x
მეტი
  • 01.03.2021
  • სტატია:108786
  • ვიდეო:351165
  • სურათი:477237
ციროზის ეტიოლოგიური ფაქტორები და მისი სიმპტომატიკა

image
ღვიძლის ციროზი არის დაავადება, როდესაც ჰეპატოციტების ნეკროზის შედეგად ჯანსაღი ქსოვილი ჩანაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით, ირღვევა ღვიძლის წილაკოვანი შენება და ღვიძლი კარგავს ადეკვატურად ფუნქციონირების უნარს- შემაერთებელი ქსოვილი ბლოკავს სისხლის გადინებას ღვიძლში და ამცირებს მის უნარს გადაამუშავოს ნუტრიენტები, ჰორმონები, წამლები და ბუნებრივი ტოქსიკური ნივთიერებები, მცირდება ცილების წარმოქმნა.
არსებობს ღვიძლის ციროზის 3 მორფოლოგიური ფორმა, რომელიც ეფუძნება შემაერთებელი ქსოვილის ანუ რეგენერაციული კვანძების ზომას, განსახვავებენ : წვრილკვანძოვან, მსხილვანძოვან და შერეულ ფორმას. წვრილკვანძოვანის შემთხვევაში რეგენერაციული კვანძები ზომით ერთნაირია, დიამეტრი 3მმ-ზე ნაკლები, მსხვილკვანძოვანის შემთხვევაში კი რეგენერაციული კვანძები სხვადასხვა ზომისაა, დიამეტრი- 3მმ-ზე მეტი.
ღვიძლის ციროზის ეტიოლოგიურ ფაქტორებს შორის გამოიყოფა შემდეგი მიზეზები :
ალკოლოჰის მიღება მრავალი წლის განმავლობაში
ვირუსული ჰეპატიტები (B და C ჰეპატიტები)
მეტაბოლური დარღვევები (დიაბეტი, ჭარბი წონა)
ავტოიმუნური დაავადებები:ავტოიმუნური ჰეპატიტი, პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი
დაუცველი სექსუალური კავშირი
სხვისი გამოყენებული შპრიცების მოხმარება
მემკვიდრული დაავადებები :
1.ალფა-1 ანტიტრიპსინის დეფიციტი
2.ჰემოქრომატოზი (დიდი რაოდენობით რკინის დაგროვება ღვიძლში)
3.უილსონის დაავადება (დიდი რაოდენობით სპილენძის დაგროვება ღვიძლში)
4.ფიბროზულ-კისტოზური დეგენერაცია
5.ალაგილის სინდრომი
დაავადებები, რომლებიც აზიანებენ ან ბლოკავენ ნაღვლის სადინარებს
იშვიათი დაავადებები მაგ.: ამილოიდოზი
ღვიძლის სხვა დაავადებები

ღვიძლის ციროზის მიმდინარეობაში განირჩევა კომპენსატორული და დეკომპენსატორული სტადია.კომპენსატორულ სტადიაზე სიმპტომები შესაძლოა არ გამოვლინდეს, ვინაიდან ღვიძლის დაუზიანებელი უჯრედების რაოდენობა აჭარბებს დაზიანებულის რაოდენობას და შესაბამისად ღვიძლს ჯერ კიდევ შესწევს უნარი იფუნქციონიროს ნორმაში(გრძელდება დაახლოებით 9-12წელი).დეკომპენსატორულ სტადიაზე შემაერთებელი ქსოვილი ჭარბობს ჯანმრთელს და ვლინდება გართულებები.
საწყის ეტაპზე ვლინდება:
მადის დაკარგვა
დაღლილობის, სისუსტის შეგრძნება
ღებინება
ტემპერატურის მომატება
წონის უეცარი კლება

მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც:
სპონტანური სისხლნაჟღენთები
ქავილი
კანის საფარველის და სკლერის სიყვითლე
ქვედა კიდურების შეშუპება
სითხის დაგროვება მუცლის ღრუში-ასციტი
შარდის შეფერვა ყავისფრად
თიხისებრი ფერის ან სისხლიანი განავალი
დაბნეულობა, აზროვნებისა და მეხსიერების გაუარესება
ხელისგულის ერითემა
ტელეანგიექტაზია
მამაკაცებში: გინეკომასტია, სათესლე ჯირკვლების მოცულობის შემცირება
ქალებში:ნაადრევი მენოპაუზა

არის თუ არა ციროზი მტკივნეული?
ციროზი შესაძლოა იყოს მტკივნეული, განსაკუთრებით მდგომარეობის გაუარესებისას.ციროზის მქონეთა 82% აღენიშნება ტკივილი, მათგან ნახევარზე მეტი კი აღნიშნავს, რომ ის ხანგრძლივია და უმეტესად მუცლის ღრუში ვლინდება.საკუთრივ ღვიძლის ტკივილი აღიქმება, როგორც ყრუ მფეთქავი ტკივილი ან შესაძლოა აღმოცენდეს მწვავე ტკივილი მუცლის ღრუს ზედა მარჯვენა მონაკვეთში, ნეკნს ქვევით.ზოგადი ხასიათის მუცლის ტკივილი და დისკომფორტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მუცლის ღრუში სითხის რეტენციასთან ან ელენთისა და ღვიძლის გადიდებასთან.
ტკივილს იწვევს ორივე- ციროზის ეტიოლოგიური ფაქტორი და თვითონ ციროზით გართულებული უკვე არსებული დაავადება.მაგალითად, თუ პაციენტს აღენიშნება არაალკოჰოლური ღვიძლის გაცხიმოვანება, აქვს ჭარბი წონა და ვლინდება ოსტეოართრიტი, ციროზი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერებს და დაამძიმებს ძვლებისა და სახსრების ტკივილს.მეორე მხრივ, ტკივილი (ზოგადი ხასიათის) უკავშირდება თვითონ ციროზით გამოწვეულ ანთებით პროცესს და ორგანიზმის რეაქციას ამ ანთებაზე.

