x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამარეში ჩატანებული ლექსების კრებული
image
"მეყვარები, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს" - თომას დილანის ლექსია ასეთი. ჰო, დილანის ლექსები რიჩარდ ბარტონს სამარეში ჩააყოლეს.
ასეც ხდება, უსამანოდ უყვართ ერთმანეთი და ცხოვრობენ ერთად... რაღაც დროის მანძილზე - ერთად. შემდეგ კი ირკვევა, რომ ერთად შეუძლებელია, ცალ-ცალკეც შეუძლებელია. ჩხუბობენ, შეურაცხყოფენ, ატყუებენ ერთმანეთს და შორდებიან, მერე ისევ ერთად არიან, ჩახუტებულები - აი, ასე ცდილობენ მოკლან სიყვარული, მაგრამ სიყვარული არა და არ კვდება. სიყვარული ცოცხლობს... შეიძლება სიკვდილის შემდეგაც...

ობოლ, ღარიბ რიჩარდს, რომელმაც გვარად მასწავლებლის გვარი აიღო, უცებ გაუმართლა თითქოს. "კლეოპატრას" გადაღებისას მზესავით ქალი გაიცნო და იფეთქა სიყვარულმა, თავბრუდამხვევმა, საბედსისწერომ, სუფთამაც, ვნებიანმაც. მიატოვეს მეუღლეები და დაქორწინდნენ.
და წესით დიდხანს ბედნიერად უნდა ეცხოვრათ.
მაგრამ ჩხუბობდნენ, თვრებოდნენ, ღალატობდნენ...
საოცარია, რომ სიყვარული ძველებური რჩებოდა, მაგრამ ხასიათებიც რჩებოდა ძველებური, რადგან ვერაფერს მოუხერხებ ადამიანის ნატურას, აი, ამაშია საქმე.

გულწრფელად აღიარეს სასამართლოში, რომ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ.
წელიწადნახევარი ცალ-ცალკე.
მერე ისევ ერთად
და ისევ დაიწყეს ერთმანეთის წამება თავიანთი ხასიათებით, გამოხდომებით, ეჭვებით, სიგიჟეებით.

ამის შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ და სხვა ოჯახებიც შექმნეს.

50 წლის ბარტონმა ინახულა ტეილორი.
ისევ ერთად...
მაგრამ ხასიათებიც მათთან ერთად.
სვამდა ბარტონი.
და როცა 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტს მაგ დროს მე-7 ქმარი ჰყავდა, იმდენად მძიმედ გადაიტანა მისი სიკვდილი, რომ ლამის თვითონაც უკან მიჰყვა.
რადგან ბარტონი ერთადერთი იყო, ვინც რეალურად უყვარდა!
უბრალოდ, ადამიანები მიწიურ ცხოვრებაში ერთმანეთს კლავენ ხასიათებით და ჩვევებით.
ერთმანეთსაც და საკუთარ თავებსაც.

სიყვარული კი რჩება.... და როგორც დილანის ლექსშია: სიკვდილი ყოვლისშემძლე არაა, სიყვარული მარადიულია და დადგება დრო, როცა ჩვენ აღვდგებით სიყვარულისთვის და ვიქნებით ისეთი, როგორიც უნდა ვიყოთ...
ლექსი მთავრდება ასე: მეყვარები, ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს, შემდეგ კი ერთმანეთს საუკუნოდ შევუერთდებით...

ალბათ, მართლაც მხოლოდ სხვა სამყაროში შევერთდებით ნამდვილი შეერთებით და ვიქნებით ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ...
0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0