x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108995
  • ვიდეო:351295
  • სურათი:477862
ბევრმა უმღერა კომუნისტებს, ბევრიც ძალით ამღერეს, მაგრამ ის ლამის ერთადერთი იყო, ვინც ვერაფრით მოათვინიერეს

image

ჩაცმა დიდად არ ჰყვარებია, აჩაჩული დადიოდაო, იგონებენ. აი, გრიგოლ რობაქიძე კი ავადმყოფურად პეწენიკა ტიპი იყო და უყვარდა რუსთაველზე ფრაკითა და ტროსტით ჩამოსეირნება. მისი შლაპაც გემახსოვრებათ სურათებიდან. ჰოდა, ერთხელ ასე მოდის და მოკოკობზიკობს თურმე და უეცრად ქაშუეთის ეზოდან გამოვარდნილა ტერენტი, მოხტომია ზურგზე და -- აჩუ-აჩუს იძახის. გრიგოლმა არ შეიმჩნია და დინჯად განაგრძო გზა. ტერენტიც გაბითურდა, ჩამოხტა და წავიდა. გრიგოლი შედგა, გაიხადა ხელთათმანი, ჩამოიფერთხა ტერენტის "მტვერი", ეს ხელთათმანი არტისტული მოძრაობით ჩააგდო ურნაში და ამაყად განაგრძო გზა.


მისი მეგობარი იხსენებდა - მესტუმრა ღამის გასათევადო. რომ დაწვა და დაიძინა, ლამპა ჩავაქრე, ნავთი ჭირდა იმხანობასო. შუაღამისას ტერენტის კივილმა გამაღვიძაო. თურმე სიბნელის ფობია ჰქონია. ლამპა ავუნთე და დამშვიდდა, თან მთხოვა - არ ჩააქრო, გინდ დამეძინოსო.


ორივე შემთხვევა ძალიან მახასიათებელია მისი. პირველში იგი ამბოხებულია იმ არტახების მიმართ, რომელსაც გრიგოლი ნებსით და სიამოვნებით ატარებდა. მე ცალსახად ტერენტის მხარეს ვარ. მეზიზღება ზიზიპიპილო ქცევის კაცები. ნიცშეს გახამებული მანჟეტები თუ არ ეკეთა, საშინლად ნერვიულობდა თურმე . მეორე შემთხვევა არის ჩვეულებრივი ფობია, სიბნელის შიში.


განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ თვით ასეთმა შიშმა სიკვდილისამ ვერ აიძულა სხვასავით ბოლშევიკების მეხოტბე გამხდარიყო


პაოლოს ძმა, სიმონიკა, კოჯრის მთაზე შეაკვდა რუსებს და პაოლომ კომუნისტების მთავარი იდეოლოგის პოსტი დაიკავა, მწერალთა კავშირის მდივანი გახდა და ნიჭიერად ემსახურა ძმის მკვლელებს. თუმცა ბოლო ნაბიჯით გამოისყიდა ყველაფერი. აი ტერენტი კი ვერ მოათვინიერეს. ყოველ შემთხვევაში. მე არ შემხვედრია მისი სახოტბო პოეზია.


ჰო, ჩემმა მშობლებმა ტერენტის საფლავზე გაიცნეს ერთმანეთი გიორგობა დღეს.
მომდევნო წლის გიორგობას დავიბადე. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, გიორგის არა, ტერენტის კი ნამდვილად დამარქვემდნენ, რადგან რაც თავი მახსოვს, ყოველ გაზაფხულზე ტერენტის საფლავზე იები დაგვაქვს.
არ შეიძლება იყო გრძნობებით სავსე ადამიანი, ეგზისტენციურად აზროვნებდე ხანდახანნ მაინც და არ გიყვარდეს ტერენტი გრანელი

0
403
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0