ციროზს თან სდევს მრავალი გართულება :

პორტული ჰიპერტენზია- წნევის მომატება პორტულ ვენაში.პორტული ვენა არის სისხლძარღვი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის გადაადგილებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებიდან ღვიძლისკენ.გაზრდილი წნევა გამოწვეულია ღვიძლში სისხლის შედინების ბლოკირებით, რასაც ციროზის არსებობა უდევს საფუძვლად.სისხლის დინების შეზღუდვა ვენებში იწვევს საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენა ან მათი პერფორაცია შემდგომში შესაძლოა გახდეს ძლიერი შინაგანი სისხლდენის მიზეზი.
თავის მხრივ, პორტულ ჰიპერტენზიას თან ახლავს გართულებები :ქვედა კიდურების შეშუპება, ასციტი, სპლენომეგალია, ღვიძლის ენცეფალოპათია

ღვიძლ-ფილტვის სინდრომი - ჰიპოქსემიით განპირობებული ქოშინი და ციანოზი.ქოშინი და ჰიპოქსია მცირდება ჰორიზონტალურ მდებარეობაში გადასვლისას (პლატინპნოე) და იზრდება ფეხზე დგომისას (ორთოდეოქსია).

ჰეპატო-რენული სინდრომი - თირკმლის ორგანული დაზიანება არ არსებობს, თირკმელს ძირითადად აქვს ნორმალური აგებულება, რაც მიუთითებს თირკმლის უკმარისობის ფუნქციურ ბუნებაზე, განვითარების მიხედვით არსებობს მისი 2 ტიპი : I -სწრაფი და II -ნელი.ვლინდება აზოტემია, ოლიგო და ანურია, ჰიპონატრიემია.

ჰიპერსპლენიური სინდრომი-ელენთის ჭარბი მოქმედება, ხდება სისხლის უჯრედების სწრაფი და ნაადრევი დესტრუქცია.

ინფექციები-ციროზი ზრდის ინფექციის განვითარების რისკს, მაგალითად ბაქტერიული პერიტონიტის.

მალნუტრიცია-ღვიძლი წარმოქმნის ნუტრიენტებს, ციროზით დაზიანებულ ღვიძლს ამ ფუნქციის განხორციელება უჭირს, შედეგად ვლინდება წონის კლება და საერთო სისუსტე.

ღვიძლის კიბო- ღვიძლის კიბოთი დაავადებულთა უმრავლესობას აქვს ციროზი

ღვიძლის უკმარისობა

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ფიზიკური გამოკვლევა, სისხლის ანალიზის, რადიოლოგიური გამოკვლევისა და ბიოფსიის ჩატარება.
სისხლის ანალიზით დგინდება:
ალბუმინისა და სისხლის შემადედებელი ფაქტორების დონის დაწევა
ღვიძლის ფერმენტების დონე
რკინის შემოწმება ჰემოქრომატოზზე ეჭვის შემთხვევაში
ავტოანტისხეულების არსებობა (ავტოიმუნური ჰეპატიტი, პირველადი ბილიარული ციროზი)
მომატებული ბილირუბინის მაჩვენებელი
სისხლის თეთრი უჯრედების-ლეიკოციტების რაოდენობა
კრეატინინის დონის მომატება, კალიუმის-დაწევა
ალფა-ფეტოპროტეინის მაჩვენებელი

რადიოლოგიით დგინდება ღვიძლის ზომა, ფორმა და კონსისტენცია, შემაერთებელი ქსოვილის რაოდენობა, გაცხიმოვნების ხარისხი და მუცლის ღრუში სითხის არსებობა, ამისთვის გამოიყენება ულტრაბგერა, CT და MRI.

მკურნალობა მოიცავს ეტიოლოგიური ფაქტორის აღმოფხვრას, პროფილაქტიკას და მისი გართულებების მკურნალობას.მაგალითად, თუ ღვიძლის ციროზის ეტიოლოგიური ფაქტორი ალოკოჰოლია, საჭიროა დაავადებულმა შეწყვიტოს ალკოჰოლის მიღება,
C და B ჰეპატიტის შემთხვევაში-ანტივირუსული მკურნალობა,
არაალკოჰოლური ღვიძლის გაცხიმოვნებით გამოწვეული ციროზის სამკურნალოდ საჭიროა წონაში დაკლება, დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, თუ მიზეზი
ავტოიმუნური ჰეპატიტია გამოყენებული უნდა იქნეს იმუნური სისტემის სუპრესანტები.

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0