარგლება, როცა გარშემომყოფები უზნეოდ, სამარცხვინოდ იქცევიან, მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს ხოლმე.

დათა თუთაშხიაში, როგორც გონიერ და ზნეობრივად სუფთა ადამიანში, სერიოზულ პროტესტს იწვევს არქიფო სეთურის პოლიტიკა, პარაზიტული ქცევა, ის, რომ მთელი სოფელი დაბრიყვებული ჰყავს, თითქმის მუქთად აშრომებს.

დათა თუთაშხიას აღეძვრის სიბრალული არქიფო სეთურის მიერ ფსიქოლოგიურად დამონებული ადამიანების მიმართ, გადაწყვეტს, თავისი მართალი სიტყვით თვალები აუხილოს სოფლის მცხოვრებლებს, რომლებიც ყოველდღიური ლუკმისათვის თავდახრილი, შეუსვენებლად შრომობენ. დათა თუთაშხიას ამ მცდელობას სოფლის მკვიდრნი მტრულად შეხვდნენ, მიიჩნიეს, რომ სტუმარს მათთვის ბოროტება სურდა და კეტებით დაერივნენ.

დათა თუთაშხიას არქიფო სეთურის სოფლის მკვიდრებთან დაპირისპირების შემთხვევა, უსამართლობის დამარცხების უშედეგო მცდელობა ისე უიმედოდ განაწყობს ცხოვრებისადმი, რომ უკვე ეჭვი ეპარება ბრძოლის საჭიროებაში. მოსე ზამთარაძესთან საუბრის მიხედვით, დათა თუთაშხია უკვე ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უსამართლოდ სულაც არ ყოფილა მოწყობილი, თურმე თვით ადამიანები ირჩევენ საკუთარი ცხოვრების სტილს, არც არქიფო სეთურის სოფლის მკვიდრებს სჭირდებათ დაცვა, რადგან კმაყოფილი არიან თავიანთი ბედით. კეთილშობილი ყაჩაღი, აბრაგი დათა თუთაშხია ამიერიდან გადაწყვეტს, რომ არ ჩაერიოს ადამიანების ცხოვრებაში, თუნდაც ისინი წუმპეში, უსამართლობასა და ბოროტებაში იხრჩობოდნენ, რამდენადაც ბედნიერი და სამართლიანი ცხოვრება ყველას სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია."არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემსაში!", - აცხადებს იგი.

ჭაბუა ამირეჯიბის რომანის იმ მონაკვეთში, სადაც ლაზარეთის ცხოვრებაა ასახული, დათა თუთაშხია უკვე აღარაა დაჩაგრულთა უპირობო, თავგამოდებული დამცველი, მისთვის უჩვეულო გულგრილობით უყურებს ადამიანთა სიხარბეს, იმას, თუ როგორ სამკვდრო-სასიცოხლოდ ემტერებიან ერთმანეთს პარაზიტული ფსიქოლოგიის, ადვილად გამდიდრებაზე მეოცნებე, უპრინციპო ადამიანები.

არქიფო სეთურის სოფლისა და ლაზარეთის ამბების მაგალითზე ცხადად იკვეთება მწერლისეული პოზიცია, რომ საბჭოთა მმართველობა არაფერია, თუ არა ანგარებიანი ადამიანების მიერ მათზე სუსტის, ხალხის დაბრიყვება, უბრალო ადამიანებისათვის მცონარებაში სულის ამოხდა.

ჭაბუა ამირეჯიბი ანტისაბჭოურ კრიტიკას გვთავაზობს, როცა გვიჩვენებს, თუ როგორ მუხლჩაუხრელად შრომობენ სოფლის მკვიდრნი, გლეხები, ხოლო მარჩენალად მაინც არქიფო სეთურს (რეალურად სახელმწიფოს) მიიჩნევენ. თაბაგარს საგანგებოდ ლოცვა აქვს შეთხზული არქიფო სეთურის სახელზე და ყოველდღე ხალხს უკითხავს მას.

არქიფო სეთური დილაუთენია, ხუთ საათზე აყენებს თანასოფლელებს, უკლებლივ ყველას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა საშური, სასწრაფო საქმე. ამ მაგალითით ჭაბუა ამირეჯიბი გმობს საბჭოთა გეგმიურ ეკონომიკას, ხელოვნურად გაწერილს სამუშაო დღეს, გრაფიკს.

ლაზარეთის ცხოვრების აღწერითაც მწერალი წარმოაჩენს, თუ როგორ ხრწნის ძალაუფლება, მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა ადამიანებს. რომანში ვხედავთ კაციჭამიას დაბადებას. მოსე ზამთარაძის ეპიზოდის მიხედვით, კვიშილაძემ თავისი შრომით დაიმსახურა ბედნიერი ცხოვრება; ქუჩულარიამ - პირფერობით, ქვეშქვეშობით გამდიდრდა; ჭონიას საკადრისი არ მიეზღო, მაგრამ მაინც არ დარჩენილა ისე; ვარაბია კეთილსინდისიერი ადამიანია და დუხჭირად ცხოვრობს, რამდენადაც საბჭოთა სისტემაში მხოლოდ გაქნილი ადამიანები აღწევენ უზრუნველ ცხოვრებას, გლეხს, უბრალო მოქალაქეს კი თავი ძლივს გააქვს.


9
1025
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
1025
  
2021, 4 თებერვალი, 21:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 4 თებერვალი, 21:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 4 თებერვალი, 21:19
ყველაფერს პირდაპირ ნუ გაიგებთ, "უგრაფიკო სამუშაო" არც იგულისხმება, სხვა რამეზეა საუბარი, რასაც ეტყობა, თქვენ ვერ გაიგებთ. :) ასე სხვისი ნაშრომის კირკიტს სჯობია, თქვენც დაწეროთ თქვენეული აღქმა და ანალიზი საკითხის თქვენთვის მისაღებ და გასაგებ ენაზე. არავინ გზღუდავთ.:)
2021, 4 თებერვალი, 20:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 4 თებერვალი, 20:11
კი, ბატონო, ყველა ეპოქას ეხმიანება.
2021, 4 თებერვალი, 19:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 4 თებერვალი, 19:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 4 თებერვალი, 19:52
გასაგებია, რომ "ერგება", კი, ბატონო, მაგრამ ანტისაბჭოური კრიტიკაა აშკარად.:)
2021, 4 თებერვალი, 19:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9