x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108997
  • ვიდეო:351296
  • სურათი:477867
კორონავირუსის ბრიტანული შტამი მის წინამორბედზე გაცილებით უფრო მომაკვდინებელია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ის, რაც ოფიციალურ დონეზე აქამდე დადასტურებული არ იყო და რასაც ჯანდაცვის ბევრი ექსპერტი შიშობდა: კორონავირუსის ბრიტანული შტამი B 1. 1. 7. იმ თავდაპირველ ვარიანტზე გაცილებით უფრო მომაკვდინებელია, რომელიც წლის დასაწყისში, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა უკვე დაადასტურა. კონსერვატორი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საავადმყოფოებში არსებული გახშირებული მიმართვიანობა და ჯანდაცვის სექტორზე დაწოლა, რაც ბოლო კვირების მანძილზე ხორციელდება, სწორედ ახალი შტამის მაღალ სიკვდილიანობას უკავშირდება.


მუტაცია გასული წლის დასასრულს, კენტის საგრაფოში წარმოიშვა და ლონდონს და დანარჩენ ბრიტანეთს გასაოცარი სისწრაფით მოედო. მეცნიერებმა მაშინვე დაადგინეს, რომ ახალი შტამი 70 %-ით უფრო გადამდები იყო, ვიდრე წინა ვარიანტი, თუმცა თავდაპირველად ყველა უარყოფდა მის მაღალ სიკვდილიანობას. ბორის ჯონსონის დღევანდელი განცხადება კი პირვანდელ მტკიცებას თავდაყირა აყენებს.


როგორც ექსპერტები განმარტავენ, ვირუსის ახალი შტამი, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით უკვე მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ფიქსირდება (საიდანაც ერთ-ერთი საქართველოა), ძველზე 30 %-ით უფრო მომაკვდინებელია.


ამასთან დაკავშირებით ლოქდაუნი და მობილობის შემზღუდველი სხვა წესები გაამკაცრეს მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა.


დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა. პანდემიის შედეგად ყოველდღიურად აქ 1000-ზე მეტი გარდაცვალება და ვირუსით ინფიცირების ათიათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება. უკვე რამდენიმე კვირაა, აქ უმკაცრესი ლოქდაუნი მოქმედებს. სკოლები და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები დაკეტილია, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება არსებითად ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.


კორონავირუსი

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0